topmenu

 

საფარა - ი. ციციშვილი

< უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია მონასტრები>>>

განვითარებული ფეოდალიზმი: საფარა //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.100, 112, 134

საფარის მონასტერი მდებარეობს ქალაქ ახალციხის მახლობლად. მრავალ ნაგებობათა შორის (აქ მარტო 12 ეკლესიაა) პირველყოვლისა გამოიყოფა წმ. საბას ტაძარი აგებული XIII საუკუნის ბოლოს ბექა მანდატურთუხუცესის დაკვეთით ხუროთმოძღვარ ფარეზაისძის მიერ. ტაძარი გეგმაში წარმოადგენს წაგრძელებულ ოთხკუთხედს გუმბათით ორი თავისუფლად მდგომი ბურჯითა და პატრონიკეებით დასავლეთის მკლავის გვერდებზე. ტაძარს აქეს სამი შესასვლელი, რომელთაგან დასავლეთისას ახლავს სამმალიანი კარიბჭე. ტაძრის შიგა სივრცე მშვიდია და გაწონასწორებული, მაგრამ სარკმელთა სიმცირის გამო ოდნავ ბნელი. ტაძრის გარეგან მასებში თავს იჩენს პროპორციულობის ახალი სისტემა - გუმბათის ყელი უფრო დაბალია, ვიდრე საუკუნის დასაწყისში და თვით შენობაც უფრო მასიურია და დამჯდარი. ფასადების კომპოზიცია არაა შეთანხმებული ერთმანეთთან და ირღვევა მხატვრული მთლიანობა. საყურადღებოა აღმოსავლეთის ფასადზე აფსიდის ნაწილის გამოყოფა სწორკუთხა შვერილის სახით. ტაძარი აგებულია მოწითალო ფერის მსხვილი და კარგად გათლილი ქვებით. შიშველი, დიდი სიბრტყეების მხატვრული მნიშვნელობაც ემყარება სწორედ კედლის სუფთა და ზუსტ წყობას. თუმცა მორთულობას მაინც ენიჭება გარკვეული როლი. ლავგარდნები არაა მოჩუქურთმებული, ნაკლებად ინტენსიურია გუმბათის ყელის მორთულობა, თვით ჩუქურთმებიც დაწვრილმანებულია და მშრალი. მიუხედავად ამისა, საფარა თავისი მკაცრი, მშვიდი ფორმებით უცილობლად, მხატვრული ნაწარმოებია. პლასტიკური ხერხების დაუფლება ვლინდება პოზებისა და მოძრაობების დიფერენციაციაში, ნაკვთების სხვადასხვა პლანზე მოთავსებაში, სახეების მოდელირებაში. მაგალითად საფარის კანკელის რელიეფზე ღვთისმშობლის ნაკვეთში „ხარებიდან“ ლირიკულობა და მოხდენილობა, სინაზე მიღწეულია მოქნილი კონტურისა და სამოსელის ნაოჭების რითმული დინების წყალობით. როგორც ვხედავთ XI საუკუნისათვის ფასადური რელიეფური ქანდაკება აყვავების პროცესშია. მაგრამ ამავე XI საუკუნეში ქანდაკების განვითარება შეწყვეტილია (საფიქრებელია ეკლესიის უარყოფითი დამოკიდებულების გამო ადამიანის ნაკვთების გამოსახვისადმი). ქანდაკება არსებითად ისპობა. მართალია შემდგომშიც გვხვდება ეკლესიის ფასადებზე ნაკვთიანი გამოსახულებები, მაგრამ მათ უმნიშვნელო როლი ეკისრებათ და მხოლოდ ორნამენტულ მორთულობაში არიან  ჩართულნი (ფიტარეთი. წუღრუღაშენი). ქართული მონუმენტური ფერწერის ცალკე ჯგუფად წარმოგვიდგება სამცხე - საათაბაგოს ძეგლები - საფარა, ზარზმა, ჭულე. საფარის მონასტრის მთავარი ტაძრის მოხატულობა (XIII ს. 80-იანი წლები) რთული და მრავალფეროვანია. კედლის მხატვრობის ერთი ნაწილისათვის დამახასიათებელია ფაქიზი, დახვეწილი ფერწერა, რომელიც ენათესავება წინა პერიოდის (ბეთანია, ვარძია) ფერწერას. ასეთ ფრესკებს მიეკუთვნება დასავლეთის კედლის მოხატულობა და ქტიტორთა პორტრეტები. ფრესკების მეორე ჯგუფისათვის დამახასიათებელია სიბრტყითობა, ფუნჯის ფართო მონასმი, წაგრძელებული სახეები შეწითლებული ლოყებით, ათინათების გარეშე. ასეა შესრულებული საკურთხევლის აფსიდისა და გუმბათის ფერწერა და წმინდა მხედრების ნაკვთები. ასევე შესამჩნევია ადამიანთა სულიერი მდგომარეობის ფაქიზი გადმოცემა. ამის მაგალითია თუნდაც ჯვარცმის კომპოზიციის ნაკვთები. სამხრეთის კედელზე გამოსახულია ქტიტორები: სარგის I (ათაბაგი საბა) ეკლესიის მოდელით ხელში, ბექა I მანდატურთუხუცესი, სარგის II სამცხის სპასალარი და ყვარყვარე.