topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ნინოწმინდა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ნინოწმინდა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VII. - თბ., 1984. - გვ.440

სოფელი საგარეჯოს რაიონში, გომბორის ქედის სამხრეთ მთისწინეთზე....ზღვის დონიდან 800 მ., საგარეჯოდან 2 კმ.. ნინოწმინდაში შემორჩენილია გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსი - ტაძარი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო (XVI ს.), მიტროპოლიტ საბა ტუსისშვილის ორსართულიანი სასახლე (1774-1777) და სხვა ნაგებობათა ნანგრევები, რომელიც შემორჩენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. ნინოწმინდაში. ნინოწმინდის ტაძარი VI საუკუნის საყურადღებო ძეგლია. დიდი გუმბათქვეშა სივრცის შესაქმნელად ცენტრალური კვადრატის კუთხეებში ოთხ აფსიდს შორის დიაგონალურ ღერძებზე თითო დამატებითი მცირე სადგომია ჩასმული. გარედან ტაძარი გეგმით ვარსკვლავისებრი ნაგებობა იყო, სიდიდის მიხედვით მონაცვლეობით განლაგებული ნახევარწრიული მოხაზულობის შვერილი აფსიდებით. მხოლოდ საკურთხევლის აფსიდს შუა ნაწილში, სადაც სარკმლებია გაჭრილი, აქვს წახნაგოვანი ფორმა. შენობა წარმოადგენდა ტეტრაკონქის განვითარებულ სახეს და ჯვრის ტიპის ძეგლთა უშუალო წინამორბედს. ტაძარი მრავალჯერ შეუკეთებიათ საფუძვლიანად (XI-XII სს., XVI ს.). საბოლოოდ დაინგრა 1824 და 1848 მიწისძვრის დროს. ნინოწმინდის სამრეკლო სიდიდით ერთ-ერთი პირველთაგანია საქართველოში. იგი XVI-XVIII საუკუნეების აგურის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. ქვემო სამ სართულში თითო კამაროვანი ოთახია ისრული სარკმლებით, ნიშებითა და ბუხრებით. მეოთხე სართული საკუთრივ სამრეკლოა - რვაბოძიანი თაღებით გახსნილია ფანჩატური. ფასადები დამუშავებულია აგურის წყობით გამოყვანილი და სიმეტრიულად განლაგებული ისრული თაღებით, რომბებით, ჯვრებით. მონასტერში მდიდარი წიგნთსაცავი ყოფილა, რასაც მოქმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები: მღვდელმთავრები - ათონის ლიტერატურული სკოლის მოღვაწე ექვთიმე მთაწმიდლის ახლო თანამშრომელი არსენ ნინოწმინდელი (X-XI სს.), მიტროფანე ნინოწმინდელი, იოანე ნინოწმინდელი (XVIIIს.), საბა ტუსისშვილი და სხვა.

http://ka.wikipedia.org/wiki/ნინოწმინდა_(ძეგლი)

საბა ტუსისშვილის სასახლე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VIII. - თბ., 1984. - გვ.541.

საბა (გვარად ტუსისშვილი), ნინოწმინდის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით დაახლ. 1744-88. ერეკლე II-თან დაახლოებული პირი. ატარებდა "ათორმეტ უდაბნოთა" არქიმანდრიტის წოდებას. იყო მეფის პირადი წარმომადგენელი დოდოს რქის (1760-მდე), იოანე ნათლისმცემლის (1760-იდან), დავითგარეჯის (1769-იდან) მონასტრებში. საბა ტუსისშვილის ნაშრომში "ანდერძისებრნი ღუწანი" ასახულია საქართველოს ეკონომიკის, ეკლესიის, სამართლის, ხელოვნების და მატერიალური კულტურის მდგომარეობა XVIII ს-ში საბა ტუსისშვილი დიდ სამშენებლო მუშაობას ეწეოდა. შეაკეთა და განაახლა ნინოწმინდის საკათედრო ტაძარი, ააგო სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ტაძარს დაუბრუნა დაკარგული ყმა-მამული. საეპისკოპოსო ტაძრია გალავანში დღესაც დგას საბას ორსართულიანი სასახლე; 1774-77 წწ. შორის აგებული შენობა გეგმით ძველ ქართულ ანფილადურ სასახლეებს ენათესავება, მაგრამ ძაღინის და სხვ. სასახლეთაგან განსხვავებით თითქმის სრულიად თავისუფალია სპარსული გავლენისაგან. აქ უკვე ევროპული არქიტექტურის ფორმების შემოჟონვა შეინიშნება, რაც მას ქართული არქიტექტურის განვითარების უფრო გვინადელ ხანასთან (XIX ს.) აკავშირებს.

პუბლ.: ბარნაველის., საბა ტუსისშვილის "ანდერძისებრი ღუწანი", ქართული ხელოვნება, 1950 წ., №3

ლიტ.: ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), ტ.I, თბ., 1966 წ., რჩეულიშვილი ლ., საბა ტუსისშვილისეული სასახლე სოფ. ნინოწმინდაში, "ქართული ხელოვნება", 1950 წ., №3

 

 

 

 

***********************************************************************************

ნინოწმინდა -  ბერიძე ვ.// ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974.- გვ.29, 102, 174

სოფელი გარეკახეთშია, რაიონულ ცენტრს საგარეჯოს 2-3 კილომეტრითაა დაშორებული. გალავანში, დიდი ტაძრის გარდა, დარჩენილია XVI ს-ის სამრეკლო, მიტროპოლიტის საბა ტუსისშვილის სახლი XVIII ს-ისა (იხ. ქვემოთ) და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევები. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია....<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

ნინოწმინდა, სამრეკლო - გვიანფეოდალური ხანის ხელოვნება //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.56-57, 127.

ცენტრალურ - გუმბათოვანი თემის შემდგომ განვითარებას წარმოადგენს VI საუკუნის შუა წლებში აგებული ნინოწმინდის ტაძარი. იგი ვარსკვლავისებური ფორმისაა, მიღებული ტეტრაკონქის ძირითად აფსიდებს  შორის გუმბათქვეშა კვადრატის დიაგონალზე უფრო მცირე ზომის აფსიდების მოთავსების შედეგად. ტაძარს შვიდი შესასვლელი ჰქონია, თითო ყოველ აფსიდში გარდა საკურთხევლისა. ცენტრალური კვადრატი გადახურული ყოფილა შეკრული კამარით. გრანდიოზული შიგა სივრცე დასრულებული და ჰარმონიულია....<<ტექსტი სრულად აქ...<<