topmenu

 

სამწევრისი - ვ.ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

სამწევრისი - ბერიძე ვ. // ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974., გვ.35-36

სანამ IV –VII საუკუნეთა საეკლესიო ხუროთმოძღვრებაზე თხრობას დავამთავრებდეთ, უნდა მოვიხსენიოთ VII ს. კიდევ ერთი მშვენიერი ძეგლი, რომელიც შეიძლება მივაკუთვნოთ ძველი ქართული ხელოვნების შედევრთა რიცხვს. ეს არის სამწევრისის ეკლესია წრომისავე მახლობლად (ქარელის რაიონში, მისგან სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით). იგი დგას მცირე ქედზე, რომელიც მტკვრის მარჯვენა ვაკე ნაპირზეა მდინარესთან მიჭრილი, თითქმის მის პერპენდიკულარულად. ეს "თავისუფალი ჯვრის" ტიპის შენობაა - ამ ტიპს ჩვენ უკვე გავეცანით შიომღვიმის მონასტრისა და იდლეთის VI საუკუნის ეკლესიებში.

აქაც ერთი აფსიდი და სამი სწორკუთხა მკლავია: დასავლეთისა უფრო ღრმაა, ვიდრე დანარჩენი ორი და აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი ამიტომ სჭარბობს მეორე ღერძს, მაგრამ მცირედ, ნაკლებ შესამჩნევად. სამწევრისი აოცებს და მართლაც ატყვევებს მნახველს თავისი უბრალო და ნათელი სილამაზით. მისი ლაკონიური ფორმები არაჩვეულებრივად მეტყველია. პროპორციები უნაკლო, ტექნიკური შესრულება დიდად ოსტატური, საკვირველია სიმკაცრისა და სინატიფის ასეთი შეხამება. შთაბეჭდილება თანაბრად დიდია, გარედან უყურებ ძეგლს, თუ მის შიგნით ხარ. ინტერიერში იქნებ კიდევ უფრო ნათლადაც იგრძნობოდეს დაუფარავი კონსტრუქციების ესთეტიკური ზემოქმედების ძალა, იმ ადრინდელი ხანისათვის დამახასიათებელი ფორმათა გამოკვეთილობა, სიცხადე, დასრულებულობა. გუმბათი აქაც ტრომპებს ეყრდნობა. სპეციფიკურია ის, რომ გუმბათქვეშა კვადრატი მკლავების თაღებს ზემოთაც გრძელდება და, ამის გამო, ტრომპები თაღებს კი არ ეყრდნობა, არამედ უფრო მაღლაა, უშუალოდ გუმბათის სფეროს ქვეშ. როგორც ყველა იმდროინდელ გუმბათს, სამწევრისის გუმბათსაც დამრეცი სახურავი ჰქონდა - დაბალი რვაწახნაგა პირამიდის სახისა. მორთულობა, რა თქმა უნდა, აქაც ძალიან ძუნწია. ყველაზე საინტერესოა კარნიზი, რომლის მთავარ მოტივს წვრილი თაღების მწკრივი შეადგენს. სამწევრისის მინიატურული ეკლესია ნათლად გვიჩვენებს, რომ ხელოვნების დიდ ეპოქებში მხატვრული მომწიფება და სისრულე დიდ ძეგლებშიაც იჩენს თავს და მცირე, მეორეხარისხოვან ძეგლებშიაც. განსაკუთრებით საინტერესოა რაფინირებული სამწევრისის შედარება ამავე ტიპის ადრინდელ - V-VI საუკუნეთა ნიმუშებთან, სადაც მხატვრული ამოცანა ჯერ კიდევ ბუნდოვნად ისახება. წინსვლა მეტად თვალსაჩინოა.

სამწევრისი - ბერიძე ვ.// ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ.,1974., გვ.113-114

პატარა სოფელი სამწევრისი მტკვრის მარჯვენა ნაპირზეა, შუაგულ ქართლში, რაიონის ცენტრ ქარელიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, დასავლეთისაკენ. ეკლესია 1940 წელს მიწისძვრამ სანახევროდ დაანგრია, მაგრამ მთლიანად აღდგებილი იქნა ძველებური სახით 1952-1953 წწ. არქ. ლ.ხიმშიაშვილის პროექტითა და ხელმძღვანელობით. VII ს.ის ძეგლის გვერდით, სამხრეთით დგას XVI საუკუნის პატარა ერთნავიანი მავზოლეუმი, ქართული აგურათ ნაშენა და ორნამენტული და სიუჟეტური შორენკეცებით მორთული, ხოლო ცოტა მოშორებით, უფრო ქვემოთ, ციციშვილების დიდი ციხის ნანგრევია. ეკლესიის ზომები გარედან. სიგრძე - 9.6 მ., სიგანე - 8.8 მ., სიმაღლე შიგნით - 10,6  მ.