There are no translations available.
<უკან დაბრუნება......<<<რატევანის ძეგლები // ბოლნისის რაიონის ძეგლები>>>
ლ.გვრიტიშვილი - რატევანი // ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XXXVI-B, გამ. „მეცნიერება“, თბილისი, 1982 წ., გვ.116 -121
(ქვემო ქართლის ნასოფლართა შესწავლისათვის)
რატევანი პირველად 1428 წლის საბუთშია მოხსენიებული, როგორც ყორანთის მოსაზღვრე სოფელი.(1. ს. კაკაბაძე, ისტორიული საბუთები, III, ტფ., 1913, გვ., 36-37: ჩვენ ვიზიარებთ საბუთის ჟორდანიასეულ თარიღს - 1428 წ. (იხ. თ.ჟორდანია, ქრონიკები, II, თბ., 1897, გვ.232). რეტროსპექტულად კი მის ისტორიას თამარ მეფის ეპოქამდე შეიძლება გავადევნოთ თვალი; 1468 წ. ბაგრატ და კონსტანტინე მეფეების მიერ ჯავახიშვილებისადმი მიცემული სიგელიდან ჩანს, რომ ეს სოფელი მათთვის თამარ მეფეს უბოძებია. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჯავახიშვილების წინაპრებს რატევნისა და ქვეშის შესახებ „სხვათა ჩვენთა გვართა და ჩამომავალთაგან მიცემული "ბევრნი სიგელნი" ჰქონიათ, რაც მოწმობს მათი წინაპრების მიერ ამ მამულების ხანგრძლივი დროით ფლობას (2. ქართული სამართლის ძეგლები, II, ი.დოლიძის გამოცემა, თბ., 1965, გვ.137). რატევანი ქვეშთან ერთად ჯავახიშვილების მკვიდრი მამული უნდა ყოფილიყო XII ს. დასასრულიდან თუ XIII ს. დასაწყისიდან მაინც. ჯავახიშვილების წინაპრები თორელები, მაშავრის აუზში მართლაც რომ ფლობდნენ ამ პერიოდში მკვიდრ მამულებს, ამას ჰამამლუს წარწერაც მოწმობს. ჰამამლუს ეკლესიის სამშენებლო წარწერაში მოხსენიებული სამძივრები, ლ. მუსხელიშვილის დასაბუთებით, თორელები იყვნენ. ტაძარს ისინი აშენებდნენ 1190-91 წწ. ახლო ხანებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თორელებს XII ს. ჯავახეთზე უშუალოდ მიკრული მაშავრის სათავეებიც სჭერიათ, სადაც ჰამამლუ მდებარეობს (3. ლ.მუსხელიშვილი, არქეოლოგიური ექსკურსიები, თბ., 1941, გვ.56 – 74). ზემოგამოთქმულ მოსაზრებას ადასტურებს, აგრეთვე, თორელების ფეოდალურ სახლში ქვეშელთა განშტოების წარმოქმნაც. ეს გვარი, პირველად XIV ს. დასაწყისშია დამოწმებული, კერძოდ 1308 წ. ღრტილას ეკლესიის სამშენებლო წარწერაში, სადაც ლიპარიტ ქვეშელია მოხსენიებული. როგორც ვ.ცისკარიშვილმა დაასაბუთა, ლიპარიტ ქვეშელი თორელთა სახლს ეკუთვნოდა (4. ცისკარიშვილი, ჯავახეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო, თბ. 1959, გვ.95-96) ლიპარიტის სამკვიდრო მამული კი, ცხადია, ქვეში და მისი მიმდებარე ტერიტორიები უნდა ყოფილიყო, რადგან საგვარეულო სახელი იწარმოებოდა სამამულე და არა სახელო ქვეყნიდან (5. ნ. შოშიაშვილი. თორელთა ფეოდალური სახლის ისტორია და შოთა რუსთაველი, კრებული შოთა რუსთაველი. თბ., 1966, გვ.50). თორელების სახლს რატევანი ქვეშთან ერთად დროებით დაუკარგავს. მათ შთამომავალ ჯავახიშვილებს თავიდან მოუხდათ მამა-პაპეული მამულის შესყიდვა: "ახლადვე დიდი ფასი და საქონელი გამოიღეს და მათივე მკვიდრი მამული, მათივე ალალითა საქონლითა მათვე მივჰყიდეთ და დაუმტკიცეთ სომხითს ქვეში, ციხითა, ბაჟითა და მისითა მიდგომითა, და სოფელი რატევანი, მისითა სამართლიანითა და შესავალ-გასავალითა ყოვლითურთ უნაკლულოდ“ (6. კაკაბაძე, ისტორიული საბუთები, III, გვ. 36-37) - ვკითხულობთ ზემოხსენებულ საბუთში. ძნელია იმის თქმა, როდის დაკარგეს თორელებმა ეს მხარე. სავარაუდებელია, რომ ეს უნდა მომხდარაყო სადღაც XIV ს. ბოლოს, რადგან როგორც ზემოთ დავინახეთ, 1308 წ. ამ მხარეს ჯერ კიდევ თორელები ფლობდნენ, 1468 წ. კი ჯავახიშვილებს რატევნისა და ქვეშის ხელახლა შესყიდვა უხდებათ. მაგრამ ამის შემდეგაც დიდხანს ვერ შეინარჩუნეს მათ ეს მამულები. XV ს.-ში მაშავრის აუზში იწყება მეორე ძლიერი ფეოდალური გვარის - ქაჩიბიძე-ბარათაშვილების შემოჭრა. გ.ჯამბურია ვარაუდობს, რომ ქვეშის ციხის ბარათაშვილთა მფლობელობაში გადასვლა 1468 წლისათვის უკვე მომხდარი ფაქტია. ცხადია, ამ დროსვე უნდა დაპატრონებოდბენ ისინი რატევანსაც. აქედან მოკიდებული რატევნის მფლობელებად მხოლოდ ბარათაშვილები არიან. 1537 წელს იოთამ და ორბელ ბარათაშვილები გაყრილან, რასაც ლუარსაბ პირველის განჩინება მოჰყოლია. განჩინების ძალით, "იოთამს ერგო "რატევანი მისის მთითა და ველითა და ყოვლითა შესავლითა" და 11 კომლი ყმა გლეხით (8. ქართული სამართლის ძეგლები, ი.დოლიძის გამოცემა. თბ., 1967, გვ.14.). განჩინების მიხედვით, არ ჩანს რატევანი მთლიანად გახდა იოთამის სამფლობელო თუ იგი სოფლის მხოლოდ ნახევარს დაეპატრონა. როგორც იას. ლორთქიფანიძე ვარაუდობს, რატევნის მეორე ნახევარი იგივე რაოდენობის ყმა-მამულით ორბელს უნდა მიეღო წილში (9. იას. ლორთქიფანიძე, ქვემო ქართლი, ნაწ.III და IV, ტფ., 1938, გვ. 418). ამ მოსაზრებას მხარს უჭერს 1656 წლის სიგელი, რომელსაც მეფე აძლევს ბარათაშვილ იოთამსა და მის შვილებს და უახლებს მხოლოდ რატევნის ნახევრის მფლობელობას (10. სცსა. ფ.1450, № 38-42). ასევე, 1689 წელს ნაზარალიხანი წყალობის სიგელს აძლევს იოთამაშვილებს სოფ.რატევნის ნახევრის შესახებ: „მოკითხული ვქენით და ძველი სიგელები გაგისინჯეთ და თქვენი სამკვიდრო და სასაფლაო ყოფილიყო, თქვენის განაყოფის ორბელისაგან წილში გამოგყოლოდათ... აწე გაგსინჯეთ და.. ისევ გიბოძეო მაშავრის პირს რატევანის ნახევარი" (11. სცსა, ფ. 1450, №38-53.). ამრიგად, 1537 წლის ლუარსაბ პირველის განჩინების ძალით რატევანი ორად უნდა გაყოფილიყო იოთამსა და ორბელ ბარათაშვილებს შორის. ამ დროიდან მოკიდებული რატევანს მათი შთამომავლები ფლობენ. გარკვეულ ხანს იოთამაშვილებს თავიანთი წილი რატევანი დაუკარგავთ. ეს ამბავი 1656-1689 წლებს შორის უნდა მომხდარიყო, "მეფეს გაუსინჯავათ გამოერთმია "- ვკითხულობთ ნაზარალი-ხანის 1689 წლის სიგელში. ძნელია იმის გარკვევა, რა საფუძველზე ან რომელ მეფეს უნდა დაესაჯა იოთამაშვილები. 1689 წ. ისინი კვლავ იბრუნებენ რატევნის ნახევარს, "ყოვლის კაცის მოუდევრად და მოუსარჩლელად მთითა, ბარითა, ტყითა, მინდვრითა, ჭალითა, წყლითა, წისქვილითა, შესავლითა და გამოსავლითა, საძებრითა და უძებრითა, ნასყიდითა და უსყიდითა, ყოვლის მისის სამართლიანის მზღურითა" (12.სცსა, ფ.1450, №38-53). 1706 წ. იგივე ოთარ და ორბელ იოთამაშვილები ვახტანგ VI -ის წყალობის სიგელით იერთებენ მათი ბიძაშვილის, ლუარსაბის წილ ზვარს რატევანში (13. დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, ნ.ბერძენიშვილის რედაქციით წ.I, თბ., 1940, გვ.130). 1721 წლის აღწერით რატევანში ითვლებოდა ექვსი მებატონე (ქავთარაშვილი მანუჩარ, ქავთარაშვილი სულხან, ქავთარაშვილი გიორგი, ქავთარაშვილი იონათამ, იოთამაშვილი ორბელ და გივი, შერმანდინაშვილი ბეჟან)(14. იას.ლორთქიფანიძე, ქვემო ქართლი, ნაწ. III და IV, გვ.50). XVIII საუკუნის 40-იან წლებში, ისევე როგორც დმანისის ხეობის სხვა სოფლები, რატევანიც იცლება მოსახლეობისაგან. მოსახლეთა ნაწილი ფიზიკურად განადგურდა, ნაწილი კი აიყარა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეს შეაფარა თავი. ამ მხრივ ნიშანდობლივია ნათლისმცემლის მონასტრის ერთ-ერთი საბუთი. ქავთარისშვილი ედიშერი და მისი ძმა იესე ნასყიდობის წიგნს აძლევენ ნათლისმცემლის მონასტერს: "ხარიტონ წინამძღვრის დროს ჩვენი ყმა რატევნელი შავდე (?) მატურაშვილი პაპა, სვიმონა და გოგია ხაშმზედ მოსულიყო და თქვენად ყმად ყოფილიყო, ახლა მოვინდომე ასაყრელად და თქვენ გვთხოეთ, რადგან თქვენ მოინდომეთ ვეღარც ჩუენ უარი მოგახსენეთ და წმინდას ნათლისმცემელს შემოგწირეთ" (15. კაკაბაძე, ისტ. საბ. V, გვ. 64). ისტორიკოსი პაპუნა ორბელიანი გადმოგვცემს, რომ ლეკთა და ჟიზილბაშთაგან თავის დასაცავად და დარჩენილი მოსახელობის გადასარჩენად 1750 წელს ,,უბოძა მეფემან ცხებულმან თეიმურაზ დიმიტრი ეშიკაღასბაშს ორბელიანსა და წარავლინა აღშენებად ციხეთა და სიმაგრეთა ქვეყანასა სომხითისა და საბარათაშვილოსათა: ისმინა ბრძანება და აღაშენა მთლად ციხე შულავრისა, ციხე მარნეულისა და ციხე რატევნისა, დააყენა მეთოფენი მცველად ციხისა და დაასახლნა გლეხნი, რაოდენი დაიტევდნენ ციხენი ესენი" (16. საქართველოს ცხოვრება პაპუნა ორბელიანისა, ქართლის ცხოვრება, წ. II , და ჩუბინოვის გამოც. 1854, გვ.429). 1774 წელს იესე ბარათაშვილი ნიკოლოზ ქავთარისშვილისაგან გირაოდ იღებს მამულს რატევანში. იმ დროს ეს მამული უკვე ოცი წლის „ხარაბა" ყოფილა (17. იესე ბარათაშვილის ცხოვრება-ანდერძი, ავთ. იოსელიანის გამოცემა, მასალები საქ. და კავკ. ისტორიისათვის, 1950, ნაკვ. 28. გვ. 63). ამის შემდგომ რატევნის შესახებ ცნობები აღარ მოგვეპოვება. მღვდელი სტ. ბაიდოშვილი გულისტკივილით წერდა გაზეთ ,,ივერიაში", რომ XIX ს. ბოლოს რატევანში მცხოვრებ სომხურ მოსახლეობას რატევნის ქართული ეკლესია გრიგორიანულად გადაუკეთებია (18. მღვდ. სტ. ბაიდოშვილი, ბორჩალო. ივერია, 1902, № 156). ამ ეკლესიის აგების დროის შესახებ რაიმე წერილობითი ცნობა არ არის. ნაზარალიხანის 1689 წ. სიგელის მიხედვით ვიცით მხოლოდ, რომ რატევანი იყო იოთამაშვილების „სამკვდრო და სასაფლაო“, რაც გულისხმობს აქ ეკლესიის არსებობას (19. სცსა, ფ. 1450, № 38-53). მაგრამ 1537 წლის გაყრის წიგნის მიხედვით კი ჩანს, რომ იოთამ ბარათაშვილს სასაფლაოდ ჰქონდა დმანისის ღვთისმშობლის ეკლესია: „მხუდა იოთამს დამნისის ციხეში სასაფლაოდ დმანისთა მღვთისმშობლის ნახევარი და კარისბრჭე", ,,მხუდა იოთამს გუდარეხს გუდარეხის (მონასტრის) ნახევარი და საუხუცესო" (20. ქართული სამართლის ძეგლები. IV, გვ.14). როგორც ვხედავთ, XVI საუკუნეში იოთამაშვილების საგვარეულო სასაფლაო რატევანში არ ყოფილა; შესაძლებელია, მათი სათავადო სახლის დაქუცმაცების შემდეგ იოთამაშვილთა რომელიმე ოჯახმა რატევნის ეკლესია თავის სასაფლაოდ აქცია და სწორედ ესაა ასახული ნაზარალი -ხანის 1689 წლის სიგელში. რატევანი XVI საუკუნიდან XVIII საუკუნის 20-იან წლებამდე საკმაოდ დიდი სოფელი ჩანს. 1536 წლის გაყრის წიგნით იოთამმა მიიღო 11 კომლი გლეხი მასში. იას. ლორთქიფანიძის აზრით, ორბელსაც იგივე თანაფარდობის ყმამამული უნდა რგებოდა წილში (21. იას. ლორთქიფანიძე, ქვემო ქართლი, ნაწ.III და IV. გვ.418) ე.ი. რატევანში 22 კომლი ყმა-გლეხი ყოფილა. დაახლოებით ამდენივე კომლი ჩანს ამ სოფელში 1721 წლის აღწერის მონაცემებითაც: 18 გამომღები და 7 ბოგანო ყმა, სულ - 25 კომლი (22. იქვე, გვ.50.). სახნავ - სათესი ნაკვეთები და ბაღ - ვენახები რატევნელებს მდ. მაშავრის პირას - "რატევნის ჭალაში" ჰქონდათ. მდინარის სიახლოვე მორწყვის საშუალებას იძლეოდა და ინტენსიური მეურნეობის წარმოებისათვის ხელსაყრელ პირობებს ჰქმნიდა. მეურნეობის ერთ-ერთ მთავარ დარგს მევენახეობა წარმოადგენდა: 1706 წლის საბუთიდან ჩანს, რომ აქ იყიდებოდა ზვარი (22. იქვე, გვ.50.). იესე ბარათაშვილმა, როგორც აღვნიშნეთ, ოცი წლის "ხარაბა" მამული შეიძინა რატევანში იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში იგი გადახდილ საფასურსაც აინაზღაურებდა და სარგებელსაც მიიღებდა: "სუფრის იარაღი განვიძარცვე, ვალად თეთრი ავიღე, სარგებელი უნდა ვაძლიო და ოცი წლის ხარაბა მამული დავიგირავე. ეგების ქვეყანა აშენდეს, ჩემს შვილისშვილებს მრავალი ღვინო ექნებათ და შენდობას მითხრობენ“ (24. იესე ბარათაშვილის ცხოვრება-ანდერძი, გვ.63). თანამედროვე სოფ. რატევანი განლაგებულია დაბა ბოლნისის დასავლეთით, სამანქანო ტრასის გასწვრივ, მის ორივე მხარეს. გვიანდელი შუა საუკუნეების სოფელს დღევანდელი რატევნის ჩრდილო ნაწილი ეკავა ე.წ. "საკმის წყაროს ხევის" ორივე მხარე. ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის ამ ნაწილს ,,ძველ რატევანს" უწოდებს, განსხვავებით ახალი რატევნისაგან, რომელიც სამანქანო გზის გასწვრივაა გაშენებული. ძველი რატევნის ტერიტორიაზე შემორჩენილია ორი ეკლესია. ერთი მათგანი ღვთისმშობლის სახელობისა - ფერადი კლდის ქვით ნაგები დარბაზული ტიპის, მცირე ზომის საკმაოდ უსახო ეკლესია - მდებარეობს სოფლის თანამედროვე სასაფლაოზე, ხევის მარცხენა (აღმოსავლეთ) ნაპირას. წმ. გიორგის სახელობის მეორე ეკლესია, რომელიც მდებარეობს ხევის მარჯვენა პირზე, ე.წ. „კვირაცხოვლის ფერდის" ბოლოში შემაღლებულ ბორცვზე, უკეთაა დაცული. დარბაზული ტიპის ეკლესია თლილი რუხი ფერის ქვითაა ნაგები. ერთადერთი შესასვლელი კარი სამხრეთიდანაა. ეკლესია საკმაოდ კაპიტალური ნაგებობაა" ნახევარწრიული აფსიდით. მისი გადახურვის ცილინდრული კამარის ორი საყრდენი თაღი კონსოლებზეა დაფუძნებული. აღმოსავლეთ ფასადზე ვიწრო სარკმლის თავზე შერჩენილია ორნამენტული დეკორის ერთადერთი ელემენტი გეომეტრიული მრავალქიმიანი ვარსკვლავით შევსებული ვარდული. ეკლესიას თავდაპირველად უნდა ჰქონოდა სამხრეთის პორტალი და ჩრდილოეთის მინაშენი, რომელსაც, შესაძლებელია, ეკვდერის დანიშნულებაც ჰქონოდა. აღნიშნული მინაშენები ეკლესიასთან ერთად როგორც ჩანს, დაზიანებულა და მინაშენები ამჟამად აგურის ნაგებობებითაა შეცვლილი. აგურითვეა ამოყვანილი ალაგ-ალაგ ეკლესიის კუთხეები და ფრონტონის ნაწილიც. ჩრდილოეთი მინაშენის ჩრდილო კედელში სარკმლის ქვემოთ წყობაში ჩატანებულია ადრე შუა საუკუნეების სტელის კუბური ფორმის ტუფის ბაზა (ზომები 0,88 X 0,88 X 0,67 მ), რომლის ერთი წახნაგი ბოლნურჯვრიანი მედალიონითაა შემკული. ვფიქრობთ, რომ ეს სწორედ ის ეკლესიაა, რომელიც XVII ს-ში იოთამაშვილების ერთ - ერთი შტოს სასაფლაო ყოფილა. ეკლესიის გარშემო, ისევე როგორც ხევგაღმა, სასაფლაოს ჩრდილოეთით, აშკარად შეიმჩნევა ნასახლართა კვალი. ციხე, რომელიც მოხსენიებული აქვს ისტორიკოს პაპუნა ორბელიანს, სადღაც აქვე წმ.გიორგის ეკლესიასთან უნდა ყოფილიყო. აქ ციხისათვის ადგილიც შესაფერისია, თუმცა რაიმე გარკვეული მატერიალური ნაშთი ციხისა (გარდა. გალავნის უმნიშვნელო კვალისა, ეკლესიის ჩრდილოეთით) არც აქ და არც არსად სოფლის ტერიტორიაზე არ შეინიშნება. ციხე უთუოდ ე.წ. გალავნის ტიპისა იქნებოდა, ისეთი, როგორსაც მასობრივად აგებდნენ XVI-XVIII სს საქართველოში, შიშიანობის დროს მოსახლეობის შესაფარებლად. საკმის წყაროს ხევში, ნასოფლარის ჩრდილოეთით თანამედროვე წყალსადენის აუზის ზემოთ თლილი ქვით ნაგები ქვისავე როფიანი წყაროა, რომლითაც სოფელი ბოლო დრომდე სარგებლობდა. მის ჩრდილო-აღმოსავლეთით ძველი წყაროს ნაშთიც შეიმჩნევა. წყალი მოყვანილია ქვითკირში ჩასმული თიხის მილებით და წყალსადენის ტრასაზე ქვის რამდენიმე თანგირიც შეიმჩნევა. ბოლნის - დმანისის სამანქანო გზის ქვედა მხარეს, მაშავრის პირას, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც გვიანი შუა საუკუნეების საბუთების მიხედვით "რატევნის ჭალა" ეწოდებოდა, შემორჩენილია საკმაოდ დიდი ზომის ეკლესიის ნაშთი - აღმოსავლეთის კედლის ნაწილი მთავარი ნავის ნახევარწრიული აფსიდითა და სამხრეთ სტოას ასეთივე აფსიდით. თლილი ქვის პერანგი თითქმის მთლიანად შემოფცქვნილია, მოპირკეთება მხოლოდ შიგნით, აფსიდაშია შემორჩენილი. მოსაპირკეთებელი ქვის საგულდაგულოდ თლა და წყობის ჰორიზონტული რიგების თანაბარზომიერება შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო პერიოდზე უნდა მიუთითებდეს. ამ ეკლესიის ნანგრევების ჩრდილო დასავლეთით, რატევნის მეურნეობის კანტორის მშენებლობისას 1980 წ. გაზაფხულზე დაუზიანებიათ ძველი მარანი. ქვევრები უპოვნიათ ეკლესიის აღმოსავლეთითაც, სოფლის სკოლის ეზოში. უნდა ვიფიქროთ, რომ ადრე სოფელი სწორედ აქ მდებარეობდა. გვიან შუა საუკუნეებში კი მოსახლეობა ზევით გადასახლებულა.
|