topmenu

 

კვეტერა - მინდორაშვილი

<უკან დაბრუნება....<< დაბრუნება მთავარ გვერდზე

დავით  მინდორაშვილი -

კვეტერის ციხის არქეოლოგიური მასალა,

თბილისი 2010

კვეტერის ციხე მდებარეობს ახმეტის რაიონში მდ.ილტოს ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელ გზასთან. თავის დროზე მის დაწინაურებას დიდად შეუწყო ხელი ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. კვეტერაზე გადიოდა კახეთ-თიანეთის დამაკავშირებელი უმოკლესი და უმნიშვნელოვანესი გზები. ციხე კონტროლს უწევდა ივრის ხეობის ზემო წელის მთიანეთს, ილტოს ხეობასა და ხეობის წინ გაშლილ ველს [40,გვ.100]. ვახუშტი ბაგრატიონი კვეტერის ციხის შესახებ გადმოგვცემდა: «ახმეტის ხევს ზეით ერთვის ალაზანს უტოს ხევი, გამომდინარე კახეთის მთისა და მარილის-პანკისის შუათის მთის, მომდინარე კუეტერის ციხემდე ჩდილოდამ სამხრით, მერმე დასავლიდამ აღმოსავლეთად. ამ ხევს კუეტერის ციხესთან მოერთვის სხუა ხევი ...ამ ორს ხევს შორის არს ციხე კუეტერისა, ფრიად მაგარი და დიდშენი» [55, გვ.549, 10-16]. იმავე წყაროს მიხედვით, კახეთის მეფე კვირიკე III-ემ (1010-1037 წწ) გაატარა რა ადმინისტრაციული რეფორმები, ერთ-ერთი ერისთავი დასვა კვეტერაში და დაუმორჩილა მას ერწო-თიანელნი, ფხოველნი, დურძუკნი და ღლიღვი [55, გვ. 561, 10-11]. «მატიანე ქართლისაჲ»-ის ცნობით, ბაგრატ IV-ემ (1027-1072 წწ) XI ს-ის 40-იან წლებში შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, მაგრამ კვეტერის ციხის აღება ვერ შეძლო [53, გვ.306, 46]. ბაგრატ IV-ის ეს წარუმატებლობა ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ კვეტერის ციხე იმ დროისათვის მნიშვნელოვნად დაწინაურებული საერისთავოს ცენტრი და ძლიერი ციხე-სიმაგრე ყოფილა. ამის შემდეგ, ვიდრე 1775 წლის ერთი მწირი ცნობის გარდა [56, გვ. 316], წერილობითი წყაროები კვეტერის ციხის შესახებ დუმან. კვეტერის ციხე ორ ნაწილად იყოფა: ზედა ციხედ ანუ ციტადელად და ქვედა ციხედ. ციტადელს უკავია კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთით მთის წვერი (3500 კვმ) და ციხის საერთო ტერიტორიიდან გამოყოფილია მაღალი გალავნით (ტაბ.I 1, 2). გალავნის კედლებში ჩართულია 6 კოშკი და 2 კარიბჭე. ციტადელის გალავნის შიგნით განლაგებულია: ტაძარი, სასახლე, წყალსაცავი, ბურჯის ქვეშ მოქცეული დარბაზული ეკლესია. კვეტერის ტაძარი გეგმით ტეტრაკონქია, დიაგონალურად ჩადგმული მცირე ნიშებით. ყველა აბსიდს წინ ბემა აქვს. მკლავების კუთხეებში არის ნახევარლილვისაგან შემდგარი სვეტი. კვადრატიდან გუმბათქვეშა წრეზე გადასვლა ხორციელდება სხვადასხვა სიბრტყეში განლაგებული თაღების სისტემით. გუმბათს თითო სარკმელი აქვს აღმოსავლეთით და დასავლეთით, ორ-ორი ჩრდილოეთით და სამხრეთით. თითო სარკმელია ტაძრის ყველა აბსიდსა და ნიშში. საკურთხეველში აბსიდის კედელზე მიყრდნობილი ტრაპეზია. ტაძარში შესასვლელი დასავლეთით და სამხრეთითაა. კედლებზე, გარედან და შიგნიდან გამოყენებულია კარგად გათლილი შირიმის ქვები. ტაძარი დახურულია ცისფრად მოჭიქული კრამიტით (ტაბ.I 3; ტაბ.II 1). ტაძრის ჩრდილოეთით 32 მ-ის დაშორებით გეგმით სწორკუთხა (14,35X7,35 მ), კლდის ფლეთილი ქვით ნაგები ორსართულიანი სასახლეა (ტაბ.II 4). მეორე სართულზე აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში ორ-ორი, სამხრეთის კედელში კი სამი სარკმელი და ერთი კარია. ჩრდილოეთის კედელში კარია, რომელიც გადიოდა სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს არსებული სათავსოების ბანზე. სასახლეს შემორჩა მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. პირველი სართულის თაღოვანი კარი სამხრეთ კედელშია. ჩრდილოეთ კედელზე დიდი ბუხარია. პირველი სართული ნათდებოდა სამხრეთ და დასავლეთ კედლებში არსებული სარკმლით. ციტადელის შუაგულში მიწაში ჩაფლული, სწორკუთხა კუთხეებმომრგვალებული წყალსაცავია (5X2,8X3 მ) კედლები და კამარა აგებულია რიყის ქვით. გალესილია კირხსნარით (ტაბ.II 2, 3). წყალსაცავი თიხის მილების საშუალებით მარაგდებოდა წყაროს წყლით. ციტადელი გეგმით წაგრძელებული, არაწესიერი მრავალკუთხედია. გალავნის კედლების გარდატეხასთან აღმართულია მძლავრი კოშკები. კოშკებს შორის კედლები გაძლიერებულია კონტრფორსებით (ტაბ.I 2; ტაბ.IV). ციტადელის გალავანში სამი ტიპის კოშკებია: მართკუთხა, კვადრატული და ცილინდრული. ერთ-ერთი ბურჯის (№3 კოშკის) ქვეშ,  ჯერ კიდევ 1968  წელს გამოვლინდა მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის ნანგრევები (ტაბ.III 1, 2). ჩანს, კვეტერის ციხის აგებამდე იქ მდგარა პატარა ეკლესია, რომელიც გალავნის მშენებლობის დროს, ბურჯის ქვეშ მოქცეულა [38, გვ.153, 154]. საფიქრებელია, რომ გალავნის კედლების მშენებლობისას ეკლესია უკვე დანგრეული და გაუქმებული იყო. ციტადელის სამხრეთი გალავნის კედელში დიდი კარიბჭეა, რომლითაც ზედა და ქვედა ციხის ტერიტორიები ერთმანეთს უკავშირდებოდა. ქვედა ციხეს უკავია მთის სამხრეთი დადასავლეთი ფერდის ნაწილი. ტერიტორია მოიცავს 28600 კვმ-ს (ტაბ.I 1). გალავნის კედლების სისქე 80 სმ-ია. ციხის ჩრდილოეთითა და დასავლეთით მრავლადაა ნაგებობათა ნანგრევები. ქვედა ციხის აღმოსავლეთი კარიბჭე მდებარეობს აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლების შესაყართან. დასავლეთის კარიბჭე ქვედა ციხის ყველაზე დაბალ ნიშნულზე და ამასთან ყველაზე ძნელად მისადგომ ადგილასაა (ტაბ.III 3). ქვედა ციხის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კარიბჭის სიახლოვეს აღმართულია რვაკუთხა კოშკი. მის საფუძველს წარმოადგენს ოთხკუთხა სათავსო, დასავლეთით არსებული კარით (ტაბ.III 4). კოშკის შიგნით, მთელ სიმაღლეზე ხვეული კიბეა, რომელიც ნათდება კედელში არსებული ხუთი მცირე ზომის სარკმლით. კოშკი 9 მ-ის სიმაღლეზეა შემორჩენილი [38, გვ.163]. საერისთავოს ეს მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელიც ერწო-თიანეთისა და ფხოვის გარდა ჩრდილოეთ კავკასიის ერთ ნაწილსაც განაგებდა, ყოველთვის იწვევდა ისტორიკოსების, არქეოლოგებისა თუ ხელოვნებათმცოდნეების ინტერესს. აკად. გ.ჩუბინაშვილმა ნაშრომში, კახეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ, სათანადო ადგილი დაუთმო კვეტერის ეკლესიისა და სასახლის ანალიზს. მისი აზრით, X-XI სს-ში კვეტერის ციხე-სიმაგრის კომპლექსი უკვე არსებობდა ყველა თავისი შემადგენელი კომპონენტით: გალავნით, კოშკებით,  სასახლით, კარის მცირე გუმბათიანი ტაძრითა და სხვა დამხმარე ნაგებობებით [95, გვ.411-416, 543-546]. 1968 წელს გ. ლომთათიძისა და რ. რამიშვილის ხელმძღვანელობით კვეტერის ციხეზე მოეწყო ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიცია. გათხრები წარმოებდა ციხის რამდენიმე უბანზე: სასახლე, წყალსაცავი, შიდა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე, ჭიშკარი, რვაწახნაგიანი კოშკი. გათხრების შესახებ მხოლოდ მცირე წინასწარული ანგარიში გამოქვეყნდა [23, გვ.29, 30]. კვეტერის ციხის, როგორც მთისა და ბარის მაკავშირებელი მნიშვნელოვანი სიმაგრის შესახებ საინტერესო მოსაზრებები აქვს გამოთქმული აკად. დ. მუსხელიშვილს [40, გვ.100]. კვეტერაში მოჭიქული კერამიკის წარმოების საკითხს მიეძღვნა რ. რამიშვილისა და ბ.ჯორბენაძის მოხსენება, წაკითხული 1985 წელს, თბილისში გამართულ ამიერკავკასიის მრავალფრად მოჭიქული კერამიკის პრობლემებისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე [91, გვ.37, 38]. კვეტერის ციხის გალავნისა და ცალკეული ნაგებობების კონსერვაცია-რესტავრაციის საკითხებს ეხება არქიტექტორ-რესტავრატორ ირ. მოსულიშვილის სტატია - «კვეტერის ციხე-კომპლექსი» [38, გვ.140-163]. კვეტერის სასახლეს მიუძღვნა სტატია ხელოვნებათმცოდნე დ. ვაჩნაძემ. მან ამ ნაგებობის აშენების თარიღად XI  ს-ის პირველი ათწლეული მიიჩნია [14, გვ.37-45]. როგორც აღვნიშნეთ, 1968 წელს კვეტერის ციხეზე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები სულ ერთი სეზონის განმავლობაში მიმდინარეობდა, იქ გამოვლინდა მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი მასალა1, რომელიც ფრიად საყურადღებოა ციხის წარმოშობა - განვითარების ეტაპების დასადგენად, მისი როლის განსაზღვრისათვის მთისა და ბარის ტრადიციულ ურთიერთობაში, ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. არქეოლოგიური მასალა ასევე მნიშვნელოვანია ზოგადად შუასაუკუნეების საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისითაც. კვეტერის შესახებ არსებული წერილობითი წყაროების მწირი ცნობების ფონზე, განათხარი მასალა უმეტეს შემთხვევაში ერთადერთ წყაროდ გვევლინება ციხის ისტორიის რიგი პრობლემების გასაშუქებლად. გამოკვლევა კვეტერის შესახებ თავდაპირველად განსხვავებული სტრუქტურითა და შინაარსით იყო განზრახული. ის უნდა ყოფილიყო კრებული, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა სხვადასხვა ავტორების სტატიები ძეგლის არქეოლოგიური კვლევა-ძიების შესახებ; დახასიათებული იქნებოდა ძირითადი ხუროთმოძღვრული ნაგებობები - ეკლესიები, სასიმაგრო სისტემა, სასახლე, კარიბჭეები, ცალკეული ნაგებობები, წყალსაცავი და წყალმომარაგების საკითხი; განხილული იქნებოდა 1968 წელს აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა და სხვ. სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო, ამ მიზნის განხორციელება ვერ მოხერხდა და წინამდებარე ნაშრომში ასახვა მხოლოდ არქეოლოგიურმა მასალამ ჰპოვა. ნაშრომის მიზანს შეადგენს კვეტერის ციხე-სიმაგრის განათხარი მასალის ერთი დიდი ნაწილის პუბლიკაცია, რაც ვფიქრობთ, გარკვეულწილად დააინტერესებს საქართველოს შუასაუკუნეების პრობლემებზე მომუშავე არქეოლოგებსა და ისტორიკოსებს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე ნაშრომი კვეტერის არქეოლოგიური მასალის შესწავლის მხოლოდ პირველი ცდაა. გათხრების შედეგად გამოვლენილი არტეფაქტები იმდენად მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია, რომ მათი საფუძვლიანი და ყოველმხრივი შესწავლა კვლავ მომავლის საქმედ რჩება. განსაკუთრებით ეს ითქმის მოჭიქული კერამიკის ზოგიერთ სახეობაზე, რომელიც ტექსტის ანალიტიკურ ნაწილში ვერ აისახა, რადგან ავტორის აზრით, სამეცნიერო ლიტერატურაში წარმოდგენილი მოჭიქული კერამიკის გარკვეული ჯგუფების თარიღი კორექტირებას მოითხოვს. ამდენად, ამგვარი ნიმუშების შესახებ მსჯელობას შეგნებულად ავარიდეთ თავი. ნაშრომს თან ერთვის არქეოლოგიური მასალის კატალოგი, რომელიც არტეფაქტების ტიპოლოგიური დანაწევრების პრინციპზეა აგებული.

I თავი

კერამიკული ნაწარმი

კვეტერის არქეოლოგიური მასალის უდიდესი ნაწილი სადა და მოჭიქული კერამიკაა. გაცილებით მცირერიცხოვანია ფაიანსის ჭურჭელი2, მინის, ლითონის, ქვისა და ძვლის ნივთები. სხვადასხვა უბანზე აღმოჩენილ სინქრონულ კერამიკულ ნაწარმს შორის ფორმების, კეცისა თუ შემკულობის მიხედვით რაიმე მკვეთრი განსხვავება არ შეიმჩნევა. ამდენად, საჭიროდ აღარ მივიჩნიეთ მასალის დანაწევრება ცალკეული უბნების მიხედვით და მათ ერთიანად განვიხილავთ. სხვადასხვა უბნის მასალაში მხოლოდ რაოდენობრივი სხვაობაა თვალსაჩინო. მაგ.ყველაზე მრავალრიცოვანი მასალა აღმოჩნდა სასახლეში, შემდეგ წყალსაცავში. შედარებით მცირერიცხოვანია სხვა უბნებიდან მომდინარე ნივთები. არქეოლოგიური მასალა იყოფა განვითარებული და გვიანდელი შუასაუკუნეების ორ დიდ ქრონოლოგიურ ჯგუფად3. კვეტერის ციხის განათხარ კერამიკაში დანიშნულების მიხედვით გამოიყოფა სამეურნეო, სამზარეულო, სასუფრე, სარიტუალო, სამშენებლო და სხვ. სახის ნაწარმი. სამეურნეო კერამიკის ჯგუფს მიეკუთვნება: თონეები, ქვევრები, დერგები, სადღვებლები და მსხვილი საწყაო ჭურჭელი. თონეები წარმოდგენილია პირ-გვერდის სქელკედლიანი, წითლად გამომწვარი ნატეხებით. დამზადებულია მსხვილმინარევიანი თიხისაგან. პირის მოყვანილობის მიხედვით ისინი ორგვარია: I. თონე, ოთხკუთხა განივკვეთიანი მასიური ბაკოთი (ტაბ.V 248). II. თონე, ჰორიზონტულად მოჭრილი პირით, რომლის სიგანე კედლის სისქეს არ აღემატება (ტაბ. V 1955). ნატეხების შიდაპირი შემკულია ამოღარული კონცენტრული ხაზებით, წრეებითა და ნახევარწრეებით (ტაბ.V 220, 1916, 1955). ორნამენტს ჰქონდა პრაქტიკული დანიშნულებაც. ის ხელს უწყობდა თონეზე პურის უფრო მტკიცედ მიკვრას. აღმ. საქართველოს განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ძეგლებზე თონეები დიდი რაოდენობითაა გამოვლენილი. ისინი ცნობილია: რუსთავიდან [63, გვ.97]

________________

1. კვეტერის ციხის არქეოლოგიური მასალა, რომელიც 2000-ზე მეტი ერთეულია, ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაზე. 1998  წელს აღნიშნული მასალა პროფ. რ.რამიშვილმა დასამუშავებლად გადმომცა, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ.

2. კვეტერის ციხის განათხარ მასალაში ფაიანსის მხოლოდ რამდენიმე ცუდად შემონახული, მცირე ზომის უსახური ნატეხია დაცული.  მათი მიკუთვნება რომელიმე კონკრეტული ჯგუფისადმი ჭირს.

3. თავის დროზე ძეგლის გამთხრელები აღნიშნავდნენ, რომ კვეტერაზე გამოვლენილი შავი ფერის კერამიკული ნაწარმი არქაულია, რაც ამ ადგილას ადრეული რკინის ხანის ნასახლარის არსებობაზე მიანიშნებს [23, გვ.30]. უნდა ითქვას, რომ ეს შავი ფერის კერამიკა შუასაუკუნეებს განეკუთვნება და მათ ადრეული ხანის მასალებთან კავშირი არა აქვთ.

წყარო:

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000687/CIGNI.pdf

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000687/CIGNI.pdf

http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/8334/1/Kveteris_Cixis_Arqeologiuri_Masala.pdf