topmenu

 

უფლისციხე - ვ. ბერიძე

< უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<საქართველოს ციხე-ქალაქები>>>


უფლისციხე - ბერიძე ვ. // ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974.-გვ. 15

დაახლოებით ამავე ხანებს, ორი წელთაღრიცხვის მიჯნას, უნდა მიეკუთვნოს, როგორც ჩანს, უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ქალაქის ზოგი დარბაზი (უფლისციხე გორის მახლობლადაა, მტკვრის მარცხენა ნაპირზე). ქალაქი უკვე დიდი ხანია მიტოვებული და გაუკაცრიელებულია. მისი გაუდაბურების შთაბეჭდილებას ხელს უწყობს ბუნებაც - შიშველი კლდეები, მხოლოდ შიშველი ქვა. მაგრამ საუკუნეთა მანძილზე ეს ქართლის ერთი უმთავრესი ცენტრთაგანი იყო და მატიანეთა ფურცლებზე მისი ხსენება ხშირია. უკვე XVIII ს. ორმოციან წლებში ვახუშტი ბატონიშვილი თავის "საქართველოს სამეფოს აღწერაში" უფლისციხის შესახებ აღნიშნავდა, "აწ არს შემუსვრილიო". შემდეგ მას ასეთი ცნობები აქვს: "არამედ შენობა უცხო, კლდისაგან გამოკვეთილი, პალატნი დიდ დიდნი. ქანდაკებული კლდისაგანვე; გვირაბი ჩახვრეტით ჩაკაფული მტკვრამდე, დიდი. დასავლით აქუს ქარაფი მაღალი, და მას შინა გამოკვეთილნი ქვაბნი მრავალ-დიდნი, არამედ აწ შეუალ არს". ამ "დიდ-დიდ პალატთა" შორის, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს დიდი დარბაზი ქალაქის ზემო ნაწილში მდებარე კომპლექსიდან. გარედან იგი ერთბაშად გამოიყოფა დიდი თაღოვანი მალის წყალობით (ამ მხარეს დარბაზი ღიაა, კედელი არ გააჩნია). ამ მალის ზემოთ კლდეს ფრონტონის სახე აქვს მინიჭებული. შიგნით ნახევარწრიული კამარაა, რომლის ზედაპირი დაფარულია კლდეშივე ნაკვეთი რვაკუთხა კესონებით - მათი დამუშავება II–III საუკუნეთა რომაული კამარებისას უახლოვდება. შესაძლებელია, ამავე ხანისა (დაახლ. ორი წელთაღრიცხვის მიჯნისა) იყოს ზოგი სხვა დარბაზიც - მათ კოჭებიანი ჭერის მსგავსად დამუშავებული ბრტყელი გადახურვა აქვთ, უეჭველია, ოსტატმა აქ გადმოიღო და კლდეში გამოკვეთა ("გამოაქანდაკა") იმ ხანად გავრცელებული კონსტრუქციები. უფლისციხის გამოქვაბულთა დიდი ნაწილი კი შუა საუკუნეებისაა. ამგვარად, საქართველოში საშენ მასალად უძველესი დროიდანვე იყენებდნენ ქვას, თიხას, ხეს. განსაკუთრებით დამახასიათებელია ქვის გამოყენება - შემდეგში, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების არსებობის მთელ მანძილზე, მონუმენტური შენობების უმთავრესი საშენი მასალა ბუნებრივი ქვა იქნება.


ქვის კედლების მშენებლობის ტექნიკა თვალსაჩინო ევოლუციას განიცდის რიყის ქვის, ან დაუმუშავებელი ნატეხი ქვის მშრალი წყობიდან თლილი ქვის წყობამდე, რომელშიაც ჯერ რკინის სამაგრებს იყენებდნენ, შემდეგ კი კირის დუღაბს (ძნელი სათქმელია, როდის გაჩნდა ზუსტად ხსნარი; ზოგს მიაჩნია, რომ მას უკვე ჩვენს წელთაღრიცხვამდე ბევრად ადრე იცნობდნენ; სხვებს მისი გაჩენა აქეთ გადმოაქვთ, ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში). ნაგებობათა შორის, დაგეგმარების მხრივ, შედარებით ნათლად საცხოვრებლები გვესახება. მთავარი, რაც აქ უნდა აღინიშნოს - ამას გ.ჩუბინაშვილმა მიაქცია ყურადღება - ის არის, რომ საცხოვრებელი უჯრედი შიდა ეზოს გარშემო კი არ არის ორგანიზებული (როგორც მესოპოტამიასა და ანტიკურ ქვეყნებში იყო), არამედ ერთიან მასივს შეადგენს და გარეთკენ არის გახსნილი. ასევე იყო სუბარებთან, მიტანისა და ხეთების ქვეყნებში (შეად. მაგ. ტელ-ჰალაფი, ზენჯირლი, კარხემიში და სხვ.). მთავარი ისაა, რომ ეს პრინციპი საქართველოში სულ ბოლომდე შეინარჩუნებს ძალას როგორც სასახლეთა, ისე გლეხურ საცხოვრებელთა მშენებლობაში. დამახასიათებელია აგრეთვე დერეფან - პორტიკის თემა - ისიც საერთოა ხსენებულ წრესთან და ისიც ფართო გავრცელებას ჰპოვებს უფრო გვიან საქართველოს გლეხურ საცხოვრებლებში. უნდა დავიმახსოვროთ, რომ თავიდანვე იყენებდნენ მრგვალს, ოვალურსა და კვადრატს მიახლოებულ გეგმას (ევოლუციის პროცესში ეს უკანასკნელი უფრო გამძლე, სიცოცხლისუნარიანი გამოდგა); რომ ბრტყელ გადახურვასთან ერთად, გუმბათისებრიც შემუშავდა (თიხისა, ქვისა და ხისა), რომ ზედა ხვრელი - შუქისა და კვამლისათვის - სულ მეორდება სხვადასხვა ტიპის შენობებში. ეს ყველაფერი - გეგმის ცენტრული ხასიათი, გადახურვათა ასეთი კონსტრუქციები, გავრცელებული წინა აზიის მრავალ ქვეყანაში - ფართო ხალხური საფუძვლის სახით შეერთვის ქართული მონუმენტური ხუროთმოძღვრების განვითარებას. რამდენად ღრმა იყო ქართულ ხუროთმოძღვრებაში ანტიკურ-ელინისტური ფორმების გავლენა? საბოლოოდ ამის შესახებ დასკვნის გამოტანა ჯერ ნაადრევია. დღემდის ცნობილის მიხედვით - მე კვლავ გ.ჩუბინაშვილს ვიმოწმებ - ანტიკური მოტივების შემოღწევა (ჩვენ მათ ცალკეული ნანგრევებითა და ფრაგმენტებით ვიცნობთ) მხოლოდ საზოგადოების ზედა ფენის შენობებით იფარგლებოდა, მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ხალხური არქიტექტურის ტრადიციებს მისდევდა. საბოლოო დასკვნის გამოტანის საშუალებას მომავალი კვლევა-ძიება მოგვცემს.

უფლისციხე - ბერიძე ვ. // ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974.-გვ.83-84

მდებარეობს მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ გორის მახლობლად. შედგება კლდეში ნაკვეთი სხვადასხვა ზომისა და ხასიათის სადგომთაგან. ძეგლის დასათარიღებლად პირდაპირი რაიმე მითითება არ გაგვაჩნია. ნაკვეთი დარბაზების ნაწილი ძველი წელთაღრიცხვის ბოლო საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. ყველაზე თვალსაჩინო ადგილი უჭირავს დარბაზების კომპლექსს - შორიდან ჩანს ფრონტონისებრი მოხაზულობა ფართო თაღოვანი შესასვლელის თავზე. შიგნით კი ერთ-ერთი დარბაზის კამარა შემკულია რომაული ტიპის კესონებით. საყურადღებოა ერთ, ორ და რამდენიმე ოთახიანი კომპლექსები, რომლებიც დაახლოებით ერთი სქემით არის აგებული. ეზო, წინიდან ღია სადგომი პორტალივით, სიღრმეში კი ოთახები, დაჯგუფებული სიგრძივი (თუ ერთი ან ორი ოთახია) ან სიგრძივი და განივი ღერძების მიხედვით (თუ ოთახთა რაოდენობა მეტია). ეს კომპლექსები, თავისი სტრუქტურით, ვანის სამეფოში გავრცელებულ გამოქვაბულებს ენათესავება. უფლისციხეში არის ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისის დროინდელი და შუა საუკუნეებში გამოკვეთილი ოთახებიც. ზოგი სადგომის გადახურვის მორთულობა ქართული ხალხური არქიტექტურიდან ცნობილ კონსტრუქციებს უნდა ასახავდეს. ქართულ მატიანეებში უფლისციხე იხსენიება როგორც საქართველოს ერთი უძველესი გამაგრგებული ადგილთაგანი. IX ს-ში, როცა თბილისი ჯერ კიდევ არაბების ხელში იყო, უფლისციხე მნიშვნელოვან ქალაქად იქცა, XI ს-შიაც იგი თვალსაჩინო როლს თამაშობდა.