topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ურბნისი - ვ. ბერიძე
There are no translations available.

< უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<<ეკლესია -მონასტრები>>>

ურბნისი - ბერიძე ვ. // ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ., 1974. - გვ.25;

ურბნისში (ქართლი, ქარელის რაიონი, მტკვრის მარცხენა ნაპირზე) სიგრძივი ღერძი, ე.ი. საკუთრივ ბაზილიკურობა უფრო მკვეთრადაა გამომჟღავნებული, ვიდრე ბოლნისში: ბოლნისში სიგანისა და სიგრძის შეფარდება (შიგნით) 1:1,8 არის, ურბნისში კი თითქმის 1:2,26. VI საუკუნის სხვა მნიშვნელობანი ბაზილიკებია წყაროსთავი ისტორიულ ჯავახეთში (თურქეთის ტერიტორიაზე იყო, მაგრამ უკვე აღარ არსებობს), ხაშმის სამება (V-VI სს მიჯნა) და ურიათუბანი (ორივე კახეთში).

ურბნისი - ბერიძე ვ. // ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974.გვ.91-93

ურბნისი (ქარელის რაიონში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე) საქართველოს ერთი უძველესი ქალაქთაგანია, რომელიც ხშირად იხსენიება მატიანეებში. საქართველოს სახ. მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გამოავლინა ნაქალაქარის ნაშთები - საფორტიფიკაციო და  სხვა საქალაქო ნაგებობანი. გალავნები, კოშკები, აბანო, არხები, საცხოვრებელ ნაგებობათა ნარჩენები და სხვ... ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ურბნისი ქალაქად იყო მურვან-ყრუს შემოსევამდე, ე.ი. VIII ს-მდე. ეს ვაკე ადგილია ერთი შემაღლებით, რომელსაც ხიზანაანთ გორას უწოდებენ. გათხრებმა ხიზანაანთ გორაზე გამოავლინა რამდენიმე ქრონოლოგიური ფენა - ადრებრინჯაოს ხანიდან ადრეულ ფეოდალურ ხანამდე. ადრეფეოდალური ხანის გალავანი, რომელსაც VI ს-ით ათარიღებენ, სიგრძით, 2 კმ-მდეა. გალავანი ალიზისა იყო, კოშკებით გამაგრებული (მდინარის მხარეს, სადაც ციცაბო 25 მეტრიანი ნაპირია, კოშკები არ იყო. ნამდვილად ეს კოშკები არც არის, რადგანაც მხოლოდ ერთი სართულისა და ბანისგან შედგება). კოშკები შიგნიდან კედლის ხაზში ზის, გარედან კი ნახევარწრიულ შვერილებს ქმნის (მათ შორის მანძილი საშუალოდ 65 მ. აღწევს). ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სამხრეთ - დასავლეთის კუთხის კოშკი, რომლის გეგმაშიაც ექვსი ოთახი გაირჩევა. მათი განლაგება გარკვევით გააზრებულია: შუა ღერძზე მცირე ტალანი და გრძელი დარბაზია, სხვა ოთახები - ორ-ორი მარჯვნივ და მარცხნივ - დაახლოებით სიმეტრიულადაა განთავსებული. ურბნისის მკვლევართ მიაჩნიათ, რომ ოთახების გადახურვა ბრტყელი უნდა ყოფილიყო: კოჭები, ხის ფენილი, თიხ. ბანს საბრძოლო ფუნქცია ჰქონდა. აქ კედელში ჩართული კიბით ადიოდნენ. კოშკის კედლებში სათვალთვალო სარკმლები იყო დატანებული. ქალაქის გალავნის ჭიშკრები აღარაა დარჩენილი და მათი ადგილი შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ. გალავანი და ქალაქი ხანძრისაგან დაიღუპა. ალბათ სწორედ მურვან ყრუს შემოსევის დროს. ამის შემდეგ გალავანი აღარ აღუდგენიათ, მაგრამ ქალაქის დასაცავად გაუკეთებიათ მიწაყრილი და თხრილი. აბანო ძლიერ დაზიანებულია, მაგრამ ჩანს, რომ აქაც ორი სართული იყო და ქვემო სართულში, თბილი და ცხელი აბანოების ქვეშ, კალორიფერი ჰქონდათ მოწყობილი. ქალაქის წყლით მომარაგებისათვის გაყვანილი იყო კერამიკული წყალსადენი. სასმელი წყაროებიდან მოედინებოდა, სარწყავი და სხვა სამეურნეო საჭიროებისათვის - ლიახვიდან.

ადრეული ფეოდალური ხანის ძეგლთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია VI ს-ის დიდი ბაზილიკა. სიგრძით იგი ბოლნისის სიონსაც სჭარბობს, სიგანით კი, სამხრეთისა და ჩრდილოეთის სტოების გარეშე, ორივე დაახლოებით ერთი ზომისაა. ბაზილიკა სამნავიანია, ჯვარისებრი გეგმის სვეტების ოთხი წყვილით. საკურთხეველი უკვე სამნაწილედია -აფსიდის გვერდით უაფსიდო სადიაკვნე და სამკვეთლოა. საკურთხევლის აფსიდი გარე კედლის სწორ ხაზს არ არღვევს, მაგრამ აქ ჯერ კიდევ არ არის ფასადის ნიშები, რომლებიც ჯვარისა და განსაკუთრებით წრომის ტაძრებში ყალიბდება. ურბნისის სიონი ბოლნისისას სიგრძით იმიტომ აღემატება, რომ აქ ბოძებს შორის მანძილი საგრძნობლად მეტია (ბოლნისში, როგორც ცნობილია, ბოძების ხუთი წყვილია და არა ოთხი). დასავლეთის კარი აქ თავიდანვე არსებობდა, რაც აგრეთვე უწყობდა ხელს ინტერიერში შესვლისას სიგრძივობის აღქმას. გათხრებმა აღმოაჩინა, რომ ეკლესიას სამ მხარეს - სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით - მთელ სიგრძეზე მინაშენები ჰქონია, მაგრამ მათი თავდაპირველი სახის დადგენა ვერ მოხერხდა. შენობა საუკუნეთა მანძილზე არა ერთხელ დაუზიანებიათ და აღუდგენიათ. კედლებზე შერჩენილი წარწერები საამისოდ საინტერესო ცნობებს შეიცავს. ერთ - ერთი მათგანი, რომელიც უფრო გვიან კარის ლუნეტში მოხვედრილა, მოგვითხრობს, რომ "ესე სიონი დაძველებულ უფროის ზომასა" აღუდგენია თეოდორე ეპისკოპოსს. წარწერას, პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, IX ს. დასასრულს ან X ს-ეს მიაკუთვნებენ. საქართველოს გაერთიანების ხანაში, დავით აღმაშენებლის დროს, ურბნისის საეპისკოპოსოს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს საქართველოს საეპისკოპო კათედრათა შორის (დავით აღმაშენებელმა 1103 წელს საეკლესიო კრება რუისსა და ურბნისში მოიწვია). მაგრამ XVI ს-ში, როგორც წერილობითი საბუთები (მაგ., სვიმონ I-ის 1566 წლის სიგელი მოწმობს, ურბნისი "მოშლილია ჟამთა ვითარებისაგან. 1668 წელს, ტაძრის წარწერისავე თანახმად, "ძირითურთ აღმოფხრული ტაძარი" აღუდგენია მარიამ დედოფალს. 1706 წ. ვახტანგ VI -მ ააშენა სამრეკლო და "გალავან-პალატი". 1739 წ. ურბნელი ნიკოლოზ ხერხეულიძე აშენებს კვლავ გალავანსა და კოშკებს. ამ შენობათაგან დღემდე მხოლოდ სამრეკლომ მოაღწია. თვით ეკლესიას დიდად ეტყობა შეკეთებათა კვალი. შეკეთებულ -აღდგენილი ნაწილები უმეტესად აგურისაა. ესაა კედლების ზემო ნაწილები და კამარები, პილასტრების ნაწილი და სხვ. რაც თავდაპირველია, მშვენივრად გათლილი და ნაწყობი კვადრებითაა ნაშენი. თაღებს ადრინდელი ხანისთვის დამახასიათებელი ნალისებრი მოხაზულობა აქვს. ფასადები, როგორც ჩანს, თავდაპირველად ასკეტურად მკაცრი ყოფილა, მორთულობის გარეშე. ახლანდელი ფასადები უმეტესად გვიანა აღდგენის ნაყოფია - ზედა ნაწილები სულ აგურისაა. ამჟამად ურბნისის ტაძარს გარედან მკაფიოდ გამოსახული ბაზილიკური პროფილი აქვს (შუა ნავი დიდად სჭარბობს სიმაღლით გვერდის ნავებს. გ.ჩუბინაშვილს მიაჩნდა, რომ თავდაპირველად, ბოლნისის მსგავსად, აქაც სამივე ნავი  საერთო ორფერდა სახურავით უნდა ყოფილიყო გადახურული).

ეკლესიის ზომები გარედან (მინაშენთა გარეშე), დაახლოებით 32X15 მ. სიმაღლე შიგნით - თითქმის 15 მ - მდეა.