topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

წილკანი - აღწერა, ისტორია,მდებარეობა

< უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

მდებარეობა:

წილკანი ისტორიული სოფელია, რომელიც მდებარეობს მუხრანის ვაკეზე, მდინარე ნარეკვავის მარცხენა მხარეს.

ისტორია:

სოფელი დასახლებულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან. სოფლის შემდგომ დაწინაურებაში დიდი როლი ითამაშა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. აქ იყრიდა თავს ქართლ-კახეთისა (ბარის) და ერწოს (მთის) გზები (ერწოს გზას "წილკნის კარი" ეწოდებოდა).

VI ს-ში წილკანში მოღვაწეობდა ისე წილკნელი, ერთ-ერთი 12 ასურელი მამათაგანი. ტრადიცია მას მიაწერს წილკნის სარწყავი არხის "წილკნის რუს" მშენებლობას. (?) მთიანეთში ქრისტიანობის გავრცელების დროს შეიქმნა წილკნი საეპისკოპოსო. წილკნელის სამწყსოში შედიოდა მუხრანის ქვეყანა, ბაზალეთი, მთიულეთ-გუდამაყარი და ხევი. საეპისკოპოსო გვიანდ. შუა საუკუნეებშიც არ მოშლილა. VIII-IX სს. წ. ხან ქართლის, ხან კახეთის შემადგენლობაშია. მის მითვისებას ცდილობდნენ ზედაზენ-მუხრანის ერისთავები ძაგანისძეები. XI ს-ში ერისთავის ძმამ მოდესტომ წილკნის საეპისკოპოსოს ყმა-მამული მიიტაცა. დავით აღმაშენებელმა მოტაცებული მიწები კვლავ საეპისკოპოსოს დაუბრუნა. XI ს-ის 60-იან წლებში ბაგრატ IV-მ წილკანთან დაამარცხა და გააქცია განძის ამირა ფადლონი. XVII-XVIII სს. წ. თურქთა, ყიზილბაშთა და განსაკუთრებით ლეკთა თარეშებმა დიდად დააზარალა. წილკანში ქრისტიანული ეკლესია ქართლში ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში აუგიათ. ქართული ისტორიული წყაროებით: მეფემ "ბაკურ დაიწყო წილკნისა ეკლესიასა და განიშორა ოცდამეათხუთმეტესა წელსა". ლეონტი მროველი წილკნის ეკლესიის აგებას მირიანის ძეს ბაქარ მეფეს მიაწერს. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით: "არს ეკლესია წილკანს ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და შვენიერი. აღაშენა კე (25-ე) მეფემან ბაქარ, ზის ეპოსკოპოზი, მწყემსი მუხრანისა, ორივე არაგვისა და ბაზალეთისა". მალე წილკნის ტაძარი საეპისკოპოსო კათედრალად იქცა. 506 წ. საეკლესიო კრებას, სხვა ქართველ მღვდელმთაერებთან ერთად, წილკნელი ეპისკოპოსიც დასწრებია. V ს. ბოლოს თუ V-VI სს. მიჯნაზე წილკანში დიდი სამნავიანი ბაზილიკა აუგიათ. VI ს. II ნახ-ში წილკნის ეპარქიას იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე და თანამოღვაწე ისე წილკნელი განაგებდა. გადმოცემით ისე წილკნელი ტაძარშია დასაფლავებული (მისი საფლავის ქვა გუმბათქვეშა ჩრდ.აღმ-ის ბოძთან დევს). წილკნის ტაძარი და მისი სამწყსო საკმაოდ მდიდარი და ძლიერი იყო. ქართველ მღვდელმთავართა შორის წილკნელს მე-19 ადგილი ეჭირა. კათედრალს დიდ დახმარებას უწევდნენ ქართის მეფეები და დიდგვარიანი ფეოდალები. წილკნის ტაძარი მნიშვნელოვანი ლიტერატურულ-მწიგნობრული კერაც იყო. XIX ს-ის დასაწყისში წილკნის საეპისკოპოსო გაუქმდა. ტაძარი არაერთხელ არის აღდგენილი და შეკეთებული. განვით. ფეოდალურ ხანაში დანგრეული ბაზილიკა გუმბათიან ეკლესიად გადუკეთებიათ. საფუძვლიანად შეაკეთეს იგი XVI-XVII სს-შიც. XIX ს-ის II ნახ-ში ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები (ხელმძღვ. ფ.რიპარდი). 1967-68წწ. აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნ.-სარესტ. საწ. სახელოსნომ (კონსულტანტი გ. ჩუბინაშვილი, ხელმძღვ. ნ.ჩუბინაშვილი).

არქიტექტურული აღწერა:

წილკნის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი არის არქიტექტურული მონუმენტური ხელოვნების ისტორიული არქეოლოგიური ძეგლი. დგას სოფლის ცენტრში. კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია და ციხე-გალავანი.

ტაძარი სხვადასხვა დროის სამ ნაგებობას აერთიანებს. დარბაზულ ეკლესიას (IV ს. დასასრული-V ს.-ის I ნახ.), სამნავიან ბაზილიკას V-VI სს. მიჯნა) და გუმბათოვან ტაძარს (განვით. ფეოდ. ხანა). ღვთისმშობლის ტაძარი ცენტრ.-გუმბათოვანი ნაგებობაა 28x24 მ). ნაშენია ქვიშაქვის თლილი კვადრებით. ინტერიერის და ნაწილობრივ დარბაზული ეკლესიის სამხრეთ ფასადის კედლების წყობაში გამოყენებულია რიყის ქვა, აგური და ორნამენტიანი კვადრები, რომლებიც მოგვიანებით, გადაკეთებისა და შეკეთების დროსაა ჩასმული. ტაძარს სამხრეთითა და დასავლეთით კარიბჭეები ეკვრის. მესამე შესასვლელი ჩრდილოეთითაა (კარი ამოქოლილი იყო: ბოლო შეკეთების დროს გახსნეს). აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია. გუმბათის ყელი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. გუმბათში 12 სარკმელია. გარდა ამისა, ინტერიერს კიდევ 10 სარკმელი აშუქებს. ორი აღმოსავლეთითაა - აფსიდში და სამხრთის ნავში, ერთი დასავლეთ კედელშია, სამ-სამი ჩრდილოეთისა და ოთხი სამხრეთის კედლებში. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ და მის ორივე მხარეს საკმაოდ მაღალი ნიშებია. აფსიდის კუთხეებთან ღრმად შეწეულ პილასტრებს ორნამენტით მორთული სატრიუმფო თაღი და გუმბათქვეშა ბოძებისაკენ გადაყვანილო თაღები ეყრდნობა. ჩრდ-ისა და სამხრ-ის ვიწრო ნავებს აღმ-ით სწორი კედლები აქვს. დასალეთის აგურისთაღიან გასასვლელთან ბაზილიკისდროინდელი სამიარუსიანი და ორნამენტიანი პილასტრებია. დასავლეთის კარიბჭესა და   დარბაზს შორის მცირე სწორკუთხა სათავსია. ამ სათავსიდან კარიბჭეში გასასვლელი თაღოვანია: თაღი ღრმად შეწეულ პილასტრებს ეყრდნობა. დასის მხარეს იატაკის დონე ბევრად მაღალია, ვიდრე კარიბჭესა და დარბაზში, ამიტომაც კარიბჭის წინ ჩასასვლელი ქვის კიბეა. სამხრეთის კარიბჭე მართკუთხაა. მის დას. ნაწილში, ტაძრის კარის პირდაპირ, განიერი თაღოვანი შესასვლელია. კარიბჭეს აღმ-ით ეკვრის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, რომელიც კარით უკავშირდება როგორც კარიბჭეს (დასავლეთით), ისე ტაძრის სამხრ. ნავს (ჩრდილოეთით). დარბაზულ ეკლესიას აღმით ნახევარწრიული აფსიდი აქვს, აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მცირე ნიშია. დარბაზის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლების პილასტრებს ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი და კედლის თაღები ეყრდნობა. სამხრეთ კედლის თაღის წინაპირზე შემორჩენილია გრაფიკულად ამოკვეთილი ორნამენტი. სამხრეთის კედლის თაღებში სარკმლებია გაჭრილო. ტაძარში გასასვლელი კარი გადახურულია მოზრდილი არქიტრავით, რ-ის შუა არეში, წრეში ამოკვეთილია აჟურული ჯვარი.

ტაძრის ჯვრის მოყვანილობის მკლავებშორისი ნაწილები თავიდან ბოლომდე გახსნილია (ე.ი. მეორე სართულის დონეზე რაიმე სათავსოს ნაკვალევი არა ჩანს). გუმბათქვეშა თაღების ხაზი ოდნავ შეისრული და მრუდია. ინტერიერში სატრიუმფო თაღი, გუმბათქვეშა ბოძებისა და პილასტრების ყოველი იარუსის კაპიტელები მორთულია სხვადასხვა დროის ორნამენტებით. გარდა ამისა, ორნამენტიანი კვადრები და ფრაგმენტები გამოყენებულია გუმბათქვეშა ბოძების და კედლების წყობაში საშენ მასალად. XVI-XVIII სს-ის (ა) მოხატულობა შემორჩენილია მხოლოდ გუმბათში: ცენტრში, ორმაგ წრეში გამოსახულია ქრისტე, რომელიც მარჯვ. ხელით აკურთხებს, ბოლო მარცხენაში გადაშლილი სახარება უჭირავს. ორმაგ წრეში ასომთ. წარწერაა: "იხილე და შეიყვარე შვენიერება სოფლისა შენისა და ადგილი ქ უფალო გარდმოიხედე ზეცითი". ცენტრ. წრის გარშემო ოთხ ნახევარწრეში მოგვიანო ხანაში გადაწერილი მახარებელთა სიმბოლოებია: მახარებელთა შორის ექვსფრთედებია. შემდეგ რეგისტრში, გუმბათის ყელის ზედა ნაწილში, გამოსახულია ანგელოზებით გარშემორტყმული კიბორიუმი. მხატვრობა შესრულებულია ბაცი შინდისფერი, მოწითალო, ყვითელი და ლურჯი ფერებით. გამოსახულებანი პატარა ზომისაა, ნახატი - უხეში. კარგად გათლილი კვადრებით მოპირკეთებული ფასადები საერთო კომპოზიციითაც და გაფორმებითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. აღმ-ის ფასადის სიბრტყიდან ტაძრის საკურთხევლის სამწხნაგა და დარბაზული ეკლესიის აფსიდები მკვეთრადაა გამოწეული. აფსიდები გადახურულია ორფერდა სახურავით. ტაძრის აღმოსავლეთ მკლავის სარკმლის (საკურთხევლის ზემოთ) ჩუქურთმიანი საპირე გვიანდელია.

სამხრეთის ფასადი, რომელიც მისასვლელი გზის მხარესაა, მეტადაა მორთული. ტაძრის სამხრ-ის მკლავისა და აღმოსავლეთ კედლის ნახევარს ეფარება კარიბჭე და დარბაზული ეკლესია, რ-ებიც ერთიანი ცალფერდა სახურავითაა გადახურული. გუმბათიანი ტაძრის მშენებელს მთლიანად გამოუყენებია ბაზილიკის სამხრეთ კედლის გადარჩენილი ნაწილი (იგი მკვეთრად გამოიყოფა როგორც წყობით, ისე გაფორმებით). სამხრეთ მკლავის შუა მონაკვეთში ჩანს სიბრტყიდან მძლავრად ამოწეული პილასტრი, რომელსაც პროფილირებული განიერი სარტყელი აქვს. პილასტრი ეშვება კარიბჭეში მოქცეულ კედლის ძირამდე და იქ სამსაფეხურიან ცოკოლს ეყრდნობა. ფასადზე, პილასტრის ორივე მხარეს თაღოვანი სარკმლებია, რომლებსაც ორნამენტიანი სათაური აქვთ. სამხრ-ის მკლავის შუა ზედა არეში პროფილირებულსაპირიანი და სათაურიანი მაღალი სარკმელია გაჭრილი, ფასადის სამხრ.-დას. მონაკვეთში მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელი და სრულოად სადა კარიბჭის მაღალი, განიერი შესასვლელი დასრულებულია ორსაფეხურიანი თაღით. დარბაზულ ეკლესიას ამ მხარეს ორი მაღალი, სრულიად სადა თაღოვანი სარკმელი აქვს, კარიბჭის დასავლეთით, ფასადზე კედლის თაღოვანი არეა შექმნილი. სამხრ. კარიბჭის სახურავი ნაწილობრივ ფარავს ბაზილიკის დროინდელი ორი სარკმლის ქვედა მონაკვეთს. კარიბჭის შიგნით, პილასტრის მარჯვნივ, სწორკუთხა შეღრმავებაა. აქ პილასტრის წინაპირი მორთულია ფართო რომბისებრი ორნამენტული მოტივებით.

დასავლეთ ფასადზე ტაძარს კარიბჭე და სათავსო აქვს მიშენებული. ისინი ორფერდა სახურავითაა გადახურული. დასავლეთ მკლავის შუა ზედა არეში მაღალი სარკმელია, კარიბჭის შესასვლელი მართკუთხაა. ჩრდილოეთ ფასადის დასავლეთ მონაკვეთში მცირე ზომის თაღოვანი შესასვლელია. მკლავის შუა ზედა არეში მაღალი სარკმელია, ქვემოთ ორნამენტიანი საძირეებით მორთულო სამი სარკმელი. ამ ფასადის ჩრდილოეთით შემორჩენილია ფასადის პარალელური ძველი კედლის ნაწილი. ჩრდილოეთ ფასადს მთელ სიგრძეზე გასდევს სამსაფეხურიანი ცოკოლი. ტაძრის გუმბათის ყელი თორმეტწახნაგაა. სარკმლებს სადა, კედლის სიბრტყეში ჩაწეული საპირეები აქვს. გუმბათის ყელს საფუძველთან და სარკმლებს ზემოთ ორ-ორი ლილვი შემოუყვება. ტაძრის მკლავები ფრონტონებითაა დასრულებული. ფასადებს მარტივპროფილიანი სადა ლავგარდანი გასდევს. წილკნის ტაძრის ინტერიერისა და ფასადების ორნამენტები მეტისმეტად განსხვავებულია, რადგან ყოველი გადაკეთებისა და აღდგენის დროს ტაძარს დროის შესაფერისი ჩუქურთმებით ამკობდნენ. დღეს ტაძარზე შემორჩენილია როგორც ადრეულო ხანის (IV-VI სს.), ისე განვით. და გვიანდ. ფეოდ. ხანის ორნამენტით მორთული ნაწილები და ცალკეული ფრაგმენტები. ყოველი მომდევნო გადაკეთებისას მშენებლები ცდილობდნენ ორგანულად შეეთანხმებინათ ერთმანეთისათვის უკვე არსებულ ნაგებობათა მთელი კომპოზიციები ან გადარჩენილი ცალკეული ნაწილები. ასე იქნა ჩართული დარბაზული ეკლესია ბაზილიკაში (იგი ალბათ ცალკე ეგვტერის ან სამლოცველოს ფუნქციას ასრულებდა), ბოლო ორივე ახლად აგებული კარიბჭეებითურთ - გუმბათოვანი ტაძრის არქიტექტურაში. ამასთან, წინა დროის ნაგებობათა ზოგიერთი ნაწილი უცვლელად არის დატოვებული მთელი თავისი გაფორმებით (დარბაზული ეკლესია: ბაზილიკის საკურთხეველი სატრიუმფო თაღითა და პილასტრებით, დასავლეთის პილასტრები, სამხრ. კედელი)- პროფილირებული და ორნამენტიანო ქვები გამოყენებულია ახალი ნაგებობის მოსართავად ანდა საშენ მასალად. ტაძრის მორთულობიდან განსაკუთრებით საინტერესოა ბაზილიკოსდროინდელო ორნამენტები, რომელთა შორის გვხვდება სრულიად უნიკალური და თავისებური მოტივები. ამ ორნამენტებს ბევრი რამ საერთო აქვთ სასანური ხელოვნების ტრადიციებთან, მაგრამ აშკარად ქართ. ნიადაგზეა გააზრებული და შესრულებული. წილკნის ტაძარი უაღრესად საინტერესო ძეგლია, რომელსაც ნათლად ატყვია ქართ. ხუროთმოძღვრების მიერ განვლილი სხვადასხვა ეტაპის დამახასიათებელი ნიშნები.

(ბ) გალავანი (58x72 მ), რომელიიც შემოვლებული აქვს ღვთისმშობლის ტაძარს,

გეგმარების, არქიტ. ფორმებისა და ელემენტების მიხედვით აგებული უნდა იყოს XVIII ს-ის II ნახევარში. ამ გალავნის გარეთ, ჩრდილოეთით და დასავლეთით, შემორჩენილია უფრო ძველი გალავნის ნაშთები. გალავნის კედლები ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. წყობაში ზოგან ჩართულია აგური და ტაძრის ორნამენტიანი ქვები. კედლები კირქვის ხსნარით ყოფილა მობათქაშებული. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მას აგურის თაღი აქვს. 1967-68 წწ. აღადგინეს შესასვლელი, გალავნის ჩრდილოეთ კედლის უმეტესი ნაწილი, კედლების ზემოთა მონაკვეთები და ქონგურები კოშკებზე. გალავნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები ორიარუსიანია. ცალმაგი, ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით დაშორებული სათოფურები მხოლოდ აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლებშია შემორჩენილი. სამხრეთის კედელში შემორჩენილია აგრეთვე  საბრძოლო ბილიკის ხის კოჭების ჩასამაგრებელო ფოსოები. გალავნის ყოველ კუთხეში გეგმით წრიული თითო კოშკი დგას. სამხრეთ-დასავლეთის კოშკი სამსართულიანი ყოფილა, დანარჩენები ორსართულიანი. კოშკებში შესასვლელები ეზოს მხრიდანაა. ყოველ სართულზეა ნიშები, სათოფურები და ბუხარი. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკს გალავნის შესასვლელისაკენ მიმართული საზარბაზნეც აქვს. ამ კოშკის შესასვლელზე XIX ს-ში აგურის ექვსმალიანი სამრეკლოს ფანჩატური დაუშენებიათ. ჩრდილო-დასავლეთის კოშკზე შემორჩენილია სალოდეებიც. ტაძრის ეზოში ი.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა.ბოხოჩაძე) გათხარა კერამიკული ფილებით შედგენილი გვიანდელი ანტიკური ხანის სამარხი.