topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ვარძია - ი. ციციშვილი

< უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<საქართველოს ციხე-ქალაქები>>>

 

განვითარებული ფეოდალიზმი: ვარძია //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995 - გვ. 102-104.

კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ვარძია მდებარეობს ასპინძისაგან 25 კილომეტრის დაშორებით, მტკვრის მარცხენა ნაპირას. ვარძიის მშენებლობა დაკავშირებულია მეფე გიორგი III (1156 – 1184 წლები) და თამარ მეფის სახელებთან, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ გამოქვაბულები აქ გაცილებით ადრეც უნდა ყოფილიყო. გამოქვაბულები, რომელთა რიცხვი 600 - ს აღემატება, გაშლილია 900 მეტრის მანძილზე და განლაგებული არიან რამდენიმე იარუსად, ზოგჯერ შვიდამდე. ქვაბულები დაჯგუფებულია კომპლექსებად, რომლებიც შედგება გადასასვლელებით დაკავშირებული ოთახებისაგან. გამოქვაბულთა უმეტეს ნაწილს აქვს კამაროვანი ჭერი, რაც ხელს უწყობს თანაბარ დატვირთვას. ანსამბლში აღსანიშნავია მთავარი ტაძარი, რომელიც გამოიყოფა თავისი თაღებით. შესასვლელი დასავლეთის მხრიდან ავლენს შიგა სივრცის ხალვათობას, თავისუფლებას. დიდი დარბაზი კამაროვანი გადახურვით, დანაწევრებულია პილასტრებით და კედლის სვეტების ორი წყვილით. ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთის თაღის ქვეშ გამოსახულნი არიან თამარ მეფე და მისი მამა გიორგი III ვედრების პოზაში. ეს ფერწერა შესრულებულია 1184 და 1186 წლებს შორის. ეკლესიის გარდა არის სამრეკლო, რომელიც თავის დროზე მონასტრის საზეიმო შესასვლელის როლს ასრულებდა, სატრაპეზო, მარანი, სათათბირო დარბაზი, მრავალრიცხოვანი სენაკები, სამეურნეო და დამხმარე ოთახები. საცხოვრებელი ოთახი, ჩვეულებრივად, წარმოადგენს კამაროვან ქვაბულს, დაკავშირებულს მის წინ მდებარე დერეფანთან. შესასვლელის ორივე მხარეს გამოკვეთილია სარკმელები. დერეფანი აკავშირებდა მეზობელ საცხოვრებელ ჯგუფებს. ზოგიერთ საცხოვრებელ ოთახს ახლავს მცირე საკუჭნაო. ამას გარდა, კედლებში გამოკვეთილია სხვადასხვა ზომის ნიშები, იატაკში კი კერა. სამეურნეო სათავსოებში გამოკვეთილია ბუდეები ღვინის ქვევრებისათვის და პურის საცხობ თონეებისათვის. საცხოვრებელი და განსაკუთრებით საზეიმო ოთახები დამუშავებულია გულდასმით. მათ აქვთ გლუვი ზედაპირი და ზოგჯერ მორთულობის ელემენტებიც პროფილების სახით. სამეურნეო ქვაბულები გამოკვეთილია გაცილებით დაუდევრად. მონასტერი იყო მომარაგებული წყლით საგანგებოდ გაყვანილი წყალსადენით. ამას გარდა ეკლესიასთან იყო წყაროც. ვარძიის მდებარეობა, ქვაბულების დაკავშირება ვიწრო დერეფნებით - და ფარული გასასვლელებით, წყალსადენის სისტემა და სასაწყობო სათავსოები გვიჩვენებენ, რომ ვარძია იყო მომზადებული როგორც თავშესაფარი მტერთან ხანგრძლივი ბრძოლებისა და ალყის შემორტყმის შემთხვევისათვის. ვარძია იყო თამარ მეფის რეზიდენცია და ამიტომ მის მიერ მორთული და დასაჩუქრებული. 1552 წელს მონასტერი გაძარცვა ირანის შაჰმა თამაზმა. საქართველოს მუდამ უხდებოდა თავდაცვა სხვადასხვა მხრიდან მოძალებული მტერისაგან. ეს გარემოება იძულებულს ხდიდა ქვეყნის მესვეურებს გამუდმებით ეზრუნათ საკუთარი ტერიტორიის თავდაცვაზე.