topmenu

 

ბანა - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ტაო - კლარჯეთი>>

გ.ჩანადირის ფოტო

ბანა - ბერიძე ვ.// ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ.,1974., გვ.32-33

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია ტაოში VI ს-ში აშენდა ერთისა და იმავე ტიპის ორი მონუმენტური კათედრალი იშხანსა და ბანაში. მათი გეგმა ტეტრაკონქის თემის თავისებური ვარიანტია - ტეტრაკონქი მრგვალი გარშემოსავლელით. კონსტრუქციული თვალსაზრისით ეს ფრიად ორიგინალური და რთული შენობებია. მოგვიანოდ, IX და XI საუკუნეები იშხნის ტაძარი საფუძვლიანად გადააკეთეს. თავდაპირველი ნაგებობისაგან დარჩა მხოლოდ აღმოსავლეთის (საკურთხევლის) აფსიდი, რომელიც გვიანდელი შენობის ფარგლებში მოექცა. ბანა მე-20 ს-ის დასაწყისში, როდესაც იგი ექვიმე თაყაიშვილის ექსპედიციის წევრებმა გაზომეს, უკვე დანგრეული იყო, მაგრამ იმდენი მაინც არის გადარჩენილი, რომ მის შესახებ ასე თუ ისე მსჯელობა შეგვეძლოს. საკუთრივ ტეტრაკონქი მოქცეულია ორ კონცენტრულ წრეში, რომლებიც მის გარშემო ერთიან, უწყვეტ გარშემოსავლელ გალერეას ქმნის; აფსიდები ქვემო ნაწილში კედლებით კი არ არის შემოფარგლული, არამედ სვეტებზე დაყრდნობილი გამჭოლი თაღებით. სწორედ ეს თაღები შეადგენდა შუაგულ ტაძარში შესასვლელს. მხოლოდ საკურთხევლის აფსიდის სვეტები დგას შემაღლებით, ქვის ბარიერზე. ტეტრაკონქის ოთხ მკლავს შორის, ე.ი. ოთხ კუთხეში, აქაც მცირე ოთახებია, როგორც ჯვარის ტიპის ძეგლებში. განსხვავება ის არის, რომ ამ ოთახების თავზე ორ-ორი სართულია, ე.ი. კუთხეებში ოთახები სამ-სამ იარუსადაა განლაგებული. ეს კუთხის ნაწილები იმავე დროს შეადგენს ძირითად ბურჯებს, რომელთაც გუმბათი ეყრდნობა. შიდა კონცენტრული სარტყელი ქვემოთ აზის აფსიდების სვეტებს და დამატებით სვეტებს - მისი დაყრდნობა კონსტრუქციულად ყველაზე რთული ამოცანა იყო. ტაძრის გარეგნული სახე შედგება ორი ცილინდრისაგან. ქვემო უფრო ფართოა - იგი შეესაბამება შენობის კორპუსს, მოიცავს თვით ტეტრაკონქს, გარშემოსავლელს და ამ უკანასკნელის თავზე მოთავსებულ II სართულის გალერეას. მეორე - გუმბათის ყელია, რომლის დიამეტრიც გაცილებით უფრო მცირე იყო და 10 მეტრს არ აღემატებოდა (ეს სახე თეორიული რეკონსტრუქციის მიხედვით წარმოგვიდგება, რადგანაც მთელი ზემო ნაწილი დანგრეულია. ამგვარია არქ. სომონ კლდიაშვილის რეკონსტრუქცია, რომელსაც გ.ჩუბინაშვილიც იზიარებს. არქ. ა.კალგინის თანახმად შენობა გარედან სამ საფეხურიანი, ე.ი. "სამცილინდრიანი" უნდა ყიფილიყო. მის რეკონსტრუქციაში ზემო გალერია გარშემოსავლელის თავზე კი არ არის, არამედ გუმბათის ყელის გარშემო). შიგა სივრცე - დიდ სამაღლეზე აზიდული გუმბათით (ვარაუდით ტაძრის სიმაღლე 32 მეტრამდე უნდა ყოფილიყო), აფსიდების კოლონადებითა და თაღედებით, კუთხის ოთახების სარკმლებით, რომლებიც ხაზს უსვამდა მასშტაბს - დიდად შთამბეჭდავი იქნებოდა. განსაკუთრებით საინტერესოა იშხნის ძველი საკურთხეველისა და ბანას მორთულობა, კერძოდ სვეტისთავები, რომლებიც იონიურ სვეტისთავების სახეშეცვლილ გამოძახილს წარმოადგენს. ეს იშვიათი მაგალითია საქართველოს "ქრისტიანულ" არქიტექტურაში ელინისტური მოტივების შემოჟონვისა. ბანაში გარედან ქვემო ცილინდრის მთელ გარშემოწერილობას დეკორაციული თაღების უწყვეტი მწკრივი მისდევდა, თაღებს ზემოთ კი, სამკუთხა არეებში, სტილიზებული ბროწეულის რელიეფურ გამოსახულებებია. ბანასა და იშხნის ტიპი აგრეთვე უცნობია საქართველოსა და სომხეთის გარეთ (სომხეთში ამ ტიპისაა ზუართნოცის აწ ნანგრევებად ქცეული ცნობილი ტაძარი ეჩმიაძინის მახლობლად და ანისის გაგიკისეული ეკლესია 1001 წლისა). ბოსრას ტაძარი სირიაში, სადაც ტეტრაკონქის აფსიდები აგრეთვე კოლონადებითაა შემოფარგლული, კონსტრუქციულად ქართულ და სომხურ ძეგლებზე უფრო მარტივია. იქ არ არის კოლონებზე "დაკიდებული" კედელი, რადგანაც  არ არის მრგვალი გარშემოსავლელი, მთავარი კი ისაა, რომ არ არის გუმბათოვანი გადახურვა.

ბანა - ბერიძე ვ.// ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974., გვ.111-112

ბანას ტაძარი ისტორიულ პროვინცია ტაოში მდებარეობს, სოფ.ფანაქის (ფენიაკის) მახლობლად, მდ.ოლთისის შენაკადის, ფენიაკის წყლის მარჯვენა ნაპირზე.

ვახუშტის სიტყვით, ეს არის "ეკლესია გუმბათიანი, დიდი, შვენიერად ნაგები, კეთილ-შვენიერს ადგილს". მიჩნეული იყო, რომ ბანა X ს-ის ძეგლია, მაგრამ გ.ჩუბინაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, დაყრდნობილი შენობის არქიტექტურის ანალიზზე, რომ ტაძარი აგებულია VII ს-ის ნახევარში (ეს მტკიცდება ბანას კომპოზიციისა და მისი ხუროთმოძღვრული მორთულობის დიდი სიახლოვით იშხნისა და სომხურ ზუართნოცის ეკლესიებთან, რომლებიც VII ს-ეს მიეკუთვნება; მტკიცება იმითაც, რომ ბანას არქიტექტურა და მორთულობა კანონზომიერად უკავშირდება ჩვენი ხუროთმოძღვრების განვითარების ამ საფეხურს და ვერ ეგუება X საუკუნეს).

ხოლო ისტორიკოს სუმბატ დავითის ძის ქრონიკის ცნობა, რომ აღარნასემ "აღაშენა ბანა ხელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი იგი იქმნა პირველი ეპისკოპოზ - ბანელ". - ტაძრის "მეორედ აღშენებას" რესტავრაციასა და ეპისკოპოზის დანიშვნას უნდა გულისხმობდეს. ეს 881- 923 წლებს შორის მოხდა.

ბანას შესახებ ცნობები XIX ს-ის პირველი ნახევრის მკვლევარ - მოგზაურთა ნაწერებშიაც გვხვდება, მაგრამ მისი პირველი მეცნიერული გამოკვლევა ეკუთვნის ექვთიმე თაყაიშვილს, რომელიც 1902 და 1907 წლებში იყო აქ.

მისი ექსპედიციების წყალობით არსებობს ბანას ტაძრის ანაზომები არქ. ს.კლდიაშვილისა (1902) და არქ. ა.კალგინისა (1907) იშხნის, ლეკითის (ახლა აზერბაიჯანის ფარგლებშია) ტაძრებთან და ორ სომხურ ძეგლთან (ზუართნოცის ტაძარსა და გვიანდელ გაგიკის ტაძართან) ერთად, ბანას ტაძარი სალტისებრი გარშემოსავლელის მქონე მრგვალი ტაძრების ჯგუფს მიეკუთვნება.

ესეც ტეტრაკონქის ტიპის ერთ-ერთი ვარიანტია (ძეგლის განხილვა იხ.ზემოთ, ძირითად ტექსტში). შენობის დიამეტრი დაახლ. 38 მ-მდეა, სავარაუდო სიმაღლე - 32 მ-მდე.