topmenu

 

გრემი

<უკან დაბრუნება...<<<ყვარლის რაიონის ისტორიული ძეგლები>>>

ზ.შიოშვილის ფოტო - გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

გრემი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.III. - 1978. - გვ.261-262.

გრემი - სოფელი ყვარლის რაიონში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ინწობის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. სოფსაბჭოს(*საკრებულოს) ცენტრი (სოფლები: გრძელჭალა, შაქრიანი). ზღვის დონიდან 480 მეტრი, ყვარლიდან 16 კილომეტრი, თელავიდან 19 კმ... ვარაუდობენ, რომ გრემის ტერიტორიაზე მოსახლეობა გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში უნდა გაჩენილიყო. გრემი ფეოდალური ხანის კახეთის ერთ - ერთი სავაჭრო - ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყო. 1466 წელს კახეთის სამეფო დედაქალაქი გახდა. აქ XV საუკუნიდან ამრავლებდნენ ხელნაწერებს. გრემში ლიტერატურულ - კულტურულ მოღვაწეობას ეწეოდნენ დავით მეფე, ქეთევან დედოფალი, თეიმურაზ I და სხვ. გრემთან გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზები. 1614-16 წლებში აბას I-ის ლაშქრობის შედეგად გრემი გაპარტახდა. მის დაცემაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აგრეთვე დაღ. ფეოდალთა გამუდმებულმა თავდასხმებმა. არქიტექტურულ ძეგლთაგან გამოირჩევა ქალაქის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე აღმართული გრემის მთავარანგელოზთა ჯვაროვან-გუბათოავანი ტაძარი. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს. გეგმით სწორკუთხა შენობა ნაშენია აგურით, აქა - იქ რიყის ქვაც გამოუყენებიატ. შესასვლელი დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთიდან აქვს. შიგა სივრცეს საკურთხევ;ის კუთხეებსა და ორ სვეტზე დაყრდნობილი გუმბათი აგვირგვინებს. ფასადები დაყოფილია სამ-სამ თაღოვან მონაკვეთად. ასეთივე შეისრული თაღები ამშვენებს რვასარკმლიან გუმბათის ყელსაც. ინტერიერში დასავლეთ კედელზე მოთავსებულია ამშენებლის პორტრეტი ეკლესიის მოდელით ხელში. ტაძრის სათოფურეებიანი გალავანი ამავე დროს სიმაგრეც იყო. იგი ერეკლე II-ს შეუკეთებია. ტაძრის აგებამდე გორაკზე კოშკურა შენობა მდგარა, რომლის მესამე სართულზე შემდგომ სამრეკლო დაუშენებიათ. ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა 1939-1949 (ხელმძღვანელი ა.მამულაშვილი) და 1963-1967 (ხელმძღვანელი პ. ზაქარაია). ქალაქს ეკავა დაახლოებით 50 ჰა. შედგებოდა 3 მთავარი ნაწილისაგან:

1. მთავარანგელოზთა კომპლექსი, რომელშიც შედიოდა მთავარანგელოზთა ეკლესია, 3-სართულიანი სასახლე, სამრეკლო და სამეურნეო ნაგებობანი (საწნახლიანი მარანი, ლითონის მცირე ზომის ნივთების დასამზადებელი ქურა). ქალაქის ამ ნაწილს შეეძლო დამოუკიდებლად ეცხოვრა. შემოზღუდული იყო კოშკებიანი გალავნით. ჰქონდა ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი მდინარე ინწობისაკენ.

2. სამეფო რეზიდენცია, რომელშიც განლაგებული იყო სამეფო სასახლეები, შადრევნიანი შენობა, რვაკუთხა კოშკი, აგურით ნაგები აბანო და სხვა.

3. სავაჭრო უბანი, რომლის ცენტრში მდებარეობდა გეგმით სწორკუთხა დახურული ბაზარი (ქულბაქები) და სასტუმრო (ქარვასლა).

ბაზარი ოთხივე მხრიდან შემოფარგლული იყო ქვით ნაგები კამაროვანი დუქნების რიგით, შუაში მცირე ეზო ჰქონდა. ყოველი დუქანი (ფართობი დაახლოებით 10 მ²) შედგებოდა ერთი ოთახისა და ეზოსკენ გახსნილი აივნისაგან (ალბათ საქონლის გამოსაფენად). ზოგ დუქანს სარდაფიც ჰქონდა. ოთხივე რიგში 30 დუქანი აღმოჩნდა. დუქნები სხვადასხვა საქმიანობისათვის იყო გამიზნული. ქულბაქებს აღმოსავლეთიდან ეკვროდა მოგრძო სწორკუთხა ფორმის (სიგრძე 80 მ) სასტუმრო, რომელშიც კორიდორის ორივე მხარეს განლაგებული იყო 16-16 პატარა სათავსი. ამავე უბანში გაითხარა აბანო, რომელიც გრემში ჩამოსული უცხოელებისათვის ყოფილა განკუთვნილი. აბანოს მილებში შემორჩენილი დიდი რაოდენობის ნალექის მიხედვით სავარაუდოა, რომ აბანოს იყენებდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. გრემი წყლით მარაგდებოდა XVI საუკუნეში მდინარე ლოპოტიდან გამოყვანილი არხის საშუალებით. ნაქალაქარი დასერილია სასმელი წყლის კერამიკული მილების ქსლით. კომუნალური დანიშნულების წყალი პატარა არხებით შემოდიოდა, ხოლო დიდი არხით ქალაქის მიდამოები ირწყვებოდა. ქალაქის დასავლეთ ნაწილში იყო გალავანშემორტყმული აგურის ეკლესია ე.წ. "თარსა გალავანი" (აგებულია XVI საუკუნეში). გათხრებით მოპოვებულ მასალაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს  იმპორტულ (სპარსულ, ჩინურ) კერამიკას.

*2007 წლის 24 ოქტომბრიდან გრემის სამეფო სასახლე და ეკლესია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში

*გამოყენებული წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/გრემი

 

 

 

 

 

***********************************************************************************
გვიანფეოდალური ხანის ხელოვნება: გრემი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.126-127.
ნაქალაქარ გრემის  ეკლესია და სხვა ნაგებობანი აგებულია აგურისაგან.  კახეთის სამეფოს ყოფილ დედაქალაქში (XVI ს.) ამჟამად რამოდენიმე ეკლესიის ქულბაქების - სავაჭრო რიგების, ქარვასლის, აბანოს და სხვა ნაგებობათა ნანგრევებია. ამაღლებულ ბორცვზე აგებულია „მთავარანგელოზის" ეკლესია (1565 წ.), კახეთის მეფის ლევანის მიერ.... <<ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
გრემი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.73-74
XVI ს-ის უმნიშვნელოვანესი ძეგლია გრემის ნაქალაქარი. გრემი, რომელიც ალაზანს გადაღმა მდებარეობს, მდ.ინწობის ნაპირზე, მაშინ კახეთის სამეფოს დედაქალაქი იყო. XVII ს-ის დასაწყისში იგი შაჰ-აბასმა დაარბია. ამით დამთავრდა მისი, როგორც ქალაქის, არსებობა. ქალაქის უმთავრესი ნაწილი დაბლობზე იყო, საკმაოდ მაღალი მთების ძირში...<< ტექსტი სრულად აქ...<<