topmenu

 

ოშკი - ი.ციციშვილი

<უკან დაბრუნება

ოშკი - განვითარებული ფეოდალიზმის ხელოვნება - ციციშვილი ირ.// ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995 .- გვ. 83, გვ. 108-109,

X საუკუნიდან შემორჩენილ ძეგლთა შორის აღსანიშნავია თორთუმის ხეობაში (ამჟამად თურქეთის საზღვრებშია) მდებარე ოშკის დიდი ტაძარი. აგებული 958-966 წწ. ტაო კლარჯეთის მმართველთა ბაგრატ ერისთავთ-ერისთავისა და დავით მაგისტროსის დაკვეთით. ტაძარზე შემორჩენილი წარწერა მოგვითხრობს, რომ მშენებლობას ხელმძღვანელობდა მონასტრის ერთ-ერთი ძმათაგანი, ცნობილი მთარგმნელი გრიგოლ ოშკელი. ტაძარი წარმოადგენს რთულ ტრიკონქს დასავლეთის წაგრძელებული მკლავით და ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით ცენტრში. ჯვრის ყველა მკლავი გარდა დასავლეთისა მთავრდება აფსიდით, რომლის გვერდებზე ორსართულად განაწილებულია დამხმარე ოთახები. დასავლეთის მკლავის ჩრდილო ნაწილში იმყოფება გრძელი სადგომი, რომლის ქვედა სართული ეკვდერს წარმოადგენს და ზედა კი პატრონიკეს. სამხრეთის მხარეს ტაძარი მდიდრულადაა გაფორმებული სვეტებიანი ღია სტოათი. მისი ოთხივე სექტორის გადახურვისათვის გამოყენებულია ვარსკვლავისებრი, მოჩუქურთმებული კამარები. მორთულია შიგა სივრცის სხვა ელემენტებიც. გუმბათქვეშა ბურჯებს აქვთ შემკული ბაზისები და იმპოსტები, ჩუქურთმებით დამუშავებულია გუმბათქვეშა აფრებიც. მორთულობას უპასუხებს უხვი განათებაც - მის გუმბათში 12 სარკმელია და სამი სარკმელი თითოეულ აფსიდში. შენობის გარე მასებში დაცულია შიგა დანაწევრება. საყურადღებოა ფასადების დამუშავების დეკორატიული სისტემა. ორი ღრმა სამკუთხა ნიში ჩართულია სხვადასხვა სიმაღლის თაღების საერთო სქემაში. ნაპირებიდან ცენტრისაკენ თაღების თანდათანობითი ამაღლება ქმნის მოძრაობის ძლიერ მეტყველსა და მზარდ რიტმს. შენობის ლავგარდნები და პილასტრების სვეტისთავები შემკულია ჩუქურთმებით. სარკმლები მორთულია ჩუქურთმოვანი თავსართებით. მორთულობაში ჩართულია ცხოველების გამოსახულებანი და ნაკვთიანი რელიეფები. ფასადების მრავალფეროვან და მშვენივრად დასრულებულ მორთულობაში დამატებითი აქცენტი შეაქვს სარკმლების თავზე და ნიშების ზედა ნაწილში მოთავსებულ მარაოსებრ პოლიქრომულ სამკაულებს. განსაკუთრებით საყურადღებოა სამხრეთის ფასადი, რომელსაც ცხოველხატულ იერს ანიჭებს გალერეას ტეხილი ლავგარდანი და მასების ასიმეტრიული განაწილება. ტაძარი თავისი ზომებით ბევრად აღემატება მანამდე აგებულ ძეგლებს (სიგრძე 38,5 მ, სიგანე - 36 მ, სიმაღლე - 40 მ). იგი არაჩვეულებრივად დიადსა და საზეიმო შთაბეჭდილებას ტოვებს, იგი აშკარად განსხვავდება ადრინდელ ტაძრებისაგან უფრო მაღალი კედლებით, გუმბათის ყელით, მეტად აქანებული სახურავებითა და გუმბათის კარვისებური საბურავით.

ამავე თორთუმის ხეობაში X საუკუნეში აგებულიაა მეორე მნიშვნელოვანი ძეგლი ხახულის ტაძარი. ოშკისაგან განსხვავებით, მისი მკლავები, გარდა აღმოსავლეთისა, სწორკუთხოვანი ფორმისაა და გარედანაც სწორკუთხოვანი კედლებითაა შემოფარგლული. ტაძარი შემოსილია სხვადასხვა ფერის ქვით, მდიდრულადაა მოჩუქურთმებული და დახურულია მოჭიქული კრამიტით. X საუკუნის დასასრულისათვის ბიზანტიაში გამოიკვეთა ტაძრების მოხატვის ახალი სისტემა, რომელიც გულისხმობდა არა მარტო ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებებს, არამედ მთელი ციკლების განვითარებას ლიტურგიული თანამიმდევრობით. საქართველომ შეითვისა ეს სისტემა, რამაც დიდი მნიშვნელობა იქონია მონუმენტური ფერწერის შემდგომი განვითარებისათვის. თუმცა გუმბათისა და საკურთხევლის მოხატულობაში ქართველი მხატვრები ძველი ტრადიციების შესაბამისად, ათავსებენ „ქრისტეს დიდებას“ ან სატრიუმფო ჯვარს და მხოლოდ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ტაძრებში - ღვთისმშობელს ყრმითურთ. ფერწერის კომპოზიცია მონუმენტურია. ამასთან, დაცულია რეგისტრების ჰორიზონტალობა, ხაზგასმული ორნამენტული ბორდიურებით. ფერადოვან აქცენტების განაწილებაში მშვიდი და ცხადი რიტმია. იცვლება ადამიანის ნაკვთების გამოსახულებაც, რომლის პროპორციები ანატომიურად უფრო სწორია, მოძრაობა თავისუფალი და ბუნებრივი, ქრება მკვეთრი და ექსპრესიული მოძრაობა, ჟესტები. ამასთან ერთად, ქართულმა კედლის მხატვრობამ შეინარჩუნა მისთვის დამახასიათებელი მკაცრი ფერადოვანი გამა, თავშეკავვბულობა შუქ-ჩრდილით ფორმის მოდელირებაში და წერის ხაზოვანი მანერა. ამ პერიოდში იქმნება სკოლები და მიმართულებანი, რომელთაც სტილისტიკური ერთიანობის მიუხედავად ახასიათებთ ნახატისა და კოლორიტის თავისებურებანი. ერთი ასეთი სკოლა ყოფილა ტაო-კლარჯეთის მონასტრებთან და მისი მოხატული უნდა იყოს: ოთხთა ეკლესია, ოშკის ტაძარი, იშხანი, ხახული, ტბეთი. ტაო-კლარჯეთის ტაძართა კედლის მხატვრობა საზეიმოა და მონუმენტური. განსაკუთრებით ეს ეხება საკურთხევლის მოხატულობას, სადაც ერთმანეთის ზემოთ რიგებად განაწილებულია მოციქულები და წმინდანები. ამ სკოლისთვის დამახასიათებელია ნაკვთების წაგრძელებული პროპორციები, სამოსელის დენადი ნაოჭების ფაქიზი ნახატი. მთლიანად ფერწერა ხასიათდება რბილი კოლორიტით, სადაც ჭარბობენ თბილი, მოყავისფრო - წითელი, ნაცრისფერი, იისფერი და ოქროსფერი ტონები. ოშკის საკურთხევლის აფსიდის მოხატულობის საერთო საზეიმო ხასიათი, მოციქულთა ღირსებით აღსავსე ნაკვთები, სამოსელის ნაოჭების მკაცრი ნახატი, თავშეკავებული მოძრაობა საუკეთესო მაგალითია ამ სკოლის მაღალი მიღწევებისა. X ს. მეორე ნახევრიდან. იწყება პლასტიკური მეტყველების ძიება. უკვე ოშკის ტაძრის რელიეფებში დაძლეულია ნაკვთების შებოჭილობა. ისინი გამოსახულია თავისუფალ პოზებში, ნაკვთები პროპორციულია. საქართველოს მონასტრებში კომპლექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ბერების სასადილო, რომელსაც სატრაპეზო ან საოსტიგნე ეწოდებოდა. ადრინდელი სატრაპეზოები (IX-X სს.) წარმოადგენენ დიდ, წაგრძელებულ დარბაზს გადახურულს საბჯენ თაღებზე დაყრდნობილი კამარით. ოპიზის მონასტრის დიდი სატრაპეზო ბოძების ორი წყვილით გაყოფილია სამ ნავად. შატბერდის სატრაპეზო ორი ნავისაგან შედგება და უფრო მცირე ზომისაა, ხოლო ოთხთა ეკლესიის სატრაპეზო ცალნავია, გადახურული სამ საბჯენ თაღზე დაყრდნობილი კამარით. ოშკის სატრაპეზოში დიდი ზომის სწორკუთხოვანი ფორმის დარბაზია გაყოფილი სამ ნაწილად ექვს ბურჯზე დაყრდნობილი ხუთი თაღით. შენობას ემხრობა კვადრატული ნაგებობა, რომელიც გადახურულია გუმბათით ტრომპებზე. ვარაუდობენ, რომ აქ მოთავსებული იყო ბიბლიოთეკა -სკრიფტორიუმი ე.ი. სახელოსნო სადაც ხდებოდა ხელნაწერთა გადაწერა