<უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
განვითარებული ფეოდალიზმი: ყინწვისი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ. 1995. - გვ. 99, გვ.117 - 118.
ქვით ნაგებ ტაძრებთან ერთად გვხვდება მთლიანად აგურით აშენებული შენობებიც. ასეთებია ქარელის რაიონში ძამის ხეობის ულამაზეს ადგილას მდებარე ყინცვისის ტაძარი და ბორჯომის ხეობაში მდებარე ტიმოთესუბანი, აგებული XII და XIII სს. მიჯნაზე. ამ შენობათა ფორმები არსებითად არ განსხვავდებიან ამავე პერიოდის ქვის გუმბათოვანი ეკლესიებისაგან. მათთვის დამახასიათებელია მკაცრი პროპორციები, თამამი კონსტრუქციები, შეისრული ფორმის თაღების გამოყენება. ტიმოთესუბნის ეკლესია, თუ არ ჩავთვლით ქვის ლავგარდნებსა და ზღუდარებს, მთლიანად აგურითაა აგებული. გუმბათის ყელის გამოსაყვანად ნახმარია ლეკალური აგური, გუმბათისა და ფრონტონების მორთულობაში კი მრგვალი ლურჯად მოჭიქული ფილები. ტაძარი მოკლებულია მორთულობას, მაგრამ წითელი აგურის შერწყმა ქვის თეთრ ლავგარდანებთან და ფირუზისფერ მოჭიქულ კრამიტთან ქმნის ცხოველხატულსა და სასიამოვნო სურათს. ყინცვისის ტაძარი მოხდენილი, ატყორცნილი პროპორციებისაა. კედლების აგურის წყობა აქაც შერწყმულია ქვის თეთრ ლავგარდნებთან. განსაკუთრებით განთქმულია ყინცვისის ტაძარი თავისი ბრწყინვალე კედლის მხატვრობით, სადაც დაცულია გიორგი III, თამარ მეფის, ლაშა გიორგისა და ანტონ ჭყონდიდელის მწიგნობართუხუცესის პორტრეტები. ქართული მონუმენტური ფერწერის განვითარების შემდეგი ეტაპი მოდის პერიოდზე XII ს. მეორე ნახევრიდან XIII ს. პირველ ნახევრამდე. ამ პერიოდის თავისებურებანი ვლინდება თამარ მეფის დროინდელ კედლის მხატვრობაში: ვარძიაში (1184 - 1186 წწ.), ბეთანიაში (XII ს.), ყინცვისში, ტიმოთესუბანში (XIII ს. დასაწყისი) და ბერთუბანში( XIII ს. დასაწყისი). საგულისხმოა, რომ აქედან ოთხ ტაძარში - ვარძიაში, ბეთანიაში, ყინცვისში და ბერთუბანში შემორჩენილია თამარ მეფის პორტრეტები. განსხვავებულია ამ ტაძრების მოხატულობის კოლორიტი - ვარძიასა და ბეთანიაში ლურჯი, მოყავისფრო - წითელი და ნაცრისფერი ტონები გაერთიანებულია მონაცრისფრო - ლურჯ ტონით, სულ სხვა ტონალობაშია შესრულებული ყინცვისის ფერწერა, რომელსაც განსაზღვრავს ინტენსიური ცისფერი ფონი, ამასთან ლამაზად შერწყმულია მწვანე, ოქროსფერ, წითელ და თეთრ ტონებთან. კომპოზიცია ამ პერიოდში ხდება უფრო მდიდარი, დინამიური და დეკორატიულიც. ჩნდება მრავალფიგურიანი კომპოზიციები არქიტექტურული ან მთიანი ფონით. სახეების მოდელირება რბილია და ხშირად შთამაგონებელი, როგორც მაგალითად წმინდანები ვარძიაში, ან წმინდა გიორგი ყინცვისში, განსაკუთრებით კი ყინცვისის ანგელოზი სცენიდან "მენელსაცხებლე დედანი". ანგელოზის თავის ნაზი დახრილობა, ხელების მომხიბლავი, ქალური მოძრაობა, სამოსელის ხაზების მუსიკალური რიტმი, ატყორცნილი ფრთების თავისუფალი ნახატი, ყველა ხაზების განსაკუთრებული ნარნარი, მღერადი ბუნება და კოლორიტი შეეფერება ნამდვილად სამეფო სკოლის მხატვრობას.
ტიმოთესუბანი და ყინცვისი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.156
(XIII ს-ის დასაწყისი)
ტიმოთესუბნის ეკლესია ბორჯომის რაიონშია, წაღვერს ზემოთ. ეს აგურით ნაშენი გუმბათოვანი ტაძარია. გეგმით, სივრცით, გარეგნული მასით იგი ახლო დგას ბეთანია -ქვათახევ -ფიტარეთის ჯგუფთან, მაგრამ, ბუნებრივია, მოკლებულია მათთვის დამახასიათებელ ორნამენტულ მორთულობას. დიდად საყურადღებო ძველი, ალბათ ძეგლის თანამედროვე, კედლის მხატვრობა გაიწმინდა 1971 – 1973 წწ. გუმბათის ყელი კერამიკული ფერადი ჩანართებითაა შემკული. ზომები უკარიბჭეოდ: სიგრძე - 20 მ., სიგანე - 13,8 მ., სიმაღლე შიგნით - 21,5 მ.
ყინცვისი ქარელის რაიონშია. საერთო იერით უახლოვდება ტიმოთესუბანს - ესეც აგურით ნაშენი გუმბათოვანი ეკლესიაა. გეგმაში არის ზოგი კერძო თავისებურება, რომლებიც შენობას რამდენადმე ანათესავებს საქართველოში ნაკლებად გავრცელებულ კუპელჰალეს ტიპთან. ყინცვისის ტაძარი განსაკუთრებით ცნობილია თავისი შესანიშნავი ფრესკებით. ეს შუა საუკუნეთა ქართული კედლის მხატვრობის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლთაგანია. ისევე, როგორც ბეთანიაში, ჩრდილოეთის კედელზე აქაც გამოსახულნი არიან გიორგი თამარ მეფე და გიორგი ლაშა. ზომები: სიგრძე დასავლ. მინაშენის გარეშე - 19,7 მ., მინაშენიანად - 24,5მ., სიგანე მინაშენთა გარეშე - 14 მ., სიმაღლე შიგნით - 24,3 მ.
1. პ. ზაქარაია. შუა საუკენეების ქართული გუმბათოვანი არქიტექტურის ზოგიერთი საკითხისათვის (ყინცვისი და ტიმოთესუბანი): საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე, ტ. XXII- B თბ., 1961 წ., გვ.71-102
|