topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ბრინჯაოს ხანა - ი.ციციშვილი

<უკან დაბრუნება

ირაკლი ციციშვილი - ქართული ხელოვნების ისტორია // ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების გამომცემლობა, თბილისი, 1995 წ., გვ.6 - 17

ბრინჯაოს ხანა

განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდება საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებული ტომების კულტურა ბრინჯაოს ხანაში, რომელიც თავის მხრივ ყალიბდება ენეოლითურ კულტურაზე. ქვემო ქართლში მდინარე ხრამის ნაპირებზე გამოვლინდა ძვ.წ. V-IV ათასწლეულების ათეული ნასოფლარი: საცხოვრებელი ბორცვები არუხლო, შულავერი, იმირის-გორა, დასახლებანი ტერასებზე - სადახლო, კონცხზე მდინარეთა შესართავთან - წოფი, მთის კალთებზე - ამირანის გორა. ნასოფლარი არუხლო წარმოადგენს ხელოვნურ ბორცვს ზომით 100 მ X150 მ, სიმაღლით 6 მ, გათხრებმა გამოავლინეს წრიული ფორმის ალიზის შენობათა ნაშთები.

შენობათა დიამეტრია 3 -3,2 მეტრი, კედლების სისქე 30-35 სმ. ერთი შენობის კედელში შემორჩენილია სასინათლო ხვრელი. მთელ სოფელს შემოვლებული ჰქონია ორი თავდაცვითი თხრილი, სადაც წყალი მოედინებოდა. ნასოფლარები შულავერი და იმირის გორა მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირას, წარმოადგენენ ხელოვნურ ბორცვებს, რომლებიც შექმნილია ბინადარი ცხოვრების ხანგრძლივობის შედეგად. პირველ ნასოფლარში 252 კვ.მ. ფართობზე აღმოჩნდა 20 ალიზის შენობა. ყველა შენობა წრიული გეგმისაა და გუმბათური გადახურვის. შენობათა ზომები იცვლება მათი დანიშნულების შესაბამისად. მოზრდილი შენობები ფართობით 12,5 – 16,6 კვ.მ. საცხოვრებელია, ხოლო მცირე შენობები დიამეტრით 2-3 მ. სამეურნეო დანიშნულებისაა. შენობათა კედლებში დასტურდება სარკმლების ღიობების არსებობა, ხოლო გუმბათოვან სახურავში სასინათლო ხვრელი - ერდო. კედლები აქაც აგებულია ლეკალური ალიზის აგურისაგან და შებათქაშებული თიხის ხსნარით. მეორე ნასოფლარში გათხრილ 40 ნაგებობათა შორის 20 საცხოვრებელია და ამდენივე დამხმარე - სამეურნეო დანიშნულებისაა. ამგვარად, საცხოვრებელი კომპლექსი შეიცავდა საცხოვრებელ ოთახს, ასევე წრიული ფორმის სამეურნეო ნაგებობას, საკვების მარაგის შესანახად და თიხატკეპნილ ორმოებს - უმთავრესად წყლის მარაგისათვის. სახლს ჰქონდა პატარა კარი. კედლის  ძირში, თიხატკეპნილ იატაკში ჩასმული იყო თიხის კერა. ყველა შენობა ჩაღრმავებულია მიწაში 50 სმ. ალიზის აგურის ჰორიზონტული რიგები ქმნიან კედელს, რომლის დახრილობა თითქმის საფუძვლიდან იწყება. კედლის დახრილობის შედეგად იქმნება გუმბათი. ალიზის ყოველი შემდგომი რიგი გადმოშვერილია 2-3 სმ. რაც ქმნის კამარას, რომლის საფეხურები გასწორებულია თიხის ბათქაშით.

იმირის გორაზე შულავერის გორისაგან განსხვავებით, საცხოვრებელი კომპლექსების დაგეგმარება უფრო მკვეთრია - ისინი დაკავშირებულია ერთმანეთთან გარკვეული პრინციპით, როდესაც სხვაგან შენობები შექუჩულია და მათი ურთიერთობა არ შეიმჩნევა. საფიქრებელია რომ აქ ასახულია გვაროვნული წყობილების განვითარების სხვადასხვა საფეხურები. ასეთ ნასოფლარებში, ანგარიშით უნდა ეცხოვრა 300 - 500 ადამიანს. ადრეული ბრინჯაოს ხანის ნასოფლარებში მიკვლეულ სახლებს ბევრი საერთო მოეძებნება ამავე პერიოდის ნასოფლარებთან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე (შომუ - ტეპე, კიულ - ტეპე), სომხეთში (შინგავითი, გარნისი), აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის, წინა აზიის ჩრდილო მესოპოტამიის ნასოფლარებთან, სადაც ასევე გვხვდება წრიული და ოვალური ფორმის გუმბათოვანი შენობები. როგორც ვხედავთ, სამხრეთ საქართველო ენეოლითისა და მომდევნო პერიოდში შედიოდა წინა აზიის კულტურის არეალში. ქვემო ქართლის ენეოლითურ დასახლებათა გათხრის დროს, განსაკუთრებით დიდი გორის ნამოსახლარზე, თიხის ჭურჭლის გვერდით აღმოჩენილია თიხის მცირე ზომის ანთროპომორფული ქანდაკებები. ისინი გამოსახავენ ქალს, მკვეთრად ხაზგასმული მდედრობითი ნიშნებით. ყველა ფიგურა მჯდომარე პოზაშია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ზოგიერთი ფეხმოხრილი და მუხლაწეულია, მეორე ნაწილი კი ფეხგაჭიმული. ქანდაკებები რეალისტურია, თუმცა თავი შედარებით პატარაა და ტანთან ოდნავ გამოყოფილი. ანთროპომორფული ქალის ქანდაკებები გავრცელებულია მთელ ძველ სამყაროში.

მათი დანიშნულების შესახებ არის აზრი, რომ ისინი უკავშირდებიან ნაყოფიერების კულტს და განასახიერებენ ბუნების მფარველ ძალას - „დიდ დედას". ქანდაკებების თარიღად მიჩნეულია ძვ.წ. V ასწლეულის მეორე ნახევარი. ადრეული ბრინჯაოს ხანის ძვ.წ. III ათასწლეულის ნასოფლარები მრავლადაა მიკვლეული შიდა ქართლის ტერიტორიაზე. უკეთ არის შესწავლილი ნასოფლარები ქვაცხელები და ხიზანაანთ გორა. ორივე მდებარეობს მტკვრის მაღალ მარცხენა ნაპირას. პირველი სოფელ ურბნისში, ხოლო მეორე მისგან აღმოსავლეთით ორი კილომეტრის დაშორებით. ნასოფლარები კომპაქტურადაა გაშენებული, სახლები ერთმანეთს ემხრობა მცირე გასასვლელებით მათ შორის. სახლები აგებულია თიხისა და ალიზისაგან, წნულისაგან შედგენილი კარკასით. შენობები გეგმაში თითქმის კვადრატულია მომრგვალებული კუთხეებით. ფასადის მთელ სიგრძეზე ოთახს ეკვრის დერეფანი შესასვლელით შენობის ცენტრში. ოთახის ფართობი მერყეობს 24 - დან 42კვ. მეტრამდე. იატაკი თიხატკეპნილია, ცენტრში მრგვალი კერაა შიგა შვერილებით. კერის უკან მდგარა საყრდენი ბოძი. უკანა კედლის გასწვრივ მოწყობილია 80-100 სმ. სიგანის ამაღლებული ბაქანი წეს-ჩვეულებათა შესასრულებლად ან სულაც უტილიტარული მიზნებისათვის. როგორც ჩანს, შენობის ღერძზე - საყრდენ სვეტზე ეწყობოდა 15 სმ. კვეთის შეწყვილებული კოჭები. მათზე პერპენდიკულარულად დაწყობილი იყო უფრო მცირე კვეთის კოპები შუაში ერდოს ხვრელის დატოვებით. შემდეგ კი ეწყობოდა ღეროებისა და წნულის ფენები. ამგგარად, ამ პერიოდის სახლებს ჰქონდათ თავისუფლად მდგარ სვეტზე და თავხეზე დაყრდნობილი ბრტყელი გადახურვა. საფიქრებელია" რომ სწორედ ასეთი შენობები წარმოადგენენ პროტოტიპს საქართველოში შემდგომ პერიოდებში ფართოდ გავრცელებული „დარბაზის" ტიპის სახლებისა. ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში, შუა ბრინჯაოს ხანაში, იქმნება ახალი - „თრიალეთის კულტურა". როგორც ჩანს, ძველი ნასახლარები მიტოვებულია და დაიწყო მთების ტერასების ათვისება. ამ პერიოდში ვრცელდება დიდი სამარხი ყორღანები დამარხვის რთული რიტუალითა და მდიდარი ინვენტარით. ბედენისა და სამგორის ყორღანებში ქვის კრილის ქვეშ აღმოჩნდა ხის   ძელურა შენობები, სადაც ჯარგვალის კუთხეებში მორებს ჭდეები ჰქონდათ და ერთმანეთზე ნახევარი ხით იყვნენ გადაბმულნი. ყორღანების საკანში ჩადიოდნენ დახრილი დერეფნით - დრომოსით. ყორღანების სამარხი ინვენტარი მიგვითითებს კულტურის საერთო დონის აღზევებაზე, ამასთანავე ვლინდება საზოგადოების დანაწევრების პროცესი და თემობრივი არისტოკრატიის გაჩენა (ტომების ბელადების სამარხები). გარკვეულ ყურადღებას იმსახურებენ კოლხეთის დაბლობის ნამოსახლარები. არხებით შემოსაზღვრული ბორცვები - ნაოხვამუ, დიხა-გუძუბა და სხვები ხასიათდებიან წრიული და მრავალწახნაგა გეგმის მქონე ხის სახლებით. ძვ.წ. II ათასწლეულის შუა პერიოდს (ძვ.წ. XIV და შემდგომი საუკუნეები) მიეკუთვნება ნასოფლარი ხოვლეგორა, სადაც გამოვლენილია ოთხკუთხა ფორმის კარიბჭიანი საცხოვრებელი სახლები. სახლები სიღრმეშია განვითარებული, ვინაიდან სიგანე გადახურვით არის რეგლამენტირებული და ოთხ მეტრს აღწევს. შენობები აგებულია ჰორიზონტალურად დაწყობილი ხის ლატანებითადა თიხით. გადახურვა ეყრდნობოდა კედლის სვეტებსა და თავისუფლად მდგომ ბოძებს. გვიანი ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანას მიეკუთვნება დიღომში (თბილისის ჩრდილო - დასავლეთის გარეუბანში) გაშლილი ნასოფლარი. ქედის კალთებში ნაწილობრივ შეჭრილი ერთოთახიანი სახლები აგებულია რიყისა და ფლეთილი ქვისაგან, აქვთ ბრტყელი სახურავები დაყრდნობილი კედლების გასწვრივ მდებარე საყრდენებზე. იატაკები თიხატკეპნილია. სახლს ახლავს პურის საცხობი და ბაქნები სამსხვერპლოებითა და კერებით.

ნასოფლარებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება მეგალითურ ნაგებობათა თითქმის ყველა სახეობანი. თეთრიწყაროს, წალკის და სხვა რაიონებშიც შემორჩენილია შვეულად დაყენებული მონოლითები - მენჰირები, ხოლო აფხაზეთის მხარეში, სოფლებში: ეშერი, აზაანთა, ოთხარა, აჭანდარა - დოლმენები. დოლმენების უმრავლესობა შედგება ოთხი მთლიანი გვერდითი ქვისაგან, მეხუთე ქვა სახურავისაა. ქვის ფილების შიგა ზედაპირები და ფასადი გულდასმითაა დამუშავებული. გრძივ კედლებზე გამოკვეთილია ნარიმანდები ფილების უკეთ მორგების მიზნით. დოლმენის წინა კედელში დატანებულია მრგვალი ხვრელი (40 სმ, დიამეტრისა), რომელსაც გარედან ქვისავე საცობი უკეთდებოდა. დოლმენები სამარხი ნაგებობებია, სადაც იმარხებოდა გვარის ერთი ან რამდენიმე წევრი. დოლმენების ქვის ფილების ზომები (ეშერის დოლმენის ზედა ფილის სიგანეა 4,85 სიგრძე 3,7 მ, ხოლო სისქე 0,6 მ. რაც შეადგენს 9,342 კბმ. და იწონის 22,5 ტონას), ეს გვაფიქრებინებს, რომ ფილების გადასაზიდად და დასაყენებლად იხმარებოდა ბერკეტები, საფეხურებრისებრი ქანობები და მიწაყრილები. ასეთი აკლდამის ასაგებად აუცილებელი იქნებოდა მაგარი გვაროვნული კოლექტივის დიდი შრომა. სამარხი ინვენტარის მიხედვით დოლმენების მშენებლობა ხორციელდებოდა ძვ.წ. III ათასწლეულის ბოლოსა და II ათასწლეულის დასაწყისში. განსაკუორებული მნიშვნელობა ენიჭება ციკლოპურ ციხეებს, რომლებიც საქართველოში მრავლადაა შემორჩენილი. ციკლოპური ციხეების სამშენებლო მასალა და ტექნიკაც განსაკუთრებით კონსერვატიულია და ვრცელდება, ბრინჯაოს ხანიდან ფეოდალურ ეპოქამდე. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ციკლოპური ციხეები გვიჩვენებენ მხოლოდ მათი ცხოვრების ბოლო პერიოდს და მათი განხილვა ისტორიული პროცესის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია.

ამ ძეგლების განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ ისეთი საკითხები, როგორიცაა: ციხისათვის ადგილის შერჩევა, ციხისა და ნასოფლარის ურთიერთობა და მდებარეობა, სამაროვნები, ციხის კედლების სისტემა, სამშენებლო ტექნიკა, არქეოლოგიური მონაცემები, საცხოვრებელი სახლების ტიპები და სხვა. ციკლოპური ციხეები უნდა შექმნილიყო საზოგადოების ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების შედეგად. როგორც ვიცით, ბრინჯაოს ხანაში უპირატეს მნიშვნელობას ეკონომიკაში იძენს მეცხოველეობა, ამასთანავე, ხდება ქონებრივი დანაწევრება, ცალკეულ ტომებს შორის იწყება შეტაკებანი და თავდასხმები საქონლისა და საძოვრებისათვის. ცხადია, ასეთ ვითარებაში აუცილებელი ხდება სოფლების მძლავრი კედლებით დაცვა. ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო ძვ.წ. II ათასწლეულში. ციკლოპური ციხეები ამჟამადაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ. მძლავრი, მაღალი კედლების ქვედა ნაწილი აგებულია ბაზალტის ან სხვა ვულკანური ქანების დაუმუშავებელი ლოდებით. კედლის ასაგებად იწყობოდა გარე და შიგა რიგების მიმმართველი ლოდები, ხოლო სივრცე მათ შორის ივსებოდა უფრო წვრილი ქვებითა და ნატეხებით. ქვის კედლები ამოყვანილია 3 - 4 მეტრის სიმაღლეზე, შემდეგ კი იწყება ალიზის კედელი. ყველაზე ადრეული ციხეები აგებულია ძნელად მისადგომ მაღლობებზე. მათი კედლების გარეთ კი თავსდებოდა სოფელი. ასეთ ციხეებს მიეკუთვნებიან ბეშთაშენი, ავრანლო, ოზნი და ნაწილობრივ გოხნარი. ციხეების შემდეგი ჯგუფისათვის დამახასიათებელია მათი მდებარეობა მთის კალთებზე. ისინი უფრო დიდი ზომისაა და მოსახლეობაც ციხის კედლებს შიგნით თავსდებოდა. ამ ციხეებში ცალკე კედლით გამოყოფილია შიდა ციხე-ციტადელი რაც ნიშნავს გაბატონებული ჯგუფის - ტომის ბელადისა და მისი საგვარეულოს გაჩენას და გვაროვნული წყობილების დაშლის დაწყებას. ასეთი ციხეების რიგს მიეკუთვნება აშკალა, ბეშთაშენი და სხვა. შემდეგ ჯგუფს შეადგენენ ციხეები გოფრირებული, ტალღისებური კედლებით და მრგვალი კოშკებით - კონტრფორსებით. საკედლე ქვა უკვე ოდნავ დამუშავებულია. ასეთი ციხეები, როგორიცაა, ნორდევანი, გუმბათი, სანთა აგებულია ძვ.წ. I ათასწლეულის ბოლოს. მიუხედავად მასალის სიმცირისა, შეიძლება დავასკვნათ, რომ პირველყოფილი საზოგადოების ეპოქაში ჩაისახა წრიული და სწორკუთხოვანი გეგმის სივრცითი კონცეფციები. უკვე მენჰირებში ჩანს ადამიანის სურვილი შექმნას რაღაც მხატვრული სახე - ვერტიკალურად დაყენებული ქვასვეტი თავისი მეტყველი ფორმით შეადგენს არქიტექტურის ერთ-ერთ საფუძველს და ადამიანის მდგომარეობასაც. დოლმენებში პირველად იფარგლება შიგა სივრცე და მკვეთრად ვლინდება ნაგებობის გარე მოცულობა. საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებულ ტომების მიერ ხანგრძლივი დროის მანძილზე გამომუშავებული ძირითადი არქიტექტურის ტიპები, კონსტრუქციული ხერხები და სამშენებლო ტექნიკა, ფართოდ იყო ათვისებული შემდგომი პერიოდების ქართული ხუროთმოძღვრების მიერ. თრიალეთის ყორღანების დარბაზთა კედლების გასწვრივ აღმოჩნდა თიხის მრავალი ჭურჭელი.

იგი სამი სხვადასხვა ფერისაა - შავპრიალა, ვარდისფერსარჩულიანი, ნაცრისფერი და წითლად შეღებილი. პირველი ორი ჯგუფისათვის დამახასიათებელია ამოკაწრვით და ჩხვლეტით დატანებული ორნამენტი, ხოლო წითელ ქილებსა და დერგებზე წითელ ანგობზე შავი საღებავით გამოსახულია ტალღისებური ორნამენტი. მეორე, ღია ფერის ანგობიან ქილაზე ორ სარტყელს შორის აღბეჭდილია დაკლაკნილი მდინარე ტალღისებური ხშირი ხაზებით. ჭურჭლის მკაცრი ფორმები, მსუბუქი ორნამენტის სიზუსტე და ადგილის მარჯვე შერჩევა, მოხატულობის კომპონენტების წონასწორობა და ქოთნის ფორმასთან ორგანული კავშირი - ყოველივე ეს ადასტურებს ამ პერიოდის მეთუნუქეთა მაღალ ოსტატობას და დახვეწილ გემოვნებას. ამავე სამარხებში აღმოჩენილია ტორევტიკის მშვენიერი ნიმუშები. მათ შორის უცილობლად აღსანაშნავია ვერცხლის თასი, ვერცხლის პატარა სარწყული და ოქროს ფიალა. თასი დგას მრგვალ ფეხზე, რომლის ზემოთ გამოსახულია ლოტოსის ყვავილი. თასის ტანი ორი სარტყელისაგან შედგება. ქვედაზე გამოსახულია ერთმანეთის უკან მიმავალი ცხრა ფურირემი და ხარირემი. ზედა ზოლში გამოსახულია 23 ანთროპოზორფულ არსებათა პროცესია. როგორც ჩანს, ისინი მიემართებიან ტახტზე მჯდომარე ღვთაებისაკენ, რომელსაც ხელში სასმისი - უკავია. პროცესიის მონაწილეთაც ხელში სასმისები უპყრიათ. მათ ჩაცმულობაში შეიმჩნევა მგლის, ძაღლის, მელიის ატრიბუტები. ალბათ, აქ ასახულია ნადირობასთან და ცხოველურ ტოტემთან დაკავშირებული რელიგიური წეს - ჩვეულებანი. თასზე გამოსახულია სიცოცხლისა და უკვდავების სასმელის დამზადებისა და განაწილების ცერემონია, დაკავშირებული ნაყოფიერების ღმერთის კულტთან. როგორც თემა, ასევე ფრიზზე ნაკვთების წყობის სისტემა ახლო დგას ხეთო - მიტანურ წრესთან, საერთოდ წინა აზიის ხელოვნების ტრადიციებთან.

ვერცხლის სარწყული ძლიერაა დაზიანებული. შემორჩენილი ფრაგმენტებიდან ჩანს, რომ მთელი ზედაპირი ეთმობოდა ტყეს და მის ბინადარ ცხოველებს. აქ ვხვდებით ირმებს, არჩვებს, თხებს. ზოგ მათგანს მკერდში ისარი აქვს გარჭობილი. გამოსახულია ნადირობის სცენა.

აღსანიშნავია, რომ აქ მეტყველად არის გამოსახული თითოეული ცხოველის დამახასიათებელი ნიშნები. ოქროს ფიალა წარმოადგენს ძირისკენ ოდნავ შევიწროვებულ და ქუსლზე შემდგარ ორკედლიან სასმისს. იგი მდიდრულად და ეფექტურად არის შემკული გრეხილებითა და გავარსით მოოჭვილი ვარდისფერი სარდიონისა და ფირუზის ქვებით. საერთოდ, თრიალეთის ეს თასი შემკულობის მოხდენილობითა და დამზადების მაღალი ტექნიკით მსოფლიო მნიშვნელობის ტორევტიკის ძეგლია. ძვ.წ. III ათასწლეულით თარიღდება აგრეთვე კახეთში ალაზნის ველზე გათხრილ გორა-სამარხში აღმოჩენილი ოქროსაგან დამზადებული ლომის მინიატურული ქანდაკება, სტილიზებული ორნამენტით დამუშავებული ფაფრით. გარდა საყოფაცხოვრებო საგნებისა და სამკაულებისა მორთულობის ელემენტები ვრცელდება ამ პერიოდის იარაღზეც. გვიანი ბრინჯაოს ხანის კოლხურ კულტურაში საყოველთაოდ გავრცელებულ იარაღს წარდგენდა ბრინჯაოს ცული და სატევარი. კოლხური ცული მეტად მოხდენილი და ამასთან მოსახმარად მარჯვე იარაღია. კოლხურ ცულებს ახლავს გეომეტრიული და ცხოველური მოტივებისაგან შემდგარი ორნამენტი. განსაკუთრებით ხშირია აგრეთვე ხვიები, ვითარცა გველის სიმბოლური გამოსახულებანი. ცხოველურ მოტივთა შორის გავრცელებულია ზოომორფული გამოსახულება, რომლის საფუძველი ძაღლია. მისთვის დამახასიათბელია დაღებული ხახა, აცქვეტილი ყურები, წვრილი და მაღალი ფეხები და სპირალური ხვიით და ისრის წვეტისებურად დაბოლოებული კუდი.

ამავე პერიოდის სამარხებში, გარდა იარაღისა, გვხვდება საკიდებად ან დასადგმელად განკუთვნილი, ცხოველების მცირე ზომის ქანდაკებები. უმთავრესად აქანდაკებენ დათვს, მგელს, ირემს, ძაღლს, ცხენს, გხვდება ადამიანის ქანდაკებაც. გამოსახულებანი სავსებით რეალისტურია და არ გადადიან ნატურალიზმში. ამის კარგი მაგალითებია ვერძი, მხედარი, ძაღლი, დათვის ბელები ბრილიდან და გუდაუთიდან. ამასთან ერთად, ქანდაკებაში შეინიშნება სტილიზაციის ნიშნებიც. გვიანი ბრინჯაოს ხანის აღმოსავლეთ საქართველოს იარაღი მეტად მრავალფეროვანია. ძირითადია მაინც სატევრები და მახვილები, რომელთა ვადები შემკულია სპირალური, დაკბილული და თავზიფხური სახეებით. წვერკვეთილი მახვილების პირზე ხშირად ვხვდებით პირისპირ მდგომ ცხოველთა (ირმები, ძაღლები) ამოკაწრულ გამოსახულებებს. რაც შეეხება ჭურჭელს, იგი ყველაზე უკვთ წარმოდგენილია მცხეთა - სამთავროს სამარხებში. აქ ყველაზე გავრცელებული ჭურჭელია შავპრიალა და რუხ-მქრად ზედაპირიანი და თანაც, უხვად შემკული რელიეფური, ნაჭდევი, ამოკაწრული და ნატვიფრი სახეებით. უნდა აღინიშნოს კერამიკული ჭურჭლის დახვეწილი ფორმები, მათი გაპრიალებული ზედაპირი საგანგებოდ ინსტრუმენტებით გამოყვანილი გეომეტრიული სახეები. უფრო იშვიათად გვხვდება რელიეფური ნაძერწი სახეები - ცხოველთა ტანის ან თავის გამოსახულებებით. ძვ.წ. IX- VII საუკუნეები ამიერკავკასიაში რკინის ფართო ათვისების ხანაა. რკინის იარაღი გაბატონებულია მეურნეობის ყველა დარგში, ხოლო ბრინჯაო გამოიყენება ძირითადად სამკაულებისა და საკულტო დანიშნულების დასამზადებლად. ამ პერიოდში ჩნდება ბრინჯაოსაგან დამზადებული ისეთი საყურადღებო ნიმუშები, როგორიცაა გრავირებული სარტყლები. სარტყელი კეთდებოდა 1,5-2 მმ სისქის ბრინჯაოს ფურცლისაგან, სიგრძით 80 – 85 სმ, ხოლო სიგანით 16-22 სმ. სარტყლის ბოლოები მომრგვალებულია, ნაპირებზე კი მას პატარა ნახვრეტები ჰქონდა, შიგნითა პირზე ტყავის ან ქსოვილის ამოსაკერებლად.

სარტყლის ზედაპირი მთლიანად დაფარულია სხვადასხვა გამოსახულებებით. გვხვდება გეომეტრიული სხეულები, სპირალები, ცხოველთა გამოსახულებანი, ნადირობის სცენები, ღვთაების თაყვანისცემის რიტუალური სცენები და სხვა. ამიტომაც ითვლება, რომ სარტყელს ჰქონდა არა მარტო ჯავშნის ფუნქცია, არამედ საკულტო მნიშვნელობაც.სარტყლების გამოსახულებანი მიეკუთვნება ე.წ. „ცხოველურ სტილს“. კომპოზიცია აქ დეკორატიულია, ფიგურები კი ძლიერ სტილიზებული. ფორმის მოდელირება სარტყელზე პირობითია, ხაზოვანი და გრაფიკული, თვით ნახატი კი ძალიან პლასტიური. ნაკვთების კონტურების შიგნით გრავირებით დასმულია წერტილები ან ხაზები. ამ ხერხის წყალობით სილუეტი უფრო მკვეთრად გამოიყოფა გლუვ ფონზე და ნაკვთებს მეტყველებასა და ხატოვნებას მატებს. ბრინჯაოს სარტყლები ენათესავებიან ხეთურ - სუბარულ სამყაროში ცნობილ სათანადო გამოსახულებებს. თრიალეთის არქეოლოგიური მონაპოვარიც ეხმარება წინა აზიის და კრეტა - მიკენის დაწინაურებულ ცივილიზაციათა კერებს. ამასთანავე, თრიალეთის კულტურა წარმოადგენს სავსებით თავისთავად მოვლენას, განვითარებულს ადგილობრივი ენეოლითური და ადრებრინჯაოს კულტურების ნიადაგზე.