topmenu

 

მუხურის წმ.გიორგი და დევი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება.....<<<ქართული მითოლოგია>>>

დევის ტბა

ერთხელ, როცა წმ.გიორგი ხორციელად მიწაზე ცხოვრობდა, იმერეთში მუხურას სტუმრობდა. იმ ადგილებში ბევრი დევი ცხოვრობდა. წმ.გიორგის დიაკვანი გაუფრთხილებია, მე სანადიროდ მივდივარ და კარი მანამ არ გაუღო არავის, სანამ ჭუჭრუტანაში ნეკს არ შემოაყოფინებო. დიაკვანიც ასე მოქცეულა და ეკლესიაში მოსული დევის ბანჯგვლიანი ნეკი რომ უნახავს, მისთვის კარი არ გაუღია და წმ.გიორგისთვის შეუძახია - მიშველეო. ამ დროს წმ.გიორგი ზღვაზე ბრძანდებოდა. დიაკვანის ხმა რომ მოესმა, დიდ ლოდს მოჰკიდა ხელი და დევს ესროლა. მაგრამ ძლიერად მოუვიდა, ლოდმა მუხურას გადაუფრინა და რაჭაში სოფელ ბარაკონთან დაეცა. როგორც ამბობენ, მე არ მინახავს, ის ლოდი დღესაც იქ გდია და წმ.გიორგის ნასროლს ეძახიანო.

წმ.გიორგი მაშინვე მუხურასკენ გაემართა, დევს შეება და დაამარცხა. მერე დიაკვანს უბრძანა, ჩემს ძალას გაძლევ და ეს დევი ხრამში გადააგდეო. დიაკვანს შეშინებია და უარი უთქვამს. მაშინ წმ.გიორგის დევისთვის წაღის წვერი ამოუკრავს და კლდიდან გადაუგდია, ზედ რომელიღაცა ხის მორებიც მიუყოლებია. სადაც დევი დავარდნილა იქ ტბა გაჩნდა. იმ ტბას დღესაც ჰქვია დევის ტბა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დღესაც იმ ტბაში ურთხელის სარებია ჩარჭობილი. რაც შეეხება მშიშარა დიაკვანს, ის წმ.გიორგის ასე დაუწყევლია: არც მოშენდე და არც გადაშენდეო. მის შთამომავლობას გვარში მხოლოდ ერთი კაცი ჰყავს.

დევის ტბა

ზაფხულობით, გვალვის დროს, ამ ტბაზე სოფლებიდან მიდიოდნენ "წყლის შესარხევად", ტბაში ქვას ჩააგდებდნენ, წყალს შეარხევდნენ და ღმერთს წვიმის მოსვლას სთხოვდნენ. სწამდათ, რომ ამ რიტუალის ჩატარების შემდეგ წვიმა მოვიდოდა. გადმოცემით ამბობენ, ტბიდან უკან, სოფლისაკენ წამოსულებს წვიმა გზაშივე წამოეწეოდათ ხოლმე. ამ ტბას იმერლების გარდა, რაჭის ახლომდებარე სოფლებიდანაც სტუმრობდნენ. გვალვის დროს ტბის წყალს წაიღებდნენ, ეკლესიაში მღვდელს ალოცვინებდნენ მასზე და მერე ყანებში მოასხურებდნენ, რომ წვიმა მოსულიყო.

სპეციალურად საუნჯესთვის - ნატო დავითაშვილი