topmenu

 

უჯარმა - ვ. ბერიძე
There are no translations available.

< უკან დაბრუნება....<< დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<< ციხე - ქალაქები>>>


უჯარმა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974. - გვ. 36-37

სამოქალაქო არქიტექტურის ძეგლთაგან სხვებზე უკეთაა ცნობილი ძველი ქალაქის უჯარმის ციტადელი - ივრის მარჯვენა ნაპირზე, გარეკახეთში, თბილისიდან დაახლოებით 40 კმ დაშორებით აღმოსავლეთისაკენ. ქალაქი წარმოიშვა ანტიკურ და ადრეფეოდალურ ეპოქათა მიჯნაზე, მაშინ იგი ქართლის სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილში იყო. IV -VI საუკუნეებში უჯარმა, თბილისსა და მცხეთასთან ერთად, ერთი უმთავრესი ცენტრთაგანია ქართლისა.

ერთხანს აქ მეფის რეზიდენციაც იყო, შემდეგ კი საუფლისწულო ქალაქად დარჩა.თვით საქალაქო ნაგებობათაგან აღარაფერი არ გადარჩენილა. ციტადელი კი, რომელიც ზემო და ქვემო ციხეებისაგან შედგება, მდებარეობდა მცირე მთის კეხსა და ფერდზე, იქ, სადაც მდინარე ვიწრო ხეობიდან ფართო ველზე გამოდის. ზემო ციხეში იყო სასახლე - სამსართულიანი ფართოსარკმლებიანი კოშკი მარნითა და სარდაფ - საპყრობილით. ქვემო ციხის კედლები ფარგლავდა სწორკუთხა ტერიტორიას მთის კალთაზე, რომელიც ივრისკენ ეშვება; კედლები რიტმულადაა დანაწევრებული ორ - სამსართულიანი სწორკუთხავე კოშკებით. დამახასიათებელია კედლის მოპირკეთება ერთი ზომის ბრტყელი კვადრებით, რომლებიც წესიერ ჰორიზონტალურ რიგებს ქმნის, თაღების ნალისებრი მოხაზულობა, სახურავისათვის დიდი, გვერდებაკეცილი კრამიტის გამოყენება. დამახასიათებელია ისიც, რომ კოშკები ან მცირედ, ან სულ არ არის გაწეული გალავნის ხაზს გარეთ და რომ მათ კარ - სარკმლები შიგნითა მხრიდან აქვთ. თუცა პერანგის ქვები სუფთად გათლილი არ არის, ნაგებობა (წყობის ხარისხი, თაღების მოხაზულობა, კოშკების პროპორციები) როგორც ტექნიკური, ისე მხატვრული თვალსაზრისით მაღალ დონეზე დგას.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

იმდროინდელი სიმაგრეებისა და ციხე - ქალაქების ნანგრევები დასავლეთ საქართველოშიაც არის დარჩენილი, მაგრამ ამ ძეგლთა დღევანდელი მდგომარეობა ისეთია, რომ მათს ხუროთმოძღვრებაზე საუბარი ძნელია, თანაც ეს ძეგლები ჯერ კიდევ საკმარისად გამოკვლეული არ არის. თუ IV –VII საუჯენეთა ქართული ხუროთმოძღვრების ზოგადად დახასიათებას მოვისურვებთ, უპირველესად უნდა ითქვას, რომ მისი თვისებებია საერთო აგებულების სიმკაცრე და სიცხადე, სრული წონასწორობა და სიმეტრიულობაც კი მასებისა, რომლებიც საფეხურებად იზრდება საფუძვლიდან გუმბათამდე; შენობათა აღქმის ფრონტალობა; დიდებულება, მონუმენტალობა და, იმავე დროს, ადამიანურობა მასშტაბისა, მშვიდი პროპორციული შეფარდებანი (ხაზგასმული ვერტიკალების გარეშე); განწყობილების სიხალისე, მაჟორულობა; სამკაულთა სიძუნწე, მათი გამოყენება მხოლოდ მახვილებად, რომლებიც ხაზს უსვამს ნაგებობის ამა თუ იმ ნაწილს. ეს "წმინდა წყლის" არქოტექტურის ხანაა, კლასიკურობის სულით გამსჭვალული ხანა, როდესაც განსაკუთრებული ძალით იგრძნობა დაუფარავი კონსტრუქციის - მძლავრი კედლის, თაღის, კამარის, ტრომპის, კონქის - სილამაზე და მატერიალურობა. VI ს-ის დასასრულს და VII საუკუნის პირველ ნახევარში, სტილის მომწიფების პერიოდში, მიღწეულია ნაგებობის ყველა ნაწილის, მთელისა და ნაწილთა სრული ჰარმონია, სრული ერთიერთშეპირობება, კანონზომიერება. მცხეთის ჯვარი, წრომი, სამწევრისი ძალაუნებურად მოგვაგონებენ მშვენიერის განსაზღვრას რენესანსის დროის დიდი თეორეტიკოსის ლეონ-ბატისტა ალბერტის მიერ: მშვენიერია ხელოვნების ის ნაწარმოები, რომელშიც ვერც ერთ დეტალს ვერ შეცვლი ისე, რომ ამან მთელის დარღვევა არ გამოიწვიოსო. VII საუკუნის მეორე ნახევრიდან და VIII საუკუნეში ქართულ ხუროთმოძღვრებაში განვითარების ახალი საფეხური იწყება.

უჯარმა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974. - გვ.114-115.

უჯარმა, როგორც მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი, ხშირად იხსენიება. ლეონტი მროველის ცნობით, აქ ცხოვრობდნენ მირიან მეფის ძე რევ და ცოლი მისი სალომე. მეორე მემატიანე ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ "თვით ვახტანგ (გორგასალი) დაჯდა უჯარმოს, და აღაშენა იგი ნაშენებითა უზომოთა". უჯარმაშივე დატოვა გასაზრდელად მან თავისი ძე დაჩი, რომლის დროსაც აქ კვლავ მშენებლობა წარმოებდა. ვახტანგი, რომელიც V ს-ის მეორე ნახევარში მეფობდა, განსაკუთრებით ზრუნავდა უჯარმის გასამაგრებლად, ხშირად ცხოვრობდა აქ, დაჭრილმაც მას შეაფარა თავი და იქვე გარდაიცვალა. X ს-ში უჯარმის ციხე არაბებმა დაანგრიეს. XII ს-ში გიორგი მესამემ იგი ნაწილობრივ აღადგინა და საგანძური მოაწყო იქ ("ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი": გიორგი მეფემ "განამრავლნა საჭურჭლენიცა, და დადვა თვით მისით მონაგები და მისთა ტყუეთაგან მონაგები ციხესა შინა უჯარმოისასა, რომელი აგებულ იყო ვახტანგ გორგასლისაგან, რომელსა შინა თვით აღესრულა ლომი იგი ლომთა და გოლიათი გოლიათთაა".) ის, რაც 1950-1952 წლებში იქნა შესწავლილი და გათხრილი, უჯარმის ციხე იყო და არა თვით ქალაქი, რომელიც ცოტა მოშორებით მდგარა. გარდა უძველესი ფენისა, რომელიც სწორედ გორგასალის ხანას უკავშირდება, უჯარმაში გამოირჩეეა კიდევ ორი ფენა: XII ს-ისა ზღუდეებისა და კოშკების აღდგენა, მრგვალი და კონუსური მოყვანილობის ბურჯები; გვიანი შუა საუკუნეებისა - აგურით ნაშენი სამეურნეო ნაგებობანი. არქეოლოგიური გათხრების ღროს აღმოჩნდა ამ სამი ხანის ნივთები - თიხის ჭურჭელი, მინის სამკაული და ჭურჭელი, ლითონის ფული, ქვევრები, თონეები, საშურღულე ქვები და სხვ.