topmenu

 

სამთავისი - ი.ციციშვილი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია-მონასტრები>>>

განვითარებული ფეოდალიზმი: სამთავისის ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995 .- გვ.93 - 94.

XI საუკუნეში დიდებულ ტაძრებთან ერთად იგება შედარებით მცირე შენობებიც, რომელთა ხუროთმოძღვართა წინაშე აღარ იდგა ახალი სივრცითი ფორმების გადაწყვეტის ამოცანა. მათ ჩვეული გამომუშავებული ფორმების გამოყენებისას ძირითადი ყურადღება მიაქციეს შენობის გარეგან გაფორმებასა და მორთულობას. ასეთ შენობათა ნიმუშს წარმოადგენს სამთავისის ტაძარი აგებული 1030 წელს. ტაძრის გეგმა გამარტივებულია და დამოკლებული. წესიერი სწორკუთხედი გრძივი ღერძის მიმართულებით გაყოფილია სამ თანაბარ ნაწილად. შუა ნაწილს შეადგენს ოთხი თავისუფლად მდგომი ბურჯი მათზე აღმართული გუმბათით. ტაძრის გარეგანი მასები ლაკონურია და მეტყველი. მაღალ, მოხდენილ გუმბათს ესაზღვრება ასევე მაღალი ორქანობიანი სახურავით დახურული მკლავები. სწორკუთხედის კუთხეები დადაბლებულია და ერთქანობიანი სახურავებით გამოჰყოფენ შენობის ძირითად ღერძს. ფასადები გაერთიანებულია დეკორატიული თაღების საერო მოტივით. თუ ეს თაღები ადრე არქიტექტონიკური იყო, ახლა თაღების სისტემა დეკორატიულ სახეს ღებულობს. ნახევარსვეტები დავიწროვდა და ლილვებად იქცა. აღმოსავლეთის ფასადზე საკურთხევლის მდიდრულად მოჩუქურთმებული სარკმლის ზემოთ მოთავსებულია დიდი ზომის ჯვარი, ხოლო სარკმლის ქვეშ, ასევე მოჩუქურთმებული ორი დეკორატიული რომბი. ყველა ეს ელემენტი დაკავშირებულია ლილვებით, რომლებიც უვლიან მათ ირგვლივ და ქმნიან ხვეულებსა და ჯვრებს. ამგვარად იქმნება ძლიერ პლასტიკური, დინამიური სურათი. აღმოსავლეთის ფასადის სამკუთხა ნიშებიც მდიდრულადაა გაფორმებული აჟურული, დაკიდული ფესტონებით, რომლებიც ძლიერ ეფექტურია დაჩრდილული ნიშების ფონზე კარ-სარკმლების საპირეები შემკულია განსაცვიფრებელი ოსტატობით შესრულებული ჩუქურთმებით. სამთავისის ტაძარი თავისი სრულყოფილი პროპორციებით, დეკორატიული ჩანაფიქრის ბრწყინვალე განხორციელებით წარმოადგენს ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უფაქიზეს ნაწარმოებს. მისი დახვეწილი კომპოზიცია გახდა სანიმუშო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.