topmenu

 

კარსანი

<უკან დაბრუნება...<<<მცხეთის რაიონის ისტორიული ძეგლები>>>

კარსანი - სოფელი მცხეთის რაიონში, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. კარსანი მდებარეობს ზღვის დონიდან 700 მ და მცხეთიდან 8 კმ-ში, თბილისი-მცხეთის საავტომობილო გზაზე არსებულ ხეობაში - კარსნისხევში. ხეობა დაახლოებით შვიდ კილომეტრის სიღრმისაა, მაგრამ გამოირჩევა თავისებური მიკროკლიმატით, ვინაიდან  დონეთა სხვაობა ხეობის თავსა და ბოლოს შორის 500 მეტრს აღემატება. ხეობაში წარმტაცი ბუნებაა და განსაკუთრებული ჰავაა. კარსნის სიახლოვესაა დაკრძალული ქართველთა ეთნარქი - ქართლოსი, რის გამოც ეს მთა მთავარ სიწმინდედ იყო აღიარებული უძველესი დროიდან. კარსანის ხეობა ნახსენებია ქართულ წყაროებში: მას უკავშირდება მცხეთელი ებრაელების ლეგენდა: იბერიის მეფეებს სწორედ კარსნისხევი მიუციათ სამოსახლოდ ნაბუქოდონოსორისგან დევნილი ებრაელებისათვის, ხოლო თავად სიტყვა "კარსანი" პირველად "მოქცევა ქართლისაში", ქრისტეს კვართის საქართველოში შემობრძანების მონათხრობში გვხვდება. ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზი, რომელთაც ჩამოიტანეს ქრისტეს კვართი იერუსალიმიდან, კარსანიდან ყოფილან. "ესმათ სიტყვა და წავიდნენ: ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. როცა ისინი მივიდნენ, შეესწრნენ უფლის ვნებას დიდ პარასკევ დღეს და მოიტანეს მათ უფლის კვართი მცხეთას". "ელიოზ მცხეთელი და მისი ამხანაგი ლონგინოზ კარსნელი წავიდნენ იერუსალიმს და იხილეს ჯვარცმული ქრისტე" (აბიათარ მღვდელი). ივ.ჯავახიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კვართის­ მცხეთაში მომტანი ელიოზი და ლონგინოზ კარსნელები არიან.

კარსანში მდებარეობს სამი ეკლესია და არქეოლოგიური ობიექტები:

  • ღვთისმშობლის ეკლესია
  • წმ.გიორგის ეკლესიის ნანგრევები, ნიშა
  • წმ.ნინოს ეკლესია

კარსანის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კარსანში, დგას მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ყოფილი მაგნიტური ობსერვატორიის მთავარი შენობის სამხრეთ აღმოსავლეთით 200 მეტრზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX-X საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (9,55X6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთის კედლის წყობაში ე.წ. მერცხლის კუდით გადაბმული კვადრებიცაა გამოყენებული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. იატაკის დონიდან ერთი საფეხურით ამაღლებული საკურთხევლის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი დიდი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო მაღალი ნახევარწრიული ნიშია. საკურთხევლის წინ საკურთხევლისწინა ჯვრის რუხი ქვის ცხრაწახნაგა პოსტამენტი დგას.

კარსნის ღვთისმშობლის ეკლესია//ბარისაშვილი გ. მცხეთის შემოგარენის ტაძრები. - თბ., 2013. - გვ.28-29.

კარსნის ღვთისმშობლის ტაძარი დგას მტკვრის მარჯვენა მხარეს, კარსნისხევის მარცხენა ნაპირზე, სოფელ კარსნის ტერიტორიაზე, ყოფილი მაგნეტური ობსერვატორიის მთავარი შენობის სამხრეთ-აღმოსვლეთით, 200 მეტრში. სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX − X საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (9,5x6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთ კედლის წყობაში ე.წ. „მერცხლის კუდით“ გადაბმული კვადრებიცაა გამოყენებული. სავარაუდოა, რომ აღნიშნული კვადრები სხვა, გაცილებით ძველი შენობიდან იყოს მოტანილი. ტაძრის საკურთხევლის წინ საკურთხევლისწინა ჯვრის რუხი ქვის ცხრაწახნაგა პოსტამენტი დგას. ეს პოსტამენტი ტაძრის განახლების შემდეგაც იმავე ადგილასაა დატოვებული. ეკლესიის აღდგენა 2012 წელს დაიწყო, რასაც წინ უძღოდა მისი ძირეული შესწავლა. მანამდე კი შენობა ძლიერ იყო დაზიანებული. შემორჩენილი იყო მხოლოდ აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლის ნაწილები. აღსანიშნავია, რომ აღდგენითი სამუშაოების დროს საშენ მასალად გამოყენებულია მხოლოდ კირის დუღაბი. ეკლესიასთან მისასვლელი კარსნისხევიდანაა. აქ შესაძლებელია, როგორც მანქანით (თბილისი − მცხეთის მთავარი ტრასიდან 4 კმ), ისე საცალფეხო ბილიკით მისვლა. ბილიკი ჩამოუყვება უშუალოდ კარსნისხევს და მისი სიგრძე დაახლოებით 2 კმ-ია.

კარსანის წმინდა ნინოს ეკლესია - ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კარსანში. დგას მთა ქართლის განაპირას, ჩრდილოეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესიას პირვანდელი სახე შეცვლილი აქვს. ეკლესია დარბაზულია (7,75X7,45 მ). ნაგებია დიდი ზომის ქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდი ნახევარელიეფური ფორმისაა. აფსიდში სამი ნიშია, ერთი - ჩრდილოეთით, ორი - სამხრეთით. აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია (გადაკეთებულია), ხოლო სამხრეთისაში - ორი. დარბაზი კამარითაა გადახურული. ეკლესიის კედლები შიგნიდან შელესილია (შელესილობა გვიანდელია). ეკლესიის ცოკოლი ნაგებია ნატეხი ქვით, ლავგარდანი - სწორკუთხა ფილებით.

კარსნის წმინდა ნინოს ეკლესია//ბარისაშვილი გ. მცხეთის შემოგარენის ტაძრები. - თბ., 2013. - გვ.30.

ეკლესია მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, მთაქართლის განაპირას, ჩრდილოეთით. თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით. ტაძარს პირვანდელი სახე შეცვლილი აქვს. ეკლესია დარბაზულია (7,7x7,4 მ.) ნაგებია დიდი ზომის ქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. დარბაზი კამარითაა გადახურული. ეკლესიის კედლები შიგნიდან შელესილია. შელესილობა გვიანდელია. ეკლესიას 2000 - იან წლებში ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები და მთლიანად აღდგა. ამჟამად ტაძრის სიახლოვეს მისვლა სოფელ კარსნის გავლით მანქანითაცაა შესაძლებელი. ტაძრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ციცაბო ბილიკით შესაძლებელია არმაზისხევში მოხვედრა. უშუალოდ წმ. ნინოს ტაძრის სიახლოვეს 1961− 62 წლებში ნ.ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა აქეოლოგიური გათხრები. არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგად აღმოჩენილია მოზრდილი გალავანი კოშკებით, საცხოვრებელი ნაგებობანი და სხვ. გალავნის ჩრდილოეთით გამოვლინდა ორი მარანი, ერთში 14, ხოლო მეორეში 4 საშუალო სიდიდის ქვევრი აღმოჩნდა. გათხრებით გამოვლინდა დიდძალი სხვადასხვა ფორმის, სიდიდის და დანიშნულების კერამიკა და ასევე ქვევრსამარხი.

წმ.გიორგის ეკლესიის ნანგრევები

კარსნის წმინდა გიორგის ეკლესია // ბარისაშვილი გ. მცხეთის შემოგარენის ტაძრები. - თბ., 2013. - გვ.28.

ამ ეკლესიაზე წირი ცნობები მოგვეპოვება. კარსნის წმინდა გიორგის ეკლესია თითქმის მთლიანადაა დანგრეული. შემორჩენილია საკურთხევლისა და ჩრდილოეთი კედლის მცირე ნაშთები, რომელიც ე.წ. „ქართული აგურითაა“ ნაშენი. ასევე კარგად მოჩანს საძირკვლის კონტურებიც. ტაძარი ტყეში, კარსნისხევის მარჯვენა ნაპირზე, სოფლის სასაფლაოსთან ახლოსაა. მისასვლელი გზა დაზიანებულია, თუმცა მანქანით ტაძართან ახლოსაა შესაძლებელი მისვლა. ნანგრევები კარსნის დასახლებიდან სამხრეთ–აღმოსავლეთით, დაახლოებით 300 მეტრში მდებარეობს.

კარსანის არქეოლოგიური ობიექტები: კარსანის მიდამოებში - კარნისხევში მდებარეობს არქეოლოგიური ძეგლები: მეთუნეთა ნამოსახლარი, ტერასული ნამოსახლარი, სახელოსნო უბანი, სამაროვანი, საწნახელი და მარანი, მინის სახელოსნო. მცირე მასშტაბის გათხრები ჩატარდა 1925 წელს (გიორგი ნიორაძე). 1975 წლიდან მიმდინარეობს სტაციონარული გათხრები (ანდრია აფაქიძე, ვ.ნიკოლაიშვილი). კარსნისხევი დასახლებული იყო უძველესი ხანიდან. ნაპოვნია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამარხები. კარსნისხევის მარჯვენა ნაპირას აღმოჩნდა ძვ.წ. I საუკუნის - ახ.წ. I საუკუნის კომპლექსური ძეგლი: ხელოსანთა დასახლება, საწარმოო უბანი და სამაროვანი. ნამოსახლარზე გამოვლინდა 3 სამშენებლო ჰორიზონტი. ქვეტეხილითა და ტალახით ნაგები გეგმით მოგრძო, ოთხკუთხა შენობები გადახურული ყოფილა ანტიკური ხანის მცხეთური ბრტყელი და ღარიანი კრამიტით. თიხატკეპნილი იატაკის ცენტრალურ ნაწილში ქვითა და თიხით ნაგები კერები იყო. დიდი რაოდენობითაა მოპოვებული, უმთავრესად, მოწითალოდ გამომწვარი, თხელკეციანი საოჯახო კერამიკული ნაწარმი, ლითონისა და თიხის ქანდაკებანი, ნამოსახლარის აღმოსავლეთით, დაახლოებით 60 მ-ზე, აღმოჩნდა საწარმოო უბანბი. გამოვლინდა თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი ალიზის ორსართულიანი ქურები და მასთან დაკავშირებულ ნაგებობათა ნაშთები. ნამოსახლარის მახლობლად გამოვლინდა I-III საუკუნეების სამაროვანი. ძირითადად გაითხარა კრამიტსამარხები, აგრეთვე ორმოსამარხები (მ.შ. ხის ძელებით გადახურულიც). კრამიტისამარხები ბრტყელი და ღარიანი კრამიტითაა ნაგები. გადახურვა ორფერდაა. ზოგს იატაკიც კრამიტისა ჰქონდა. სამარხებში აღმოჩნდა ჭურჭელი, სამკაული, რომაული და პართული მონეტები და სხვა. 1925 წელს კარსნისხევის ბოლოში გათხარეს IV-V საუკუნეების სამაროვანი. ქვიშაქვის დიდი ქვებით ნაგები ქვაყუთები ბანურად იყო გადახურული. სამარხებში აღმოჩნდა სამკაული და ჩაცმულობასთან დაკავშირებული ნივთები. კარნისხევის სათავესთან მიწის ხედაპირზე შეინიშნება შუა ფეოდალური ხანის ნასოფლარი და პატარა ეკლესიები. იქვე, ხეობის მარჯვენა ნაპირას, დადასტურდა მინის საწარმოს ნაშთები.

გამოყენებული წყაროები:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98

2. ლემლეინი გ., მინის საბერი წარმოების ნაშთები კარსანში, მცხეთის მახლობლად, «საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე», 1945, ტ.6, №9;

3. ლომთათიძე გ., არქეოლოგიური გათხრები საქართველოს ძველ დედაქალაქში, თბ., 1945;

4. მცხეთა. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები, ტ.1-2, თბ., 1955-1978;

5. ნიკოლაიშვილი ვ., არქეოლოგიური კვლევა-ძიება „დიდი მცხეთის“ ტერიტორიაზე, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1977, № 1;

6. ნიორაძე გ., კარსნის-ხევის სასაფლაო, «საქართველოს მუზეუმის შრომები», 1926, ტ.4

7. ნიკოლაიშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.5, გვ.416, თბ., 1980 წელი.

 

 

 

 

 

***************************************************************************************************

კარსანი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.289-292.

119. მეთუნეთა ნამოსახლარი, არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს თბილისი - მცხეთის საავტომობილი გზის მე-17 კილომეტრზე, კარსნისხევის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება ძვ.წ.I-III საუკუნეებით. ძეგლი 1975 წელს გათხარა იაე ინსტიტუტის მმაე-მ (ხელმძღვაელი ა.აფაქიძე). კომპლექსში შედის: ნამოსახლარი, საწარმოო უბანი და სამაროვანი...<<ტექსტი სრულად აქ...<<