topmenu

 

გურჯაანის ყველაწმინდა - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე

გურჯაანის ყველაწმინდა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ.,1974.-გვ.42;

გურჯაანის ყველაწმინდა, რომელიც შიგა სივრცის პროპორციით ვაჩნაძიანის მსგავსია, ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში. ეს თემა დამასასიათებელი იყო შემოქმედებითი ძიების ხანისათვის, მაგრამ ვეღარ განვითარდა. ინტერიერის აღქმისას დაბალყელიანი გუმბათები დიდ როლს არ თამაშობს, სამაგიეროდ განსაკუთრებით მეტყველია დასავლეთის კედელი, ერთიანად დაცხრილული ღია თაღოვანი მალებით. სულ ქვემოთ ერთი თაღია, რომელსაც ნავის თითქმის მთელი სიგანე უჭირავს, ამის ზემოთ კი ორ-ორი ღია თაღი ორ რეგისტრად და კიდევ ერთი, მცირე, სულ ზემოთ. ეს ოთხი თაღი სარკმელი მთავარ სივრცეს აკავშირებს მეორე სართულის დონეზე მოწყობილ გარშემოსავლელთან. გარედან ეკლესიის მასები ბაზილიკურ ფორმას ქმნის, გამოყოფილი (მაღალი) შუა ნავით, რომლის თავზეც აღმართულია ორი თითქმის ერთნაირი გუმბათი. თუმცა ტაძრის აღნაგობა და პროპორციები განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ IV - VII საუკუნეებში შევეჩვიეთ, ეს რვაწახნავოვანი დაბალი გუმბათისყელები, დამყარებული მკაფიოდ გამოკვეთილ კვადრატულ საფუძველზე, მაინც. ძლიერ ახლოა ჯვარისა და სამწევრისის გუმბათებთან.

ყველაზე უფრო საინტერესო სამხრეთის ფასადია, სადაც შესასვლელის ზემოთ მეორე სართულის გარშემოსავლელის ოთხი თაღია გახსნილი. კარი და სარკმლები მკვეთრად გამოიყოფა ფასადის დიდ, დაუნაწევრებელ ზედაპირზე და ძალიან მკაფიო რიტმულ მახვილს ქმნის მის ცენტრში. რიტმულობის შთაბეჭდილებას ზრდის შუა ნავის სარკმლებიც და განსაკუთრებით ორი გუმბათის ყელი თავისი დასაფეხურებული საფასადო სიბრტყეებით და მათ შუა დატოვებული ინტერვალით. რა თქმა უნდა, საერთო შთაბეჭდილებისათვის მნიშვნელობა აქვს - ისევე, როგორც კახეთის თითქმის ყველა სხვა ძეგლში, გვიანდელთა გარდა - კედლების საშენ მასალას - არა თლილ ქვას, არამედ კარგად შერჩეულ მსხვილ რიყის ქვას, რომელიც წესიერ, მკაფიოდ გამოყვანილ, ჰორიზონტალურ რიგებადაა დაწყობილი. ეს ზედაპირის ძალიან ცხოველხატურ ფაქტურასა და შუქ - ჩრდილის შეპირისპირებათა საშუალებას ქმნის. შიგნით კედლები და გუმბათები აგურისაა.

გურჯაანის ყველაწმინდა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ.,1974.- გვ.119-120

გურჯაანისა და ვაჩნაძიანის "ყველაწმინდის" ტაძრები - ორივე ძეგლი კახეთშია. პირველი მათგანი, ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა, რაიონის ცენტრ გურჯაანიდან 1,5 - 2 კილომეტრის მანძილზეა, კახთუბნის ანუ გურჯაანის ხეობაში. იგი განმარტოებით დგას, მთის კალთაზე. ეკლესია შედარებია კარგადაა შენახული, მნიშვნელოვან დაზიანებათა და გადაკეთებათა გარეშე. საშენ მასალად ნახმარია რიყის ქვა (გარეთა კედლები, აფსიდი, გვერდის ნავები, პატრონიკენი), შირიმი (კედლების კუთხეები), აგური (მთელი შუა ნავი, კედელ - კამარა - გუმბათებიანად). კვადრატული აგურის (26/27X26/27X7/8 სმ.) გარდა, არის საგანგებო ფორმის აგურიც სვეტისთავებისთვის და სხვ. გურჯაანის ეკლესია, რომელიც გუმბათიან ბაზილიკად შეიძლება მივიჩნიოთ, თავისი ორგუმბათიანობით გამოირჩევა ქართულ ეკლესიათაგან, მაგრამ მთელი თავისი აღნაგობით, მასში გამოვლენილი შემოქმედებითი ძიების ხასიათით, ორგანულად თავსდება ქართული ხუროთმოღვრების ევოლუციის პროცესში. იგი VIII ს - ით თარიღდება. ეკლესიის ზომები გარედან: 24,5X10 მ., სიმაღლე შიგნით უგუმბათოდ - 10,5 მ., გუმბათის წვერამდე - დაახლოებით 13,5 მ. (დასავლეთ გუმბათი ოდნავ უფრო მაღალია აღმოსავლეთზე).

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე