topmenu

 

ბიჭვინთის მოზაიკა - ი.ციციშვილი

<უკან დაბრუნება.....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე.....<<< ეკლესია - მონასტრები>>>


ბიჭვინთა - ციციშვილი ირ.// ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.71-73.

საქართველოში მოზაიკის გავრცელებას მოწმობს უკანასკნელ წლებში აღმოჩენილი  იატაკების ფრაგმენტები ბიჭვინთაში, შუხუთში, ძალისაში, ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია ბიჭვინთის ტაძრის მოზაიკური იატაკი. იატაკი აღმოჩნდა სამნავიანი შვერილ აფსიდიანი ბაზილიკაში. როგორც გაირკვა, მოზაიკა არ ეკუთვნოდა ამ ტაძარს, არამედ უფრო ძველს, რომელზედაც აგებული იყო ტაძარი. მოზაიკის ნაწილი განადგურებულია შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით იატაკი დაყოფილი ყოფილა სხვადასხვა ზომის სექტორებად, რომელთაც ჰქონდა საკუთარი ჩარჩო ან ჩუქურთმიანი ბორდიური. საკურთხევლის ცენტრში ტრაპეციის ფორმის ამაღლებული ბაქანზე გამოსახულია მედალიონი ქრისტე პანტოკრატორის მონოგრამით. კუთხეებში მას ერთვის ბერძნული ანბანის პირველი და ბოლო ასოები - ალფა და ომეგა, რაც შეესატყვისება ცნობილ ფრაზას - "მე ვარ ალფა და ომეგა...იტყვის უფალი...პანოს კუთხეებში გამოსახულია ხოხბები ბროწეულის ტოტებზე. ფრინველები მორწმუნეთა სულის აღმნიშვნელია, ხოლო ბროწეულის ნაყოფი, ქრისტიანულ რელიაში ზიარების პურის მცნების გამოხატულებაა. მთელი კომპოზიცია მოჩარჩოებულია ფართო აკანთული არშიით, რომლის შუა ხვეულში ჩართულია ბერძნული ქტიტორული წარწერა - "სალოცველად ორელისა და ყოვლისა სახლისა მისისა"... წარწერის ორსავე მხარის აკანთის ფოთლებში მოთავსებულია ფრინველები (მტრედები), ბროწეულის ყვავილები და ნაყოფი ძროხისა და ხბოს გამოსახულება, რაც სხვაგან არ გვხვდება და შეიძლება ადგილობრივი ძველი ტრადიციების გამოძახილი იყოს. საკურთხევლის აღმოსავლეთის კედელთან მოთავსებულია მეორე მნიშვნელოგანი კომპოზიცია - შადრევანი ირმებით, ან სიცოცხლის შადრევანი. პანო მოჩარჩოებულია ტალღისებრი ორნამენტის ზოლით. ცენტრში გამოსახულია მაღალი კენაფის ტიპის ჭურჭელი, რომლის შუაგულიდან გამოზრდილია ფიჭვის გირჩი, საიდანაც ორივე მხარეს წყლის ნაკადი გადმოდის. შადრევნის ორივე მხარეს გამოსახულია წყლისკენ მიმართული ირმები და ფრინველები. მარჯვნივ ფურ-ირემია შვლით, მარცხნივ ხარ-ირემი, რომლის ზურგთან მოზრდილი ფრინველია. თავისუფალი არე ყველგან შევსებულია ფრინველებითა და აყვავებული ტოტებით. ამასთანავე, ყველა სილუეტი დაკავშირებულია ერთმანეთთან, უპასუხებენ მოხაზულობას. ყველა ნაკვთი სიბრტყეზეა განრთხმული და დამთვარიელებლის მზერას ითვალისწინებს. ამ კომპოზიციაში მკვლევარნი ხედავენ ნათლისღებისა ან ზიარების მცნებას, ან ღვთის სამწყსოს - სამოთხეს, რაც გაამართლებდა აქ ფრინველების, თევზების, მცენარეების არსებობას. ყველაზე უკეთ შემორჩენილია მოზაიკური იატაკი ტაძრის ნართექსში, სადაც ადრე სანათლავი ყოფილა. ამ უკანასკნელის მთელი ფართობი მოჩარჩოებული ყოფილა, ფართო მოზაიკური ზოლით. მისი არე დაყოფილია სექტორებად, სადაც მოთავსებულია ფრინველები, თევზები, ბატკანი და გეომეტრიული ნაკვთები. სანათლავის სამხრეთ ნაწილში მოთავსებულია მოზრდილი პანო. აქ ორი, წაგრძელებული ოქტოგონის გადაჯვარედინებით იქმნება ხალიჩისებური ორნამენტი. გადაჯვარედინების ცენტრებში ჩაწერილია ჯვარი.

ხოლო გვერდებზე წრიულ არეებში - პატარა ჩიტი ან თევზებია. პანოს გეომეტრიული ნახატი და თოკისებრი წნული, მომრგვალებული ლილვი შესრულებულია ცისარტყელას სტილით. მეორე, გვერდით მდებარე კომპოზიცია კვლავ "სიცოცხლის შადრევანს" წარმოადგენს - ელინისტური კანფარის მსგავსი ლარნაკის სახით. ლარნაკს აქვს მაღალი, ქვემოთ გაფართოებული ფეხი, რომელზეც მოთავსებულია წყლით სავსე ემბაზი. აქედან აღმართულია წითელი ფერის ღერო დაგვირგვინებული ფიჭვის გირჩით. შადრევნიდან უხვად გადმოდის წყალი, რომელსაც ეწაფებიან ლარნაკის კიდეზე შემომჯდარი მტრედები. შადრევნის ფეხის ორსავე მხარეს დგანან დიდი ფრინველები (ფარშევანგები). თვით ლარნაკის კორპუსზე გამოსახულია ადამიანის ნაკვთები ორანტას პოზაში, ზედა ზოლი კი შემკულია წითელი ბირთვებით. ამგვარად გამოსახულია ოქროს კანთაროსი რელიეფებით და მოჭედილი ძვირფასი ქვებით და ოქროს გირჩით, რასაც მოწმობს მისი ყვითელი ფერი თეთრი ათინათით. ყვითელი ფერისაა თვით ლარნაკიც და თეთრი ელვარება ავლენს მის მრგვალ ფორმას. საერთოდ ფერადოვანი გამა აქ მდიდარია და მოხდენილი. წყალი ლურჯია, ფრინველების ნაკვთები ყვითელ და ვარდისფერ ნაზ ტონებშია შესრულებული. მათი ფეხები და ნისკარტები კაშკაშა წითელი ფერისაა. მთლიანად ნახატი ოსტატურია, თავისუფალი და დაკავშირებული ძველ ელინისტურ ტრადიციებთან. ბიჭვინთის მოზაიკა შესრულებული უნდა იყოს VI საუკუნის დასაწყისში გამოცდილი და ნიჭიერი ოსტატების მიერ. უცილობლად მნიშვნელოვანია, რომ აქ ვლინდება ელინისტური ტრადიციები, აღმოსავლეთ ქრისტიანული (ანტიოქია) და ადგილობრივი ტრადიციების შერწყმა.