topmenu

 

ატენის სიონი - ი. ციციშვილი
There are no translations available.

< უკან დაბრუნება.....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>


შუა საუკუნეების ხელოვნება: ატენის სიონი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ. 70-71; 116.

მცხეთის ჯვარსა და ატენის სიონში რელიეფური ქანდაკება უკვე ფასადეზეა გამოყენებული, ფასადების დეკორატიული გაფორმების ამოცანის შესაბამისად, ჯვარზე რელიეფები წარმოადგენენ ორგანულ მთლიანობას ფასადების კომპოზიციაში, ამასთანავე ინარჩუნებენ შინაარსობლივ და მხატვრულ მნიშვნელობას. სამხრეთის ფასადის კარის ტიმპანზე მოთავსებული ,,ჯვრის ამაღლების" რელიეფი ადრექრისტიანული ხელოვნებისათვის გავრცელებული თემაა, მაგრამ აქ ანგელოზები რომელთაც უკავიათ მედალიონი, მოთავსებული არიან არა ჰორიზონტულად, არამედ დიაგონალურად თაღის ხაზის შესაბამისად. მათი მოქნილი მოძრაობა ტოვებს ჰაერში ლივლივობის შთაბეჭდილებას. აქაც და ქტიტორების გამოსახულებაში ბევრი რამ რეალისტურია, მაგრამ მოცულობის გადმოცემა არ სცილდება ბრტყელ რელიეფს. როგოც ჩანს, ნაკვთების პლასტიკური გადმოცემა არ შეადგენდა ამ დროის ამოცანას. ატენის სიონის ფასადებზე შეთავსებულია სხვადასხვა კატეგორიის რელიეფები. ჩრდილოეთის შესასვლელის ტიმპანის კომპოზია ირმების გამოსახულებით, ასევე როგორც ნადირობის სცენები დასავლეთის ფასადზე გამოირჩევიან ფორმების მოხდენილობით, ხაზების მოქნილობითა და სიფაქიზით. VII საუკუნის ეს რელიეფები მკვეთრად განსხვავდებიან აღმოსავლეთის ფასადის ზემო ნაწილში მოთავსებულ რელიეფებისაგან, ეს ნაკვთები თავისი მასიური, მძიმე ფორმებით, უძრაობით, აშკარად მიგვითითებენ X საუკუნეზე - ტაძრის აღდგენის პერიოდზე. როგორც ჩანს, მოზაიკასთან ერთად უკვე VII საუკუნეში საქართველოში ფრესკული ფერწერაც უნდა ყოფილიყო. ატენის კედლის მხატვრობის ქვეშ აღმოჩნდა პირვანდელი დეკორი. ამ ფრაგმენტების მიხედვით კედლები და კამარები დაფარული იყო ნალესობის თხელი ფენით, რომელიც შემდეგ იყო დამუშავებული მოყავისფრო - წითელი ფერის წყობის ხასიათის იმიტაციით. ფერწერით იყო გამოყოფილი აგრეთვე გუმბათში მყოფი დიდი რელიეფური ჯვარი. საქართველოს გაერთიანების შემდეგ წამყვანი როლი პოლიტიკურსა და კულტურულ ცხოვრებაში კვლავ უბრუნდება ქვეყნის შიგა რაიონებს და მათ ცენტრებს დასავლეთში. ქუთაისსა და გელათს. დედაქალაქური სკოლის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს ატენის სიონის XI საუკუნის მეორე ნახევრის კედლის მხატვრობა. მხატვარი აქ ითვალისწინებს ტაძრის შიგა დანაწევრებას და ოთხივე მკლავში ათავსებს დამოუკიდებელ, დასრულებულ ციკლს. ყოველი რეგისტრი იწყება ნაკვთით, რომლის მოძრაობა მიმართულია ცენტრისაკენ და მთავრდება შემობრუნებული ნაკვთით, რომელიც მიუთითებს მაყურებელს შემდეგ რეგისტრზე. ამით გამოვლენილია თითოეული არქიტექტურული ფორმების დამოუკიდებლობა და საკუთრივ მხატვრული კომპოზიციაც მეტ სიცხადესა და სიმშვიდეს იძენს. ატენის კედლის მხატვრობის ეს ტექტონიკურობა საერთო მონუმენტურობა, ფორმის მოდელირება, ენერგიული, ზომიერად დენადი ნახატი, ნაკვთების სწორი პროპორციები, პერსონაჟების ინდივიდუალური და მეტყველი სახეები დახვეწილი ფერადოვანი გამა, აგებული ცისფერი და ღია მწვანე ფერთა შეხამებაზე, შეიძლება ჩავთვალოთ ამ პერიოდის ფერწერის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად.