topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

წრომი - ვ.ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვედრზე...<<<ეკლესია-მონასტრები>>>

წრომის ტაძარი - რეკონტრუქცია ნ. სევეროვისა ხედი ჩრდილო- აღმოსავლეთიდან

წრომი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ.,1974., გვ.33-35

VII საუკუნის ოცდაათიან წლებს მიეკუთვნება წრომის ტაძარი (ქართლშია, ხაშურის რაიონში, მტკვრის მარჯვენა ვაკე ნაპირზე). მხატვრული ღირსებით იგი შეიძლება თვით მცხეთის ჯვარსაც კი გავუტოლიოთ, იმავე დროს, იგი უკვე შეიცავს ბევრ ისეთ ნიშანს, რომლებიც მოასწავებს ქართული საეკლესიო არქიტექტურის მომავალ განვითარებას. გეგმით იგი მიეკუთვნება ე.წ. "ჩახაზული ჯვრის" ტიპს, რომელიც იმ დროს ყალიბდებოდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საკულტო ხუროთმოძღვრებაში. გუმბათი აქ კედლებს კი არ ეყრდნობა, როგორც ეს აქამდე განხილულ ყველა ტიპის ეკლესიებში იყო, არამედ ოთხ ცალკე მდგომ ბოძს. აფსიდი მხოლოდ ერთია, აღმოსავლეთით, საკურთხევლისა. შენობის ინტერიერში, რომელშიაც გარკვევითაა გამომჟღავნებული სიგრძივი (აღმოსავლეთ - დასავლეთის) ღერძი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასავლეთით მოთავსებულ პატრონიკეს - იგი აწონასწორებს მთელ შინაგან სივრცეს (რაკი აფსიდი მხოლოდ ერთია, პატრონიკესა და მის ქვეშ მდებარე ნართექსის გარეშე, აღმოსავლეთის მკლავი დასავლეთისაზე უფრო გრძელი გამოვიდოდა და თავის მხარეს "გადასძლევდა" ეკლესიის მასებს - ქართულ ეკლესიებში კი მტკიცე ტრადიციაა, რომ გუმბათი შენობის მთავარი ღერძის ცენტრში უნდა იყოს, ან დაახლოებით ცენტრში მაინც.

შემდგომი ევოლუციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკურთხევლის აფსიდი შვერილს არ ქმნის და აღმოსავლეთის კედლის სწორ სიბრტყის უკანაა "დამალული"; ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ შემდგომ ქართული საეკლესიო არქიტექტურა შეინარჩუნებს ამ თავისებურებას იმ ძეგლებში, რომლებიც განვითარების უმთავრეს ხაზს წარმოადგენენ. ამით ქართული ეკლესიები მკვეთრად განსხვავდება ბიზანტიის, დასავლეთის (რომანულა, გუთურის) შუა ევროპისა და რუსეთის ეკლესიებისაგან. მონათესავე ნიმუშები მათ მხოლოდ სომხეთისა და წინა აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში (მაგ.სირიაში) მოეძებნება. წრომის ხუროთმოძღვარმა აქ ამოხსნა ძნელი ამოცანა, რომელსაც შვერილი აფსიდის უგულებელყოფა სახავდა. ფასადის მხარეს, იქ, სადაც საკურთხეველის აფსიდი ემიჯნება გვერდის სადგომებს (სადიაკვნესა და სამკვეთლოს), მან კედლის სისქეში ჩაკვეთა ორი ღრმა ნიშა; კედელი გათავისუფლდა სრულიად ზედმეტი მასისაგან, რომელიც აფსიდების სიმრგვლისა და კედლის გარე სწორი ხაზის შეთავსების გამო წარმოიშობოდა.

ამგვარად, ამ ხერხს კონსტრუქციული მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ არსებითია მხატვრული ეფექტიც; ეს ორი თაღოვანი ნიშა, საკურთხევლის დიდ სარკმელთან ერთად, რომელიც აგრეთვე თაღოვან ბრტყელ ნიშაშია ჩასმული, ქმნის ერთიან აკორდს ფასადის შუაში, თავს უყრის და იქვემდებარებს მთელ ფასადს. ღრმად ჩაჩრდილული ნიშები მკვეთრ კონტრასტს ქმნის კედლის მზით აკაშკაშებულ ზედაპირთან: დასასრულ, არც ისაა უგულებელსაყოფი, რომ ნიშები გამოყოფს და თითქოს ხაზს უსვამს კულტის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ეკლესიისას - საკურთხეველს, ე.ი. მათ კონსტრუქციულ და ესთეტიკურ ფუნქციასთან ერთად გარკვეული იდეური ფუნქციაც აქვთ. სამკუთხა ნიშების მოტივმა, რომლის წყალობით მარჯვედ გადაიჭრა აფსიდისა და ფასადის სიბრტყის ურთიერთშეხამების საკითხი, მკვიდრად და დიდი ხნით მოიკიდა ფეხი ქართული საეკლესიო (მცირე გამონაკლისთა გარდა - გუმბათოვანი) ხუროთმოძღვრების რეპერტუარში. ამასთანვე იყო დაკავშირებული ის, რომ აღმოსავლეთის ფასადი, თავისი საერთო აღნაგობით, გამოეყო დანარჩენ სამ ფასადს, განსხვავდა მათგან, როგორც მთავარი ფასადი (მეორე მთავარი ფასადი სამხრეთისაა. გავიხსენოთ, რომ დასავლეთის ტაძრებში მთავარია ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფასადები). დასასრულ, წრომის შემდეგ ქართულ არქიტექტურაში საბოლოოდ დამკვიდრდა ჯვრის ოთხივე მკლავის, ე.ი. ოთხივე ფასადის შუა ნაწილების, ფრონტონით დაგვირგვინება. ეს მკლავები სივრცეში, გუმბათის ყელის გარშემო, მკაფიოდ გამოსახავს ჯვრის ფორმას. წრომის ტაძრის დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადთა დამახასიათებელია მკაცრი რიტმული დანაწევრება, რაც მიღწეულია კარ-სარკმელთა ღრმად გააზრებული განლაგებით.

სამსავე ფასადს ერთნაირი შუა ღერძი აქვს: თაღოვანი ტიმპანით აღჭურვილი სწორკუთხა შესასვლელი, მის ზემოთ ფართო თაღოვანი სარკმელი პატრონიკეთა დონეზე, დასასრულ, ერთგვარი დამამთავრებელი წერტილი - მრგვალი სარკმელი ფრონტონის ფარგლებში. ეს სამგზის განმეორებული ლაიტმოტივი ერთბაშად ანათესავებს და აკავშირებს ერთმანეთთან სამივე ფასადს, მაყურებელი გრძნობს, რომ ხუროთმოძღვარს გააზრებული აქვს არა ცალკეული ფასადები სათითაოდ, არამედ მთელი ნაგებობა ერთიანად. ამის წყალობით დიდი მხატვრული მთლიანობაა მიღწეული. წრომის ქვაზე ნაკვეთი ძუნწი მორთულობა - სტილიზებული მცენარეული მოტივები საპირეებსა და სათაურებში - მხოლოდ მსუბუქი მახვილების როლს ასრულებს. კვეთა მცირე სიღრმისაა, შესრულება განსაკუთრებით ფაქიზი და არტისტულია (ეს საერთოდ ახასიათებს ამ ძეგლს), ხოლო შესრულების  ხასიათი და ზოგი მოტივიც ძალიან უახლოვდება ხეზე ნაკვეთ ორნამენტს - მათ შორის გენეტიკური კავშირი უეჭველია. წრომის ჰარმონიული პროპორციები, მასების ნათელი წონასწორობა, განსაკუთრებული ოსტატობით ნაშენი მკაცრი კედელი, ფასადთა დასრულებული კომპოზიციები, თაღების ფართო გაქანება, მარტივი პროფილების იშვიათი სიზუსტე, საშენი მასალის სპეციფიკისა და მხატვრულ შესაძლებლობათა განსაკუთრებული შეგრძნება ხუროთმოძღვრის მიერ, თუ შეიძლება ასე ითქვას „ქვის გრძნობა" (რაც იმდროინდელი არქიტექტურის თვისებაა) - ღრმა და ამაღელვებელ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა მდებარეობა და მისი ახლანდელი გარემო მოკლებულია სილამაზეს და, მით უფრო, რაიმე რომანტიკულობას. წრომის საკურთხევლის კონქი ეკლესიის თანამედროვე მოზაიკით იყო შემკული - გადარჩა მისი მხოლოდ უმნიშვნელო ფრაგმენტები. ყველა სხვა კედელი და კამარა, რომლებიც შიგნითაც ისე სუფთადაა ნაწყობი, როგორც გარეთ, შიშველი და შეუმკობი იყო. ამგვარი კონტრასტი, უეჭველია, გააძლიერებდა და გაამახვილებდა საერთო ეფექტს. ტაძარი საუკუნეთა მანძილზე ძლიერ დაზიანდა: მას აღარც გუმბათი აქვს და აღარც კამარები** (უეჭველია, აქაც რვაწახნაგა გუმბათის ყელი იყო, რომელიც ტრომპების საშუალებით ეყრდნობოდა გუმბათქვეშა კვადრატს. ერთი ტრომპის ნაწილი გადარჩა კიდეც).

(**წიგნი დაწერილია მე-20 საუკუნის 70-იან წლებში და ტაძარი იმ პერიოდში ასე გამოიყურებოდა. თ.ჭ.)


წრომი დღეს


წრომი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ.,1974.,112-113

სოფ. წრომი შუაგულ ქართლშია, ხაშურის რაიონში,  რკინიგზის სადგურ გომის მახლობლად. ეს დაბლობი ადგილია მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ძეგლის განხილვა იხ.ზემოთ, ძირითად ტექსტში. მის ადგილს VII ს-ის პირველი ნახევრის ძეგლთა შორის მიგვითითებს თვით შენობის არქიტექტურა, მისი მკაფიოდ გამოვლენილი, სავსებით შემუშავებცლი სიტილი. უფრო ზუსტი ღათარიღება ეყრდნობა სამხრეთი კედლის მთავარ სარკმელთან მდებარე წარწერას. "წმიდაო ეკლესიაო სტეფანოზ ვიბატოსი შეიწყალე. (წარწერა, ცხადია, ასომთავრულია). მიჩნეულია, რომ ეს არის ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ II რომელიც აქ მოხსგნიებულია მას შემდეგ. რაც მან ბიზანტიის იმპერატორ ირაკლისაგან, მის მიერ 626 წელს თბილისის აღების ხანებში, ბიზანტიური საკარისკაცო ტიტული მიიღო, ჯერ კიდევ მანამდე. სანამ ერასმთავრად დაჯდებოდა - ე.ი. 634-635 წლებამდე. ამ ორ თარიღს შუა უნდა ექცეოდეს წრომის ტაძრის აგება. ისედაც ძლიერ დაზიანებული ძეგლი 1940 წლის მიწისძვრამაც დააზიანა მას შემდეგ იგი საგანგებოდ გაამაგრეს. მისი კონქის მოზაიკის ფრაგმენტები გადმოტანილია თბილისს, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. შენობის გარეთა ზომები სიგრძე - 26 მ-მდე, სიგანე - დასავლეთის ფასადისა - 21 მ., შუაში, გუმბათთან - 15 მ-მდე.

წრომის ტაძარი - რეკონტრუქცია ნ.სევეროვისა ხედი ჩრდილო - დასავლეთიდან