topmenu

 

ქვაცხელები - ვ. ბერიძე

< უკან დაბრუნება...<<<უძველესი საქართველო>>>

უძველესი საქართველო: ქვაცხელები - ვ. ბერიძე // ძველი ქართული ხუროთმოძღრება, თბილისი, გამ „ხელოვნება“, 1974 წ., გვ. 11-12

საქართველოს ტერიტორიაზე, ისევე, როგორც სხვაგანაც, საცხოვრებლის თავდაპირველი სახე პალეოლითის ხანის ბუნებრივი გამოქვაბულები იყო, ხოლო ხუროთმოძღვრული ხელოვნების უადრესი ნიმუშები (ყოველ შემთხვევაში, ის, რასაც ჩვენ დღესდღეობით ვიცნობთ) შეიძლება მიეკუთვნოს გვიანა ნეოლითის ხანას. ეს არის ნასოფლარები შულავრის მახლობლად (აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის სამხრეთით), ე.წ. შულავრის გორა და იმირის გორა. მათ ძველი წელთაღრიცხვის V და  IV ათასწლედს მიაკუთვნებენ. აქ დარჩენილია მრგვალი გეგმის მქონე მცირე საცხოვრებელ უჯრედთა მთელი ჯგუფი. ყოველ ასეთ უჯრედს, რომლის დიამეტრიც 2,5-3 მეტრია, თავისი კერა აქვს; სამეურნეო სადგომები აგრეთვე მრგვალია, მაგრამ კიდევ უფრო მცირე - მათი დიამეტრი 1,5 მ. არ აღემატება. შენობები ალიზისაა, თიხის ხსნარით. ოთახები კონუსური გუმბათებით იყო გადახურული. მთელი ინვენტარი შედგება პრიმიტიული კერამიკისა, სამეურნეო დანიშნულების ობსიდიანის, ძვლისა და რქის ხელსაწყოებისაგან. მაგრამ იმირის გორაზე გამოვლინდა ბრტყელსახურავიანი საცხოვრებლებიც. გადახურვისთვის ხის ბოძები და კოჭები იყო გამოყენებული, ხოლო კერის თავზე სახურავში კვამლის გასასვლელი ნახვრეტი იყო გაკეთებული: ძალიან საყურადღებო გარემოებაა, რადგანაც ეს ხუროთმოძღვრული თემა - ზემო  ხვრელი შუქის შესაშვებად და ბოლის გასასვლელად - საქართველოში განვითარდება და ძალიან დიდხანს იარსებებს (იხ. ქვემოთ, დარბაზი). საცხოვრებლის უფრო განვითარებული ფორმა აღმოჩნდა ქვაცხელებში, სოფ.ურბნისის მახლობლად (გორიდან ათიოდე კილომეტრის დაშორებით, მტკვრის მარცხენა ნაპირზე). აქაური საცხოვრებელი სახლები ჩამოყალიბებული ტიპისაა, გეგმა სავსებით შემუშავებულია, მისი ვარიაციები უმნიშვნელოა. ოთახი დაახლოებით კვადრატულია, კუთხეები კი მომრგვალებული აქვს, რაც მოწმობს ამ შენობების გენეზისურ კავშირს მრგვალ სახლებთან. შუაში ბოძი დგას, მის წინ კი კერაა. ოთახს წინ უძღვის ტალანი. ოთახიცა და ტალანიც ბრტყელი ჭერითაა გადახურული, აქაც დამახასიათებელია ჭერის ცენტრში გაკეთებული ხვრელი. კედლები ან ალიზისა იყო, ან დაწნული, ხის სარებით გამაგრებული კარკასისა, რომელიც ორივე მხრიდან - შიგნიდანაც და  გარედანაც - თიხის რამდენიმე ფენით იყო შელესილი. გადახურვისთვის იყენებდნენ მრგვალ კოჭებს, რომლებიც კედლებსა და ცენტრალურ ბოძს ეყრდნობოდა. ეს ბოძი და კერა, რომელიც წმიდათა წმიდად ითვლებოდა, შეადგენდნენ საცხოვრებლის ბირთვს - ოჯახის მთელი ყოფა-ცხოვრება მათთან იყო დაკავშირებული. ქვაცხელების უძველესი ფენა ძვ.წ. III ათასწლედის დასაწყისსა და ნახევარს მიეკუთვნება. არ შეიძლება არ აღინიშნოს ქვაცხელების სახლთა გარკვეული ნათესაობა ეგეოსის ზღვის არეში გავრცელებული საცხოვრებლის - მეგარონის ტიპთან. II-I ათასწლედებს მიეკუთვნება დასახლებათა სხვა ტიპები - ხელოვნურად გამაგრებულ გორაკებზე. მიკვლეულია ერთოთახიანი საკულტო და საცხოვრებელი შენობები: მათ საძირკვლები და კედლების ქვემო ნაწილები რიყის ქვისა ჰქონდათ, ზემო ნაწილები კი ხის ჯარგვალი იყო. საფიქრებელია, რომ ამ სახლებსაც ზემო ხვრელი ჰქონდა (ნაცარგორა ცხინვალთან).

 

ქვაცხელები - ვ. ბერიძე // ძველი ქართული ხუროთმოძღრება, თბილისი, გამ „ხელოვნება“, 1974 წ., გვ. 83

ქვაცხელების (ანუ ტელეპია-ქოხის) ნამოსახლარი, რომელიც ქარელის რაიონში მდებარეობს (სოფ. ურბნისიდან 3 კმ. დაშორებით, მტკვრის მარცხენა ნაპირზე), გამოკვლეული იქნა საქართველოს სახ. მუზეუმის ურბნისის ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 1954 - 1961 წლებში. ექსპედიციის მიზანი იყო ურბნისის ნაქალაქარისა და მის მიმდებრე ნამოსახლართა კომპლექსური შესწავლა. ქვაცხელებში აღმოჩნდა შვიდი სამშენებლო ფენა, რომლებიც სამ ძირითად კულტურულ დონეს წარმოგვიდგენს. ზედა დონე, რომელსაც არქეოლოგებმა A დონე უწოდეს, გვიანანტიკური -ადრეფეოდალური ხანისაა, ორი ქვედა - B და C - ადრეულ ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. B დონეს III ათასწლეულის შუა ხანას მიაკუთვნებენ, C დონეს III ათასწლეულის დასაწყისს. ყველაზე მეტი და მნიშვნელოვანი მასალა მოპოვებულია C დონეზე - აქ აღმოჩნდა ათზე მეტი, საცხოვრებელი სახლი და დიდძალი კერამიკა. ქვაცხელების საცხოვრებელი სახლი შულავრის და იმირის გორების სახლებთან შედარებით, უფრო ვანვითარებულ საფეხურზეა. იმავე დროს, მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი ქრონოლოგიური მანძილისა, მაინც თვალსაჩინოა გარკვეული ევოლუციური კავშირიც, როგორც მშენებლობის ტექნიკის, ისე შენობის საერთო სახის მხრივ. განსაკუთრებით ნიშანდობლივია აქაური სახლების ბანური სარკმლიანი სახურავი, რომელიც იმირის გორიდან ცნობილი თემის განვითარებას წარმოადგენ, ქვაცხელების კერამიკა ბევრ ანალოგიას ჰპოულრს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში აღმოჩენილ ამავი ხანის კერამიკასთან. მთლიანად ქვაცხელები (განსაკუთრებით (C დონე), მის მკვლევართა აზრით, ექცევა ე.წ. მტკვარ - არაქსის (ენეოლითური ხანის) კულტურის წრეში. თუმცა მას ზოგი რამ სპეციფიკური და განმასხვავებელიც  აქვს.

1. ალ. ჯავახიშვილი, ლ.ღლონტი. ურბნისი. ნაკვეთი პირველი. ქვაცხელების (ტელეპია-ქოხის) ნამოსახლარზე 1954-1961 წწ. ჩაგარებული გათხრები. თბ., 1962

2. ალექსანდრე ჯავახიშვიღი. უძველესი საცხოვრებელი შენობები. საქართველოს ტერიტორიაზე. „ძეგლის მეგობარი“, კრებული მეთოთხმეტე, თბ.,  1968 წ., გვ. 20-30