topmenu

 

დმანისი

დმანისი — ქალაქი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დმანისის ვულკანურ პლატოზე, მდინარე მაშავერის ორივე ნაპირზე, კაზრეთის რკინიგზის სადგურიდან 30 კმ მანძილზე. დმანისის ტერიტორიაზე VI-VIII საუკუნეებში მცირე დასახლება იყო, სადაც საეპისკოპოსო კათედრალი მდებარეობდა. როგორც ქალაქი, წყაროებში პირველად IX საუკუნეში იხსენიება, ამ დროს მას არაბები ფლობდნენ. XI ს-ის 80-იან წლებიდან სელჩუკთა ხელშია, 1123 წელს დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა. დმანისი განსაკუთრებით დაწინაურდა XII-XIII სს-ში. XVI ს-დან ქალაქი დაცემის გზაზეა, მოიშალა ეკონომიური ცხოვრება, შემდეგ კი სულ გაპარტახდა და გაუკაცრიელდა. 1921-1947 წლებში მასბაშკიჩეთი ეწოდებოდა. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. თანამედროვე დმანისის ახლოს არის ამავე სახელწოდების ქალაქი-სიმაგრის ნანგრევები (VI-XV სს.), სახლების, ქუჩების, ღვინის სარდაფების და სხვა ობიექტების ნაშთები. დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქ აღმოჩენილია ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის ნაკვალევი — თავის ქალა, რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება. დმანისში არის ბოლნისისა და დმანისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. გათხრები დმანისის ნანგრევებში დაიწყო 1936 წელს და 1960-იან წლებამდე გრძელდებოდა. შუასაუკუნეების სარდაფებს ქვეშ არქეოლოგებმა იპოვეს ცხოველთა ძვლები, რომელთა შორის ქართველმა პალეონტოლოგმა პროფ. ა.ვეკუამ ამოიცნო აწ გადაშენებული Dicerorhinus etruscus etruscus 1983 წელს. ეს სახეობა დამახასიათებელი იყო Villafranchian ფაუნასთვის, რაც ადრეული პლეისტოცენური ეპოქის დამადასტურებელია. 1984 წელს პირველი ქვის იარაღები იპოვეს. მას შემდეგ ქართველი მეცნიერები დმანისის პლეისტოცენური დეპოზიტების გათხრებს აწარმოებდნენ დმანისში, და 1991 წელს მათ შეუერთდნენ გერმანელი არქეოლოგები რომიშ-გერმანიშეს ცენტრალმუზეუმიდან. დმანისის სამუშაოები შემდეგ უფრო გაფართოვდა და საერთაშორისო კვლევის პროექტის ხასიათი მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკედემიის ხელმძღვანელობით,გერმანიის, აშშ-ის, საფრანგეთისა და ესპანეთის კოლეგების მონაწილეობით. 1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს. დღესდღეობით უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან დმანისის არქეოლოგიური ძეგლები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში

კონცხზე განლაგებულია:

  • შუა საუკუნეების ნაქალაქარი;
  • გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები;
  • დმანისის ადრეპალეოლითური ძეგლი.

დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა, 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია. არქეოლოგიური გათხრები ძეგლზე 1936 წლიდან მიმდინარეობს. მუზეუმ-ნაკრძალი წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით, რომელიც განამარხებული ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთების უხვი რაოდენობით გამოირჩევა. 1991 წლიდან მოყოლებული დმანისის ძეგლზე ჰომინიდის ხუთი თავის ქალაა ნაპოვნი. მსოფლიოს არცერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა. ამ შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოიპოვა, რადგან შეცვალა მანამდე მტკიცედ დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომინიდების განსახლების შესახებ. აქ აღმოჩენილი ტავის ქალები და ქედა ყბა შემდეგში რეკონსტრუირებულ იქნა და ჩვენ მათ ზეზვასა და მზიას სახელით ვიცნობთ. ისინი თბილისის ოკუპაციის მუზეუმშია დაცული. შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, საერო და საკულტო ნაგებობებსა და საიდუმლო გვირაბს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIIIს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით.

ka.wikipedia.org/wiki/დმანისის_ნაქალაქარი

 

 

 

**************************************************************************************

დმანისი - ციციშვილი ირ.// ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995.- გვ. 79

განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში ხელოსნობის და ვაჭრობის ზრდასთან ერთად ვითარდებოდა საქალაქო ცხოვრებაც. იმ დროინდელ ქალაქთა შორის ცნობილია: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, დმანისი, სამშვილდე, მანგლისი, ახალქალაქი, ახალციხე, თელავი, არტანუჯი, ხუნანი, ხორბუჯი, ჟინვალი.ნაქალაქარი დმანისი მდებარეობს თბილისის სამხრეთ - დასავლეთით მისგან ასიოდე კილომეტრის დაშორებით. იგი გაშენებულია მდ. ფინეზაურისა და მაშავრის შესართავთან, მაღალ კონცხზე. ქალაქის აღმავლობას განსაკუთრებით ხელი უნდა შეეწყო მის ხელსაყრელ მდებარეობას საქარავნო - სავაჭრო გზაზე... << ტექსტი სრულად აქ...<<

*************************************************************************************

დმანისი - ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.95. - დმანისის სიონის საეკლესიანი ბაზილიკის შესახებ.

ნაქალაქარი დმანისი ითხრებოდა 1936-1937 წწ. რუსთაველის პირველი იუბლეს მზადების დროს. შემდეგ არქეოლოგიური გათხრები, რომელთაც აწარმოებს საქართველოს სახ. მუზეუმი, განახლდა 1960 წლიდან. ნაქალაქარი მდებარეობს თბილისიდან 100 კმ მანძილზე სამხრეთ -დასავლეთით, კლდოვან კონცხზე, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შეერთების ადგილას...<<ტექსტი სრულად აქ..<<