topmenu

 

მცხეთის აკლდამა, ბაგინეთი, არმაზისხევის აბანო - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება...<<ბიბლიოგრაფია...<<მცხეთა...<<<ციხე-ქალაქები და სხვა ნაგებობები>>>

http://novators.comoj.com/mcxeta%20mtianeti/mcxeta/armazcixe/armazcixe.html

ბაგინეთი, მცხეთის აკლდამა, ნეკროპოლის კომპლექსი // ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.13-14

ოცდაათიანი წლების დასასრულისა და ორმოციანი წლების დასაწყისის გათხრებმა ძველ დედაქალაქ მცხეთაში (გათხრები ომის შემდეგაც გაგრძელდა) ბრწყინვალედ დაადასტურა მოსაზრებებიც და ანტიკური დროის ავტორთა ცნობებიც: აქ აღმოჩენილი იქნა ანტიკური ხანის - ძველი წელთაღრიცხვის ბოლო საუკუნეთა და ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეთა უმნიშვნელოვანესი ძეგლები. უზარმაზარი აკროპოლისი, ქართლის (წინანდელი იბერიის) მმართველთა რეზიდენციის ნაშთი, სასახლის ნანგრევები, მცირე მავზოლეუმი და სხვ.. ამის შემდეგ მცხეთა, რომელიც მანამდე ყურადღებას იპყრობდა შუა საუკუნეთა დიდებული ტაძრებითა და ძველი სამარხებით, გადაიქცა საქართველოს ისტორიისა და ხელოვნების ნამდვილ ცოცხალ მუზეუმად, რომელშიაც შეგვიძლია თვალი გავადევნოთ განვითარების საფეხურებს მრავალი საუკუნის მანძილზე. მცხეთის დაწინაურებას ხელს უწყობდა მარჯვე ადგილმდებარეობა. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი სავაჭრო გზების ჯვარედინზე, მტკვრისა და არაგვის შეერთების ადგილას გაშენებული დედაქალაქი გადაჭიმული იყო მტკვრის ორსავ მხარეს, ძალიან რთულსა და მრავალფეროვან რელიეფზე. აკროპოლისი - არმაზციხე, რომელიც ახლა ბაგინეთის სახელითაა ცნობილი, მდებარეობდა მტკვრის მარჯვენა კლდოვან ნაპირზე, ქედის კალთებზე. იგი თავს დაჰყურებდა გარემოს, კონტროლს უწევდა დედაქალაქისკენ მიმავალ გზებს, თვითონ კი ძნელი მისადგომი იყო. აკროპოლისის კედლები აღმა-დაღმა მიჰყვება რელიეფს და ფარგლავს უწესო მოხაზულობის ნაკვეთს, რომლის ფართობი 30 ჰექტარამდეა. კედლები (2-4-6 მეტრის სისქისა) უსაძირკვლოდ იყო ნაშენი, პირდაპირ კლდეზე, და ოთხკუთხა კოშკებითა და კონტრფორსებით იყო აღჭურვილი. კედლების ქვემო ნაწილი მშვენივრად გათლილი ქვის კვადრებითაა ნაშენი - ამათი პირველი (ქვემო) რიგი კლდეში ამოკვეთილ ბუდეებშია ჩაწყობილი: წყობა მშრალია, ქვები ერთმანეთთან "მერცხლისკუდა" რკინის სამაგრებითაა დაკავშირებული. კედლის ეს ქვემო ნაწილი, მისი საფუძველი, დღეს მონუმენტური კიბის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ საფუძველს ემყარებოდა ალიზის კედელი, სიმაღლით 6 მეტრამდე, სიმტკიცისათვის მას დატანებული ჰქონდა მუხის განივი ძელაკები. შესასვლელები და სარკმლები ქვით იყო ამოყვანილი, კოშკებს კი, როგორც ჩანს, წითელი კრამიტის სახურავი ჰქონდა. ადგილის შერჩევის მხრივ, მშენებლობის ტექნიკის თვალსაზრისით, არმაზციხეს ბევრი რამა აქვს საერთო წინა აზიის, კერძოდ, ურარტუსა და აქემენელთა ირანის სათავდაცვო შენობებთან: მას ძველი წელთაღრიცხვის ბოლო საუკუნეებით ათარიღებენ. მცხეთაშივე, რკინიგზის სადგურის მახლობლად, სახლისთვის საძირკვლის გათხრისას, შემთხვევით წააწყდნენ აკლდამას, რომელიც ინვენტარის მიხედვით ჩვ. წელთაღრიცხვის I ს-ის დასასრულს მიაკუთვნეს. ეს მცირე აკლდამა (სწორკუთხედია, დაახლ. 2,35X1,75 მ.) დიდად საინტერესოა: იგი თლილი ქვითაა ნაშენი, ქვისავე ნახევარცილინდრული კამარითა და კრამიტის ორკალათიანი სახურავითაა გადახურული (ჯერ-ჯერობით, ეს უძველესია საქართველოში აღმოჩენილ ქვის კამარათა შორის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ადრევე შემუშავდა სამშენებლო ხელოვნების ტრადიციები, რომელნიც შემდეგ გაგრძელებას ჰპოვებენ შუა საუკუნეებში). ძველი დედაქალაქის დასავლეთ მხარეს, არმაზისხევში, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში არსებობდა ქართლის მმართველ პიტიახშთა სასახლისა და ნეკროპოლის კომპლექსი. ნეკროპოლში, როგორც ზემოთ გაკვრით აღვნიშნეთ, უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანი ინვენტარი აღმოჩნდა: ოქროსა და ვერცხლის ნივთები, რომელთა დამუშავება დიდ დახელოვნებას მოწმობს. ოქროს ნივთების ხასიათი (აჟურული სამკაულები, ძვირფასი თვლები, რომლებიც პოლიქრომულ ეფექტს ქმნის) ადგილობრივია, ძირეული; ვერცხლის ნივთების უმეტესობა კი (თასები-ფორტუნას, ადრიანე იმპერატორის და სხვ. გამოსახულებებით) რომაული ნახელავია, ან, თუ საქართველოშია შესრულებული, ძლიერ ელინიზებულია. ძალიან ცუდად შენახული საცხოვრებელი შენობების ფრაგმენტები - ბაზისი და კორინთული სვეტისთავი, კარნიზის ნატეხი (კბილანებიანი) - ანტიკურ ხუროთმოძღვრებასთან მეტ სიახლოვეს მოწმობს, ვიდრე ეს აკლდამაში შეინიშნებოდა. აქვე, სასახლის გვერდით მდებარე აბანოს მიწისქვეშა გათბობა ჰქონდა, რომაული ტიპის ჰიპოკაუსტებით (აბანომაც ნანგრევის სახით მოაღწია).

გადიდებისათვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

ფოტოს ავტორი სოფო პაქსაშვილი

მცხეთის აკლდამა - ვ. ბერიძე //ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., გამ. "ხელოვნება", 1974 წ., გვ. 85


მცხეთის აკლდამა (ჩვ. წელთაღრიცხვის I ს.)

შემთხეევით აღმოჩნდა და გაითხარა 1951 წელს. ასეთი ზომისა და ასე კარგად დაცული სხვა აკლდამა საქართველოში აღმოჩენილი არ არის. მდებარეობს დაახლოებით 300 მეტრზე რკინიგზის სადგურის აღმოსავლეთით, მთის ფერდზე. აკლდამა მთლიანად დგას კედელ-კამარიანად და სახურავიანად (აღმოჩენამდე ერთიანად მიწით იყო დაფარული), მაგრამ გაძარცვას მაინც ვერ გადარჩენია - ამას მოწმობს კამარაში გარღვეული ხვრელი. მიუხედავად ამისა, აკლდამაში ბევრი საინტერესო ნივთი აღმოჩნდა. ხის სარეცელის ან სარკოფაგის ნაშთი, ბრინჯაოს მცირე ქანდაკება შიშველი ჭაბუკის გამოსახულებით, კერამიკული ჭურჭელი, ვერცხლის ჭურჭლის ფრამენტები, სამკაულები, ვერცხლისა და ოქროს ფული. ინვენტარის მიხედვით მკვლევარნი ასკვნიან, რომ აქ მდიდარი მანდილოსანი უნდა ყოფილიყო დაკრძალული. სამარხი კამერის ზომაა 2,23-2,37 მ.X1,75-1,8 მ., მაქსიმალური სიმაღლე 1,9 მ.










1. გ. ლომთათიძე, ირ. ციციშვილი. ახლად აღმოჩენილი აკლდამა მცხეთაში: სსსრ მეცნ. აკად. მოამბე, ტ. XII, № 10, თბ., 1951, გვ.641 და შემდ.

2. ა. აფაქიძე. ქალაქები და საქალაქო ცხოვრება საქართველოში. თბ., 1963, გვ.105-108.

3. გ. ლომთათიძე. მცხეთის აკლდამა. ბუკლეტი.

ბაგინეთი - არმაზციხე - ვ. ბერიძე //ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., გამ. "ხელოვნება", 1974 წ., გვ. 84

ამჟამად ბაგინეთად წოდებულ ადგილას, მცხეთის მახლობლად, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, კლდოვანი ქედის კეხზე და ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე აღმოჩენილია გრანდიოზული აკროპოლისის ნაშთები. ახლა აღიარებულია, რომ ეს არის საქართველოს ძველი დედაქალაქის აკროპოლისი არმაზციხე. ბაგინეთი მკვლევართა ყურადღებას იპყრობდა უკვე გასული საუკუნის 80-იან წლებში, ხოლო სისტემურ არქეოლოგიურ გათხრებს აქ აწარმოებდა 1943-1948 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი. აღმოჩენილი იქნა ციტადელის კედლები, სამარხები, დარბაზის ნანგრევი. სიმაგრის კედლები იმ ადგილის რთულ რელიეფს მიჰყვება აღმა-დაღმა. სამშენებლო ხელოვნების თვალსაზრისით დამახასიათებელია, რომ მათი საძირკვლები თლილი ქვისაა, მათზე დამყარებული კედლები კი ალიზისა. საძირკვლის ქვები კლდეში ამოკვეთილ ფოსოებშია ჩასმული, ხოლო ერთმანეთთან საგანგებო სამაგრებითაა  დაკავშირებული. ალიზის წყობას გარდი-გარდმო დატანებული მუხის ძელები ამაგრებდა. კედლების კონტრფორსები და კოშკები, ოთხკუთხა მოხაზულობისა, კრამიტით უნდა ყოფილიყო გადახურული. არმაზციხის სხვადასხვა შენობებში, ქრონოლოგიური ფენების მიხედვით, კედლის წყობა ზოგან მშრალია, ზოგან თიხის ხსნარითაა. არმაზციხის შენობათაგან ერთი მნიშვნელოვანთაგანია ქვედა ტერასაზე აღმოჩენილი სვეტებიანი დარბაზი. ეს წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა, შესასვლელის მიმართ სიგანეზე გაშლილი, შიგნით კი ექვსი სვეტით ორ გრძელ ნაწილად გაყოფილი. მთავარ კედელს, რომელშიაც ერთადერთი შესასვლელია, ფასადის მხარეს, ორსავ ნაპირას ანტები აქვს (დარბაზის ზომებია 20,82X8,87 მ.) კედლების ქვემო ნაწილი (ზურგის მხარე 3,30 მ. სიმაღლეზე, სხვა კედლები 1,75 მ. სიმაღლეზე) თლილი ქვისაა, სქელი (1,45X1,70 მ), მშრალად ნაწყობი, ზემო ნაწილები ალიზისა ყოფილა. სვეტები ხისა იყო, ქვის ბაზისებითა და სვეტისთავებით, რომლებიც ძალიან მარტივადაა პროფილირებული. დარბაზის შიდა მორთულობის წარმოსადგენად ხელმოსაჭიდი მასალა არ არსებობს. ვარაუდობენ, რომ სახურავი ორფერდა იყო, კრამიტისა. დარბაზის წინ აღმოჩნდა მცირე კონსტრუქცია, რომელიც ცეცხლის დასანთებად იყო განკუთვნილი - ალბათ სამსხვერპლო, მუდმივი ცეცხლის ადგილი იყო. ამის გამო წარმოიშვა აზრი, შესაძლებელია ამ დარბაზს რაიმე საკულტო დანიშნულებაც ჰქონდაო. არმაზციხეში მიკვლეულია კომუნალური კეთილმოწყობის ნაშთებიც- წყალსადენი, აბანო და სხვ. არმაზციხეს ძველი წელთაღრიცხვის უკანასკნელ საუკუნეებსა და ჩვენი წელთაღრიცხვის მიჯნას მიაკუთვნებენ.

1. ა. აფაქიძე. ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში. I, თბ., 1963 წ.

ფოტოს წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/

არმაზისხევის აბანო - ვ.ბერიძე //ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ.,გამ. "ხელოვნება", 1974 წ., გვ.87

გადიდებისათვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

აბანოს ნანგრევი აღმოჩნდა და გაითხარა 1937-1938 წლებში. თავის დროზე აბანო, როგორც ჩანს, შედიოდა პიტიახშთა საცხოვრებელ ანსამბლში. ეს იყო ორიარუსიანი შენობა: ქვემო ნაწილი რიყის ქვისაა, ზემო - ნატეხი ქვისა, კირის ხსნარით. შედგებოდა გასახდელი ოთახისა, საცეცხლე განყოფილებისა, ცხელი, თბილი და ცივი აბანოებისაგან - ხუთივე სადგომი ერთი მეორის მიყოლებითაა, მიჯრით. კერამიკული მილების საშუალებით აბანო წყალს ღებულობდა არმაზისხევიდან, ასეთივე მილებით ნახმარი წყალი მტკვარში იღვრებოდა. ცხელი და თბილი აბანოს ქვეშ (ქვემო იარუსში) მოწყობილი იყო გათბობის სისტემა - კოლორიფერი, მრგვალი და კვადრატული აგურით ნაშენი სვეტებით ჰიპოკაუსტებით, რომლებიც საკმაოდ მჭიდროდ იყო განლაგებული: ყოველ სადგომში 45-მდე ჰიპოკაუსტი უნდა ყოფილიყო. ეს სადგომები, რომლებშიაც საცეცხლე განყოფილებიდან ცხელი ჰაერი შედიოდა, ზემოდან ჰერმეტულად იყო დახურული სვეტებზე დაყრდნობილი ფილებით. აბანოს ცალკეულ ნაწილებში შიდა კედლის ზედაპირები შელესილია ჰიდრავლიკური ცეცხლგამძლე ხსნარით (კირისა და დანაყილი აგურის ნაზავით). მსგავსი აბანოები ცნობილი იყო წინა აზიაში. ჰიპოკაუსტების სისტემა ფართოდ იყო გავრცელებული რომაულ აბანოთმშენებლობაში.

1. ა.აფაქიძე, გ.გობეჯიშვილი, ა.კალანდაძე, გ.ლომთათიზე. მცხეთა, არქეოლოგიური კვლევა -ძიების შედეგები, ტ. I, თბ., 1955, გვ. 147-160