topmenu

 

უჯარმა - ი. ციციშვილი
There are no translations available.

< უკან დაბრუნება.....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<< ციხე - ქალაქები>>>

ადრინდელ შუა საუკუნეების ქალაქებს შორის უკეთ არის შემორჩენილი და შესწავლილი უჯარმა. ძველი ქართული მატიანეები მის აშენებას წინაქრისტიანულ ხანას მიაწერენ. IV საუკუნეში აქ თითქოს ცხოვრობდა მირიან მეფის ძე რევი. V საუკუნის მეორე ნახევარში ვახტანგ გორგასალს აქ გადმოუტანია მცხეთიდან თავისი რეზიდენცია. უჯარმა მდებარეობს მდინარე ივრის შუა წელზე, საკმაოდ მაღალ ბორცვზე. ციხექალაქი შედგება შიდა ციხისაგან მთის პლატოზე და ქვედა ციხისაგან, რომელიც მდებარეობს დამრეც ფერდობზე. უჯარმას აქვს წესიერი სწორკუთხედის ფორმა და მთლიანად შემოზღუდულია გალავნით, რომელსაც ახლავს ცხრა ოთხკუთხა კოშკი. გალავნის კედელი ებჯინება ბურჯებს ისე, რომ ამ უკანასკნელთა ნახევარი გამოდის გალავნის ხაზის გარეთ. კოშკები ორ ან სამსართულიანია და ზემოთ აქვთ კბილანებიანი საბრძოლო ბაქანი. გარე მხრიდან კოშკები ყრუ კედლებითაა დახშული, სამაგიეროდ ქალაქის მხარეს ყოველ კოშკს მაღალი და განიერი ნალისებური მოხაზულობის თაღოვანი კარ-სარკმლები და დაკიდული აივნები ახლავს.

განსაკუთრებით გამოირჩევა მდინარის პირას გალავნის ცენტრში მდებარე სამსართულიანი კოშკი, სადაც იმყოფება საგანგებოდ გამაგრებული წყლის კარი. ციხეში კიდევ ერთი შესასვლელია დასავლეთის მხარეს მდებარე კოშკის ქვედა სართულში. შიდა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში იმყოფება შედარებით მოზრდილი ორსართულიანი შენობა სარდაფით. საფიქრებელია, რომ ეს იყო მეფის სასახლე, სამყოფელი. შიდაციხის შუა ნაწილში იმყოფება "ჯვარპატიოსნის" ძველი ეკლესია, აქვე ახლოა წყლისა და ხორბლის შესანახი ნაგებობანი და სამეურნეო შენობები. უჯარმის ნაგებობათა და ზღუდე-კოშკების მთელი სისტემა ავლენს სამშენებლო ხელოვნების მაღალ დონეს. კედლების შესანიშნავი წყობა, ბურჯებისა და შენობების დიადი, მონუმენტური და ხალისიანი ფორმები და უნაკლო შესრულება, საფუძველს იძლევა მივაკუთვნოთ იგი ქართული თავდაცვითი არქიტექტურის საუკეთესო ძეგლთა რიცხვს. უჯარმის საბრძოლო სისტემა განხორციელებულია V და VI საუკუნეთა მიჯნაზე ერთიანი გეგმითა და შესანიშნავი ოსტატის ჩანაფიქრით, რომელიც იცნობდა ანტიკური ციხე - ქალაქების მშენებლობის ტრადიციებს. თუ უჯარმა ივრის ხეობაზე კონტროლისათვის შექმნა ვახტანგ გორგასალმა, მანვე ალაზნის ველზე გასვლის მიზნით ააგო ჭერემი. ადრინდელი შუა საუკუნეების საცხოვრებელი სახლები არაა შემორჩენილი და მსჯელობა შეიძლება მხოლოდ გადარჩენილი საძირკვლების საფუძველზე. ჩანს, რომ საცხოვრებელი სახლები ერთსართულიანი ყოფილა და შედგებოდა ერთი ან რამოდჟნიმე ოთახისაგან. ყველა ოთახი სწორკუთხა ფორმისაა. ოთახების გადახურვა ჩვეულებრივად ჰორიზონტალურია, ხის კოჭებზე დაყრდნობილი და ბანური, მიწის სახურავით. გამონაკლისია ალბათ, "დარბაზული" სახლები, რომლებიც აგრეთვე უნდა ყოფილიყო ამ პერიოდში. საერო ხუროთმოძღვრების გადარჩენილი ნიმუშების სიმცირის მიუხედავად, მაინც გვაქვს ფეოდალთა და ეპისკოპოსთა სასახლეებიც, ყველაზე ძველია მათ შორის ვახტანგ გორგასლის სასახლე უჯარმაში (ალბათ ჭერემშიც). იგი მდებარეობს შიდა ციხის ჩრდილო - აღმოსავლეთის კუთხეში და ჩართულია გალავანში. სასახლე ორსართულიანია თითოეულ სართულზე სამი ოთახით, ამათგან ორი მცირე ზომისაა და ერთიც დიდი. ოთახები ნათდებოდა მაღალი და განიერი სარკმლებით. მეორე სართულზე შემორჩენილია კარები, რომელიც გადიოდა დაკიდულ აივანზე. შენობის ქვეშ მოთავსებულია სარდაფი, სადაც ქვის კიბე ჩადიოდა. აქაც ოთახები დაკავშირებულია ერთმანეთთან და გადახურულია შირიმის კამარებით. ეს სასახლე მიეკუთვნება V საუკუნის ბოლო პერიოდს.