< უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<<ეკლესია - მონასტრები>>>
შიომღვიმე - ბერიძე ვ. // ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ. 27 - 28;
...VI ს-ში კვლავ ბევრი ბაზილიკა, სამეკლესიიანი ბაზილიკა და მცირე ერთნავიანი სამლოცველო აშენდა, ამ საუკუნის ნახევრიდან საკულტო არქიტექტურის უმთავრეს თემად თანდათანობით გადაიქცა გუმბათოვანი ტაძრის თემა, რომელმაც ასიოდე წლის მანძილზე თვალსაჩინო ევოლუცია განიცადა; შემდეგშიაც, საუკუნეთა მანძილზე, გუმბათოვანი ხეროთმოძღვრება, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვით, ადგილობრივ ღრმა ფესვები ჰქონდა, შეინარჩუნებს უპირველეს მნიშვნელობას - ყველაზე უფრო საინტერესო შემოქმედებითი ძიება და წარმატება მასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, მაშინდელ გუმბათიან ეკლესიათა უმეტესობამ ვერ მოაღწია დღემდე. ზოგი სულ დაიღუპა, ზოგი უფრო გვიან ძლიერ გადააკეთეს. მაგრამ დარჩენილთა მიხედვითაც შეიძლება საკმაოდ ნათელი სურათი წარმოვიდგინოთ. ირკვევა, რომ VI-VII საუკუნეებში გუმბათიან ნაგებობათა რამდენიმე ტიპი არსებობს: ტეტრაკონქების ვარიანტები, "თავისუფალი ჯვრის" ტიპი - აგრეთვე რამდენიმე ვარიანტით, "ჩახაზული ჯვრის ტიპი" და სხვ., ამ ტიპთაგან ადრინდელ ხანაში ყველაზე უფრო საინტერესო ევოლუცია ტეტრაკონქმა განვლო.
(სურ, შიომღვიმე, გუმბათიანი ეკლესია, VI ს. გეგმა. ანაზომი ნ.სევეროვისა).
ყველა ამ ეკლესიაში VII საუკუნემდე, წრომის ტაძრამდე, გუმბათი ეყრდნობა უშუალოდ კედლებს და არა ბოძებს. ცალკე მდგომი ბოძები მანამდე საერთოდ არ გვხვდება. ყველა გუმბათიანი ეკლესია (იმავე წრომამდე) ცენტრულია, ე.ი. მათი ორი ღერძი - აღმოსავლეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთისა - ან ერთნაირია, ან პირველი მხოლოდ ოდნავ სჭარბობს მეორეს. ადრინდელი ნიმუშები მცირე და მარტივია. შემდეგ, VI ს-ის მეორე ნახევარსა და VII ს-ში ზომებიც იზრდება და კომპოზიციებიც რთულდება. ერთი დამახასიათებელი მაგალითთაგანია შიომღვიმის სამონასტრის ძველი ეკლესია VI ს-ის 50-60იანი წლებისა (თბილისიდან 40 ოდე კმ. მანძილზე, ჩრდილო-დასავლეთით, მტკვრის მარცხენა ნაპირზე ეს მცხეთის რაიონია). მონასტრის დამაარსებელი იყო შიო მღვიმელი, ერთი იმ "ათცამეტ ასურელ მამათაგანი", რომელნიც VI ს-ში საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებისათვის იღვწოდნენ (ამ მამათა დაარსებულია მონასტრები აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: დავითის სახელთანაა დაკავშირებული დავით-გარეჯის მონასტრების ჩასახვა და თბილისის მთაწმინდის პირველი ეკლესია: იოანემ დააარსა ზედაზნის მონასტერი და სხვ.) მონასტრისთვის განმარტოებული ადგილია შერჩეული მაღალი შვეული კლდეების ძირში. შენობები თითქოს მთის ნაოჭშია შეხიზნული. დროთა განმავლობაში იქაურობას ბევრი სხვადარხვაგვარი შენობა მიემატა - საეკლესაო და სამონასტრო - ძველ ეკლესიასაც დასავლეთის მხრივ მიაშენეს სხვადასხვა სადგომები, მაგრამ ძველმა ნაწილმა მაინც შეინარჩუნა თავდაპირველი სახე. სპეციფიკური ის არის, რომ ეკლესია სანახევროდ მიწაშია ჩაფლული - ალბათ ეს თვით შიოს სურვილი იყო (შიო აქვეა, ეკლესიის ქვემოთ დასაფლავებული). ეკლესიის გეგმა ელემენტარულია: უბრალო ჯვარი, რომლის მოხაზულობა გარედანაც მჟღავნდება; ერთი აფსიდი (საკურთხევლისა) და სამი სწორკუთხა მკლავი. ამგვარად, ეს ე.წ. ,,თავისუფალი ჯვრის" ტიპის შენობაა, ე.ი. მთელ ქრისტიანულ სამყაროში ფართოდ გავრცელებულ ტიპს მიეკუთვნება. მის ბირთვს შეადგენს რვანაწილედი შეკრული კამარით გადახურული ცენტრალური კვადრატი. შეკრული კამარა თავისი ფორმით სფერულ გუმბათს უახლოვდება. აქ უკვე მკაფიოდაა გამოსახული ქართული გუმბათების აღნაგობა: ნახევარსფერული ნაწილი, ე.ი. საკუთრივ გუმბათი, დამყარებულია ე.წ. გუმბათის ყელზე, რომელშიაც სარკმლებია გაჭრილი.
ყელიანი გუმბათი თითქოს მეორე სართულია, შიგნითაც და გარეთაც იგი შენობის გვირგვინად, მის ხუროთმოძღვრულ დომინანტად იქცევა. ამ პერიოდის გუმბათის ყელი ჩვეულებრივ რვაწახნაგოვანი მოხაზულობაა, სარკმლები თითო წახნაგგამოშვებით აქვს, მისი სიგანე - მით უფრო გარედან - თვალსაჩინოდ სჭარბობს სიმაღლეს, ხოლო სახურავი უმეტესად რვაწახნაგოვანსავე პირამიდას წარმოადგენს. შიომღვიმის ძველი ეკლესია ასკეტურად უბრალო და მკაცრია. ეს არა მარტო მაშინდელი არქიტექტურის საერთო ხასიათს მიეწერება, არამედ მონასტრის დამაარსებლის პიროვნებასაც. იმ პერიოდში მოიძებნება მსგავსი გეგმის მქონე სხვა ნიმუშებიც და აგრეთვე "თავისუფალი ჯვრის" ტიპის ვარიანტებიც. გეგმით შიომღვიმის ეკლესიას უახლოვდება სოფ. იდლეთის "ნათლისმცემელი" (ქართლშია, კავთურის ხეობაში), რომელსაც აგრეთვე VI ს- ეს მიაკუთვნებენ, მაგრამ იგი უფრო შეუმუშავებელი და ტლანქია, არა მარტო კედლის მასალის (უწესო ფორმის, სხვადასხვა ზომის ქვაა), არამედ ტლანქად გამოყვანილი ფორმების გამოც - გეგმა დაბრეცილია, გუმბათის ყელის რვაწახნაგოვნება ჩამოუყალიბებელი და სხვ.
(სურ - შიომღვიმე, გუმბათიანი ეკლესია, VI ს. ინტერიერი. ნახატი ნ.სევეროვისა)
შიომღვიმე - ბერიძე ვ. // ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974, გვ. 98 - 100.
შიომღვიმის მონასტერი (მცხეთის რაიონში) განმარტოებით დგას, შვეული კლდეების ძირს, მთის ნაოჭში. ეს მტკვრის მარცხენა ნაპირია. მდინარის გადაღმა, მონასტრის პირდაპირ, სადგური ძეგვია. ახლა მონასტერში მისასვლელად მცხეთიდან სამანქანო გზაა გაყვანილი. მონასტრის ხანგრძლივი არსებობის მანძილზე აქ შენობათა კომპლექსი შეიქმნა: 1) გუმბათიანი ეკლესია VI ს-ისა, ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების პირველი ეტაპების ერთი დამახასიათებელი ნიმუშთაგანი - მის შესახებ უფრო დაწვრილებით იხ. ზემოთ, ძირითად ტექსტში. დასავლეთიდან მას XI და XVIII სს-ში დიდი ნაწილი მიაშენეს, XVIII საუკუნისაა აგურის სამრეკლოც: 2) ზემო ეკლესია XI - XII სს. მიჯნაზეა აშენებული დავით აღმაშენებლის დროს. ამის შესახებ თვით დავითი წერს თავის ანდერძში. ეკლესია თავდაპირველად გუმბათოვანი იყო, ხოლო 1678 წელს ბაზილიკის სახით აღადგინეს "იოთამ ამილახვრის შვილმან თვით ამილახორმან გივმან" და მისმა "თანამეცხედრემ" (ე.ი. მეუღლემ) "ქართველთ მეფის შაჰნავაზის ასულმან ბატონიშვილმან თამარ" (შაჰნავაზს ვახტანგ V-ს უწოდებდნენ) - ასეა ნათქვამი წარწერაში ეკლესიის დასავლეთ შესასვლელის თავზე. 3) სატრაპეზო, რომლის ძველი ნაწილები XII ს - ისაა. გადაკეთებულია XVII ს - ში: 4) XII ს-ის მცირე მოხატული სამლოცველო მთაზე, მონასტრის მახლობღად. მონასტერი მოქმედი იყო XIX ს-ში და XX ს-ის დასაწყისშიაც, რევოლუციამდე. ამ დროს მიეკუთვნება სამონასტრო შენობათა ნაწილი, ამ დროსვე მოხატეს და "შეამკეს", არსებითად კი დაამახინჯეს, შიოს ძველი ეკლესია. ძველი ეკლესიის მაქსიმალურთ ზომები შიგნით: სიგრძე - 13,5 მ., სიგანე - 7,8 მ., სიმაღლე - 13,6 მ.
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე
შიომღვიმე, გუმბათიანი ეკლესია. VI ს. ინტერიერი.
ნახატი ნ. სევეროვისა
|