topmenu

 

აგარის მონასტერი - ი. ციციშვილი, ვ.ბერიძე

< უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<< ეკლესია-მონასტრები >>>

 

განვითარებული ფეოდალიზმი: აგარის სამონასტრო კომპლექსი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ.1995 .- გვ.108-109.

XI და XII სს. მიჯნაზე აგებული აგარის მონასტრის სატრაპეზო წარმოადგენს გრძელ ოთხკუთხა სადგომს, რომელსაც ეკვრის უფრო მცირე შენობა. მთავარი დარბაზი გადახურულია ოდნავ შეისრული კამარით. გრძივი კედლები დამუშავებულია ხუთი თაღით, რომელთაგან ზოგიერთი სვეტზეა დაყრდნობილი, ზოგი კი კრონშტეინებზე. ფასადები მარტივადაა დამუშავებული. მთავარი ფასადი შუაზე გაჭრილი კარით და კოპებით  შემკული სარკმლით მის ზემოთ, ეკლესიის იერს ატარებს.

 

აგარის მონასტრის სატრაპეზო // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.63

XI- XII სს. მიჯნაზეა აგებული აგარის მონასტრის სატრაპეზო (ახალციხის რაიონი, ურავლის ხეობა) - გრძელი, სწორკუთხა კამაროვანი დარბაზი, რომელსაც გვერდით დამატებითი დამხმარე სადგომი აქვს - ასევე ვიწრო გრძელი ოთახი. გარედან შენობა თლილი ქვითაა   მოპირკეთებული და ერთნავიან ეკლესიას მოგვაგონებს.

 

აგარის მონასტრის „ტრაპეზი“// ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 166

ეს დიდი, დღემდის სათანადოდ შეუსწავლელი, სამონასტრო კომპლექსი ახალციხის რაიონშია, მტკვრის ერთ-ერთი შენაკადის - ურავლის - ხეობაში, სოფ.ურავლიდან რამდენიმე კმ. დაშორებით, სრულიად განმარტოებულ ადგილას (ახლა თურქეთის საზღვართანაა). ყველაზე  მნიშვნელოვანი აქაურ ძეგლთა შორის დიდი, მშვენივრად ნაშენი, ერთნავიანი ეკლესიაა, ალბათ X ან XI ს-ისა. არის ბევრი სხვა შენობაც - სამლოცველოები, სენაკები და სხვ... სატრაპეზო, რომელიც დიდი ეკლესიის გვერდითაა, კარგადაა დაცული. მისი შესასვლელის თავზე ასომთავრული წარწერაა: "სახელითა ღმრთისაითა და მეოხებითა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისაითა, ერისთავთ ერისთავთა ბეშქენ და მურვანის მლოცველმან, მე ეფრემ ხელვყავ შენებად ტრაპეზსა ამას და გამიკუეთეს აღაპი საუკუნოი საბობაი და ვინცა შემიცვალოს კრულმცა არს ღმრთისა პირითა". საინტერესოა, რომ სატრაპეზოსათვის (ბერების სასადილოსთვის) ნახმარია ტერმინი "ტრაპეზი". ბეშქენი და მერვანი იმ კუთხის მფლობელთა ჯაყელთა გვარს ეკუთვნოდნენ და XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდნენ. სატრაპეზოს ზომები: გარედან სიგრძე (შუა ღერძზეა) დაახლ. – 17,5 მ., სიგანე - 12 მ., მთავარი დარბაზის  შიდა ზომები: დაახლ. 16,5X6 მ (ე.ი. 100 კვ. მეტრამდე), სიმაღლე - დაახლ. 7 მ-მდე.

1. ვ. ბერიძე. აგარის მონასტრის ტრაპეზი: სსრკ მეცნ. აკად. მოამბე, VIII, № 1-2, თბ., 1947, გვ. 97-104