topmenu

 

ადრეკლასობრივი საზოგადოების პერიოდის ხელოვნება - ი. ციციშვილი


ციციშვილი ირაკლი - ადრეკლასობრივი საზოგადოების პერიოდის ხელოვნება//ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995, გვ. 18 - 23

ძვ.წ. I  ათასწლეულის დამდეგს საწარმოო ძალების განვითარების შედეგად, ქართველი ტომების მიერ რკინის ათვისების ეპოქაში, შეიქმნა გვაროვნული თემის დაშლისა და მონათმფლობელური საზოგადოების ჩასახვის წინამძღვრები. ენობრივი და კულტურული მსგავსების საფუძველზე ქართველი ტომების ჯერ კონსოლიდაციისა და შემდეგ გაერთიანების შედეგად  ძვ.წ. VI- IV საუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება ორი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, აღმოსვლეთისა - იბერია და დასავლეთისა - კოლხეთი. ძვ. წ VI საუკუნეში მიდიელებმა დაამხეს ურარტუს სამეფო, განადგურდა ქართველ ტომთა გაერთიანებები (დიაუხი), რის შედეგად დაიწყო მცირე აზიიდან ჩრდილო - აღმოსავლეთით ამ ტომების მოძრაობა. ასე, მცირე აზიურ-ხეთური ტრადიციების მატარებელი მესხური ტომების ნაკადმა გადმოინაცვლა ჩრდილოეთით. მათი სახელი შემოინახა ათვისებულმა ტერიტორიებმა - მესხეთი, სამცხე და თვით იბერიის სახელმწიფოს ცენტრმა მცხეთამ. ძვ.წ. VI -V სს. შავი ზღვის აღმოსავლეთის სანაპირო იონელი - ბერძნების ყურადღების ცენტრში ექცევა. ბერძნული ახალშენები: ფაზისი (ფოთი), დიოსკურია (სოხუმი), გიენოსი (ოჩამრირე), პიტიუნტი (ბიჭვინთა) დაარსდნენ ყველაზე მარჯვე ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ ბერძნების მოსვლამდე ცხოვრობდა ადგილობრივი მოსახლეობა. ბერძნებს, ბუნებრივია, ამოძრავებდა სავაჭრო ინტერესები. მათ საქაროველოდან გაჰქონდათ ადგილობრივი მასალები, სამაგიეროდ შემოჰქონდათ  თავისი ხელოსნობისა და ხელოვნების ნაწარმოებები. ძვ.წ. VI საუკუნის ბოლოს საქართველოს  სამხრეთის რაიონები დაიმორჩილეს აქემენიდებმა - ამ პერიოდში აღზევებულმა ირანის ძლიერმა სახელმწიფომ ჩრდილო ოლქები კი, სადაც ძირითადად გადაინაცვლეს ქართული ტომების გაერთიანებებმა, არ ცნობდნენ აქემენადების ხელისუფლებას. ძვ.წ. II საუკუნიდან იწყება რომის იმპერიის ექსპანსია აღმოსავლეთით.

ხანგრძლივი ომების შედეგად რომის მხედართმთავარმა პომპეუსმა დაამარცხა პონტოს მეფე მითრიდატე, შემდეგ გაილაშქრა სომხეთსა და ალბანეთზე. მათზე გამარჯვების შემდეგ ძვ.წ. 65 წელს იგი არმაზის ციხესაც მიადგა. მეფე არტაგი შეურიგდა დამარცხებას და დაზავებაზე დათანხმდა. იბერიის შემდეგ რომაელებმა დალაშქრეს კოლხეთი და  მმართველად იქ თავიანთი მოხელე, არისტარქე დააყენეს. რომაელებისათვის რთული იყო შორეულ იბერიაში გამაგრება, მაგრამ პართიასთან ბრძოლაში მათ ესაჭიროებოდათ მოკავშირე. ამიტომ ახ.წ. I- II საუკუნეებში ქართლის მეფეს რომაელთა მოკავშირეობა დაევალა. ამას მოწმობს ახ.წ. 75 წელს იმპერატორ ვესპასიანეს მიერ იბერიის დედაქალაქის ზღუდეების გამაგრება, საჩუქრები რომლებსაც უგზავნიდნენ რომაელები იბერიის მეფეებს,  და ბოლოს, მეფე ფარმან II -ს მიწვევა  რომში და მარსის მოედანზე მისი ცხენზე ამხედრებული ქანდაკების დადგმა. მთელი ის პერიოდი ასახულია წერილობით წყაროებში. ბერძენ და რომაელ ისტორიკოსთა (ჰეროდოტე, ქსენოფონტე, სტრაბონი, პლინიუსი, დიონ კასიუსი) ლაკონიურ ცნობებში იბერიაზე ნათქვამია, რომ იგი არის  განვითარებული მეტალურგიისა და მაღალი სამშენებლო ხელოვნების მქონე ქვეყანა. ეს ცნობები შეივსო არქეოლოგიური გათხრების უტყუარი მასალით, რომლის მიხედვით საქართველოში უკვე ელინისტურ ხანაში არსებობდნენ მნიშვნელოვანი ქალაქები: მცხეთა (არმაზი), ვანი, გორი, კასპი, სარკინეთი, უფლისციხე და სხვა. საქართველოს საქალაქო ცხოვრების მაღალ დონეს ძვ.წ. I ათასწლეულის ბოლოსა და ახ.წ. დასაწყისში, გვიხატავენ ვანის, არმაზისხევის, ბორის, კლდეეთის, სამთავროს გათხრების ყოფის საგნები და სამკაულები. სამარხთა ინვენტარის მიხედვით მოსახლეობის მაღალი და საშუალო ფენებიც ფლობდნენ ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელს, შესანიშნავი ხელოვნებით შესრულებულ ოქროს სამკაულებს.

ოქროს ბეჭდები პორტრეტული გემმებით მარგალიტებით შემკული საყურეები, აჟურული ყელსაბამები და დიადემები, გულსაკიდები და აბზინდები, სამაჯურები და ქამრის ბალთები მოოჭვილი პატიოსანი ქვებით, დამუშავებული გავარსით, გრეხილითა და წნულით, ბრინჯაოსი და რკინის იარაღი, მოხდენილი მინის ჭურჭელი და სხვა, გვისურათებენ მეტალურგიის როგორც ხელოვნების (ტორევტიკა, ჭედურობა) და მინის წარმოების განსაკუთრებულ აყვავებას. იბერიის მოსახლეობის კულტურული დონის მაჩვენებელია აგრეთვე მრავალრიცხოვანი ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც ახ.წ. პირველ საუკუნეებს ეკუთვნის. ეს წარწერები გვაოცებენ თავისი მაღალი სტილით და გრძნობათა  უფაქიზესი გადმოცემით (სერაფიტეს საფლავის წარწერა, ზევახისა და კარპაკის გემმა). ეს გარემოება უცილობლად მოწმობს იმ დროის ადამიანთა მაღალ კულტურულ დონეს, რომელთაც ძალუძთ თავისი აზრების ხატოვანი გადმოცემა. ეპიგრაფიკული ძეგლების მეშვეობით ვეცნობით იბერიის სახელმწიფო წყობილებას, მისი რთული მართვის აპარატით, რომელსაც სათავეში ედგა მეფე. საქალაქო ცხოვრების განგითარება ხელს უწყობდა არქიტექტურის აყვავებას. საზოგადოების სოციალური დაყოფის შედეგად იქმნება საცხოვრებელი სახლების განსხვავებული ტიპები. საქალაქო ცხოვრება მოითხოვდა ადმინისტრაციულ და საზოგადოებრივ შენობათა შექმნას, ხოლო გაცხოველებული ვაჭრობა - შესატყვის სასაწყობო და სხვა ნაგებობებს. ჩნდება საზოგადოებრივ ნაგებობათა ისეთი სახეობანი, როგორიცაა აბანოები (არმაზისხევი, ბაგინეთი, ბიჭვინთა, ნოქალაქევი, ძალისა) თანაც, როგორც ჩანს, აბანოები სავალდებულო ხდება ყველა ქალაქისათვის. ქალაქში განსაკუთრებული ადგილი ეკავა საკულტო ნაგებობებს. ტაძრები შენდებოდა მაღლობზე, გამოჩენილ ადგილას. გათხრების მასალების მიხედვით, ისინი გულდასმით და მდიდრულად იყო ნაგები (ვანი). ცხადია, ყველა ქალაქში უდიდესი ყურადღება ეთმობოდა თავდაცვით ნაგებობებს. ქალაქები გამაგრებული იყო მძლავრი თავდაცვითი კედლებით და კოშკებით, საფორტიფიკაციო ხელოვნების წესების დაცვიტ (არმაზის ციხე, ურბნისი). საქალაქო ცხოვრების განვითარებამ მოითხოვა მათი კეთილმოწყობა, პირველყოვლისა, წყალსადენისა და კანალიზაციის მოწყობის მხრივ. წყალსადენ - კანალიზაციის ქსელების სიმრავლისა და სირთულის მხრივ საყურადღებო სურათს გვაწვდის ნაქალაქარი ძალისა. სოციალური და ქონებრივი დიფერენციაცია აისახა სამარხ ნაგებობშიაც. მოსახლეობის ფართო ფენების მარტივი - კრამიტის, აგურის და ქვის საფლავების გვერდით ჩნდება პიტიახშების (ერისთავების) და მეფის საგვარეულოს მდიდრული სარკოფაგები და აკლდამებიც. ამ პერიოდის სამშენებლო ტექნიკა ეყრდნობა ძველ ტრადიციებს, მაგრამ ამასთანავე ანვითარებს თავის საკუთარ სამშენებლო ბაზას. 33333333333333333333

სამშენებლო მასალის შერჩევა ძირითადად განისაზღვრება მისი ადგილზე არსებობით, ვინაიდან მასალის ტრანსპორტი მშენებლობაზე ყველაზე შრომატევადი საქმე იყო. ამიტომ ძირითადად ხმარობდნენ მახლობელ კარიერებიდან მოზიდულ ქვას. ძვ.წ. VI- IV საუკუნეებში ჯერ კიდევ გამოიყენებოდა ციკლოპური წყობა, რომლის განვითარებას წარმოადგენს პოლიგონალური წყობა ქვის მარტივი მოსწორებითა და გათლით. ამ ხერხით ერთმანეთთან მორგებული ქვების მშრალი წყობა ქმნიდა უფრო მტკიცე კონსტრუქციას. ძვ.წ. IV საუკუნის შემდეგ ვრცელდებოდა კვადრული წყობა, როგორც საფუძველი  ალიზის კედლების ქვეშ, ასევე დამოუკიდებლად. თლილი ქვები ეწყობა მშრალად, უხსნაროდ და მაგრდება ერთმანეთთან „მერცხლის კუდის" სახის ხის ან ლითონის სამაგრებით. ხშირად სამაგრების, გამირების ბუდეები ივსება ტყვიით. ამავე დროს, გვხვდება რუსტებიანი წყობა. სადაც კვადრებზე გათლილია ნაპირების ზოლი, ხოლო შუა ნაწილი დამუშავებელია (ვანი, გორი). კვადრული წყობა ყოველთვის ჰორიზონტულია, ყოველ რიგში ეწყობა ერთნაირი სიმაღლის ქვები. კირის დუღაბის გაჩენის შემდეგ ძვ.წ. უკანასკნელ საუკუნეებში, თუმცა მატიანეს ცნობითი   იბერიაში კირის დუღაბის გამოყენება დაიწყეს ძვ.წ. III საუკუნიდან) წყობაში გამოიყენება უკვე უხეშად გათლილი ან ნაგლეჯი ქვები. ასეთი ქვების პარალელური რიგები ქმნიან კედლის პერანგს, ხოლო შიგნით კედელი ივსება ქვის ნატეხებით კირის დუღაბზე. განსაკუთრებით გავრცელებულია ალიზის აგურისაგან ქვის საფუძველზე ამოყვანილი კედლები, რომელთა სისქე 2,4-3,6 მეტრ აღწევს. წყობაში გამოიყენება როგორც მთელი აგურები, ისე ნახევრებიც. წყობის სიმტკიცის გასაძლიერებლად და კედლის მნგრეველი იარაღის მოქმედების შესამცირებლად კედლებში დატანებულია ხის მორები ან კოჭები. გადახურვა ძირითადად ბრტყელია ძელჭერის სახით. მაგრამ სწრაფად ვრცელდება ორქანობიანი სახურავიც კრამიტის ფენილით. კრამიტი დიდი ზომისაა და ორი სახეობისა ბრტყელი და ღარიანი ან ღარისებრი. ქალაქების აღმოცენებას ჩვეულებრივად უკავშირებენ სახელმწიფოს დაცვას და სავაჭრო გზებს, ხოლო ქალაქთმშენებლობის კულტურა - დაკავშირებულია არა იმდენად სამხედრო - ადმინისტრაციულ პუნქტებთან,  რამდენადაც სავაჭრო - ხელოსნურ ცენტრებთან. განსაკუთრებით ვითარდება ვაჭრობა ელინისტურ პერიოდში, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა საერთაშორისო ვაჭრობის ტრანზიტული გზა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. ცხადია საერთაშორისო ვაჭრობა ხელს უწყობდა ქალაქების აღმოცენება - განვითარებას გზებისა და მდინარეების გასწვრივ. ქალაქების მშენებლობისას უპირატესობა ეძლეოდა მთის კალთებს ან პლატოს ბორცვზე. ასეთი მდებარეობა უზრუნველყოფდა წვიმის წყლის ბუნებრივ ჩადენას, მთიდან იშლებოდა საინტერესო  ხედები და ქალაქის ინსოლაცია და აერაცია უმჯობესდებოდა. ადგილის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა წყლით მომარაგებას, ამიტომ ქალაქი შენდებიდა მდინარის ნაპირას, ანდა ბორცვზე, სადაც არსებობდა მთის წყაროები. ყველა ქალაქი გაშენებულია გაბატონებულ მაღლობზე,  რომელთაც ჰქონდათ ბუნებრივი ზღუდეები ხევების ან მდინარეების სახით, ზოგიერთ შემთხვევაში ქალაქს გარშემორტყმული ჰქონდა ხელოვნური არხები (უფლისციხე, ურბნისი). ქალაქს სოფლიდან განასხვავებდა მის კედლებით შემოზღუდვა. ამას გარდა ქალაქში უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივი და ადმინისტრაციული შენობები, ქალაქური სახლები და სავაჭრო ადგილები - ქულბაქები. ქალაქის გალავანს, ბუნებრივია, ჰქონდა კარებიც (მცხეთა, ვანი, ბიჭვინთა, სამშვილდე, დმანისი). ქუჩების სიგანე მცირეა და საშუალოდ სამ მეტრს აღწევს. ძვ.წ. I ათასწლეულის ბოლოს ჩვეულებრივი ხდება ქუჩების მოკირწყვლა (ვანი, ძალისა). მთის ფერდობებზე განლაგებული ქალაქები ტერასული სტრუქტურის იყო. შენობები შეჭრილია მთის ფერდობში და იქმნება სხვადასხვა დონეზე მდებარე გრძივი ქუჩები, მათ აკავშირებს მოკლე ქუჩები (ასე იქმნებოდა უბანი). ტერიტორიის რელიეფი მაქსიმალურად იყო გამოყენებული. ამასთანავე, მშენებლებისათვის, ალბათ, არ იყო უცნობი ელინისტური სამყაროს ქალაქთმშენებლობის ხერხები. ცნობილია სტრაბონის ცნობა იბერიის ქალაქების მშენებლობაზე - „არქიტექტურული ხელოვნების წესების შესაბამისად". ყურადღებას იმსახურებს აგრეთვე მცხეთაში  სამთავროს სამაროვანზე აღმოჩენილი საფლავის ქვის ეპიტაფია - „ავრელი აქოლისი, არქიზოგრაფი და არქიტექტონი", რომელიც IV საუკუნეს მიეკუთვნება. ამ წარწერის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ - ანტიკურ  მცხეთაში უკვე არსებობდა თანამდებობრივი პირი, რომელიც განაგებდა ქალაქის მშენებლობასა და ხუროთმოძღვრებას, მის კეთილმოწყობასა და მხატვრულ სრულყოფას. ქალაქების ტერიტორია არ უნდა ყოფილიყო დიდი, თუ მხედველობაში მივიღებთ კედლებით შემოზღუდულ ტერიტორიას და არა მის გარეუბნებს კედლებს გარეთ. მსხვილი ქალაქების ფართობი აღწევდა 30 ჰექტარს, მაგრამ უმეტესად მათი ფართობი 4-10 ჰექტარით განისაზღგრებოდა. ქალაქის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი იყო შიდა, ციხე (აკროპოლისი). ჩვულებრივად, შიდა ციხის ერთი ან ორი მხარე ემხრობოდა კლდოვან ფლატეს, ხოლო დანარჩენი მიმართული იყო ქალაქისაკენ (არმაზციხე, ნოქალაქევი, შორაპანი, დმანისი). იბერიის სამეფოს დედაქალაქი - მცხეთა მდებარეობს მდინარე მტკვრისა და არაგვის შესართავთან. გალავნით შემოზღუდულ ქალაქის გარდა არსებობდა „დიდი მცხეთა", რომელშიაც შედიოდნენ არმაზციხე, არმაზის ხევი, სარკინეთი, წიწამური და ნაქულბაქევი.

ანტიკური პერიოდის ქართულ არქიტექტურას ახასიათებს სისადავე და ორგანულობა. მასების განაწილებისა და საერთო ორგანიზაციის საფუძველს წარმოადგენს სწორკუთხედი, რომელიც ხშირად უახლოვდება კვადრატს. შენობები გამოირჩევა მარტივი პროპორციებით(1:1; 1:2). შენობათა კომპოზიცია ექვემდებარება სიმეტრიის ძირითად ღერძს, რომელიც ავლენს მათ ფრონტალობას ხაზგასმული ფასადით. შესასვლელი წარმოადგენს ფასადის (უმეტესად სამხრეთის) კომპოზიციურ ცენტრს. სვეტები რითმულად არის განაწილებული ერთნაირ მანძილზე. შენობათა დეტალურმა გაზომვამ გამოავლინა ის სიგრძის საზომთა ერთეულები, რომლითაც სარგებლობდნენ ხუროთმოძღვრები და მშენებელნი. როგორც ირკვევა, სიგრძის საზომს წარმოადგენდა წყრთა, რომლის სიდიდეა 52 სანტიმეტრი. ამ წყრთის ჯერადია მაგალითად, სვეტებიანი დარბაზის, არმაზციხის, გორის, სარკინეთის ძირითადი ელემენტები. ასე არმაზციხის ალიზის აგურის ზომებია - 52X52X12 სმ., 52X26X12 სმ, სამადლოში - 50X50X10 სმ, 50X22X11 სმ. შემდგომ, უფრო გვიანდელ ფენებში გვხვდება 46X48 სმ. ძველი საქართველოს სიგრძის საზომი ერთეულების სიახლოვე წინა  და მცირე აზიის (ბაბილონი - 53,1 სმ, პერსეპოლისი - 52,5 სმ, ეგვიპტე - 52, 4 სმ). სათანადო განზომილებებთან - წყრთასთან, გვიჩვენებს ძველი საქართველოს მჭიდრო ურთიერობას ძველი აღმოსავლეთის კულტურასთან. ამ პერიოდის ქართული არქიტექტურის ზოგიერთი ხერხები ავლენენ გარკვეულ კონტაქტებს წინა აზიის ხალხების კულტურასთან. ალიზის კედლები ქვის საფუძველზე გვხვდება ხეთურ ქალაქებში ალალახში და სამალში, ტელ - ტანაიტის ბორცვზე. ანალოგიურია არა მარტო ალიზის აგურის დამზადების ხერხი - ბზანარევი თიხა, არამედ აგურის ზომები. არმაზციხის ორიგინალურ სვეტებში, სადაც ხის ღერო შეთავსებულია ქვის ბაზის - კაპიტელებთან, შეიძლება დავინახოთ კავშირი სირო - ხეთურ ნაგებობებთან, კერძოდ, ალალახის კომპლექსში, ნინევიასა და კალახში. დედოფლის მინდორის ხის შელესილი სვეტები და კაპიტელები, ციხია გორას სვეტისთავი ამსახველია აღმოსავლეთის არქიტექტურის და კერძოდ აქემენიდური, ირანის საკულტო და საერო ხუროთმოძღვრების ტრადიციებისა. ქართული ხელოვნების კავშირი აღმოსავლეთის ტრადციებთან ვლინდება ყოფისა და მორთულობის საგნებში, მითოლოგიაში, ენობრივ მასალაში, დამწერლობასა და ტოპონიმიკაში. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ეგეოსის სამყაროსთან ურთიერთობის საკითხში. ნაყოფიერების ქალღმერთის კულტი ხარის შეწირულებით, რქებიანი საკურთხევლები თრიალეთიდან, ურბნისის კერები, ორნამენტიკის ცალკეული მომენტები - ყოველივე ეს გვიჩვენებს საქართველოს და ეგეოსის სამყაროს რელიგიურ წარმოდგენებისა და კულტურის გარკვეულ მსგავსებას, რაც განისაზღვრება სამეურნეო - საზოგადოებრივი საფუძვლით. საგულისხმოა მაგალითად, მეგარონის ტიპის საცხოვრებლის იდენტური განვითარება. როგორც ჩანს, აქ სახეზეა კულტურული სამყაროს გარკვეული მსგავსება, რომელიც ისტორიულად ყალიბდება ჯერ კიდევ ძვ.წ. II ათასწლეულიდან. საქართველოს არ ასცდა ელინისტური კულტურის გავლენაც. ჩვენს წელთაღრიცხვამდე უკანასკნელ საუკუნეებში შეიმჩნევა ბერძნული ენისა და დამწერლობის ხმარება, დასაფლავების წესების შეცვლა, ჩნდება სვეტები დორიული, იონური და კორნთული სვეტისთავებით. კოლხეთში ეს გავლენა ჩანს  სატაძრო ნაგებობათა კონსტრუქციულ ელემენტებში, არქიტექტურულ ფორმებსა და დეკორში (ვანი), ხოლო იბერიაში, ძირითადად, გამოიხატება კრამიტის გავრცელებაში და ნაგებობათა ორკალთიან სახურავებში. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ საქართველოში არ ჩანს ბერძნული ტიპის ტაძარი, საქმე გვაქვს მხოლოდ ცალკეულ ფორმათა დასესხებასთან. რამდენადმე უნდა ასახულიყო ქართულ კულტურაში იბერიისა და რომის ურთიერთობა ახ.წ. I - III მართლაც ეს ურთიერთობა ვლინდება სამკაულებსა და ყოფის საგნებში (ვერცხლის ჭურჭელი, გემმები ანტიკური მითოლოგიის სიუჟეტებით და სხვა). რომის მხატვრულ გემოვნებას ასახავენ უფლისციხის დარბაზები კესონურად დამუშავებული პლაფონით. მაგრამ აქვე უნდა გავიხსენოთ  სტრაბონის ცნობაც იმის შესახებ, რომ იბერიაში, რომაელების აქ გამოჩენამდე ბევრად ადრე, იყო „განვითარებული საქალაქო ცხოვრება და არქიტექტურული ხელოვნების შესატყვისი მშენებლობა".  ძვ.წ. VI- IV სს. დასავლეთ საქართველოში ხელოვნება ძირითადად წარმოდგენილია კერამიკით. კერამიკული ჭურჭლის ნაწილი შემოტანილი ჩანს - ეს არის შავლაკიანი მოხატული ჭურჭელი: კანფარები, ამფორები, ლეკიფები, სკიფოსები, კრატერები, ჰიდრიები. ჭურჭელი შემკულია გრავირებით ან ტვიფრით შესრულებული ორნამენტით და მოხატულია. მეორე ნაწილი -ქვევრები, ქოთნები და სასმისები აშკარად ადგილობრივი წარმოშობისაა. ჩრდილო კავკასიაში აღმოჩენილია ძვ.წ. V ს. თასი, რომელსაც შუაში ომფალოსი აქვს და ნაპირებზე შემოუყვება გაშლილრქებიანი ირმის თავების რელიეფური გამოსახულებანი. ომფალოსი შემოფარგლულია ხაზოვანი და წერტილოვანი ორნამენტით, ხოლო თვით ზედაპირზე გამოსახულია დახვეული გველი. საყურადღებოა თასზე დაცული წარწერაც -„ვეკუთვნი აპოლონ წინამძღვარს, რომელიც ფაზისშია". ამგვარი მოყვანილობის თასები ხშირად გვხვდება საქართგელოში და მათ ადგილობრივ წარმოშობაზე მიგვითითებს. ასეთია ვანში აღმოჩენილი ვერცხლის ფიალებიც ომფალოსებით და ორნამენტაციით, ახალგორის განძის  ფიალები ომფალებით, ფსკერზე ნუშისებრი უბეებით, ასეთივეა თასი ყაზბეგის განძიდან. სოხუმში ზღვის უბეში აღმოჩენილია მარმარილოს საფლავის ქვასტელა. აქ გამოსახული სამფიგურიანი კომპოზიცია ტრადიციულია და ანტიკური სკოლის ძვ.წ. V-IV საუკუნეების ნაწარმოებს წარმოადგენს. ძვ.წ. VII-VI სს. მიეკუთვნება სტეფანწმინდის განძის მცირე ქანდაკებები. ეს ქანდაკებები დაკავშირებულია მამაკაცის ნაყოფიერების კულტთან. მიუხედავად ფორმების განზოგადოებული გადმოცემისა, ისინი ხასიათდებიან ექსპრესიით, ხოლო დეტალების ორნამენტული სტილიზაცია ანიჭებს მათ დეკორატიულობას. ქანდაკების განვითარების ტენდენციები შეიმჩნევა განთქმულ ჭვირულ ბრინჯაოს ბალთებში, რომლებიც გავრცელებულია ძვ.წ. III საუკუნიდან ახ.წ. III საუკუნემდე, ძირითადად რაჭა-ლეჩხუმში, მესხეთ -ჯავახეთში და თრიალეთში. ბალთები სწორკუთხედის მოყვანილობისაა, მათ გარშემო მოუყვება განიერი ორნამენტული ჩარჩო კუთხეებში დატანებული კოპებით.

ჩარჩოს შიგნით არეზე მოთავსეულია სხვადასხვა სახის რთული კომპოზიციები, რომელთა ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენს დიდი ცხოველის (ირემი, ცხენი ან ფანტასტიკური ცხოველი) გამოსახულება. დარჩენილ არეს ოსტატურად ავსებს აჟურული ორნამენტი შიგ ჩაქსოვილი მცირე ცხოველების ნაკვთებით. ბალთებისათვის დამახასიათებელია განსაკუთრებული დეკორატიულობა, ხაზოვანი დინამიკა - ნატიფი ხაზი დამუშავება. ბალთების სიმბოლიკა ასახავს ბუნების მფარველი დედის ზოომორფულ სახეებს - ირემი, ჯიხვი, ძაღლი, თევზი, გგველი და ფრინველები - ცხოველები, რომლებითაც ღვთაება განაგებს თავის საბრძანებელს - დედამიწას, ცისა და წყლის სამყაროს. ბალთები თავისი დახვეწილი ფორმებით, შესრულების მანერით და საერთო სტილით. უკავშირდებიან ადგილობრივი მატერიალური კულტურის ძეგლებს და ამასთანავე წარმოადგენენ ახალ საფეხურს ხელოვნების განვითარებაში. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია შუა ანტიკურ პერიოდში ტორევტიკამ და საიუველირო ხელოვნებამ. ამის მაჩვენებელია ახალგორის განძი, რომელიც ძვ.წ. VI –IV სს თარიღდება. განძში უამრავი ოქროს ნივთია - თავსამკაულები, საკიდები, ბალთები, ვარდულები შემკული რელიეფური სახეებით, დამუშავებული გავარსით და ნატვიფრით.   საკიდთა შორის გამოირჩევა ორი, წყვილ-წყვილი ცხენების შესანიშნავი ნაკვთები, შემკული ჩუქურთმებით და უხვად მორთული დამატებითი მოწკარუნე საკიდებით. ეს განძი წარმოდგენას იძლევა ძვ.წ. I ათასწლეულის შუა ხანების ეკონომიურად დაწინაურებულ საზოგადოებაზე. იუველირული ხელოვნების უამრავი ძეგლია მოპოვებული ვანის ნაქალაქარზე. თავსაბურავის ოქროს სამკაულები, საყურეები, სამაჯურები, რომელთა ბოლოები შემკულია ლომის ან ვერძის თავების ქანდაკებებით, ყელსაბამები, დიადემები ცხოველთა ბროლების გამოსახულებებით და მრავალი სხვა, ძვ. წ. VI –IV სს ნაწარმოებები. აღსანიშნავია, რომ ვანის სამკაულში ჩნდება პოლიქრომია პატიოსანი ქვების და ინკრუსტაციის სახით. ამის ბრწყინვალე ნიმუშებია ოქროს გულსაკიდი (პექტორალი) და დიადემა. აღსანიშნავია ხაიშში (სვანეთი) აღმოჩენილი სახლის ოქროს პატარა მოდელი. ამ სახლს აქვს ორფერდა სახურავი, ჩანს ხის კედლების კონსტრუქცია და დამშვენებულია ადამიანთა და ფრინველთა ნაკვთებით. ადრინდელ ხანაში ხელოვნების დაწყებული აღმავლობა, ვითარდება გვიანანტიკურ ეპოქაშიც. საფიქრებელია, რომ საქალაქო ცხოვრების განვითარებას უნდა მოჰყოლოდა ქანდაკების განვითარებაც. ქართული წერილობითი წყაროები მოგვითხრობენ ადგილობრივი წარმართული ღმერთების სკულპტურული ნაკვთების შესახებ. ამ პერიოდის ქანდაკების შესახებ უტყუარ საბუთს იძლევა საირხეში (საჩხერის რაიონი) ნაპოვნი ლომის ნატურალური სიდიდის ქვის ქანდაკება და ორი დიდი ზომის სვეტის კაპიტელები მორთული ლოტოსისებრი ფურცლებით. ძვ.წ. III საუკუნით თარიღდება ვანში აღმოჩენილი  რკინისაგან გამოჭედილი მამაკაცის ნაკვთი, რომელსაც ოქროს მავთულისაგან გაკეთებული საყურე და ხატისუღელი ეკეთა. უკანასკნელ პერიოდში იმავე ვანში მცირე ზომის ბრინჯაოს ქანდაკებათა მრავალი ფრაგმენტის შემდეგ, ნაპოვნია ჭაბუკის ბრინჯაოს შესანიშნავი ფიგურა. იგი უკვე ნატურალური ზომისაა, რაც ჭეშმარიტად მოწმობს ანტიკურ საქართველოში ქანდაკების განვითარებას მით უფრო, რომ ვანში ნაპოვნია ქანდაკებათა ჩამოსასხმელ სახელოსნოს ნაშთებიც.

გვიანანტიკურ პერიოდში ახ.წ. II- IV სს. როგორც ჩანს, მცხეთის არმაზციხის, არაზისხევის, ბორის, კლდეეთის სამარხი ინვენტარის მიხედვით, დეკორატიულმა - გამოყენებითმა ხელოვნებამ მიაღწია ძალიან მაღალ დონეს. ამის მაჩვენებელია არმაზისხევში ნაპოვნი სარტყლის ოქროს ბალთები, საყურეები და სამაჯურები შემკული ფერადი თვლებით. განსაკუთრებით საყურადღებოა ოქროს ყელსაბამი შედგენილი ოქროს მავთულების რგოლებისაგან და მთლიანად მოოჭვილი სისხლისფერი ალმანდინის ქვებით. ამ ყელსაბამს ქვედა ნაწილში მიმაგრებული აქვს მრგვალი ყუთი ჭვირული კედლებით და ასევე შემკული წითელი ალმანდინისა და ფირუზის ქვებით.  ნამდვილად ბრწყინვალეა მეორე გულსაკიდი, რომელიც რთული აღნაგობისაა: ორ მჭიდროდ დაწნულ ძეწკვს შორის დამაგრებულია მრგვალი კოლოფი მორთული ფერადი ქვებით და ცენტრში მოთავსებულია ამეთვისტოს სკულპტურული ვერძისთავი. მის ქვემოთ ოქროს ჯაჭვზე ჩამოკიდებულია ოქროს კულონი მოჭედილი ალმანდინის მცირე კოპებით. კულონში ინახებოდა ბავშვის სარძევე კბილები,ხოლო ზედა კოლოფში არომატული ნივთიერებანი. ასევე აღსანიშნავია ხანჯლის ოქროს ტარი და სამაჯურები ფერადი ინკრუსტაციით. ზოგიერთ ნივთზე უკვე გვხვდება ტიხრული მინანქრის ელემენტები. ფართო გავრცელება ჰპოვა გლიპტიკამაც. ამის ნიმუშებია არმაზისხევის ოქროს ბეჭედი, რომელსაც ამშვენებს სარდიონში გამოკვეთილი პორტრეტი გემმა. აქ გამოსახულია მოხუცი კეხიანი ცხვირით, გრძელი თმებითა და წვერ-ულვაშით. სახასიათოა  ღრმად ჩამჯდარი თვალები და სახის მკაცრი გამომეტყველება. წარწერა გვამცნობს, რომ გამოსახულია ასპარუგ პიტიახში. აქვე აღმოჩენილ სარტყლის ოქროს ბალთაზე ძოწისა თუ ალმანდინის გემმაზე ამოკვეთილია ქალისა და მამაკაცის შეწყვილებული პორტრეტები, რომლებიც ერთმანეთს შესცქერიან. მამაკაცი მოხდენილი და კეთილი სახისაა, ქალს უფრო მკაცრი და ნებისყოფიანი სახე აქვს. როგორც წარწერიდან ირკვევა, ესენი არიან პიტიახში ზევახი და მისი მეუღლე კარპაკი. მდიდრულ სამარხებში გვხვდება ლითონის მხატვრული დამუშავების ნაწარმი - ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელი. ჭურჭლის ერთი ნაწილი ელინისტურ - რომაული წრისაა.   ასეთებია არმაზისხევის პინაკი მარკუს ავრელიუსის გამოსახულებით, პინაკი ანტინოეს მედალიონით, ბურსუმა პიტიახშის პალმეტებით შემკული დიდი ლანგარი, პინაკი არწივის გამოსახულებით. ჭურჭლის ნაწილი აღმოსავლური, კერძოდ სასანური წარმოშობისაა, ასეთია ვერცხლის თასი არმაზისხევიდან, რომელზეც რელიფურად გამოსახულია სასანური დიდებული ყვავილით ხელში.

ამავე დროს, არმაზისხევის და ბაგინეთის სარკოფაგების სარეცლების მოხარატებული, ვერცხლით შემოსილი ფეხები, რომელთა დეკორს შეადგენენ ფასკუნჯები, ვერძისთავები და სხვა ცხოველები, ბორის, არმაზისხევის და ზღუდარის პინაკები სამსხვერპლოს წინაშე მდგარი ცხენით დამახასიათებელია ადგილობრივი ხელოვნებისათვის და ალბათ, ადგილობრივი ხელოსნების ნაწარმოებად უნდა ჩაითვალოს. როგორც აღინიშნა, ძალისში აღმოჩენილი აბანოს გასახდელს ემხრობოდა „დიონისეს სახლი" მოზაიკური იატაკით. აბანოს ცივ განყოფილებაშიც შემორჩენილია მოზაიკის ფრაგმენტები ზღვის ფაუნის თემაზე (ზღვის ნიჟარა და დელფინი), თბილ განყოფილებაშიც მცირე ფრაგმენტებია მცენარეული ორნამენტების, ფარშევანგის გამოსახულება და ორსტრიქონიანი წარწერა. გასახდელის მოზაიკური იატაკიდან შემორჩენილია ამჟამად განადგურებული კომპოზიციის მხოლოდ ფართო არშია, რომელიც შედგებოდა სწორკუთხოვანი მონაკვეთებისაგან სიმეტრიულად განმეორებული გეომეტრიული კომპოზიციებით. „დიონისეს სახლი" მართკუთხა დარბაზია (ზომით 8,1X6 მ.), რომელიც აღმოსავლეთით კარით უკავშირდებოდა აბანოს გასახდელს. დასავლეთიდან მას სასახლის სენაკები ემიჯნებოდა, ხოლო სამხრეთით დარბაზის შესასვლელია რომლის წინ ეზო დაფარული ყოფილა უხეში მოზაიკით. დარბაზის ცენტრში გამოყოფილია დიდი კვადრატული პანო, რომელსაც სამი მხრიდან მიუყვება განიერი, გეომეტრიული და მცენარეული მოტივების ორნამენტით შემკული ბორდიური. მეოთხე, შესასვლელის მხრიდან კი გამოსახულია ვაზის ლერწებით შედგენილი ვოლუტების ფრიზი, გამობმული მტევნებისა და ბროწეულის ნაყოფით. ვაზის ძირზე დაყრდნობილია ნიღაბი მეტყველი გამოსახულებით. ცენტრალურ კვადრატში ჩახაზულია ოთხმკლავი არე, ისე, რომ კვადრატის კუთხეებში ჯვრის მკლავებით შექმნილია მცირე კვადრატები. ცენტრალურ არეში ვაზის ტალავერის ქვეშ მერხზე სხედან დიონისე და მისი მეუღლე არიადნე. მათ ვინაობას გვამცნობს ბერძნული წარწერა. დიონისეს და არიადნესაც ძალაუფლების ნიშანი ტირსი უპყრია. არიადნეს მარჯვენა ხელში უკავია რიტონი, ხოლო დიონისეს მარჯვენა ხელი ძევს მეუღლის ზარზე. დიონისეს მარცხნივ დგას პანი სალამურით ხელში, ხოლო არიადნეს გვერდით ტუნიკით შემოსილი, ისევ საკრავიანი, ძალზე დაზიანებული ფიგურა (სატირი, მენადა?). ძირითადი ჯგუფის მარჯვნივ გამოსახულია მრგგალი სამფეხა მაგიდა, რომელზეც დგას ორი კილიკი, ქვემოთ კი მაღალი ჭურჭელი - ოინოხოი. ჯვრის დასავლეთის მკლავი მთლიანად განადგურებულია, მოჩანს მხოლოდ ქალის კაბის მცირე ნაწილი და ფეხები.

ჯვრის ზედა მკლავზე გამოსახულია ორი გრძელსამოსიანი ქალი, მარცხენას ქნარი უჭირას, მეორეს კი ფლეიტა. საფიქრებელია, რომ აქ მუზებია გამოსახული. მათ შორის მოთავსებულია წარწერა - „მოხსენებულ იქნეს პრისკე, რომელმაც ეს გააკეთა“. ასეთი სამშენებლო წარწერები საერთოდ იშვიათია. ცხადია ოსტატის სახელს არ მოიხსენიებდნენ, უფრო სარწმუნოა აქ დავინახოთ დამკვეთი, ქტიტორი პრისკე. დიონისეს და არიადნეს ფიგურების ქვემოთ მოზაიკა განადგურებულია, ჩანს მხოლოდ ცხოველის, ალბათ, ავაზის ნაკვთი, რომლის ქვემოთ იკითხება - აგლაი ქარიტი, გამოსახულებები კი მთლიანად განადგურებულია. საფიქრებელია, რომ ქვემო მკლავში ორი ქალის ფიგურა, ან სამივე გრაცია ყოფილიყო გამოსახული. (აგლაი - ბრწყინვალება, თალია - ფერი და ეფროსინე - მხიარულება). ოთხ ნაპირა კვადრატში გამოსახული ფიგურები წელიწადის დროთა აღმნიშვნელი პერსონიფიკაციებია - ფრთოსანი ჭაბუკი გვირგვინით თავზე და ხილით სავსე კალათით ხელში -  შემოდგომაა. ქალი ლანგრით, რომელზეც დევს გირჩი - ზამთრის ალეგორიაა.

ყრმა თავთავებიანი თაიგულით ზაფხულს გამოხატავდა, ხოლო მეოთხე, მცენარეული ყლორტებით - გაზაფხული უნდა იყოს. ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ მთელი ეს კომპოზიცია ორიენტირებულია ჩრდილოეთით, შესასვლელი კი სამხრეთ მხარეზეა, იქით არის მიმართული ნიღაბი არშიაზე. ეს ალბათ, აიხსნება იმით, რომ მოზაიკური პანო აღიქმებოდა ჩრდილოეთის კედლის ზონიდან, სადაც იდგა საბანკეტო დარბაზის - ტრიკლინიუმის მაგიდა და ტახტები. ძალისის მოზაიკა ხასიათდება აგების ტექტონიკით. ნაკვთებში ჯერ კიდევ იგრძნობა ელინისტური ხელოვნების ტრადიციები მოძრაობა ცოცხალია, ფორმა გამოსახულია შუქ -ჩრდილით, მაგრამ ძირითადი უკვე არა პლასტიკური ძერწვაა, არამედ ხაზოვანი ნახატი. მიუხედავად განზოგადოებული მოდელირებისა, სახეები მეტყველია და თითქოს ინდივიდუალურიც. მოზაიკა გემოვნებითაა შესრულებული და მისი ოსტატის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ძალისის მოზაიკის შედარება ამ პერიოდის მრავალრიცხოვან ძეგლებთან, გვარწმუნებს, რომ იგი მიეკუთვნება რომის იმპერიის აღმოსავლეთის არეალს, კერძოდ ანტიოქიის სკოლას. მოზაიკა შესრულებულია III საუკუნის პირველ მეოთხედში. რაც შეეხება მის ოსტატს, იგი უცხოელია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა, ან ადგრლობრივი მხატვარი დაუფლებული ხელობას ანტიოქიის სკოლაში. ძალისის მოზაიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს დიონისეს კულტის პოპულარობას საქართველოში, სადაც განვითარებულია მევენახეობა და მეღვინეობა. მარტო უკანასკნელ წლებში აღმოჩენილია: პანის ბრინჯაოს ქანდაკება მცხეთის აკლდამაში, დიონისეს და არიადნეს ტერაკოტული ქანდაკებები სარკინეთში, დიონისეს ბრინჯაოს  ქანდაკება სოფელ კოდისწყაროდან, ვერცხლის სარკეშემკული დიონისეს მიერ არიადნეს გაღვიძების რელიეფით სამთავროდან და სხვა. ძალისის მოზაიკა კვლავ გვიჩვენებს იბერიის მჭიდრო კონტაქტებს დასავლურ - რომის სამყაროსთან და ელინისტურ კულტურასთან აღმოსავლეთის ქვეყნებში.