topmenu

 

მცხეთის ჯვარი - ვ.ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება... <<<ეკლესია - მონასტრები>>>

მცხეთის ჯვარი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ. 30-32

მცხეთის ჯვარი (586/87-604 წლები) მდებარეობს მთაზე ძველი დედაქალაქის პირდაპირ, არაგვის გადაღმა, იქ, სადაც არაგვი მტკვარს ერთვის (ეს მტკვრისა და არაგვის მარცხენა ნაპირია). შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არ არსებობს ნივთიერი კულტურის სხვა ასეთი პოპულარული ძეგლი. ხალხისათვის ეს მხოლოდ ხელოვნების ნაწარმოები კი არ არის, არამედ ნამდვილი სიმბოლოც, ხორცშესხმული განსახიერება მისი ისტორიული წარსულისა, სიცოცხლის ძალისა, უშრეტი შემოქმედებითი ენერგიისა. მასთან დაკავშირებულია ძველი გადმოცემები, მისდამი მიძღვნილია სამეცნიერო გამოკვლევები, მას შთაუგონებია პოეტებიც. თბილისისკენ ჩრდილოეთიდან ან დასავლეთიდან მომავალი მგზავრი შორიდანვე ხედავს მცხეთის ჯვრის სილუეტს, მერე გარს უვლის მას სხვადასხვა მხრიდან, ძეგლი ხან გზის პერსპექტივში წარმოუდგება, ხან ცის, ხან მაღალი მთების ფონზე და საიდანაც არ უნდა უყურებდე მას, მცხეთის ჯვარი გაოცებს და გაღელვებს გარემო ბუნებასთან, მთების მოხაზულობასთან ჰარმონიული შერწყმით - იგი თითქოს ამ მთებისგანაა აღმოცენებული, როგორც მათი ბუნებრივი ნაწილი და გაგრძელება. "ბუნების გრძნობა" ხუროთმოძღვრებისა და გარემოს ორგანული კავშირი ქართული ძეგლების დამახასიათებელი და აუცილებელი თვისებაა. ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. ქრისტიანობის მიღების პირველ ხანებიდანვე ამ ადგილას ხის მაღალი ჯვარი იყო აღმართული. ეს განმარტოებული ჯვარი, რომელიც მცხეთის არემარეს თავს დაჰყურებდა და ყოველი მხრიდან ჩანდა, დედაქალაქის მკვიდრთ ახალი, მათთვის ჯერ კიდევ იდუმალებით მოცული, სარწმუნოების ძალასა და უძლეველობას შთააგონებდა. მას მარტო ქართველები კი არ სცემდნენ თაყვანს, არამედ კავკასიის სსვა ქრისტიანი ერებიც (მათ შორის სომხებიც). მლოცველთა რიცხვი თანდათან მატულობდა. VI ს-ის მეორე ნახევარში ქართლის ერისთავმა გუარამმა ჯვრის გვერდით ააშენა პატარა ეკლესია (იგი დგას საგანგებო სუბსტრუქციაზე, რომელშიაც სამარხია). გარედან ეს ორფერდა სახურავიანი მარტივი სწორკუთხედია, მაგრამ შიგნით მას ჯვარისებრი მოხაზულობა აქვს - ერთი აფსიდითა და სამი სწორკუთხა მკლავით. მკლავები მცირე სიღრმისაა და თვით კედელშია "ამოღებული". შუაში აქაც კვადრატია, რომელსაც გუმბათისებრი გადაბურვა უნდა ჰქონოდა, მაგრამ ყელის გარეშე. ამ პატარა სამლოცველოს, რომელიც დღესაც დგას (თუმცა კი დაზიანებულია), ჩვეულებრივ ჯვრის მცირე ტაძარს ანუ "მცირე ჯვარს" უწოდებენ. იმავე VI ს-ის მიწურულში და VII ს-ის დასაწყისში გუარამის ძემ სტეფანოზ ერისმთავარმა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რაკი მცირე სამლოცველო ვეღარ აკმაყოფილებდა ფესვგადგმული სარწმუნოების მოთხოვნილებას, მორწმუნეთა სიმრავლეს. დიდი ტაძარი ზედ გადაეხურა ხის ჯვარს, რომლის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი ეკლესიის შიგნით. ახალ ტაძარს თარიღიანი სამშენებლო წარწერა არა აქვს, მაგრამ წარწერებში მოხსენებულ ისტორიულ პირთა (სტეფანოზისა და მისი ოჯახის წევრების) მიხედვით და სხვა ისტორიული საბუთების შეჯერებით მოხერხდა ტაძრის აგების ქრონოლოგიური ფარგლების დადგენა.

უკვე ვთქვით, რომ ჯვარის უშუალო წინამორბედი ნინოწმინდის ტაძარია. ჯვარში განვითარებული და მხატვრულად სრულყოფილია ნინოწმინდის კომპოზიცია. გეგმის საფუძველს აქაც კუთხის ოთახებიანი ტეტრაკონქი შეადგენს, მაგრამ ეს კუთხის ოთახები რადიალურად კი არ არის განლაგებული, როგორც ნინოწმინდაში იყო, არამედ აფსიდების ღერძების პარალელურად. გუმბათქვეშა სივრცეს ოთახები უკავშირდება მის კუთხეებში გაკეთებული ღრმა ნიშებით, რომელთაც წრის 3/4 -ის მოხაზულობა აქვთ. შენობის ბირთვს, ჩვეულებისამებრ, შეადგენს კვადრატი, რომლის თავზეც აღმართულია რვაწახნაგოვან ყელზე დამყარებული გუმბათი. გუმბათია მთელი შიგა სივრცის დომინანტი, გუმბათი განსაზღვრავს ყველა სხვა ნაწილის ფორმასა და პროპორციებს. ამ ხუროთმოძღვრულ სივრცეში, რომელიც ხიბლავს ადამიანს ნაწილთა სრული წონასწორობითა და პროპორციათა ჰარმონიით. არქიტექტორი დიდი ტაქტით სვამს საჭირო მახვილებს: აღმოსავლეთ - დასავლეთის ღერძი ოდნავ უფრო გრძელია, ვიდრე სამხრეთ - ჩრდილოეთისა, იმიტომ რომ საკურთხეველისა და დასავლეთი აფსიდის წინ ბემებია ჩასმული. ღრმად არის გააზრებული განათების სისტემა. გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია, საკურთხეველში სამი (ისევე, როგორც ნინოწმინდაში იყო), სამხრეთის აფსიდში კარი და სარკმელია, დასავლეთისაში ერთი სარკმელი, ჩრდილოეთისაში კი მხოლოდ ერთი შესასვლელი. კუთხის ნიშებს, რომელთაც დამოუკიდებელი მნიშვნელობა არა აქვთ, არც საკუთარი სარკმლები გააჩნია (ამ მხრივაც ნინოწმინდა ჯვარის წინამორბედია). ჯვარის გარეგნული სახე ნათლად ასახავს სივრცის შიგა დანაწევრებას, მაგრამ აქ მხოლოდ პასიური განმეორება კი არ არის იმისა, რასაც შიგნითა კონტურები კარნახობდა, არამედ შიგა და გარე ფორმების მხატვრულად გააზრებული შესაბამისობა. ეს პირველი მაგალითია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებაში, რომ ფასადის სახე დამოუკიდებელი, შეგნებულად დასახული, მხატვრული ამოცანის მნიშვნელობას იძენს. ამიერიდან ეს ქართული არქიტექტურის დამახასიათებელი ნიშანი იქნება, ერთი იმ მრავალ ნიშანთაგანი, რომლებიც მკვეთრად განასხვავებს მას ბიზანტიურისაგან. საკმარისია გავიხსენოთ სერგისა და ბაქოს ან წმ.ირინეს ეკლესიები კონსტანტინეპოლში, წმ.სოფიო - ბიზანტიური ხუროთმოძღვრების უმაღლესი მონაპოვარი, რავენის ეკლესიები და ჩვენთვის ნათელი გახდება, რომ ბიზანტიაში ხუროთმოძღვართა ყურადღებას (ხელოვნების აყვავების პერიოდშიაც) მთლიანად იპყრობდა დიდებული შიგა სივრცის შექმნის ამოცანა, ფასადები მათ არ აინტერესებდათ. მთელი კომპოზიციის ცენტრსა და საფუძველს, მის "ნასკვს" გუმბათქვეშა კვადრატი შეადგენს. მისგანაა "აღმოცენებული" რვაწახნაგა ყელი (შედარებით დაბალი, ფართო და "ჯმუხი", როგორც საერთოდ აკეთებდნენ მაშინ), გადახურული საკმაოდ დამრეცი სახურავით, მისგანვეა გამოზრდილი ჯვრის მკლავები შვერილი წახნაგოვანი აფსიდებით. აფსიდების წახნაგები და გადახურვა ოთხგზის იმეორებს "შემოკლებული რედაქციით" გუმბათის ყელის სახეს. მათ შორის უფრო დაბალი ნაწილებია (კუთხის ოთახების შესაბამისად), რომლებიც ნიშებით უკავშირდება შვერილ აფსიდებს.

ყველა ეს ნაწილი ისეა შეკრული და ურთიერთშეპირობებული, თითქოს მთელი შენობა ერთიანი კრისტალი იყოს, რომელშიაც არც ერთი წერტილის, არც ერთი ხაზის შეცვლა არ შეიძლება. შენობა მაინცდამაინც დიდი არ არის, მისი სიმაღლე 25 მეტრს არ აღემატება, მაგრამ დიდად მონუმენტურ შთაბეჭდილებას კი ტოვებს. ფასადთა დამუშავებაშიაც სრული კანონზომიერებაა. დასავლეთისა, რომელიც ზედ ქარაფის პირსაა დაკიდებული, ან შორიდან ჩანს, ან ძლიერი რაკუსით. ამიტომ იგი ძალიან მარტივად და ზოგადად არის დამუშავებული - გამოყოფილია მხოლოდ უმთავრესი ფორმები. მთავარი ფასადები აღმოსავლეთისა და სამხრეთისაა, პირველ მათგანზე ფასადის შუა ნაწილი - საკურთხევლის აფსიდი - აღნიშნულია სამი სარკმლით, რომლებიც შეკრულია მათ თავზე გავლებული დეკორაციული რელიეფური სარტყლით - ყოველი სარკმლის თავზე იგი თაღს შემოხაზავს. სარტყლის ზემოთ, სარკმლების შესაბამისად, მოთავრებულია სადა რელიეფი ტაძრის დამფუძნებელთა გამოსახულებებით (შუაში ქრისტეს წინაშე მუხლმოდრეკილი სტეფანოზია). ეს თითქოს თავისებური ტრიპტიქონია, რომელიც ფასადის ყველა ნაწილს ჰკრავს და აერთიანებს. ცენტრალური კომპოზიციის გამოძახილივითაა ფასადის ფრთებში (კუთხის ოთახების შესაბამისად) გაკეთებული უფრო მცირე სარკმლები (თითო-თითო) თავ-თავისი თაღოვანი სათაურით. სამხრეთის ფასადი უფრო ღრმა ნიშების წყალობით - უფრო დიფერენცირებული ჩანს. სამხრეთის შესასვლელის თავზე, ტიმპანში, მოთავსებულია ძველქრისტიანულ სამყაროში დიდად გავრცელებული გამოსახულება ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლება. საყოველთაოდ ცნობილი კომპოზიცია ოსტატურადაა ჩართული და შეხამებული ტიმპანის ნახევარწრიულ მოხაზულობასთან. ჩრდილოეთის ფასადი, რომლის წინაც მცირე ჯვრის ეკლესია დგას, სრულიად მოურთავია, თუმცა საერთო დანაწევრებით სავსებით ემთხვევა სამხრეთისას. შენობის საერთო ჰარმონიისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფასადთა პერანგის მშვენივრად გათლილი ქვის ფერს: მოვარდისფრო -ქვიშისფერს, დროთა ვითარებისაგან თითქოს ოდნავ შეჟანგულს: ტაძარი არა მარტო ფორმებით, მასშტაბითა და პროპორციებით ეხება გარემოს, არამედ ფერითაც. მცხეთის ჯვარი წინა დროის ქართული ხუროთმოძღვრების ძიებათა დამაგვირგვინებელი და ყველაზე სრულად განმასახიერებელი ნაწარმოები - საფუძველს უყრის განვითარების მთელ საფეხურს: VII ს-ში იქმნება ანალოგიურ ძეგლთა მთელი ჯგუფი, რომლებიც გეგმისა და საერთო აგებულების მხრივ დიდად უახლოვდება მცხეთის ჯვარს, მაგრამ ბუნებრივია, კერძო თვისებებითა და დეტალებით განსხვავდება მისგან. დამახასიათებელი და მნიშვნელოვანია, რომ ეს ძეგლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშია, რაც მოწმობს, რომ ქართველი ერის კულტურული ერთიანობა წინ უსწრებს მის სახელმწიფოებრივ გაერთიანებას: ატენის სიონი ქართლშია, გორის სამხრეთით, 10-12 კმ. მანძილზე, ძველი შუამთა კახეთშია (ჩვენ უკვე გავეცანიოთ იქაურ ბაზილიკას), მარტვილი - დასავლეთ საქართველოში, ეგრისში. მათ შესახებ იხ. ანოტაციებში. დასასრულ, უნდა დავუმატოთ, რომ ჯვარის ტიპი, ე.ი. კუთხის ოთახებიანი ტეტრაკონქი, ცნობილია მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში. იქაური ნიმუშები ქართულ ნიმუშთაგან განსხვავდება გარკვეული თავისებურებებით, ისე როგორც საერთოდ ამ ორი ქვეყნის ხუროთმოძღვრება. (ერთი განმასხვავებელი ნიშანთაგანია ის, რომ ჯვარის ტიპის სომხური ძეგლები გარედან ერთიან ბლოკს წარმოადგენს - მთელი შიდა გეგმა გარედან მკაცრ სწორკუთხედშია მოქცეული: ქართული ნიმუშების გარეგანი მასები კი უფრო დიფერენცირებულია აფსიდთა შვერილების წყალობით. განსხვავებულია პროპორციები, შენობის კორპუსისა და გუმბათის ყელის შეფარდება და სხვ..)

მცხეთის ჯვარი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ. 103 - 106.

მცხეთის ჯვრის ტაძრის ადგილას მირიან მეფის მიერ ხის დიდი ჯვრის აღმართვის შესახებ არსებობს წერილობითი ცნობები ქართული და სომხური მატიანეებისა ("ქართლის მოქცევა", მოსე ხორენელის სომხეთის ისტორია და სხვ.). თუმცა ეს ტექსტები გადამუშავებული გამოძახილია რომის იმპერატორის კონსტანტინეს მიერ ჯვრების აღმართვისა, თვით ფაქტი უტყუარია - ჯვრის კვარცხლბეკი ეკლესიის შიგნით დღემდეა დარჩენილი. VI ს-ის მეორე ნახევარში ამ ჯვრის არსებობას ადასტურებს „ევსტათი მცხეთელის ცხოვრებაც". მცხეთის ჯვრის მცირე და დიდი ტაძრების აგების დრო ზოგადად თვით ძეგლთა ანალიზის საფუძველზეა დადგენილი გ.ჩუბინაშვილის მიერ. უფრო ზუსტი თარიღის დადგენა შესაძლებელი გახდა კვლავ წერილობითი და სხვა ისტორიული წყაროების (მაგ. მონეტების წარწერათა) შეჯერებით. დამტკიცდა, რომ მატიანეთა ცნობა, ქართლის ერისთავმა გუარამმა "დადვა საფუძველი ჯუარისა ეკლესიასა, რომელი არს მცხეთასო", ეხება მცირე ტაძარს, ხოლო ცნობა, რომ "შემდგომად ამის გუარამისასა ერისთაობდა ძე მისი სტეფანოზ და ძმა დემეტრესი, და აშენებდეს ეკლესიასა ჯუარის მცხეთას - დიდ ტაძარს. გ.ჩუბინაშვილმა მცირე ტაძრის აშენება 545-სა და 586 წლებს შორის მოაქცია (ესაა გუარამის ერისმთავრობის წლები), ხოლო დიდისა 586/87 – 604/605 წლებს შუა (სტეფანოზის ერისმთავრობის წლები). საუკუნეთა მანძილზე მცირე ტაძარი ძლიერ დაზიანდა (აღარ შერჩა გადახურვა), დიდმა კი კარგად მოაღწია დღემდის. თუმცა იგი ხანძრის კვალს ატარებს და ერთ-ერთ კუთხის ოთახში ჩაშენებული კამარაც არის, ძეგლის მთლიანობა სრულებით არ დარღვეულა და მას არც ერთი არსებითი ნაწილი არ აკლია (მხოლოდ სამხრეთი კარიბჭეა დანგრეული). საბჭოთა ხელისუფლების წლებში ჯვარი საგანგებო მოვლის საგნად იქცა, სათანადო ორგანოები მუდმივ ზრუნავენ მის დაცვა -შეკეთებისათვის. ძეგლის განხილვა მხატვრული თვალსაზრისით იხ.ზემოთ, ძირითად  ტექსტში. მცხეთის ჯვრის დიდი ტაძარი, ბოლნისის სიონის შემდეგ, ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალ საფეხურს წარმოგვიდგენს. ფიგურული რელიეფების განლაგება ღრმად გააზრებულ სისტემას ექვემდებარება.

აღმოსავლეთის ფასადის შუა შვერილზე სამი რელიეფური გამოსახულებაა იმ პირებისა, რომელთა თაოსნობითა და ხარჯით აშენდა ეკლესია: შუაში ქრისტეს წინაშე მუხლმოდრეკილი სტეფანოზ ერისთავმთავარია, ე.ი. მთავარი მაშენებელი, მარცხნივ - მისი ძმა დემეტრე მფარველი ანგელოზით, მარჯვნივ - სტეფანოზის მემკვიდრე ადრნერსე - ამის ზემოთაც ფრთებგაშლილი ანგელოზია, რომელსაც მარჯვენა ხელი წინ აქვს გაწვდილი, ხოლო მის წინ - მუხლმოდრეკილი ბავშვი, მისი ძე. სამივე რელიეფი აღჭურვილია ასომთავრული წარწერებით, რომლებშიაც მაშენებელთა სახელები და ტიტულებია მოხსენიებული (მაგ., შუა რელიეფს აწერია "ჯუარო მაცხოვრისაო, სტეფანოს ქართლისა პატრიკიოსი შეიწყალე“, მარცხენას: "წმინდაო მიქელ მთავარანგელოზო, დემეტრეს ჯპატოსსა მეოხ ხეყავღ მარჯვენას "წმადაო გაბრიელ მთავარანგელოზო, ადრნერსეს ვპატოსსა მეოხ ხეყავ“. პატრიკიოსი და ვიპატოსი ბიზანტიური საკარისკაცო წოდებებია. წარწერების ტექსტი, ისევე როგორც ბოლნისში, ხანმეტურია). სტილისტიკური თვალსაზრისით რელიეფებში ერთგვარი გაორებაა ფიგურები, რომლებიც ცნობილი ნიმუშების მიხედვითაა გამოკვეთილი (ქრისტე, ანგელოზები), საკმაოდ თავისუფლადაა გამოძერწილი და აგებული, სხვები (ერისმთავრები), რომელთა შესრულება ოსტატს სავსებით დამოუკიდებლად მოუხდა, უფრო შებოჭილია და ანატომიურადაც უსწორო. საერთო მიდგომას დეკორაციულობა და სტილიზაცია ახასიათებს. სამხრეთის ფასადის რელიეფები ისე გაერთიანებული და შეკრული არ არის, როგორც აღმოსავლეთისა. შუა სარკმლის ზემოთ გამოსახულია წმ.სტეფანეს წინაშე მუხლმოდრეკილი ვინმე ქობულ - სტეფანოზი, ალბათ ერისმთავართა ოჯახის წევრი, გუმბათის ყელის სამხრეთ წახნაგზე უცნობი მუხლმოდრეკილი კაცი, შესაძლებელია, ხუროთმოძღვარი, რომლის სახელსაც სამწუხაროდ, არ ვიცნობთ. ყველაზე მნიშვნელოვანია სამხრეთ შესასვლელის ტიმპანის რელიეფი, რომელიც ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლებას გამოსახავს. უფრო მცირე ზომით იგივე თემაა გამეორებული სამხრეთ-დასავლეთი ოთახის შესასვლელის თავზედაც (თვით ტაძარი ხომ ჯვრისადმი იყო მიძღვნილი). ეს თემა მაშინ მთელ ქრისტიანულ ხელოვნებაში იყო გავრცელებული. მცხეთის ჯვრის რელიეფები, განსაკუთრებით სამხრეთის მთავარი შესასვლელისა, კომპოზიციური აღნაგობისა და პლასტიკური დამუშავების მხრივ, დიდი ოსტატობითაა შესრულებული. სამხრეთის ფასადის სხვა რელიეფები, მითავსებული ნიშებში, ძლიერ დაზიანებულია. ორივეში სამფიგურიანი კომპოზიციებია; განაპირას მდგომი მუხლმოდრეკილი გამოსახულებები მიმართულია ცენტრში მდგომ ფიგურებისადმი, ძნელი სათქმელია, ვის უნდა გამოხატავდეს ეს რელიეფები. ტაძრის გარშემო არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობანი (ამჟამად დანგრეული კოშკი და გალავანი) გვიანდელია. დიდი ტაძრის გარეთა ზომებია დაახლოებით; სიგრძე - 22,3 მ, სიგანე - 19 მ-მდე, სიმაღლე შიგნით - 22 მ-მდე.