<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
განვითარებული ფეოდალიზმი: სამთავროს ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბილისი, 1995. - გვ. 94-95.
ინდივიდუალური თვისებებით ხასიათდება XI საუკუნის პირველი ნახევრის კიდევ ძეგლი - სამთავროს ტაძარი მცხეთაში. ტაძრის გეგმა არ განსხვავდება ამ პერიოდის სხვა ძეგლებისაგან. გუმბათი ეყრდნობა ორ თავისუფლად მდგომ ბურჯსა და საკურთხევლის აფსიდის კედლების შვერილებს. უხვად განათებული, მაღალი თავისუფალი შიგა სივრცე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. აღმოსავლეთის ფასადზე წარმოდგენილია უწყვეტი თაღედის ტრადიციული სქემა. სამაგიეროდ მოულოდნელია სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადების გაფორმება. სამხრეთის ფასადზე ჯვრის მკლავის ცენტრში მოთავსებული ორმაგი სარკმელი მოჩარჩოებულია დიდი თაღით. თავისუფალი არე სარკმლებსა და თაღის ლილვს შორის შევსებულია დიდი მოჩუქურთმებული ვარდულითა და ორი, სოლისებრი მცირე ვარდულით. მთავარი თაღის ორსავე მხარეს უფრო დაბალი და ვიწრო თაღების არეები დანაწევრებულია ვიწრო ნიშებით. მთელი ეს კომპოზიცია აგებულია რბილი, მზის განათებაზე გათვალისწინებულ ფორმებში და შუქ-ჩრდილის უნაზეს ნიუანსებზე. ჩრდილოეთის ფასადის სათანადო არე იძლევა სრულიად სხვა გადაწყვეტის ნიმუშს. აქ ხუროთმოძღვარი ნაცვლად შუქ-ჩრდილის ეფექტისა ხმარობს ხაზების მოძრაობის ეფექტს. ორმაგი სარკმელი აქაც მოთავსებულია თაღოვან ჩარჩოში, მოჩარჩოების ლილვი სწრაფად ეშვება ქვემოთ და შემდეგ მახვილი კუთხით გადადის გვერდით რკალში, რის შემდეგ მშვიდად ამთავრებს ნახატს. სამთავროს ტაძრის ამ კომპოზიციათა განხილვა გვიჩვენებს ამ ეპოქის ქართველი ხუროთმოძღვრების შემოქმედებით უნარს.
|