topmenu

 

წირქოლი - ვ. ბერიძე
There are no translations available.

< უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

წირქოლი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.40-41

წინა ხანის ხელოვნებისაგან დაშორება მკაფიოდ გამომჟღავნდა ორ სხვა ეკლესიაში, რომლებიც შიდა ქართლში მდებარეობს, თბილისის ჩრდილო - დასავლეთით, ქსნის ხეობაში. ეს ეკლესიებია წირქოლისა და არმაზისა. წირქოლი მდინარის მარჯვენა მაღალ ნაპირზე დგას, მთის კალთაზე, ციხის მახლობლად - ეს ციხე X ს-ის ამბებთან დაკავშირებით იხსენიება ქართულ მატიანეებში. ეკლესია დიდად დააზიანა მიწისძვრამ: აღმოსავლეთის კედელი შუაზე იყო გაგლეჯილი, ფრონტონის დიდი ნაწილი ჩამოიქცა, ფასადის ჩრდილოეთის ნაწილი გვერდზე გადაიზნიქა. ახლა სერიოზული სარესტავრაციო მუშაობის ჩატარების შემდეგ, ძეგლს თავდაპირველი სახე დაუბრუნდა. ჩვეულებრივ ქართულ ეკლესიებთან შედარებით წირქოლის ეკლესია შეიძლება უჩვეულოდ მოგვეჩვენოს. ეს ორკალთიანი სახურავით გადახურული წაგრძელებული სწორკუთხედია; გარედან მარტივი მასებია, შეიძლება შენობა ერთნავიანი სამლოცველო გვეგონოს. ნამდვილად კი სურათი ბევრად უფრო რთულია: რომ აღარაფერი ვთქვათ საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდისა და მის გვერდით მდებარე ოთახების შესახებ (ეს ხომ აღმოსავლეთ ნაწილის ჩვეულებრივი აგებულებაა), აქ ბევრი რამ სრულიად მოულოდნელია: ცენტრალური კვადრატული სივრცე სფერული გუმბათითაა გადახურული, ხოლო დასავლეთი ნაწილი გაყოფილია ორ სართულად, რომელიც გუმბათქვეშა ნაწილს თაღოვანი მალებით უკავშირდება.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

საგანგებოდ აღსანიშნავია ისიც, რომ აქაური გუმბათი - "ნორმალური" ქართული გუმბათებისაგან განსხვავებით - უყელოა. იგი უშუალოდ აზის კვადრატულ საფუძველს (ჯერ კიდევ ტრომპების საშუალებით) და გარედან სულაც არ არის გამოვლენილი. ამგვარად, აქ დარღვეულია ჯვარისა და წრომის დროინდელი ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი შესაბამისობა შიგა სივრცისა და გარე მასებისა. და მაინც ფასადთა დამუშავება და შენობის მშვენიერი პროპორციები, გარე მასის კომპაქტურობა და ლაკონიურობა ხუროთმოძღვრის უეჭველ ნიჭსა და ალღოს მოწმობს. შენობის გარეგნობა მხატვრულად მთლიან შთაბეჭდილებას ტოვებს. აღმოსავლეთის ფასადი სიმეტრიულია: ჰორიზონტალური სარტყლით გამოყოფილი, მარტივი კარნიზით დაგვირგვინებული ფრონტონი, ორმაგი თაღოვანი სარკმელი ფასადის ცენტრში და თითო ვიწრო სარკმელი მის ერთსა და მეორე მხარეს. მაგრამ უმთავრეს მახვილს შეადგენს დიდი სწორკუთხა ჩაღრმავება ფრონტონის ქვეშ, ფასადის მთელ სიგანეზე - იგი მკვეთრად გამოიყოფა კედლის ყვითელ ფონზე, რადგანაც აქ ჩასმული იყო რუხ-მოშავო შიფერის ორი უშველებელი ფილა. ეტყობა, ეს ჩაღრმავება, რომელიც წირქოლის ტაძრის კერძო თავისებურებას წარმოადგენდა, წარწერისათვის იყო განკუთვნილი, მაგრამ მისი გაკეთება ან ვერ მოუსწრიათ, ან გადაიფიქრეს. სამხრეთის ფასადიც სიმეტრიულია - შუა ადგილი ერთმანეთზე წაბმულ სამ თაღოვან ბრტყელ ნიშას უჭირავს (მათი სიმაღლე ოდნავ სცილდება კედლის შუა წელს), შუა თაღში უბრალო სწორკუთხა შესასვლელია, ამის ზემოთ კი ორმაგი სარკმელი. ამ უკანასკნელის სათაური (თავსამკაული) საგანგებოდაა დამუშავებული წვრილი დეკორაციული თაღების მწკრივით და ცხოველების გამოსახულებით (ეს რელიეფი ძლიერ შებღალულია). დეკორაციული ტენდენციების ზრდას ისიც მოწმობს, რომ ქვემო თაღების მოსაჩარჩოებლად საღებავიც კი არის გამოყენებული (წითელი ფერისა). გარკვეულ დეკორაციულ ეფექტს ქმნის ფასადთა პერანგის წყობაც - აქ ერთმანეთს ენაცვლება მაღალი და დაბალი რიგები, მიღებული ქვების დაწყობით ყირაზე და დაწოლილად (ქვა ძლიერ ნასვრეტოვანი ტუფია). წირქოლის ტაძარი VIII საუკუნით თარიღდება მისი ხუროთმოძღვრებისა და მორთულობის  ანალიზით. რაიმე წერილობითი საბუთები მისი აშენების შესახებ არ დარჩენილა.

წირქოლი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. -თბ., 1974, გვ. 117-118.

წირქოლი და არმაზი, (VIII და IX სს)

გარდამავალი ხანის ორი უაღრესად დამახასიათებელი ძეგლი ქსნის ხეობაში (მათი განხილვა იხ.ზემოთ, ძირითად ტექსტში). წირქოლი, თვით არქიტექტურის ანალიზის საფუძველზე, VIII ს-ეს მიეკუთვნება. მის შესახებ რაიმე წერილობითი საბუთები არ გაგვაჩნია, ხოლო ციხე მოხსენიებულია "მატიანე ქართლისაში" X ს-ის ფეოდალური აშლილობის ამბებთან დაკავშირებით.

არმაზის დამათარიღებელი წარწერა სამხრეთის ფასადზეა, თითქმის კარნიზთან. იგი ორ საგანგებოდ შერჩეულ დიდ ქვაზეა რელიეფური ასოებით შესრულებული (მთავრულით). "ქ. სახელითა ღმრთისაათა მე გ(იორგი) (არმაზისა?) მამასახლისმან დ(ავდევ ეს)ე წმიდაი ეკლესიაი ქრონიკონსა პდ ხელმწიფობასა...ა (პდ - 84 = 864 წელს).

 

წირქოლის ეკლესიის გარეთა ზომებია: სიგრძე - 11,4 მ., სიგანე - 6,3 მ., სიმაღლე შიგნით -7,7 მ.

არმაზის ეკლესიისა: სიგრძე - 12,7 მ., სიგანე - 11 მ., სიმაღლე შიგნით (ვარაუდით) – 9 მ.