There are no translations available.
<უკან დაბრუნება ...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<საქართველოს ციხე - ქალაქები>>>
თბილისი - ქართული ხელოვნება XIX საუკუნეში //ი.ციციშვილი - ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1995 წ., გვ. 138 - 142
XIX ს. დასაწყისში არა მარტო მცირე ქალაქები, არამედ თბილისიც წარმოადგენდნენ ტიპიურ ფეოდალურ ქალაქებს. მათ განვითარებას ხელს უშლიდა ის გარემოებაც, რომ მოსახლეობას, ლეკიანობის გამო, ეშინობა თავდაცვითი კედლების გარეთ დასახლება. XIX ს. დასაწყისში მოსახლეობა ითვისებს თბილისის ახალ ტერიტორიებს, ძირითადად მტკვრის დინების მიმართულებით გარეთუბნის ტერიტორიაზე. თანდათანობით იხატება ქალაქის ახალი ცენტრი, მთავარი მოედნით, სადაც შენდება სამხედრო შტაბისა და სასულიერო სემინარიის შენობები. მდ.მტკვარზე ხიდების აშენებასთან ერთად იწყება ქალაქის განვითარება მდინარის მარცხენა ნაპირას. ქალაქი იერთებს უახლოეს სოფლებს კუკიასა და ჩუღურეთს. განაშენიანების მოწესრიგების მიზნით იქმნება თბილისის გენერალური გეგმა. პირველი ასეთი გეგმა შედგენილი იყო კაპიტან ჩუიკოს მიერ, ჯერ კიდევ 1800 წელს. 1809 წელს ჩნდება ბანოვის გენგეგმა. 1827 წელს გენერალ-გუბერნატორის სიპიაგინის მითითებით შედგენილი იყო თბილისის გეგმა, რომელზედაც ინჟინერ-პოდპორუჩიკმა ლაზარევმა დაიტანა კვარტალები, ხოლო არქიტექტორმა ბარაშკინმა მონიშნა ცალკეული ქუჩები და მოედნები. მაგრამ ქალაქის მშენებლობა ძალიან ნელა მიმდინარეობდა. 30-ან წლებში ვაჭრობისა და წარმოების განვითარიბასთან ერთად სურათი იცვლება, სწრაფად იზრდება ქალაქის მოსახლეობა. 1831 წ. პასკევიჩის განკარგულებით შედგენილია ქალაქ თბილისის გენერალური გეგმა. 1836 წელს კოლეჟსკი ასესორი ტოვარნიცკი ადგენს ქალაქის ახალ გეგმას, კვარტალების, ქუჩებისა და მოედნების აღნიშვნით. დასახულია ქალაქის მთავარი მაგისტრალი - გოლოვინის პროსპექტი ამჟამად რუსთაველის პროსპექტი, რომელიც მოსკოვის კარიბჭეს (საგუშაგოს) აღწევდა.
პროსპექტზე შენდება საცხოვრებელი სახლები და ორსავე მხარეს ირგვება ხეები. იჭრება ახალი ქუჩები - სალალაკის, მუხრანის და სხვ. მთავარ, ერევნის მოედანზე 1847-1851 წლებში შენდება ქალაქის მაშინ ყველაზე ღირშესანიშნავი შენობები - ქარვასლა და თეატრი. 1846 – 1848 წწ. ანგარიშების მიხედვით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გაყვანილია 16 გრძივი და ამდენივე განივი ქუჩა; აშენდა ორი სამსართულიანი, 30 ორსართულიანი და 158 ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. 1848-1853 წწ. აშენდა ახალი კუკიის ხიდი (არქიტექტორი დ.სკუდიერი) და მცირე ხიდი (არქ. რაიხი), ალექსანდრეს მოედნის ადგილას გაშენდა ქალაქის პირველი საზოგადოებრივი პარკი (პარკისა და პავილიონების პროექტების ავტორი - ო.სიმონსონი). ამგვარად თბილისი პირველად შენდება გენერალური გეგმის საფუძველზე. ქუჩები ხდება უფრო განიერი, მოედნები ღებულობენ გარკვეულ კონფიგურაციას, ახალი კვარტალების განაშენიანებისათვის იცავენ წითელ ხაზს. ჩნდება სამშენებლო კანონმდებლობაც, რომელიც გულისხმობს მიწის გამოყოფას, შენობათა პროექტების შედგენა - დამტკიცებას. ქალაქის მშენებლობის მოწესრიგების მიზნით იქმნება ქალაქ თბილისის უკეთესი მოწყობის კომიტეტი /1827 წ/, თბილისის გუბერნიის სამშენებლო კომისია /1835 წ./, საქართველოს ქალაქების მოწყობის კომიტეტი /1836 წ./. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის განაშენიანება ხდება მისი რთული და მხატვრული თვალსაზრისით მეტად მარჯვე რელიეფის გათვალისწინების გარეშე. არსებითად ქალაქის ტერიტორიას დაადეს რეგულარული გეგმარების სქემა პარალელური და პერპენდიკულარული ქუჩების ქსელით. ასეთმა გეგმარებამ დასტოვა გამოუსწორებელი კვალი თბილისის განაშენიანებაში. XIX ს. მეორე ნახევარში ქალაქი უფრო სწრაფად ვითარდება. იგი მიემართება მტკვრის გაყოლებით ზემოთ და აღწევს ვარაზის ხევს. კიდევ უფრო შესამჩნევია ქალაქის ზრდა მტკვრის მარცხენა ნაპირას, სადაც ყალიბდება ქალაქის მეორე მაგისტრალი - მიხეილის პროსპექტი (ამჟამად დავით აღმაშენებლის პროსპექტი), მიმდებარე პარალელური და განივი ქუჩებით. ამგვარდ, XIX ს. მეორე ნახევარში დადგინდა ქალაქის განვითარების ძირითადი მიმართულებანი, მისი მთავარი მაგისტრალები მდინარის გასწვრივ, გოლოვინის პროსპექტი და ერევნის მოედანი გამოყოფილია, როგორც ადმინისტრაციულ - კულტურული ცენტრი. აქ შენდება ადმინისტრაციული შენობები, თეატრები, მუზეუმები, მდიდრული მაღაზიები, ბანკები და სხვ. მსხვილი ბურჟუაზია, არისტოკრატია და მოხელეები სახლდებიან სალალაკში მეორე მაგისტრალის მიმდებარე უბნებში. ძველი ქალაქი (კალა, ხარფუხი) რჩება წვრილ ხელოსნებსა და ვაჭრებს. აქვეა წვრილ ვაჭართა ებრაული კვარტალი. რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით, ქალაქის ორ გარეუბანში დიდუბეში (ჩრდილო - დასავლეთით) და ნავთლუღში (სამხრეთ - აღმოსავლეთით) შენდება მსხვილი სამრეწველო ობიექტები. რკინიგზის გასწვრივ სახლდებიან მუშები და აღმოცენდა ქალაქის მუშათა რაიონი - ნაძალადევი. ქალაქის განვითარებამ მდინარის ორივე ნაპირას, მოითხოვა ახალი ხიდების მშენებლობა. 80-იან წლებში შენდება ვერის ხიდი, მოგვიანებით მუხრანის ხიდი (ავტორი ინჟინერი ე.პატონი). 1883 წ. თბილისში გაყვანილია საქალაქო რკინიგზა (კონკა), ხოლო 1904 წ. ელექტროტრამვაი. 1905 წ. გაიხსნა ფუნუკულერის ხაზი (ინჟინერი ლ.ბლაში), რომელმაც დააკავშირა ქალაქი მთაწმინდის პლატოს.
საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობები. უკვე XIX ს.დასაწყისში თბილისში ოფიციალური ადმინისტრაციული შენობები შენდება რუსული გვიანი კლასიციზმის სტილში. მთავარსარდლის, შემდგომში მეფისნაცვლის შენობა აგებულია 1807 წ. და საფუძვლიანად გადაკეთებულია 60-იან წლებში (არქ. სიმონსონის მიერ), არმიის შტაბის შენობა (1824-1827 წწ.), სასულიერო სემინარიის შენობარ (1838 წ.), სიონის ტაძრის სამრეკლო (1812 წ). თბილისის, ქუთაისის, გორის, დუშეთის, თელავის საცხოვრებელი სახლებიც ასახავენ კლასიციზმის კომპოზიციურ ხერხებსა და ფორმებს. ქალაქის მოსახლეობის მოთხოვნილებები და გაბატონებული გემოვნება ხელს უწყობდნენ ახალი ფორმების დანერგვას, მაგრამ საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური პირობები და საუკუნოვანი ხუროთმოძღვრული ტრადიციები აგრეთვე იჩენენ თავს არქიტექტურაში. ამის შემდეგ შეიქმნა თავისებური ქალაქური სახლები, რომელთაც „თბილისური სახლები“ ეწოდება. საცხოვრებელი სახლის გეგმა, მისი რელიეფთან შეხამება, საერთო კომპოზიცია, ღია კიბეები და ფასადის ძირითადი ელემენტი - ფართო, ღია აივანი, თაღებით ან არქიტრავულად დახურული მოხდენილი სვეტებით - დაკავშირებულია საქართველოს არქიტექტურულ ტრადიციებთან და ძლიერ სცილდებიან კლასიკური არქიტექტურის ნორმებს. კლასიკური არქიტექტურის ფორმები და დეტალები - სვეტების ბაზები და კაპიტელები, კბილანები და პროფილები - შერწმულია აივნის ხის რიკულებთან, აჟურულ ჭრასთან, თაღების ჩუქურთმებთან, რაც ანიჭებს სახლებს ორიგინალურ, განუმეორებელ სახეს.
|