topmenu

 

სვეტიცხოველი - ი.ციციშვილი

<უკან დაბრუნება.....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია-მონასტრები>>>

განვითარებული ფეოდალიზმი: სვეტიცხოველი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ. 87-90, 136.

მცხეთის სვეტიცხოველი აგებულია 1010-1029 წლებში ხუროთმოძღვარ არსუკისძის მიერ მცხეთის შუაგულში, სადაც IV საუკუნის პირველ ნახევარში აშენდა უძველესი ქართული ეკლესია (გათხრების შედეგად ტაძრის იატაკის ქვეშ აღმოჩნდან ამ ჯარგვალური შენობის ნარჩენები). V საუკუნის მეორე ნახევარში ვახტანგ გორგასლის დროს, პირვანდელი ხის შენობის ნაცვლად აგებულ იქნა დიდი ზომის ბაზილიკა, რომლის ცალკეული ნაწილები და ბურჯები ჩართული იყო დღეს არსებულ ტაძარში. ბაზილიკამ იარსება XI საუკუნემდე, როდესაც ქვეყნის საერთო აღმავლობამ საშუალება მისცა მელქისედეკ კათალიკოსს აეშენებინა მის ნაცვლად დიდებული საკრებულო ტაძარი. გეგმაში ტაძარი წარმოადგენს წაგრძელებულ ოთხკუთხედს გუმბათით ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯზე. აღმოსავლეთის მხარეს გამოყოფილია ღრმა საკურთხეველი, რომლის ორივე მხარეს მოთავსებულია სადიაკვნო და სამკვეთლო. დასავლეთის მკლავის ზემოთ, სამ მხარეს მდებარეობდა პატრონიკე, აქედან შემორჩენილია მხოლოდ შუა ნაწილი. ასევე შეცვლილია საყრდენი ბურჯების განაწილებაც. ბურჯების ოთხი წყვილიდან ამჟამად არსებობს მხოლოდ სამი. ტაძრის დიდი შიგა სივრცე განათებული გუმბათიდან 16 სარკმლით, ქმნის გრანდიოზულობისა და ზეიმურობის ხასიათს. გარე მასების კომპოზიციაში გაბატონებულია მაღალი გუმბათი. ძირითადი მოცულობანი -ჯვრის მკლავები, დაკავშირებულია მათ შორის მდებარე უფრო დაბალ მასებთან სახურავთა ქანობების ცხოველხატული კომბინაციით.

ფასადების სტრუქტურა ითვალისწინებს შიგა სივრცის განაწილებას. თითოეული მათგანი გააზრებულია როგორც დასრულებული მთლიანი, მაგრამ ამავე დროს მათში გათვალისწინებულია სხვა ფასადების დამუშავებაც. გრძივ ფასადებზე დეკორატიული თაღედების გარდა მძლავრ აქცენტს ქმნიან მსხვილი და ღრმა თაღები. ყველა ფასადი შემოსილია რბილი, ყვითელი და მომწვანო ფერის კვადრებით. აქა-იქ არქიტექტურის მთავარი ელემენტები ხაზგასმულია ღვინისფერი და მწვანე ქვების პოლიქრომიული ნახატით. აღმოსავლეთის ფასადის მორთულობის საფუძველს წარმოადგენს შეკრული თაღების სისტემა, მასში ჩართული მაღალი სამკუთხა ნიშებით. ეს მოტივი გამდიდრებულია შუა, მაღალი თაღის არეს მორთულობით, სადაც მარაოსებრივ გაშლილი სხივების ბოლოებში გამობმულ წრიულ ბალთებზე მოთავსებულია მელქისედეკ კათალიკოსის სამშენებლო წარწერა. რამდენადმე შეუსაბამოა ფასადის მორთულობაში გვიანი შეკეთების დროინდელი ზედა სამი სარკმლის მოჩარჩოება. გვერდითი ფასადები მიუხედავად ცალკეული ელემენტების ასიმეტრიულობისა და სხვასხვაობის, ხასიათდებიან საერთო სიმეტრიით და წონასწორობით. მორთულობაში შესამჩნევია შემდგომი გადაკეთების კვალი. თუმცა სარკმლების საპირეები, ნახევარწრიული სათაურები და ნაკვთიანი რელიეფები ძირითადად XI საუკუნისაა. XIV საუკუნის ბოლოს ტაძარი დაანგრიეს თემურლენგის ურდოებმა, მაგრამ XV საუკუნის პირველ მესამედში საფუძვლიანად შეაკეთეს. XVI საუკუნეში მიმდინარეობს მტრის ხელით დაზიანებული კედლის მხატვრობის  განახლება. თავიდან მოიხატა გელათის მთავარა ტაძარი და წმინდა გიორგის ეკლესია, მცირე ეკლესიები - ტაბაკინი, გეგუთი და სხვ. საუკუნის მეორე ნახევარში მოიხატა სამთავრო, ნეკრესი, გრემი, ახალი შუამთა, ალვანი და ნაწილობრივ ალავერდი. ამ მრავალრიცხოვან მოხატულობათა შორის, ნაწილი შესრულებულია კვალიფიციური ოსტატების მიერ, რომლებიც აგრძელებენ პალეოლოგთა სტილის ტრადიციებს, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო გამოკვეთილია ხალხური ხელოვნების ნიშნები - სიბრტყითი და გრაფიკული მანერით. მონუმენტური ფერწერის ბევრი ძეგლი შეიქმნა XVII საუკუნეშიც: ხობის ეკლესიის ცენტრალური ნავი, ხონის ეკლესია, გელათის ტაძრის ჩრდილოეთის ეკვდერი და დასავლეთის მკლავი, წალენჯიხა, მარტვილი, ერკეთი, შემოქმედი, ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი, სამთავისი, თბილისის ანჩისხატი. ამ პერიოდის ძეგლებში ჩანს ფერწერის მხატვრული დონის დაქვვითება. ნახატი ხდება პირობითი და უსწორო, კომპოზიცია დაწვრილმანებული და დეკორატიული. ამ პერიოდის ფერწერის ნიმუშია მცხეთის სვეტიცხოვლის "სვეტის" მოხატულობა. წმ.ნინოს ცხოვრების ამსახველი პატარა კომპოზიციები შესრულებულია 1673-1688 წწ. მხატვარ გრიგოლ გულჯავარასშვილის მიერ. ვითარდება ამ პერიოდში საერო პორტრეტებიც, სადაც სქემატურობასა და სიბრტყითობასთან ერთად თავს იჩენს - ირანული ხელოვნების გავლენაც. (მეფე ალექსანდრეს და მისი მეუღლის პორტრეტები გელათში, დედოფალ მარიამის პორტრეტი სვეტიცხოველში და ფეოდალთა პორტრეტები ხობში და მარტვილში).