topmenu

 

ნადირობის ფენომენოლოგია - კ. კაციტაძე

< უკან დაბრუნება.....<<< სამეცნიერო სტატიები მითოლოგიაზე>>>

ნადირობის ფენომენოლოგია

კახა კაციტაძე (წყარო: http://www.presa.ge/new/?m=military&AID=1210)

წარმოდგენილი ტექსტი არის საგაზეთო ვარიანტი ავტორის ახალი წიგნის "Homo Militaris"-სის იმ მონაკვეთებისა, რომლებიც არაულ კულტურებში ნადირობის არსს და ომთან ნადირობის მიმართებას ეხებიან. წიგნი ეძღვნება ომის აღქმის თემას არქაულ კულტურებში. როგორც ცნობილი ეს კულტურები არ ავლებენ მკვეთრ და არსებით ზღვარს ომსა და ნადირობას შორის. ამ კულტურების საფუძვლადმდებარე მიდგომიდან გამომდინარე, მონადირე მეომრის ერთგვარი წინაპარია, რასაც მითოსი იმით იაზრებს, რომ პირველმეომრის მშობლად პირველმონადირე გამოჰყავს. რაც შეეხება "ფენომენოლოგიას". ეს სიტყვა 18-ე საუკუნის მეორეხარისხოვანმა ფილოსოფოსმა ლამბერტმა შექმნა. ლამბერტის შემდეგ დიდი მოაზროვნეები: ჰეგელი, ჰუსერლი, ჰაიდეგერი, შელერი სხვადასხვაგვარად იაზრებდნენ ფენომენოლოგიის ცნება. ჩვენს ტექსტში ეს ცნება ისევეა გამოყენებული როგორც ჰეგელთან. მასთან ფენომენოლოგია არის მეცნიერება ცნოიბიერების გამოცდილების შესახებ; იმის შესახებ, თუ როგორ გარდაქმნის ცნობიერება თავის საგანს, როგორ გარდაქმნის ამ გარდაქმნის პროცესში საკუთარ თავსაც, დაბოლოს როგორ აჰყავთ გარდაქმნილი საგნებს თავიანთი ზემოქმედებით ცნობიერება თავისი განვითარების ახალ საფეხურზე. ამ საფეხურიდან ცნობიერება ხელახლა იწყებს საგნების გარდაქმნას და პროცესი ხელახლა იწყება, ოღონდ უკვე განვითარების თვისებრივად ახალ დონეზე. ეს ცხადია საგაზეთო და ძალიან გამარტივებული ინტერპრატაციაა. მაგრამ სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მკითხველმა ინტუიციურ დონეზე მაინც, გაიგოს რაზეა საუბარი. საუბარია იმაზე, როგორ გარდაქმნის თავისი მოქმედების ანუ ნადირობის პროცესში მონადირე სამყაროს, როგორ გარდაიქმნება ამგვარი გარდაქმნისას თავად მონადირე, როგორ უკუზემოქმედებას ახდენს მის მიერ გარდაქმნილი სამყარო თავად მონადირეზე და როგორ ახდენს ყოველივე ეს მონადირის მთავარ ტრანსფორმაციას – მის გარდაქმნას მეომრად. ნადირობის ფენომენოლოგიის ლოგიკას მონადირე აუცილებლობით მიჰყავს დაღუპვამდე. მაგრამ ეს არაა უბრალო სიკვდილი. ეს არსებითი ტრანსფორმაციაა, რომლის შედეგადაც გარდა-ცვლილი მონადირისგან მეომარი იბადება. ცხადია ამ ყველაფერში არსებით როლს თამაშობს ნადირობის ქალღვთაება: გასაოცრად ნაზიც და გასაოცრად სასტიკიც. პირველი მეომარი სწორედ ქალღთაებისა და პირველმონადირის ძეა. ის პირველ მეომრად იქცევა იმით, რომ თავის საქმედ ნადირობის უჩვეულო სახეს ირჩევს. ის ირჩევს ნადირობას არსებებზე, რომლებიც ამავდროულად თავად მასზე ნადირობენ. ამგვარი ურთიერთსასიკვდილო ნადირობა ისაა, რცც არქაული ომის დასაბამისეულ არსს შეადგენს. მივყვეთ პირველმონადირის ცობიერებას “იქ” და “მაშინ” ოდეს მეომარი ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული. დიდი მოზროვნე მირჩა ელიადე ერთგან აღნიშნავდა: "ადამიანი არის საბოლოო პროდუქტი გადაწყვეტილებისა, რომელიც მან “დასაბამისეულ ჟამს” მიიღო: დაეხოცა, რათა ეცოცხლა. მოკლედ გომინიდებმა იმით გაასწრეს თავის წინაპრებს, რომ ხორცისმჭამელები გახდნენ. პალეოლითის მცხოვრებნი თითქმის ორი მილიონი წლის განმავლობაში არსებობდნენ ნადირობით; ქალებისა და ბავშვების მიერ შეგროვებული ხილი, ფესვები, მოლუსკები და ა.შ. საკმარისი არ იყო, რათა გვარის გადარჩენა უზრუნველეყოთ. ნადირობას მოჰყვა შრომის დანაწილება კაცებსა და ქალებს შორის და ამით ხელი შეეწყო გაადამიანურებას: ველურ ცხოველებში და ცხოველთა სამყაროში ხომ ასეთი რამ არ არსებობს. ამასთან ველური ნადირის სისტემატურმა დევნამ და ხოცვამ შედეგად გამოიღო მონადირესა და მის მსხვერპლს შორის ურთიერთობების უნიკალური სისტემის ჩამოყალიბება... საბოლოო ჯამში ეს “მისტიკური სოლიდარობა” ნანადირებთან ავლენს ნათესაობას ადამიანურ საზოგადებასა და ცხოველთა სამყაროს შორის... ნადირობისას ნადირის მოკვლა, ან უფრო მოგვიანებით შინაური ცხოველის დაკვლა, ეკვივალენტურია "მსხვერპლშეწირვისა" სადაც მსხვერპლნი ურთიერთჩანაცვლებადი არიან”. ნადირობასა და ომს შორის არსებობს სიღრმისეული, არსობრივი და სიმბოლური კავშირი. ჯერ ერთი, ორივე  რისკთან არის დაკავშირებული. მეორე, ორივე შეიძლება ურთიერთბრძოლის ნაირსახეობად განვიხილოთ. მესამე, ორივეს სპეციალური იარაღი სჭირდება (თანაც თანამედროვე ეპოქისაგან განსხვავებით, ადრე ნადირობაშიც ისეთივე იარაღი გამოიყენებოდა, როგორიც ბრძოლისას). არქაულ ნადირობასაც და ომსაც რიტუალების მსგავსი სისტემა ჰქონდათ, მაგალითად, ორივესათვის დამახასიათებელი იყო ინიციაციის რთული რიტუალი. ორივეს ჰყავდა თავისი მფარველი ღვთაება და მისი ასისტენტები. არქაულ ეპოქაში, გარდა ზემოხსენებულისა, კავშირს ნადირობასა და ომს შორის ამძაფრებდა ის, რომ ორივე გარკვეულ მაგიურ ქმედებებსაც უკავშირდებოდა, უფრო ზუსტად, ასეთ ქმედებად განიხილებოდა. ზემოთ ჩამოთვლილი სრულიად საკმარისია იმის დასასაბუთებლად, რომ არქაული აზროვნება ომსა და ნადირობას ერთი ტიპის, ერთი რიგის მოვლენებად განიხილავდა. მტერთან შებრძოლება მტერზე ნადირობის იდენტურად გაიაზრებოდა. მეტიც, საერთოდ, ძალიან ძნელია იმის თქმა, რამდენად ნათლად მოიაზრებდა არქაული აზროვნება განსხვავებას ომსა და ნადირობას შორის. სამართლიანად აღნიშნავდა მკვლევარი, რომ  მონადირე ხალხები მთლიანობაში სამხედრო თანამეგობრობაა; მეტიც, ბევრი მათგანი ომში გართობას ხედავს და მას ბრავადად აქცევს. ამ ტომების რიტუალები და მითოსი, ჩვეულებრივ, ემყარება იდეას, რომ სიკვდილი საერთოდ არ არსებობს. თუ მოკლული ნადირის სისხლი ნიადაგის წიაღში აღწევს, მისი სასიცოცხლო დასაბამი დედა-მიწას უბრუნდება და შემდეგ ხელახლა იშვება. სხვაგვარად, ყოველ შემდგომ წელს ცხოველი კვლავ ისხამს დროებით სხეულს. ამიტომ ნადირნი ნებაყოფლობითი მსხვერპლნი არიან, რომლებიც სხეულს ადამიანს უძღვნიან, რადგან მშვენივრად ესმით, რომ მონადირენი ჩაატარებენ ყველა საჭირო რიტუალს, ცხოველის სასიცოცხლო ძალა რომ თავის თაურწყაროს დაუბრუნდეს. ასევე, სამხედრო შეტაკებების შემდეგაც, მიღებული იყო განსაკუთრებული რიტუალები, რომელთაც უნდა დაეშოშმინებინათ და სულეთს გაეგზავნათ დაღუპულ მეომართა აჩრდილები. ნებისმიერი ნადირობა გულისხმობს საზღვრის გარკვეულ გადალახვას, საზღვრისა, რომელიც ერთმანეთისაგან ჰყოფს ადამიანის მიერ ათვისებულ სივრცესა და უღრან, უსიერ ტყეს, რომელიც აწმყოში პირველქმნილი ქაოსის გამოვლინებას წარმოადგენს. ასეთი ტყე არასტრუქტურირებულია, ქაოსისებრ ბნელია და ყოველგვარ დანაწევრებას მოკლებულია. მონადირე, რომელიც ასეთ ტყეში ნადირობას იწყებს, ამ ქაოსს სტრუქტურირებულ სახეს აძლევს. ის მეტად აღარაა უღრანი და გაუვალი. იგი აღარ წარმოადგენს გადაულახავ საზღვარს. მონადირის მეშვეობით უსიერი ტყე ნაწილობრივ მაინც არის ათვისებული და ადამიანის საარსებო გარემოში ჩართული. ტყის ამგვარი სტრუქტურირებით და ათვისებით მონადირე იმეორებს დემიურგულ საქმეს, ის ქაოსს სახეს აძლევს, ითვისებს მას და დალაგებული სამყაროს, კოსმოსის სახეს ანიჭებს. ნადირობაში საგნისადმი ისეთივე მაგიური მიდგომა ჩანს, როგორიც ომისას. წარმატების მომტანი  იმდენად პირადი სიქველე არ არის, რამდენადაც ნადირობის მფარველ არსებათა კეთილგანწყობა, ოღონდ ამ არსებებმა მოტყუების შემთხვევაში შურისძიებაც სასტიკი იციან (ამ თემაზე ლაპარაკი ქვემოთ გვექნება). ნადირობა საიქიოს მოგზაურობის ერთ-ერთი ანალოგიცაა, გამომდინარე იქიდან, რომ ტყე, როგორც ასეთი, ისაა, რაც ადამიანის მიერ კულტივირებულ და ათვისებულ სივრცეს უპირისპირდება. ტყისა და საიქიოს კავშირი ენობრივ დონეზეც გამოიხატება. რა თემასთანაც არ უნდა იყოს დაკავშირებული მონადირის ხატი, მთავარი მაინც ის არის, რაც მის სპეციფიკურ არსებობას განსაზღვრავს, თავად ნადირობის აქტი — ნადირობა. ნადირობა არქაულ ეპოსში მონადირესთან დაკავშირებულ თემებს ისევე იკრებს თავის გარშემო, როგორც ბრძოლა — მეომართან დაკავშირებულ თემებს. ამასთანავე, როგორც არაერთგზის აღვნიშნეთ, ნადირობა საკვების უბრალო მოპოვებად კი არა, მაგიურ-რიტუალურ აქტად გაიაზრება. ამასთან დაკავშირებით ელიადე წერს: "თანამედროვე მონადირე ხალხები ცხოველებში ხედავენ თავიანთ მსგავს არსებებს, ოღონდ ზებუნებრივი ძალით დაჯილდოებულთ; მათ სწამთ, რომ ადამიანი შეიძლება გადაიქცეს ცხოველად და პირუკუ; დაბოლოს, ადამიანები ამყარებენ თავისებურ მისტიურ კავშირს ცხოველებთან (რასაც ნაგუალიზმი ეწოდება). თუ ვილაპარაკებთ მონადირე ხალხებში შემხვედრ ზებუნებრივ არსებებზე, ისინი ორი ტიპისანი არიან: ტერიომორფული (ცხოველისებრი) და ველურ ცხოველთა მეუფის ტიპის დამცველი სულები, რომლებიც ერთნაირად იცავენ მსხვერპლსაც და მონადირესაც... ამას გარდა,სამონადირეო ცივილიზაციებს ახასიათებს განსაკუთრებული რელიგური ქცევა. მაგალითად: ცხოველის მოკვლა ითვლებოდა რიტუალად, რომელიც გულისხმობდა, რომ ნადირთ მეუფე ზრუნავს იმაზე, რომ მონადირე მხოლოდ საკვებად კლავდეს და რომ ხორცი ტყუილად არ დაიკარგოს; ძვლებს, განსაკუთრებით თავის ქალას, განსაკუთრებული რიტუალური მნიშვნელობა ჰქონდა (ეს, შესაძლოა, განპირობებული იყო რწმენით, რომ მათში რჩება ცხოველის “სული” ან “სიცოცხლე” და რომ ცხოველთ მეუფე სწორედ მათ ძვლებს შეასხამს ახალ ხორცს). ამიტომ ცხოველთა თავის ქალები და მთავარი ძვლები ხის ტოტებზე გამოიკიდებოდა ან ამაღლებულ ადგილებზე იდგმებოდა". სვანეთსა და რაჭაში ელენე ვირსალაძის ჩაწერილი და კომპილირებული  გადმოცემები ნადირობის რიტუალურ მხარეს ასახავს (უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადმოცემებში სხვადასხვა ეპოქის პლასტები და დანაშრევებია შერწყმული). ერთ გადმოცემაში ვკითხულობთ: "მონადირე სანადიროდ წასვლის წინ დიდ სიწმინდეს იცავდა. ცუდ სიტყვას არ იტყოდა, არ დალევდა. სანადიროდ ღამე ან დილით მიდიოდა და ცდილობდა ხმა არავისთვის არ გაეცა გზაზე. შემხვედრსაც არ უნდა ეკითხა, სად მიხვალო. მხოლოდ გზა უნდა დაელოცა: გამარჯვებით იარეო. არც მონადირის ცოლი ეტყოდა ვისმეს, თუ სანადიროდ იყო მისი ქმარი წასული. არც თმას გაიშლიდა და დაივარცხნიდა მონადირის მოსვლამდე. საგზლად მონადირე დედის გამომცხვარ ხმიადს წაიღებდა. ქონიანი ან წვნიანი თან არაფერი უნდა ჰქონოდა. არც მის ოჯახში შეიჭმებოდა წვნიანი საჭმელი მის მოსვლამდე". როგორც ვხედავთ, აქ თავს იჩენს რიტუალური აკრძალვების (ტაბუების) მთელი სისტემა, რომელთაგან რომელიმეს დარღვევას შეიძლებოდა შედეგად ის მოჰყოლოდა, რომ მონადირეს ეპიური გმირ-მონადირეების: ბეთქენის ან ივანე ქვაციხისელის სამწუხარო ბედი გაეზიარებინა. ყოველივე ეს მხოლოდ ერთადერთ რამეზე მეტყველებს: ნადირობას განიხილავნენ არა როგორც მხოლოდ სარჩოს მოპოვებას, არამედ როგორც რიტუალსაც. ნადირობის ტიპებს თუ დავაკვირდებით, შეგვიძლია გამოვყოთ ნადირობის სამი სახე: ინდივიდუალური, მცირე ჯგუფით ნადირობა და დიდი ჯგუფით ნადირობა. ინდივიდუალური ნადირობის მაგალითს სვანური ბეთქენი და რაჭული და ივანე ქვაციხისელი იძლევიან.  მეორე ტიპის ნადირობის მაგალითი ამირანის ეპოსში გვხვდება:

“სანადიროდ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი,

გადაიარეს ცხრანი მთანი, მეათენი ალგეთისნი”.

აქ მონადირეთა რიცხვი სამია. შესაძლოა მეტიც ყოფილიყო, მაგრამ აქ მთავარი ის იყო, რომ ნადირობას არ უნდა მიეღო კოლექტიური ქმედების სახე. ამასთან დიდი სოციალური ჯგუფებით ნადირობაში სხვადასხვა კულტურული ტიპები გამოიყოფა. ვთქვათ, ერთია სტეპების მომთაბარეების ტომის ჯგუფური ნადირობა ცხოველთა ჯოგზე, სხვაა — ძველი აღმოსავლეთის მონარქის ამალასთან ერთად ნადირობა, ვთქვათ, ლომებზე, და ბოლოს, სხვაა შუა საუკუნეების მონარქისა და მისი ამალის ნადირობა ტახებზე. ყველა ამ სახეს თავისი ინდივიდუალური ნიშნები ახასიათებს. არქაული საქართველოს გეოგრაფიის, ეკოსისტემისა და სოციუმის სტრუქტურის (მკვიდრი თემების ინსტიტუტი) ნადირობა იღებდა ინდივიდუალური ან მცირე ჯგუფებად ნადირობის სახეს. ხსენებულ მიზეზთა გამო,არქაულ ეპოქაში ჩვენს შორეულ წინაპრებთან ვერ შეხვდებოდით იმ ტიპის ნადირობას, მეფე როსტევანმა და მისმა სპასპეტმა ავთანდილმა რომ მოაწყეს. მონადირე არაჩვეულებრივი პერსონაჟია. არქაული კულტურის რიგ სხვა შემოქმედთაგან, მაგალითად, მიწის მხვნელისა ან მეთუნისაგან განსხვავებით, მას თავის საქმიანობაში საიქიოში გადასვლა და შემდეგ უკან დაბრუნება ლამის ყოველდღიურად უწევს. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მონადირესა და შამანს შორის არქაული აზროვნება დიდ მსგავსებას პოულობს. მონადირე ენათესავება აგრეთვე ისეთ პერსონაჟსაც, როგორიც მჭედელია. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მონადირეს იარაღს მჭედელი უმზადებს. ეს ნათესაობა უფრო სიღრმისეულიც კია და იმაში გამოიხატება, რომ ორივეს რაღაც არაჩვეულებრივთან, რაღაც ზებუნებრივთან ანუ ისეთთან აქვს საქმე, რასაც უბრალო მოკვდავები შეიძლება ვერც კი აღიქვამდნენ. შემთხვევითი არ არის, რომ რიგი მითოსური ტრადიციები ნადირობას, ომსა და სამჭედლო საქმეს ერ-თიანობაში იაზრებდნენ.ეს, მაგალითად, იმაში გამოიხატებოდა, რომ იორუბას (დღევანდელი ნიგერიის ერთ-ერთი ეთნიკური ჯგუფის) ღვთაება ოგინი იყო ომისა და რკინის ღმერთი, რომელიც მფარველობდა მეომრებს, მჭედლებსა და მონადირეებს. ისევე, როგორც ომს, ნადირობასაც თავსი ღვთაებები ჰყავს. ეს ღვთაებები პერსონიფიცირებული, პიროვნებად წარმოდგენილი არსებანი არიან, რომლებიც განასახიერებენ ყოველივეს, რაც კი ნადირობის არსსა და პრინციპებში მოიაზრება. მონადირე ღვთაებების შემთხვევაში პირველი, რაც თვალში გხვდება, ის არის, რომ მათ შორის საკმაოდ ბევრნი არიან სუსტი სქესის წარმომადგენლები. ამის ნათელი მაგალითებია ბერძნული არტემიდა ან ჩვენი დალი (თუმცა, რასაკვირველია, არსებობენ მამრობითი სქესის მონადირე, უფრო ზუსტად, ნადირობასთან, კიდევ უფრო ზუსტად, ნადირის ნაყოფიერებასთან დაკავშირებული პერსონაჟები, ვთქვათ, ბერძნული პანის ტიპისა). რა აკავშირებს ერთმანეთს ნადირობასა და სუსტ სქესს? განა ნადირობა მანდილოსანთა საქმეა? უკეთესი არ იქნებოდა, მაგალითად, მდედრობითი სქესისანი ყოფილიყვნენ ქსლის ბეჭვისა და სხვა მსგავსი ქალური საქმის მფარველები? მაგრამ აქ, როგორც ჩანს, საქმე ნაყოფიერების სპეციფიკურ აღქმაშია, რაც მონადირეებს განასხვავებს მიწათმოქმედისაგან, რომლისთვისაც: დაბადება (სააშკარაოზე გამოსვლა) — გარდაცვალება (დაფარულობაში გადასვლა) — გაცოცხლება (კვლავ სააშკარაოზე გამოსვლა) — ციკლის ამოსავალი წერტილი არის თესლი. აქ ამოსავალია მარცვლეულის თესლი, რომელიც დაბადებულია — ვთქვათ, ამოსული თავთავიდანაა აღებული, მიწაში ითესება, ანუ კვდება, დაფარულობაში გადადის და შემდეგ დაფარულობიდან კვლავ ამოდის, ცოცხლდება მოსავლის სახით. მონადირე ხალხებში საქმე სხვაგვარადაა. როგორც ელიადე წერს: "მონადირე ხალხებში, როგორც ადამიანების, ისე ცხოველების ცხოვრების პირველ წყაროს ძვლები წარმოადგენენ, ძვლები, რომლიდანაც გვარის კვლავ წარმოება ხდება. სწორედ ამიტომ ნანადირევის ძვლებს კი არ ამტვრევენ, არამედ მზრუნველად აგროვებენ და ადათის და მიხედვით მარხავენ, სპეციალურ ფიცარნაგებზე ან ხეებზე აწყობენ, ან ზღვაში ისვრიან და ა.შ. ამ თვალთახედვით ნადირს ზუსტად ისევე მარხავენ, როგორც ადამიანებს. რამდენადაც, როგორც ერთის, ისე მეორის სული "ძვლებშია", შეიძლება გქონდეს იმედი ძვლებიდან მისი გაცოცხლებისა". ძვლისა და სიცოცხლის კავშირი კარგად ჩანს ლინგვისტურ მაგალითზეც: ლათინურად ასსა ნიშნავს „ძვალს“, მაგრამ მისი მონათესავე ინდური ძირი ას ნიშნავს "სიცოცხლეს, ცხოვრებას“. ლიტვურად ძვალს ჰქვია კაულას, მაგრამ მისი მონათესავე ფუძე ცოერყნ ოსურში აღნიშნავს ცხოვრებას, ძველინდურად  ბან ნიშნავს ძვალს, მაგრამ მისი მონათესავე ინდოევროპული ძირი  *ბჰუ აღნიშნავს არსებობას, სიცოცხლეს, ამოსვლას და ა.შ. ძვლის სპეციფიკური ფუნქცია ზოგიერთ არქაულ ენებსი იმგვარად დიდია, რომ იმავე სიტყვა, რომელიც აღნიშნავს "ძვალს" პირის და კუთვნილებით ნაცვალსახელად იქცევა. ასეთ ენებში კი არ იტყვიან „თავს გადახდაო“, არამედ სიტყვა-სიტყვით იტყვიან: „ძვალს გადახდაო“. ელიადეს მიერ შენიშნული სპეციფიკური დამოკიდებულება ნანადირევის ძვლისადმი საოცარი სიზუსტით მეორდება სვანურ ფოლკლორშიც. ელენე ვირსალაძის მიერ სვანეთსა და რაჭაში ჩაწერილ ნადირობასთან დაკავშირებულ ტექსტებში ვკითხულობთ:  „ნანადირევის დახვრა, ან ძაღლისათვის გადაგდება აკრძალული იყო ძველად. სწამდათ, რომ ნადირთ პატრონი მონადირისათვის ნადირთ პატრონების მიერ ერთხელ უკვე შეჭმულ და გაცოცხლებულ ნადირს იმეტებს მხოლოდ“. ამ მხრივ ძალიან სინტერესოა ძვლის აღმნიშვნელის მონათესავე სიტყვა „ფხა“. ეს სიტყვა დღევანდელ ქართულში თევზის ძვალს აღნიშნავს, მაგრამ  არქაულ ეპოქაში ასე არ იყო. მეგრულად „ხა“ (ფხას მეგრული ვარიანტი) ნიშნავს გველის ჩონჩხს ან თევზის ქერცლს. იგივე ძირი „ფხა“ სვანურად ნიშნავს თევზის ძვალსაც და გველის წიწილსაც. ამრიგად, ეს ძირი უკავშირდება ორ სპეციფიკურ არსებას: თევზსა და გველს, რომლებიც მითოსურ აზროვნებაში ხშირად ენაცვლებიან ერთმანეთს. თანაც ორივენი დაკავშირებულნი არიან ნაყოფიერებასთან, ხოლო გველის მიერ ტყავის გამოცვლა შეიძლება გააზრებულ იქნას, როგორც მისი ხელახალი დაბადება ჩონჩხზე, ფხაზე ახალი ტყავის (რესპ. ხორცის) შესხმის გზით. გველის კავშირი ნაყოფიერებასთან შედარებით მითოლოგიაში იმდენჯერ არის განხილული, რომ ამ საკითხს დაწვრილებით არც კი შევეხებით. რაც შეეხეება თევზის ნაყოფიერებასთან კავშირს, არც აქ ვაპირებთ შორსმიმავალ ლინგვისტურ წიაღსვლებს.  ამ კავშირზე თუგინდ მხოლოდ ერთი პიკანტური მაგალითი მიუთითებს, სახელდობრ: თევზის აღმნიშვნელი ინდოევროპული ძირი *პეს-(კ) (შდრ. რუსულ пескарь-ს) და ინგლისური სიტყვა ფუცკ მონათესავეები არიან.

ღვთაება დალის შესახებ

ყველა ხსენებულ სიტაციაში დალი გაორებული არსებაა, ერთდროულად სიყვარულთან და სიძულვილთან, სიკვდილთან და სიცოცხლესთან დაკავშირებული. როგორც ჩანს, დალის შესახებ ეპიურ პლასტს უკან იმალება უფრო ღრმა მითოსური პლასტი ნადირობის ქალღმერთისა და პირველმონადირის თანაშერწყმისა, რისშედეგადაც მზეებრი გმირი იბადება. ამირანის ეპოსში, სახელდობრ სვანურ ვერსიაში, ეს მოტივი ასევე შემორჩენილია. სვანური ვერსია მთელი რიგი მაჩვენებლებით ყველაზე არქაულია სხვა ვერსიებთან შედარებით. ამირანის მამა დასაბამისეული ვერსიით ჩანს სწორედ მონადირე უნდა იყოს. ჩანს მჭედელი მონადირეს უფრო გვიანდელ, რკინის ხანის მსოფლმხედველობით შთაგონებულ ვერსიებში ენაცვლება. ყოველ შემთხვევაში, მზეჭაბუკისებრი გმირი ამირანი ყველაზე არქაულ ვერსიაშიც ცხოველთა ნაყოფიერების ღვთაებისა და მონადირის შვილია. შევაჯამოთ: ქართველურ ტომებში არსებობდა ნადირობასთან დაკავშირებული ქალღვთაება, რომელსაც ახასიათებდა:

• ნადირთა ნაყოფიერების ბალანსის დამყარება; ის  თავის ფავორიტ მონადირეს უძღვნიდა  ნანადირევის გარკვეულ ოდენობას;

• გარდა ნანადირევისა, ის ფავორიტს ჩუქნიდა თავისი კეთილგანწყობის დამადასტურებელ ტაბუირებულ ნივთს; მონადირეს ეს ნივთი საიდუმლოდ უნდა შეენახა. ტაბუს დარღვევას ნადირობისას ფავორიტის სიკვდილი მოსდევდა;

• დალის ბუნება გაორებულია, მასში ერთდროულად მოცემულია სიცოცხლეც და სიკვდილიც, ფავორიტის გაწირვაც და გულწრფელი წუხილიც მისი დაღუპვის გამო; ის სასტიკიცაა და სენტიმენტალურიც;

• არტემიდესაგან განსხვავებით დალი არ არის ნადირთა ქალწული ღვთაება, ის უფრო ძველაღმოსავლური ნადირობის, სიყვარულისა და ომის ქალღმერთთა მსგავსად ორგიასტული ღვთაება უნდა ყოფილიყო, რომლის “კომპეტენციაშიც”, ჩანს, გარდა ნადირობისა, სიყვარულიც შედიოდა;

• დალის საკრალური ცხოველი უნდა ყოფილიყო ჯიხვი (აგრეთვე ირემიც. ეს ორი ცხოველი ერთმანეთს ხშირად ენაცვლება). ამასთან, არა უბრალო ჯიხვი, არამედ გამორჩეული. მაგალითად, თეთრი ფერისა ან ოქროსრქიანი.

• დალის საცხოვრისი უკავშირდება კლდეს, მთას, საკრალურ ადგილს. ის შეიძლება განასახიერებდეს სამყაროს ცენტრს ან მოთავსებული იყოს ორწევროვან ვერტიკალურ ჭრილში, სისტემით “ზევით” და “ქვევით”. ამასთან “ზევით”-ს იმთავითვე უკავშირდება ყორანი, ხოლო “ქვეითს” – დათვი. შემდეგ ხდება ამ ცხოვე-ლების ჩანაცვლება ორბითა (არწივით) და მგლით.

• დალის სხვა მონადირე ღვთაებებისაგან (ინანა, იშთარი, არტემიდე) განასხვავებს ის, რომ იგი არ არის მეომარი ღვთაება. მისი სფერო ცხოველთა ნაყოფიერება და სიყვარულია. ის იმ დროიდან მომავალი ღვთაებაა, როდესაც ნადირობა და ომი ერთმანეთისაგან არც იყო გამიჯნული. როგორც ჩანს, დალის ფესვები სადღაც ნეოლითში იკარგება მანამ, სანამ რკინის ხანა დაგდებოდა (მეომართა ცალკე ხელობად გამოყოფითურთ). მონადირესთან კავშირით დალი მზეჭაბუკ მეომარს, დემონურ არსებათა შემმუსვრელს შობს, რომელიც ინიციაციას გაივლის მჭედლის დახმარებით (მეტიც, ნაკლებ არქაულ ვერსიებში უკვე დავიწყებულია, რომ ამირანის მამა მონადირე/მეომარია და ის მჭედლით ჩანაცვლდება). ცხოველთა ნაყოფიერების ღვთაებას ომთან არა აქვს პირდაპირი კავშირი, მაგრამ არაპირდაპირი დიაღაც რომ აქვს. ის ხომ მეომრის დედაა. ირემი, ნადირობა და სივრცის ათვისება როგორც აღვნიშნეთ, ნებისმიერი ნადირობა გულისხმობს საზღვრის გარკვეულ გადალახვას, საზღვრისა, რომელიც ერთმანეთისაგან ჰყოფს ადამიანის მიერ ათვისებულ სივრცესა და უღრან, უსიერ ტყეს, რომელიც აწმყოში პირველქმნილი ქაოსის გამოვლინებას თუ რელიქტს წარმოადგენს. მონადირის მეშვეობით ეს პირველქაოსისებრი ტყე ნაწილობრივ მაინც არის ათვისებული და ადამიანის საარსებო გარემოში ჩართული. ტყის ამგვარი სტრუქტურირებითა და ათვისებით მონადირე იმეორებს დემიურგულ საქმეს, ის ქაოსს სახეს აძლევს, ითვისებს მას და დალაგებული სამყაროს, კოსმოსის, სახით აყალიბებს. ამიტომაც არის, რომ ნადირობა არა მხოლოდ "ბუნებრივი", არამედ სოციალური კოსმოსის შექმნასაც ნიშნავს. საკრალურად გააზრებული სოციალურ პოლიტიკური და კულტურული სივრცე ხშირად ნადირობისას იქმნება. შორს რომ არ წავიდეთ, ფარნავაზზე მითითებაც საკმარისია. "ფარნავაზის ცხოვრებაში" ვკითხულობთ: "ხოლო მას დღესა შინა განვიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო, და დევნა უყო ირემთა ველთა დიღომისასა. და ილტვოდნენ ირემნი ღირღალთა შინა ტფილისისათა. მისდევდა ფარნავაზ, სტყორცნა ისარი და ჰკრა ირემსა. და მცირედ განვლო ირემმან და დაეცა ძირსა კლდისასა. მივიდა ფარნავაზ ირემსა ზედა; და დღე იგი, მწუხრი, გარდახდა, და დაჯდა ირემსა მის თანა, რათამცა დაყო მუნ ღამე და დილეულმცა წარვიდა. ხოლო კლდისა მის ძირსა ქუაბი იყო, რომლისა კარი აღმოქმნულ იყო ქუითა ძუელად, და სიძუელითა შეჰქმნოდა დარღუევა შენებულსა მას. მაშინ დაასხვა წვიმა მძაფრი, ხოლო ფარნავაზ ამოიღო ჩუგლუგი და გამოარღვია კარი ქუაბსა მას; და იხილა მუნ შინა განძი მიუწვდომელი" ამ განძით ფარნავაზი მეფობას მიაღწევს და იბერიის სახელმწიფოს დააარსებს. ამრიგად, ნადირობა (და თანაც ირემზე ნადირობა) აქ პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოს დაარსებასთან. ასეთი რამ მხოლოდ ქართული არქაული ფოლკლორისათვის როდია დამახასიათებელი. შეგვიძლია გავიხსენოთ თქმულება მოლდოვის სამთავროს დაარსებაზე. ეს ლეგენდა პოლონურ-მოლდოვურ, ტრანსილვანიურ და რუმინულ ქრონიკებშია  შემონახული. გთავაზობთ მის შეჯერებულ ვერსიას. თქმულების თანახმად, ღვთის ნებით, ვოევოდა დრაგოში ნადირობდა. ნადირობისას თანამგზავრებთან ერთად ზუბრის კვალს გადააწყდა. მისდია კვალს, მთები გადაიარა და მშვენიერ ველ ადგილს მიაღწია. მან მიაღწია ადგილს, სახელად მარამურეშს, ამავე სახელის მქონე მდინარის სიახლოვეს, სადაც მოკლა  კიდეც ზუბრი. დრუგაშმა გადაწყვიტა, დასახლებულიყო ამ ადგილას და თავის სუზერენს, უნგრეთის მეფეს, სთხოვა მთავრის ქვეშევრდომებისათვის გადასახლების ნება დაერთო. მეფე უხალისოდ, მაგრამ მაინც დათანხმდა (არ უნდოდა კარგი ვასალის დაკარგვა). დრაგოშმა ახალი საცხოვრისის ტერიტორიაზე სამთავრო შექმნა. ქვეშევრდომებმა ის მთავრად აირჩიეს. ხსენებული იღბლიანი ნადირობის აღსანიშნავად ახლადდაარსებული სამეფოს ღერბზე ზუბრის თავი იქნა გამოხატული. რამდენადაც ძაღლს, რომელიც ზუბრს პირველი დაეწია, მოლდა ერქვა, ახალ მხარეს მოლდოვა დაარქვეს. როგორც ვთქვით, ნადირობა, ათვისება, დაპყრობა ერთი ჯურის მოვლენებია და ახალი სივრცის შექმნას გულისხმობს. ამ მხრივ ნადირობა განსაკუთრებით ირემზე ან მის ჩამნაცვლებელზე (ჯიხვი, ზუბრი, ბიზონი და ა.შ.) ცხენის შეწირვის რიტუალით ქალაქის დაარსების მსგავსია. ნადირობა არ უკავშირდება მხოლოდ სახელმწიფოს იღბლიან დაარსებას, ის შეიძლება ქალაქის დაარსებასაც უკავშირდებოდეს. სლენგური გამოთქმა "კარენოი თბილისელი, ბრატ, გორგასლის ხოხობი იყო", – ამ ვითარების გაშარჟებული ფორმაა.

მონადირის აღსასრული

მონადირის შინაგანი ტრანსფორმაცია, მის არსში ჩადებული შინაგანი წინააღმდეგობების განვითარება, მონადირის მეომრად ქცევას იწვევს. ახლა აღვწერთ იმას, თუ როგორ ხდებოდა ეს. ოღონდ, უნდა გვახსოვდეს, რომ, რასაც ახლა გადმოვცემთ, ერთგვარი იდეალური მოდელია, რომელიც რეალობაში შეიძლება საერთოდაც არც ყოფილა. მაგრამ ეს მოდელი გვეხმარება გავიაზროთ მონადირის აღსასრულისა და მისი და ნადირობის ქალღმერთისგან მეომრის დაბადების პროცესი, რაც ერთგვარი მითია, პლატონისეული აზრით, თვალსაჩინო გადმოცემაა იმისა, როგორ იშვა მეომარი. როდესაც პლატონს ლოგიკური აპარატი აღარ ჰყოფნიდა იმის გამოსახატავად, რისი თქმაც სურდა, ის მითს ქმნიდა და ამ მითით მკითხველს თვალსაჩინოდ ეუბნებოდა იმას, რაც აბსტრაქტული აზროვნების სტიქიაში გამოუხატავი იყო. მონადირის არსი ნადირობაა. ნადირობისას მონადირე ნანადირევს მოიპოვებს. ნადირობა, როგორც უკვე ვნახეთ, მხოლოდ სარჩოს მოპოვება არ არის. ის რიტუალის ხასიათსაც ატარებს, რასაც ის გარემოებაც ადასტურებს, რომ ნადირობისას მრავალი ნებაყოფლობით ნაკისრები ვალდებულების, ტაბუს თუ გეისის, დაცვა უწევთ. მონადირეს ნანადირევი სჭირდება, ის ვერც ფიზიკურად და ვერც სულიერად ვერ იარსებებს ნანადირევის გარეშე. მაშასადამე, მას რაღაც აკლია, ნაკლოვანია და ცდილობს თავისი ნაკლოვანება ნადირობის აქტით შეავსოს. მაგრამ ნადირებიც, რომლებიც მონადირის ობიექტებს წარმოადგენენ, სასრული არსებანი არიან და თავის არსებობაში ნადირობის ქალღმერთზე არიან დამოკიდებულნი. მონადირეც ასევეა ნადირობის ქალღმერთზე დამოკიდებული, თანაც ორი ასპექტით: ქალღმერთის გარეშე საერთოდ არ იქნებოდნენ გარეული ცხოველები და, მეორე მხრივ, ქალღმერთი აწესებს, რა და რა ოდენობით უნდა მოინადიროს მონადირემ ნადირობისას. გამოდის, რომ ნადირობის ქალღმერთი აძლევს არსობრივ (ხაზს ვუსვამ არა მხოლოდ ბიოლოგიურ, არამედ არსობრივ) დასაბამს მონადირესაც, იმასაც, რაც მონადირის ნანადირევი უნდა გახდეს და თვითონ ნადირობასაც. მაგრამ რაშია ნადირობის არსი? ნადირობის არსი მდგომარეობს ერთი სასრული არსების მიერ მეორის მიდევნაში, მიწევნაში, შეპყრობაში, ათვისებასა და გადახარშვაში. რასაკვირველია, ამას არ ვამბობთ მხოლოდ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ასპექტებით. ეს ხუთი ქმედება უნივერსალური მოდელია, რომლითაც შეიძლება აღიწეროს ნებისმიერი ქმედება, ფიზიკურიდან დაწყებული და ინტელექტუალურით დამთავრებული. ამ აზრით სიბრძნეზეც ისევე შეიძლება ნადირობა, როგორც ირმებზე.  ფილოსოფოსი მხოლოდ სიბრძნის მეგობარი და მოყვარული როდია. ის სიბრძნეზე მონადირეცაა. სიბრძნეზე ნადირობაც გულისხმობს გამოდევნებას, მიწევნას (შემთხვევითი არ არის, რომ იოანე პეტრიწი, მეცნიერების, კერძოდ ფილოსოფიის, აღსანიშნად ქმნის ნადირობის ლექსიკიდან აღებულ ტერმინს “ზედმიწევნა”-ს), ათვისებასა და გადახარშვას. XIV-XV საუკუნეების დიდმა გერმანელმა ფილოსოფოსმა ნიკოლაუს კუზელმა თავის ერთ ნაშრომს "სიბრძნეზე ნადირობა" უწოდა. ოღონდ სიბრძნეზე მონადირეს უნდა ახსოვდეს, რომ მას ნადირობისას ბევრად მეტის გავლა მოუწევს, ვიდრე ცხრა მთისა და ცხრა ზღვისა. ეს ისე, სხვათა შორის. ახლა ისევ საკუთრივ ცხოველზე ნადირობის არსს დავუბრუნდეთ. მონადირეცა და ისიც, რაც მონადირებულ უნდა იქნას, ორივენი სასრული არსებანი არიან და თავის არსებობაში რაღაც მესამეზე, ნადირობის ქალღმერთზე დამოკიდებულნი. მაგრამ ვითარების მთელი პიკანტურობა ის არის, რომ ეს ქალღმერთიც არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს, ანუ არ არის გულგრილი იმის მიმართ, არსებობს თუ არა მონადირე და ნანადირევი. მათი გაქრობით, მისი, როგორც მონადირეობის ქალღმერთის, ფუნქციაც ამოიწურებოდა. ამიტომ მან მუდმივად უნდა იზრუნოს გარკვეულ ბალანსზე მონადირესა და ნანადირევს შორის, რათა არ დაიკარგოს ცხოველური ნაყოფიერება. ნადირობის ქალღმერთი თავად უნდა იყოს ნაყოფიერი. ეს კი მხოლოდ მონადირესთან ან ნადირთან რიტუალური შერწყმით შეიძლება. მეორე ასპექტს (ნადირთან რიტუალურ თანაშერწყმას) ამჟამად არ შევეხებით, აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ბევრი ხალხის მითოსში ამ ხალხის პირველწინაპარი ქალია, რომელიც მამრ ცხოველს (ან პირუკუ, დედალი ცხოველი მამრს) შეერწყა. რაც შეეხება მონადირისა და ნადირობის ღვთაების შერწყმას, მას არქაული ცნობიერება ერთგვარად იაზრებს – როგორც ფიზიკურ, ისე სიმბოლურ ასპექტში. ამიტომ მონადირისა და ნადირობის ღვთაების კონტაქტი განმსაზღვრელია ნაყოფიერების იმ ბალანსისა, რომელიც საშუალებას აძლევს: მონადირეს იარსებოს მონადირედ, იმას, რაზეც ნადირობენ – სანადიროდ, ხოლო ნაყოფიერებისა და ნადირობის ღვთაებას – ღვთაებად. ზემოთ მოყვანილი სვანური თქმულება დალის, მისი ვაჟის, მგლისა და მონადირის შესახებ სტატისტიკურადაც კი გამოხატავს ამ ბალანს: დალთან ერთი დაწოლა = ენკენისთვეში სამი ჯიხვი = წელიწადში N რაოდენობის არჩვები. ამრიგად, ნადირობის შინაგანი ლოგიკით ნადირობის ქალღმერთი თავისი და ბუნების ნაყოფიერების უზრუნველყოფის მიზნით იძულებულია მონადირეს შეერწყას. მაგრამ მონადირე სასრულია. მისი სასრულობა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, იმაში გამოიხატება, რომ მრავალი ტაბუთია შეზღუდული, რომელთა დარღვევა მის დაღუპვას იწვევს. არადა, ეს ტაბუ რომ არ დაარღვიოს, არც ეს შეუძლია, ვინაიდან გამოვიდოდა, რომ აბსოლუტურად დაუწესებდა თავის თავს მოქმედების წესებს, ანუ სასრული აღარ იქნებოდა. მონადირის სასრულობა დალთან მისი კავშირის გაწყვეტის დრამის გარანტიაა. მაგრამ იმის გამო, რომ ღვთაებაც საჭიროებს ყოვლის - გამანაყოფიერებელ განაყოფიერებას, ის იძულებულია ახალი მონადირე მოძებნოს და ა.შ. დაუსრულებლად. აქედან ნათელი ხდება, რატომ ახასიათებთ ნადირობის ქალღმერთებს ორგიასტული ნიშნები. არტემიდეს ქალწულობა, როგორც ეტყობა, მაშინ ჩნდება, როდესაც ეს ღვთაება ნაწილობრივ მაინც კარგავს ნადირობის ღვთაებისათვის დამახასიათებელ ნიშნებს. მაგრამ ვინ უნდა იშვას მონადირისა და ნადირობის ქალღმერთის თანაშერწყმისაგან? რასაკვირველია, ის, ვინც თავის თავში აერთიანებს მამისათვის დამახასიათებელ სასრულობასაც და დედისათვის დამახასიათებელ უსასრულობასაც. სასრულობისა და უსასრულობის ეს სინთეზი არის გმირი ანუ არსება, რომელიც არ არის ღვთაება და ამ აზრით დედაზე დაბლა დგას, მაგრამ, როგორც ღვთაების შვილი, უსასრულობასთან ნაზიარები, გმირია, ანუ მამაზე მაღლა დგას. რაში უნდა გამოიხატებოდეს მისი აღმატებულობა მამაზე, გინდ ეს უკანასკნელი ნებროთივით წარმატებული მონადირე იყოს? რასაკვირველია, იმაში, რომ მამაზე უფრო ძლიერ რაიმეზე ნადირობს. მაგრამ რა შეიძლება იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე ლომი, ვეფხვი ან სხვა მისთანანი, ცალკე თუ ერთად აღებული? ასეთი რამ თავად ნადირობაა! მონადირისა და ნადირობის ქალღმერთის შვილი იმითაა გამორჩეული მონადირე, რომ ნადირობაზე ნადირობს? მაგრამ როგორ შეიძლება ნადირობაზე ინადირო? ხომ გვხვდებიან დათვები, ლომები, ირმები, კურდღლები, მაგრამ არსად არ გვხვდება ნადირობა, როგორც ასეთი. როგორ მოვახერხოთ ვინადიროთ ნადირობაზე?პასუხი ერთია: სხვა მონადირეზე ნადირობის გზით. იდეალური მონადირე ნანადირევზე კი არა, სხვა მონადირეზე ნადირობს. პრინციპში, მონადირეზე ნადირობა ნადირობის ქალღმერთისა და მონადირის გმირ შვილს დედისაგან ერგო. არტემიდეც მონადირეებზე მონადირეა. ირმად ქცეული აქტეონი, ორიონი ან ენდიმიონი, რომელნიც არტემიდემ მარადიული ძილით დააძინებინა ზევსს – ყველანი არტემიდეს მონადირებული მონადირეები არიან. მაგრამ რა სახეს იღებს მონადირეზე ნადირობა? ცხადია – ორმხრივს. ეს არაა ცალმხრივი აქტი. მონადირე მონადირეზე თავად ნადირობენ. ასეთი ნადირობა სხვა არაფერია, თუ არა ომი. ომი ორი მეტ-ნაკლებად ტოლი ძალის ერთმანეთზე ნადირობაა. ეს არაა ისეთი ვითარება, როგორც, ვთქვათ, ირემზე ნადირობის შემთხვევაში, როდესაც ნათელია – ვინაა მონადირე და ვინაა მსხვერპლი (თუმცა, ნადირობას აქაც კი ახლავს რისკი, მონადირემ შეიძლება ნადირობის ქალღმერთი უნებლიედ გააბრაზოს, რასაც, როგორც ვიცით, მისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. გარკვეული რისკი ნებისმიერი ნადირობისას, ისევე როგორც ნებისმიერი ქმედებისას, ჩვენი თანამგზავრია). ეს ორმხრივმსხვერპლიანი თამაშია, ნადირობაა. ომი, თუგინდ ორ გმირს შორის, ორთაბრძოლა, იმით განსხვავდება ნადირობისგან, რომ ორივე მხარე ერთმანეთზე ნადირობს. ამიტომ მონადირისა და ნადირობის ქალღმერთის შვილი, ამირანი მეომრად იბადება. ამით ითქვა, რატომ წარმოშობს ნადირობა ომს. აღსანიშნი დაგვრჩა ერთი გარემოება: ომისას წაშლილია ზღვარი მონადირესა და იმას შორის, რაც მონადირებულ უნდა იქნეს. მეტიც, ამ უკანასკნელმა შეიძლება თავად მოინადიროს მასზე მონადირე. ამიტომ ნადირობის ომად ტრანსფორმაციისას წინ ის ცხოველები იწევენ, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ მონადირეზე მონადირეები, ან საზოგადოდ მონადირეები მაინც. ამიტომაც არის, რომ ნადირობისას ნაყოფიერებასთან დაკავშირებული ცხოველების სიმბოლიკა ნაცვლდება ომთან, ერთმანეთზე ნადირობასთან დაკავშირებული ცხოველების სიმბოლიკით. ირმის ადგილს დათვი და მგელი იჭერს, მოგვიანებით კი – ლომი. ფრინველებიდან ყვავს არწივი ენაცვლება და ა.შ. ცვლილების არსი ნათელია: ირემზე ნადირობას, განსხვავებით მგელსა და დათვზე ნადირობისაგან, არა აქვს ორმხრივი ნადირობის სახე, როდესაც მონადირე შეიძლება თავად გახდეს მგლის ან დათვის ნანადირევი. ამიტომ ომისათვის, როგორც მონადირეების ურთიერთნადირობისათვის, სამხედრო სიმბოლიკისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო ადამიანები, არამედ ის ცხოველებიც, რომლებიც მონადირეზე ნადირობის თვისებით არიან დაჯილდოებული. არქაული სამხედრო მაგია გარკვეულწილად არც კი ატარებს მკვეთრ ზღვარს იმისა, თუ ვინ არის მონადირეზე მონადირე, ადამიანი თუ ამ უნარით დაჯილდოებული მხეცი. მონადირე, მონადირეზე მონადირედ – მეომრად იქცევა და ეს ძველი მონადირის აღსასრულია.