topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

საერო ნაგებობები - გვიან შუასაუკუნეების ხელოვნება - ი. ციციშვილი

< უკან დაბრუნება

ი. ციციშვილი - საერო ნაგებობები: გვიაშუასაუკუნეების ხელოვნება // ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1995 წ., გვ. 130-132

ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონებამ მოითხოვა არსებული თავდაცვითი ნაგებობების რეკონსტრუქცია. (სათოფურები, საზარბაზნეები, გასასვლელი „ბილიკები“ და სხვ.) XVII ს. საფუძვლიანად იყო გამაგრებული თბილისის ციხე - ნარიყალა. ძველი გორის ციხე ატარებს ორი უკანასკნელი განახლების ნიშნებს - XVII ს. პირველ ნახევარში როსტომ მეფის დროინდელი განახლებაა, ხოლო 1774 წ. ციხის რეკონსტრუქცია ჩატარებულია ერეკლე II მიერ. მტკვრის ნაპირას, მაღალი მთის წვერზე აგებული ქსნის ციხე დარაჯობდა მტკვრის  ხეობას. ციხე აგებულია ბაგრატ მუხრანბატონის მიერ 1511-1513 წწ. 1746 წელს იგი გააფართოვა და განაახლა კონსტანტინე მუხრანბატონმა. ძველი კედლების და კოშკების შემოყოლებით შენდება, ახლად დამატებული სამი სათოფურიანი კოშკი ციხეში ახლა ოთხი საბრძოლო - საცხოვრებელი კოშკია, სადაც ქვედა სართულებში მოთავსებულია მარანი და წყლის შესანახი რეზერვუარები. მრავლადაა შემორჩენილი აგრეთვე საბრძოლო და სადაზვერვო კოშკები. კოშკები ოთხკუთხა ან ცილინდრული ფორმისაა და ხშირად შვიდ სართულამდე აღწევს. პირველი ქვედა სართული ყრუა, ხოლო შესასვლელი მდებარეობს 4-6 მეტრის სიმაღლეზე. უკანასკნელი ზემო სართული მთავრდება ბანით საბრძოლო ელემენტებით. მტრის შემოსევისას ბანზე ანთებდნენ კოცონს, რასაც იმეორებდა მომდევნო კოშკი. ასეთი სისტემა ხელს უწყობდა ქვეყნის მობილიზაციას. ამ პერიოდის კოშკების ნიმუშებია კოშკები ქვემო ჭალაში, მძოვრეთში, გომისჯვარში, სასხორში, კისისხევში, ხეითში, მარტყოფში, ვაშლოვანში და სხვ. განსაკუთრებული ადგილი ქართულ არქიტექტურაში უკავია სვანეთის კოშკებსა და საცხოვრებელ სახლებს. სვანური კოშკები, რომელთა წარმოშობას აკავშირებენ გვაროვნული წყობის თავისებურებასთან, ძირითადად მიეკუთვნებიან გვიანფეოდალურ პერიოდს, მაგრამ მათი ნაწილი აგებულია X - XIV ს. ეკლესიებთან ერთდროულად. ჩვეულებრივად ასეთი კოშკი დგას საცხოვრებელი სახლის მახლობლად და დაკავშირებულია მასთან ხის ან ქვის გადასასვლელით. კოშკები აგებულია ფიქალით, ან ოდნავ დამუშავებული ქვით და შებათქაშებულია. კოშკი გეგმაში კვადრატული ფორმისაა და სიმაღლეში 20-25 მეტრს აღწევენ. ყველაზე გავრცელებულია ოთხი ან ხუთსართულიანი კოშკი. მისი ქვედა სართული 5-7 მ. სიმაღლეზე ყრუა, შემდეგ იწყება სართულები, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან მისადგმელი ხის კიბით. ზედა, დამაგვირგვინებელი სართულის თითოეულ კედელში მოწყობილია სალოდეები, რომლებიც დაცულია თაღოვანი ფორმის შვერილებით. კოშკების სადა, ლაკონური ფორმა არაჩვეულებრივად მეტყველია. კოშკებს ემიჯნება ქვის ორსართულიანი სახლი (მაჩუბი). მის ქვედა სართულში, რომლის ფართობი 100 კვ.მ. აღწევს, სვანები ატარებენ ზამთარს. აქვე იმყოფებოდა საქონელი, გამოყოფილი მოჩუქურთმებული ტიხარით. სახლის ცენტრში კერას ზემოთ, ეკიდა ჯაჭვზე დიდი ქვაბი. სახლის ინტერიერი მორთულია ჩუქურთმიანი ტიხრებით, ასევე დამუშავებული სკამებით, ზანდუკებით, სკივრებით. სვანური სოფელი ზემოთ ატყორცნილი კოშკებით, კავკასიონის მარადი თოვლით დაფარული მწვერვალების ფონზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. თავისებურია საცხოვრებელი სახლები და კოშკები საქართველოს სხვა მთიან რაიონებში ხევსურეთში, თუშეთში, ხევში. სოფელი შატილი მდებარეობს ხევსურეთში, კლდოვან კონცხზე ორი მთის მდინარეს (არღუნი და შატილის წყალი) შორის. კლდე მჭიდროდაა გაშენებული ციხე - სახლებით, რომლებიც ერთობლივ ქმნიან თავდაცვით სისტემას. სახლები მიდგმულია ერთმანეთზე და თანაც საფეხურებად, ისე, რომ ქვედა სახლის ბანი, წარმოადგენს ტერასას ზემო სახლისათვის, სამხუთსართულიანი სახლები დაკავშირებულია გადასასვლელებით. სოფელი შატილი თავისი კომპაქტურობით, არაჩვეულებრივი სილუეტიო და შინაგანი დინამიკით, თითქოს თეატრალურ დეკორაციას გვაგონებს. მიუხედაგად იმისა, რომ ირანი და თურქეთი სამი საუკუნის მანძილზე ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რათა დაემორჩილებინათ საქართველო და თავის ყაიდაზე შეეცვალათ მისი ყოფა და კულტურა, ქართული ხუროთმოძღვრება მტკიცედ იცავდა თავის ეროვნულ ტრადიციებს. გუმბათოვანი ტაძრები გეგმითა და საერთო ფორმებით უკავშირდებიან ჯერ კიდევ XI ს. ჩამოყალიბებულ ტრადიციებს. გარკვეული ცვლილებები შეიმჩნევა არქიტექტურულ ფორმებსა და მოტივებში. თლილი ქვის ნაცვლად უპირატესობა ენიჭება აგურის წყობას, რომელიც შენობათა მორთულობაში ცვლის ტრადიციულ ჩუქურთმას ქვაზე. იქმნება მარტივი გეომეტრიული ნაკვთები, ჩნდება სტალაქტიტები, ნახევარწრიულ თაღს ზოგან, ცვლის შეისრული თაღი. განსაკუთრებით უცხოა საქართველოსათვის სასახლეების მორთულობის სიჭრელე, კედლებისა და ჭერის მოხატულობისა და ნაძერწის ბრჭყვიალა ფერები. მიუხედავად ამისა. ფასადებსა და ინტერიერის კომპოზიციაში გამოყენებულ მორთულობას აგურისაგან, უმეტეს შემთხვევაში, ახასიათებს ეროვნული, ქართული იერი, რომელიც თავს  იჩენს დეკორატიულ სქემაში, პროპორციებსა და საერთო გადაწყვეტაში. ამავე დროს,შენობათა ერთი ნაწილისათვის იხმარება თლილი ქვა, სამოსელი და ტრადიციული ჩუქურთმაც. თუმცა ეს ძეგლები აღარ წარმოადგენენ მაღალმხატვრულ ნაწარმოებებს. შესრულების მაღალ ოსტატობასთან ერთად მორთულობა ხასიათდება სიმშრალით, სქემატიურობითა და დაწვრილმანებით. თვალსჩინოა, რომ ქართველმა ხალხმა ამ სამი საუკუნის მანძილზე, არამც თუ დაითრგუნა თავი გარედან მოზღვავებული უცხო ფორმებით, არამედ მტკიცედ დაიცვა თავისი ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობა.