<უკან დაბრუნება.....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე.....<<<ეკლესია - მონასტრები>>>
განვითარებული ფეოდალიზმის ხელოვნება - ბაგრატის ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.86 - 87
ქუთაისის ტაძარი აგებულია ბაგრატ III მიერ 1003 წელს. იგი ოშკის ტაძრის მსგავსად წარმოადგენს რთულ ტრიკონქს, მაგრამ კიდევ უფრო სრულყოფილია და საზეიმო. აცილებულია პატარა სადგომები ჩრდილოეთისა და სამხრეთის აფსიდების გვერდებზე, საგრძნობლად გაფართოებულია სამნავიანი დასავლეთის მკლავი და მის გვერდებზე შექმნილია ტაძართან ორმაგი თაღებით დაკავშირებული პატრონიკე, რომელზედაც ასასვლელი იყო. იგივე ორმაგი თაღების მოტივი მეორდება საკურთხევლის მიმდებარე ოთახების მეორე სართულშიაც. შიგა სივრცით ნაკარნახევი ფასადები გამსჭვალულია მორთულობის ერთიანი სისტემით და გაერთიანებულია ნახევარსვეტებზე დაყრდნობილი თაღებით. აღმოსავლეთის ფასადი გაფორმების მხრივ წარმოადგენს თაღების ერთიან, გაბმულ მოტივს, რომელშიაც ჩართულია ორი სამკუთხოვანი ფორმის ნიში. შენობის დასავლეთისა და სამხრეთის შესასვლელებს, ამავე საუკუნის მეორე მეოთხედში მიუშენეს მდიდრულად მოჩუქურთმებული დიდი კარიბჭეები. საერთოდ ტაძრის მრავალფეროვან მორთულობაში, რომელსაც შეადგენს მცენარეული და გეომეტრიული მოტივების ჩუქურთმები, ამასთანავე სხვადასხვა ცხოველთა გამოსახულებანი, გამოიყოფა ქრონოლოგიურად ახლო მყოფი, მაგრამ სტილისტიკურად განსხვავებული ფენა. შენობის პირვანდელი ნაწილების მორთულობა თავშეკავებულია და შესრულებულია დაბალ რელიეფში, გრაფიკულ მანერაში, რაც შეეხება გვიანდელი კარიბჭეების მორთულობას, იგი უფრო რელიეფურია, კაშკაშა და მწიფე. ტაძარი უვნებლად მდგარა XVII საუკუნემდე და მორთული ყოფილა კედლის მხატვრობითა და ჭედური ხატებით. 1691 წელს კი ააფეთქეს საომარი ოპერაციების დროს ახალციხელმა თურქებმა.
|