topmenu

 

ნინოწმინდა - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ნინოწმინდა -  ბერიძე ვ.// ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974.- გვ.29.

ახალი სარწმუნოების გავრცელება და დამკვიდრება ახალ ამოცანას უსახავდა მშენებელთ. საჭირო იყო უფრო ვრცელი და ტევადი გუმბათიანი ტაძრების შექმნა. ეს ძლიერი ბიძგი იყო ტექნიკურ და კომპოზიციურ სიახლეთა ძიების გზაზე. ასეთ ძიებათა საყურადღებო და დამახასიათებელი ნიმუშია ნინოწმინდის ეკლესია (დაახლ. 40 კმ. მანძილზე თბილისიდან, მის აღმოსავლეთით, საგარეჯოს რაიონში). მის გეგმაში სწორედ ტეტრაკონქის ტიპის განვითარებასა და გართულებას ვხედავთ. ხუროთმოძღვრის წინაშე აქ უფრო ძნელი ამოცანა იყო დასახული: მას უნდა შეექმნა დიდი საეპისკოპოსო ტაძარი და არა სოფლის უბრალო სამლოცველო, მსგავსად ძველი გავაზისა. გუმბათქვეშა სივრცის გაფართოების მიზნით მშენებელმა ცენტრალურ კვადრატს კუთხეები ჩამოჭრა და ოთხ აფსიდს შორის, შენობის დიაგონალურ ღერძებზე, ჩასვა კიდევ ოთხი მცირე სადგომი. ამგვარად, გუმბათისათვის მან მიიღო რვა საყრდენი და, ამის შესაბამისად, რვა გუმბათქვეშა თაღი, ე.ი. მას საშუალება მიეცა წინანდელთან შედარებით საგრძნობლად გაეზარდა გუმბათის დიამეტრა, ე.ი. მთელი გუმბათქვეშა სივრცეც. კუთხეში ჩასმულ ოთახებს, რასაკვირველია, გარკვეული ფუნქცია ეკისრებოდა. საკურთხევლის მარცხნივ და მარჯვნივ სადიაკვნე და სამკვეთლო იყო, მესამეში, ალბათ ისევე, როგორც ბოლნისში - სანათლავი; მეოთხის დანიშნულება სავსებით ნათელი არ არის. საინტერესო და იშვიათია ამ ოთახების გეგმა - ორ-ორი, პირისპირ მოთავსებული აფსიდით მცირე სწორკუთხედის ერთსა და მეორე მხარეს (ასეთივე გეგმა აქვს ბოლნისის სანათლავსაც. უფრო გვიან ასეთი გეგმა აღარ შეგვხვდება). ინტერიერი თავის დროზე, სანამ გუმბათი და შენობის დასავლეთი ნაწილი დაინგრეოდა, ფრიად იმპოზანტური უნდა ყოფილიყო. მხატვრული ეფექტი ემყარებოდა ნაწილთა მკაფიო დიფერენციაციას - ერთი მხრივ იყო ოთხი აფსიდი - მათ შორის საკურთხეველი გამოირჩეოდა სამი სარკმლით, სხვებს კი თითო სარკმელი ჰქონდა; მეორე მხრივ - დაქვემდებარებული მნიშვნელობის მქონე კუთხის ოთახები, რომლებიც მოკლებული იყო შუქის საკუთარ წყაროს და ტაძრის შუა ნაწილიდან ნათდებოდა. ამგვარად, ხუროთმოძღვარს გააზრებული ჰქონდა ნაწილთა თანადაქვემდებარება მათი მნიშვნელობის მიხედვით. გარედან აქაც, როგორც ძველ გავაზში, ჯერ კიდევ საკმაოდ ამორფული სურათია, თუმცა შვერილი აფსიდები, რომლებიც ვარსკვლავისებრ გეგმას ქმნის, სიდიდით თითოს გამოშვებით ენაცვლება ერთმანეთს. საკურთხევლის აფსიდს, შუა სიმაღლეზე, სადაც სარკმელებია გაჭრილი, წახნაგოვანი ფორმა აქვს მინიჭებული, მაშინ, როცა ამავე აფსიდის ზემო და ქვემო ნაწილები და ყველა სხვა აფსიდი ნახევარწრიული მოხაზულობისაა. შესაძლებელია, წახნაგების ჩართვით სასურველი მხატვრული შედეგი მიღწეული ჯერ კიდევ ვერ იყოს, მაგრამ საყურადღებოა თვით ფაქტი მხატვრული ამოცანის დასმისა: ხუროთმოძღვარს მიაჩნდა, რომ სარკმელების გაჭრა წახნაგოვან ზედაპირზე  უფრო შესაფერისი იყო, ვიდრე მომრგვალებულზე. ამას გარდა, ამ ხერხით მან თავისებურად გამოჰყო ტაძრის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, თავისებურად ხაზი გაუსვა მას. ნინოწმინდის საეპისპოპოსო ტაძარი ტიპიური გარდამავალი ძეგლია (საქართველოში მეორე ასეთი კომპოზიცია არ მოიძებნება). იგი დიდ მნიშვნელობას იძენს, თუ მას განვიხილავთ ევოლუციური თვალსაზრისით, ე.ი. ერთი მხრივ, როგორც უბრალო ტეტრაკონქის განვითარებას, მეორე მხრივ კი, როგორც იმ ჯგუფის ძეგლთა უშუალო წინამორბედს, რომელსაც სათავეში უდგას მცხეთის  ჯვრის სახელგანთქმული ტაძარი, ერთა უმაღლესი მწვერვალთაგანი ჩვენი ეროვნული ხელოვნებისა.

ნინოწმინდა -  ბერიძე ვ.// ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974.- გვ. 102

(VI ს.)

სოფელი გარეკახეთშია, რაიონულ ცენტრს საგარეჯოს 2-3 კილომეტრითაა დაშორებული. გალავანში, დიდი ტაძრის გარდა, დარჩენილია XVI ს-ის სამრეკლო, მიტროპოლიტის საბა ტუსისშვილის სახლი XVIII ს-ისა (იხ. ქვემოთ) და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევები.ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია მთელი დასავლეთი მხარე, ჩამოქცეულია გუმბათი. ტაძრის კედლები მომწვანო ქვის, არც მაინცდამაინც სუფთად გათლილი, დიდი კვადრებითაა ნაშენი, კედლის შუაგულში კი ჩასხმულია ქვის ნატეხებიანი დუღაბი: თაღები და კამარები კახეთში გავრცელებული ნასვრეტოვანი შირიმისაა. ამავე მასალითაა მოპირკეთებული გარედან კედლების ზემო ნაწილი. მაგრამ ეს გვიანდელი შეკეთების შედეგია. შეკეთება-აღდგენანი ძეგლმა რამდენიმეჯერ განიცადა: ერთი - XI -XII სს., როცა თავდაპირველი შეკრული კამარა შეცვალეს მრგვალი გუმბათის ყელით: მეორე - უფრო გვიან, როცა შიგნით კედლები კონტრფორსებით გაამაგრეს. მესამე -- XVI ს-ში, როცა "მეფემან პატრონმან ლეონ... მეორედ აღაშენა და შეამკო ყოვლითურთ... მოშლილი და დაქცეული“ ტაძარი.

ამ დროს აშენდა სამრეკლო, შეიმკო და მოიხატა თვით ეკლესია. დასავლეთის კარიბჭე XVII ს-ისაა, 1671 წელსაა აგებული ნინოწმინდელი ეპისკოპოსის ნიკოლოზ ენდრონიკაშვილის მიერ (წარწერა კარიბჭის შიგნით, ეკლესიის დასავლეთ შესასვლელის თავზე). XVIII ს-ის მეორე ნახევარში ტაძარი საფუძვლიანად შეაკეთა ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა საბა ტუსისშვილმა. ეს ამბავი მას მოთხრობილი აქვს საინტერესო საბუთში, რომელიც გამოქვეყნებულია სათანადო კომენტარებით. ეკლესია საბოლოოდ დაინგრა 1824 წლის მიწისძვრის დროს და, შემდეგ, 1848 წელს. ეკლესიის გარეთა ზომებია დაახლ.: 21 X21  მ.

1. გ. ჩუბინაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, გვ. 69-74

2. Г. Н. Чубинашвили, Арх. Ках. გვ. 232-246

3. სარა ბარნაველი, საბა ტუსისშვილის „ანდერძისებრნი ღუწანი“; „ქართული ხელოვნება“, ტ.3., თბ., 1950 წ., გვ. 211-225 (გამოკვლევა), 225-235 (საბუთის ტექსტი).


გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე


ნინოწმინდის სამრეკლო -  ბერიძე ვ.// ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974.- 174

XVI ს.

დგას ძველი საეპისკოპოს ტაძრის გალავანში (იხ. ზემოთ, ნინოწმინდა).XVI - XVIII სს-თა ეპოქის აგურის არქიტექტურის ერთი საუკეთესო ნიმუშთაგანი. ქვემო სამი სართული ერთიან კვადრატულ კოშკურ მასივს ჰმნის, მეოთხე - საკუთრივ სამრეკლო - რვაბოძიანი გამჭოლი ფანჩატურია. ქვემო სამ სართულში თითო კამაროვანი ოთახია ისრული სარკმლებით, ნიშებითა და ბუხრებით. კიბე კედლის სისქეშია. ფასადების კომპოზიცია კარგადაა გააზრებული, იგი დამუშავებულია გარკვეული სიმეტრიით განლაგებული ისრული თაღებით, რომბებით, აგურის წყობით გამოყვანილი ჯვრებით (ამ დროისათვის დამახასითებელი მოტივია, რომელიც აგურის ყველა ძეგლში მეორდება სტერეოტიპულად - ისრული თაღი სწორკუთხა ჩარჩოში). ნინოწმინდის სამრეკლო სიდიდითაც ერთი პირველთაგანია საქართველოში.

1. Г. Н. Чубинашвили, Арх. Ках. გვ. 497-508


ნინოწმინდა, საბა ტუსისშვილის სახლი// ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 186

XVIII ს. 70-იანი წლები.

სახლი დგას ნინოწმინდის ძველი საეპისკოპოსო ტაძრის გალავანში (იხ.ზემოთ ნინოწმინდა, ნინოწმინდის სამრეკლო). აშენებულია ნინოწმინდელი მიტროპოლიტის  საბა ტუსისშვილის მიერ, რომელიც იქაურ კათედრას 1743-45 წლებიდან 1780-იანი წლების დასაწყისამდის   განაგებდა. სახლი აგებულია 1774-1777 წლებს შუა, როგორც ჩანს, თვით საბას უშუალო ხელმძღვანელობით. ორსართულიანი შენობაა, სადგომების ერთი მწკრივით. ქვემოთ სამი ოთახია - შუა გრძელი, ორი განაპირა კვადრატული; ზემოთ, განაპირას, კვლავ თითო ოთახია, შუა სივრცე კი, ქვემო დიდი ოთახის თავზე, სახლის მთელი სიღრმის ლოჯიას უჭირავს. საინტერესოა კედლის განჯინების კარების დამუშავება, კედლების პროფილირება. სარკმლები სწორკუთხაა, უთაღო, ორივე სართულის გადახურვა - ბრტყელი, ხისა. თავისი გეგმით ნინოწმინდელის სახლი ძველი ქართული ანფილადური სასახლეების რიგში დგას. მაგრამ ძაღინისა და სხვა სასახლეებისაგან განსხვავებით იგი თითქმის სრულიად თავისუფალია ირანული გავლენისაგან. პირიქით, აქ ახალი ნაკადი იჩენს თავს - ევროპული არქიტექტურის ფორმების შემოჟონვა, რაც ამ შენობას ქართული არქიტექტურის უფრო გვიანდელ (XIX ს.) განვითარებასთან აკავშირებს. შენობის გარეთა ზომებია: დაახლ. 20X7 მ.

1. ლ. რჩეულიშვილი საბა ტუსისშვილისეული სასახლე სოფ.ნინოწმინდაში. "ქართული ხელოვნება“, ტ. 3, თბ., 1950, გვ. 237-247