topmenu

 

ზარზმა - ი. ციციშვილი
There are no translations available.

< უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე..<<< ეკლესია-მონასტრები>>>

განვითარებული ფეოდალიზმი: ზარზმა //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995 - გვ. 100-101, 134-135

ქვეყნის შედარებით მოშორებულ პროვინციებში, განსაკუთრებით ავტონომიურ სამთავროდ გამოყოფილ სამცხეში, შესაძლებელი ხდება არა მარტო ძლიერი მიწისძვრის (XIII ს. დასასრულს) დროს დანგრეული შენობების აღდგენა, არამედ ისეთი მსხვილი ანსამბლების აშენება, როგორიცაა საფარისა და ზარზმის მონასტრები. სამცხის ამავე პერიოდის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს ზარზმის ტაძარი ადიგენის რაიონში. დიდი გუმბათოვანი ტაძარი გეგმაში უახლოვდება კვადრატს. გუმბათი აქაც ორ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. საფარაში გამოვლენილი ტენდენციები შიდა სივრცისა და ფასადების დამუშავების მხრივ, აქ შემდგომ განვითარებას ჰპოვებს. შიდა სივრცე აქაც მშვიდია და საკმაოდ ჩაბნელებული. ნაცრისფერი და მოწითალო კვადრებით შემოსილი კედლები ქმნიან დიდ თავისუფალ არეებს. მორთულობის ჩვეული ხერხების ნაცვლად ნახმარია მხოლოდ დიდი პროფილირებული ჯვარი, დაკავშირებული საკუროხევლის სარკმლის საპირესთან. მორთულობის ელემენტებს აქაც სიმშრალე და გეომეტრიზმი ახასიათებს, მაგრამ ყველა ამ ნიშნის გამახვილების შედეგად ტაძრის მხატვრული სახე უფრო მთლიან შთაბეჭდილებას ტოვებს. ტაძრის გვერდზე აგებულია ამავე დროისა და ხასიათის სამრეკლო. ამგვარად, XIII და XIV საუკუნეთა მიჯნაზე შეიმჩნევა გარკვეული ცვლილებები წინა ეტაპთან შედარებით. იცვლება საერთო პროპორციები, მცირდება დინამიკა და ცხოველხატულობა. ფასადებიც ნაკლებად ირთვება და მორთულობაში ჩნდება ახალი ხერხი - კედელში შეჭრილი, ჩაზნექილი პროფილები. ჩუქურთმოვან მოტივებში შეიმჩნევა სიმშრალე და ჭკნობა. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ უცხოელთა ბატონობის მძიმე პერიოდშიც ქართული ხუროთმოძღვრება განაგრძობს განვითარებას და ინარჩუნებს თავის ეროვნულ სახეს. ზარზმის ფერწერა (XIII -XIV სს. მიჯნა) ჩვეულებრივად თავშეკავებული და მშვიდი ფერწერისაგან განსხვავდება ნაკვთების მკვეთრი მოძრაობით, დინამიკითა და ემოციურობით. ამის თვალსაჩინო სურათს წარმოადგენენ ისეთი სიუჟეტები, როგორც "ქრისტეს დაბადება", "ღვთისმშობლის დაბადება", "იუდას მთხვევა", „ღვთისმშობლის წყლით მხილება" და სხვ. დიდი ადგილი ეთმობა ზარზმის ტაძარში ქტიტორთა პორტრეტებს, რომელთა შორის ვხედავთ სამცხე-საათაბაგოს მფლობელებს: ბექა I, მის შვილებს სარგის II და ყვარყვარეს. ჯგუფის თავში ბექას მამა სარგის I - სამცხის პირველი მფლობელი.