topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ბ. კანდელაკი - ანთიმოზ ივერიელის ტაძარი
There are no translations available.

< უკან დაბრუნება . <<< ქართველი წმინდანები>>>

ბორის კანდელაკი (საქ. კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების კალინინის რაისაბჭოს პრეზიდიუმის წევრი)  -  ანთიმოზ ივერიელის ტაძარი // ძეგლის  მეგობარი, კრ.20, თბ., 1970 წ., გვ. 71 -75

ბუქარესტში, ანთიმოზ ივერიელის ქუჩაზე (№ 29) მოთავსებულია ლამაზი არქიტექტურულად გაფორმებული ტაძარი, რომელიც ანთიმოზ ივერიელის სახელს ატარებს. იგი აშენებულია 1715 წელს ანთიმოზ ივერიელის ხარჯით და ბევრი რამ ამ შენობისა, როგორც მაგალითად კარები, კედლის მოზაიკა, ხეზე კვეთილობა თაღებზე გაკეთებულია ანთიმოზის ხელით. მასვე ეკუთვნის ნაწილობრივ კედლის მხატვრობაც. დღეს ამ ტაძარში ჩვეულებრივ მიმდინარეობს ღვთის მსახურება, წირვა - ლოცვა. ტაძრის გვერდით შენობაში კი გახსნილია ანთიმოზ ივერიელის მუზეუმი, რომელშიაც თავმოყრილია ფოტოდოკუმენტები, ხელნაწერები, წიგნები, ილუსტრაციები - ამსახველი ანთიმოზის ბობოქარი ცხოვრებისა და შემოქმედებისა. ორიოდე სიტყვით ანთიმოზ ივერიელის შესახებ. ანთიმოზი, როგორც თვითონ მიუთითებს თავის ვინაობას, ივერიიდან არის, ივერთა მხრიდან იძულებით გადახიზნული, მისი საერო სახელია ანდრია - დედამისს რქმევია მარია, მამას - იონა. ანთიმოზი იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა იყიდა კონსტანტინეპოლში ტყვეთა ბაზარზე და თან წაიყვანა. ასწავლა მას წიგნების ბეჭდვა - სასტამბო საქმე. ანთიმოზმა შეისწავლა; თურქული, ბერძნული, არაბული და რუმინული ენები. იგი იყო შესანიშნავი ნიჭიერი მხატვარი, ემარჯვებოდა ხეზე კვეთა, ქვაზე მუშაობა, იყო მინიატურისტი - იმ დროისათვის ხელოვნების სფეროში ენციკლოპედიური ცოდნით შეიარაღებული ადამიანი. როდესაც რუმინეთის მთავარმა კონსტანტინე ბრანკოვიანუმ მოინდომა ვლახეთში კულტურული რეფორმების გატარება მან მოიწვია კონსტანტინეპოლიდან ფრიად განსწავლული ხელოვანი ანთიმოზ ივერიელი და დაავალა მას ვლახეთში სასტამბო საქმის მოგვარება. ანთიმოზმა ეს დავალება ბრწყინვალედ შეასრულა. 1691 წელს ანთიმოზმა ბუქარესტში პირველად სტამბის ოსტატად დაიწყო მუშაობა. იმავე წლის ზაფხულში კ.ბრანკოვიანუმ ანთიმოზი სტამბის გამგედ დანიშნა. 1691 წელსვე გამოსცა ანთიმოზმა I წიგნი ქრიზანტ ნატარასის მიერ ძველ ბერძნულიდან ახალ ბერძნულზე ნათარგმნი "ბასილ მაკედონელის რჩევა თავის შვილისა - ლეონისადმი". ანთიმოზმა კარგად შეისწავლა რუმინული ენა და 1694 წელს იგი დანიშნეს სნაგოვში მოძღვრად (სნაგოვი ლამაზი ადგილია, ბუქარესტიდან 30 კილომეტრით დაშორებით კუნძული) ანთიმოზმა სნაგოვში დაარსა სტამბა და შეგირდებიც გაიჩინა. 1702 წ. სნაგოვის სტამბა დატოვა და ბუქარესტში გადმოვიდა 1705 წ. ანთიმოზი აირჩიეს რიმნიკის ეპისკოპოზად (ვლახეთის მმართველმა სცნო ყველაზე ღირსეულად ანთიმოზი ამ თანამდებობაზე). ანთიმოზმა რიმნიკშიც მოაწყო სტამბა, მოამზადა ნიადაგი, რომ მთელ რუმინეთში - არდეალში, მოლდავეთში და მუნტენიაში საეკლესიო სამსახური ყოფილიყო ხალხისათვის გასაგებ - რუმინულ ენაზე და არა ბერძნულზე. ამისათვის ანთიმოზმა წინასწარ დაბეჭდა საეკლესიო წიგნები საჭირო რაოდენობით და გაატარა საეკლესიო რეფორმა რუმინულ ენაზე. ამ საეკლესიო წიგნებს ყველას ჰქონდა წარწერა "ანთიმოზ ივერიელი - რიმნიკის ეპისკოპოსი". 1708 წელს 27 იანვარს გარდაიცვალა მიტროპოლიტი თეოდოსია, რომელმაც დატოვა ანდერძი, რომ მიტროპოლიტად ანთიმოზ ივერიელი აერჩიათ. ასეთი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ანთიმოზი. 1708 წლის 21 თებერვალს დაამტკიცეს ანთიმოზი რუმინეთის მიტროპოლიტად.

მეორე დღეს ანთიმოზს რუმინულ ენაზე ბრწყინვალე სიტყვა წარმოუთქვამს მისი მიტროპოლიტად არჩევის გამო. ანთიმოზის ეს სიტყვა ითვლება რუმინულ ენაზე წარმოთქმული მჭერმეტყველების ნიმუშად, რომლის მსგავსი ანთიმოზამდე არავის წარმოუთქვამს. როდესაც იერუსალიმის პატრიარქმა მოითხოვა რუმინეთის ეკლესია დამორჩილებოდა იერუსალიმს ანთიმოზმა პროტესტი განაცხადა და 1710 წელს პროტესტის წერილი მისწერა პატრიარქს და პირველად მოაწერა ხელი - "უნგროვლახელი ანთიმოზი." სხვა  შემთხვევაში ყველგან იგი ხელს აწერდა ანთიმოზ ივერიელად. ანთიმოზს დაწერილი აქვს: 4 წიგნი, 10 წიგნისათვის წინასიტყვაობა, 5 წიგნისათვის ლექსები, 6 წიგნისათვის ბოლოსიტყვაობა, თარგმნა ბერძნულიდან 6 წიგნი. ანთიმოზმა დაბეჭდა: 30 წიგნი ბერძნულ ენაზე, 24 რუმინულზე, 1 საეკლესიო სლავურზე, 8 - ორ ენაზე ბერძნულ - რუმინულზე, 2 ბერძნულ-არაბულზე, 1 ბერძნულ - რუმინულზე, 1 ბერძნულ - სლავურ და რუმინულ ენაზე. სულ 64 დასახელების წიგნი დაბეჭდა. ძალზე დიდია ანთიმოზ ივერიელის დამსახურება. იგი სცილდება საქართველოს და რუმინეთის საზღვრებს და მას საკაცობრიო მნიშვნელობა ენიჭება. ანთიმოზ ივერიელი, თურქეთთან ბრძოლის დროს ერთმორწმუნე რუსეთს მიემხრო, ეს არ მოეწონათ რუმინეთის ხელისუფალთ. ანთიმოზს ჩამოართვეს მიტროპოლიტობის ხარისხი და სინას მთაზე გაგზავნეს, მაგრამ გზად თურქებმა ანთიმოზი დაიჭირეს, აწამეს და მდინარეში გადააგდეს. ეს მოხდა 1716 წლის 12 სექტემბერს. რუმინელ ხალხს უყვარს ანთიმოზი. პატივისცემით იხსენიებს მას და მის სახელზე არა მარტო ქუჩა, ტაძარი და მუზეუმია, სახელმწიფო მუზეუმშიც აქვს ცალკე კუთხე, ანთიმოზის სურათი გამოაქვთ დემოსტრაციებზე თავიანთი ბელადების სურათებთან ერთად. განსაკუთრებით დიდია ჩვენთვის ანთიმოზ ივერიელის დახმარება თბილისში ქართული სტამბის მოწყობის საქმეში. ქართველთა მეფე ვახტანგ VI დახმარება სთხოვა იერუსალიმის პატრიარქს სტამბის მოწყობისათვის. იერუსალიმის პატრიარქმა ქრიზანტ ნატარასმა ქართველთა მეფის თხოვნა გადაუგზავნა რუმინეთში ანთიმოზ ივერიელს. ანთიმოზმა რუმინეთის მმართველის კონსტანტინე ბრანკოვიანუსგან მიიღო რა ნებართვა, რომ დახმარებოდა ვახტანგ VI -ს, მაშინვე გამოგზავნა თბილისში თავისი საუკეთესო მესტამბე მიხაი იშტვანოვიჩი. 1708 წელს დაიწყეს მუშაობა თბილისში. 1709 წლის 20 იანვარს დაბეჭდეს I ქართული წიგნი "სახარება". ორი ცალი "სახარებისა" გაგზავნეს რუმინეთში ანთიმოზ ივერიელთან. ამ ეგზემპლიარებს დართული ჰქონდათ ქების ლექსი 13 სტროფი, 16 მარცვლიანი შაირით დაწერილი, სადაც მოთხრობილია თბილისის სტამბის მოწყობის შესახებ, რა დახმარება გაუწია ვახტანგ VI -ს რუმინეთის მთავარმა კონსტანტინე ბრანკოვიანუმ და პატრიარქმა ქრიზანტ ნატარასმა.

ანთიმოზ ივერიელმა თბილისიდან მიღებული "სახარება" ჩასვა ლამაზ ყდაში, გაუკეთა წარწერა და გაუგზავნა კ.ბრანკოვიანუს. ანთიმოზი წერდა მთავარს, რომ მისი დახმარებით ისე როგორც არაბეთში, ელადაში, უნგროვლახეთში და ა.შ. როგორც სამოთხიდან მომდინარეობს მდინარეები: ფისონი, გეონი, ტიგროსი და ეფრატი, ასევე თქვენი დახმარებით ამ ოთხ ქვეყანაში აყვავდა სტამბური სიტყვა, რომელსაც მოჰქონდა სარგებლობა ამ ქვეყნებისათვის და ამიტომაც თქვენი სახელი იცოცხლებს საუკუნეებშიო. უაღრესად შენი ერთგული და მუდამ შენზე მლოცველი ანთიმ მიტროპოლიტი უნგროვლახეთისა.

1709 წელს თბილისში დაიბეჭდა "სახარება", "სამოციქულო" და "დავითნი"

1712 წელს კი ,,ვეფხისტყაოსანი", რომლის რედაქტორი იყო ხელმწიფის კარის დეკანოზის შვილი მიქაელი, რომელმაც მის ბოლოს დაბეჭდა ლექსი:

„აწ დაიბეჭდა სტამბაში პირველი ნაწერი ხელისა,

უგბილთა ფრიად სასწავლო, გონიერთ გულთა თმენისა,

მეფის ვახტანგის ბრძანებით და სიბრძნით კეთილმქმნელისა

და ნაღვაწი მისი მლოცვლისა მესტამბე მიქაელისა“.

ჩემის აზრით, სწორედ ეს მიქაელი უნდა იყოს იმ ქების ლექსის ავტორიც, რომელიც რუმინეთში გაგზავნილ სახარების ცალზე იყო დაბეჭდილი. თბილისში დაბეჭდილ ქართულ წიგნებს ბოლოს დართული აქვთ ანდერძები ვახტანგ მეექვსისა, მიხაი იშტვანოვიჩისა (მიხაი ბოლოს ხელს აწერდა სტეფანისშვილი, სტეფანეს ძე) და რედაქტორის - ნიკოლოზ ორბელიანისა. თბილისში დაბეჭდილი წიგნების მიხედვით, მიქაელის გარდა სტამბის მომუშავედ მოჩანან; ვინმე გიორგი მხატვარი, გარსევან - ყოფილი მღვდელი გაბრიელი, რომელიც რედაქტორადაც მუშაობდა, აბრამა სალუყაზანაშვილი (დიაკვანი სტამბაში ვებარეო). ვახტანგის სტამბამ იარსება 1709-1712 წ.წ. და 1719-1722 წ.წ., 1712 -1719 წლამდე ვახტანგი სპარსეთში იყო გაწვეული. 1722 წელს კი სტამბა თურქებმა დაარბიეს. 1750 წელს ერეკლე მეფემ განაახლა სტამბა კონსტანტინეპოლიდან მოწვეული ოსტატის დახმარებით, რაზედაც 20.000 მან. დახარჯა. ერეკლეს სტამბამ იარსება 1800 წლამდე და მასში 29 სახელწოდების წიგნი დაიბეჭდა. 1803 წ. წიგნების ბეჭდვა ქუთაისში დაიწყეს.

ანთიმოზ ივერიელს ეკუთვნის მესტამბეთა 4 სტრიქონიანი ლექსი, რომელიც  1697 წელს სნაგოვში დაბეჭდილ "სახარებას" დაურთო.

ნავსაყუდელსა მენავე, რა მოვლენ განისვენებენ

"მენავე ღელვა - გვემული განეროს ზღვასა წყრომასა,

კალატოზნი და ხურონი რა მორჩეს თავის შრომასა,

მათ სიხარულსა ვინ დათვლის, ანუ შვებისა ზომასა?

და მესტამბე მათგან უაღრეს იქს სიხარულიბ ნდომასა".

მიხაი უნგროვლახელმა ამ ლექსის ვარიანტი 1710 წელს გამოცემულ ქართულ "კონდაკის" ბოლოს დაბეჭდა ასეთი ვარიანტით.

"ნავთსაყუდელსა მენავე რა მივლენ განისვენებენ;

მოყვასთა, თვისთა სამყოფთა ნახვა სწადს, მით ისვენებენ

პირთ მყოფი, ლხინსა შესულნი, მას აღარ მოიხსენებენ

და რა ბეჭდვა მბეჭდავს უსრულდეს, თავს აღარ შეიჩვენებენ

აღნიშნული ლექსი შეტანილია ვახტანგ VI ნაწერებში (1947 წლის გამოცემა ალ. ბარამიძის რედაქციითა და შენიშვნებით). ლექსი ავტორისათვის მიუწოდებია ლუბა მეფარიშვილს. ფაქტიურად ეს ლექსი ეკუთვნის ანთიმოზ ივერიელს. პირველად იგი სნაგოვში (რუმინეთში) დაიბეჭდა, "სახარების" ბოლოს. ჩვენთვის საინტერესო მაინც ის არის, რომ საქართველოში პირველი სტამბა ქართველების მიერ ვახტანგ VI -სა და ანთიმოზ ივერიელის მიერ არის შექმნილი, რის გამოც შთამომავლობა დიდად დავალებული ვართ მათგან.