topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

წილკანი - ინტერნეტ სტატია
There are no translations available.

< უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

წილკნის ღვთისმშობლის უძველესი საეპისკოპოსო ტაძრის წარმოშობა უკავშირდება ქართლში ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების პირველ ხანებს, წმიდა ნინო განმანათლებლის მოღვაწეობას და მდინარე არაგვსა და ქსანს შორის მცხოვრებთა ქრისტიანობაზე მოქცევას. საქართველის ამ რთული რეგიონის ქრისტიანული განათვლა და სულიერი დამოძღვრა დაევალა ოდითგან წილკნის უძველეს ეკლესიას, რომელიც პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის მემკვიდრის ბაქარის ძალისხმევით აშენდა (IV ს.). ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: “ არაგვის პირს,... მთის ძირს არს ეკლესია წილკანს, ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და შუენიერი. აღაშენა კ-ე მეფემან ბაქარ”. უნდა ვივარაუდოთ, რომ თვით მეფის მეთვალყურეობით ნაგები წილკნის ტაძარი, თავიდანვე სამეუფეო საყდრად განისაზღვრა. რადგან აქედან უნდა მომხდარიყო ურჩი მთიელი მოსახლეობის სულიერი მწყსვა, რომელთა ერთგულებითა და მორჩილებითაც მუდამ იყო დაინტერესებული ქართლის სამეფო ხელისუფლება. V საუკუნეში წილკანში დაარსდა სამღვდელმთავრო კათედრა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი ქვეყნისათვის წილკნის ღვთისმშობლის ტაძრის მნიშვნელობა. იგი იქცა დედა ეკლესიად წილკნის ეპარქიისა, რომელიც არაგვისა და ქსნის ხეობებსა და ხევს მოიცავდა. წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი, ქართულ არქიტექტურაში უნიკალურია თავისი სტრუქტურული, კონსტრუქციული, მხატვრულ-დეკორატიული თვალსაზრისით და IV საუკუნის შუახანების ადრექრისტიანული ხანის უბრწყინვალესი ძეგლია. მისი მხატვრულ ფორმებში არის შემონახული ის უძველესი მოტივები, რომლებიც წარმართული პერიოდიდან გადმოდის ქრისტიანულში და ტაძარი ერთგვარად მათ შორის გარდამავალ საფეხურად წარმოგვიდგება.

ტაძრის პირვანდელი სახე ბაზილიკური ყოფილა, მხოლოდ შემდეგ გადაუკეთებიათ გუმბათოვან ეკლესიად; ფასადზე შერჩენილი უძველესი ნაწილები ქართული არქიტექტორული ფორმებისათვის უჩვეულო, ე.წ. კარკასული სისტემით არის გადაწყვეტილი. ეს სისტემა წილკნის ტაძარში მაღალ დონეზეა შესრულებული და რიგორც ვარაუდობენ, მისი წინამორბედი ნაგებობები, რომლებშიც მოხდა ამ თემის დამუშავება, დაღუპულია და ამიტომაც ქართული არქიტექტურის საერთო ფონზე ის გამონაკლისს წარმოადგენს. ამ მხრივ წილკნის ღვთისმშობლის ეკლესია უნიკალურია. ტაძარი შენდებოდა იმ დროს, როცა ჯერ კიდევ არ იყო შემუშავებული ქრისტიანული რელიგიისათვის მისაღები სარიტუალო ნაგებობანი. მეტად საყურადღებოა ეკლესიის შიდა დეკორი, რომელიც გამოირჩევა არქაულობით. წილკნის ტაძრის უძველეს ნაწილში გვხვდება შესანიშნავი არქიტექტურული ფრაგმენტები, რომლის მსგავსიც სხვაგან არ არის ცნობილი.... შენობის უძველეს ნაწილში დაცულია გეომეტრიულ მცენარეული ორნამენტი, რომელიც უკავშირდება წინაქრისტიანული ეპოქის კულტურას. აქ წარმოდგენილი წარმართული ხასიათის დეკორატიული ელემენტები შემდგომში თანდათან იდევნება ქრისტიანული კანონიკური დეკორის არსენალიდან.

ტაძრის მორთულობის ერთ-ერთი წამყვანი მოტივია ე. წ. “ბაფთიანი ფრთები” შუაში ჩასმული ჯვრით. ესაა მოტივი გამარჯვებისა და უძლეველობის სიმბოლო სასანელთა დინასტიისა. წილკნის ტაძარში ამ ელემენტების გამოყენება იმის მიმანიშნებელი უნდა იყოს, რომ ტაძარი სამეფო ნაგებობაა, ხოლო ფრთებს შორის ჩასმული ჯვარი, რომელმაც ასტრალური რწმენის სიმბოლოს ცეცხლისა და მნათობის ადგილი დაიკავა, ქრისტიანობის გამარჯვების ნიშანია. სხვა ორნამენტული დეტალებიდან აღსანიშნავია სამხრეთ სარკმლის ორნამენტი ვაზის რქისა, მტევნებით და ფოთლებით, ცენტრალური თაღის აბსიდზე გამოსახული ჯვარი ჩასმული გვირგვინში და სხვა.

წილკნის ტაძარს განუყრელად უკავშირდება მისი განსაკუთრებული სიწმიდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც თავისი საკვირველი მადლისა და ძლიერების გამო ჩვენს ხალხს ოდითგანვე მიაჩნდა შემწედა და მფარველად, ამიტომაც მორწმუნეთა დიდი სიყვარულით სარგებლობდა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად ამ სასწაულმოქმედი ხატის შექმნა ლუკა მახარებელს მიეწერება. იგი საქართველოში ჩამოსვენებულ იქნა ქრისტიანობის გარიჟრაჟზე, მეფე მირიანის ძის – ბაქარის დროს ბიზანტიიდან. სავარაუდოა, რომ ხატი თავიდანვე მეფე ბაქარის მიერ წილკანში აშენებულ ეკლესიაში დასვენდა, სადაც იგი უამრავ სასწაულებს ახდენდა და საიდანაც მიიღო ხატმა თავისი სახელწოდებაც.

1926 წლიდან წილკნის ღვთისმშობლის ხატი ინახება საქართველოს მუზეუმის განძთსაცავში. ტაძარში ამჟამად ხატის ასლი ასვენია. წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი განსაკუთრებით განიდიდა მას შემდგომ, რაც აქ მოღვაწეობა დაიწყო VI საუკუნეში საქართველოში სამისიონეროდ ჩამოსულ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა – წმიდა ისე წილკნელმა, რომელიც დიდად გაისარჯა სამწყსოს სულიერი განათლებისთვის და სამუდამო განსასვენებელი ტაძარშივე ჰპოვა. წმიდა ეპისკოპოს იესეს საფლავი დიდი სიწმიდეა საქართველოს ეკლესიისა და იგი ღვთისმშობლის ხატთან ერთად ბევრს იზიდავს საკვირველი მადლისა და კურთხევის მისაღებად. მისი ხსენება ეკლესიაში 15 დეკემბერს აღინიშნება. დროთა მუხანათობამ ბევრი ტკივილი მიაყენა წილკნის კათედრალს, ათწლეულების მანძილზე იგი იყო გამოკეტილი და მოკლებული ღვთისმსახურებას. მისი ხელახალი კურთხევა და ამოქმედება მოხდა 1988 წელს წილკნელი ეპისკოპოსის ზოსიმეს მიერ, რომელიც საწილკნოს სათავეში ჩაუდგა 1984 წლიდან და მისი აღდგენა-აღორძინებისთვის დიდად გაისარჯა. 1992 წელს ტაძრის ეზოში მოხერხდა საეპისკოპოსო რეზიდენციის აშენება, ცოტა მოგვიანებით კი – ეკლესიის ხელახალი გადახურვაც. წილკნის საეპისკოპოსო ტაძარში აღდგა საგანმანათლებლო საქმიანობაც. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა (21 სექტემბერი) წილკნელთა საყვარელი ტაძრის დიდებული დღესასწაულია. ამ დღეს აქ საქართველოს ყოველი კუთხიდან უამრავი ხალხი იკრიბება, რათა თაყვანი სცენ ღვთისმშობლის საკვირველმოქმედ ხატს და გამოსთხოვონ მას ზეციური მფარველობა. წილკნის ღვთისმშობლის ეკლესია კვლავაც ზარების რეკვით უხმობს თავის უძველეს სამწყსოს, რათა მადლიანი კალთა გადააფაროს მას და ქვეყნიური ცხოვრებისაგან შეჭირვებულნი და დამაშვრალნი, შეავედროს უფალს, მიწიერნი აზიაროს ზეცას და მარადიული სიხარული შესძინოს მათ.

წყარო: http://publish.dlf.ge/vaxtangvi/asurelimamebi/kvaldakval/05_monastrebi.htm