topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ზ.მაისურაძე - ისტორიის ქვის ფურცლები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<საინტერესო სტატიები>>>

ზაქარია მაისურაძე (ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი)  - ისტორიის ქვის ფურცლები //ძეგლის მეგობარი, 1970, კრ.20. გვ.64-71

ხალხური ხელოვნების საინტერესო დარგს წარმოადგენს საფლავის ქვები ან, როგორც მას უწოდებენ ლოდები. "ამა ლოდსა ქვეშე განისვენებს"... და სხვა: მიმართავს მკითხველს განსვენებული და შენდობას გამოთხოვს. საფლავის ქვები საქართველოს ყველა კუთხის მცხოვრებლების მიერ გამოიყენებოდა ქრისტიანობის წინა პერიოდიდან დღემდე და დღესაც კი, იგი ხმარებაშია.

ძირითადად მისი ფორმა ბრტყელია, მოგრძო ოთხკუთხედი. მისი ზომები ყველა ცალკე შემთხვევაში სხვადასხვაა. ბავშვისა - პატარა, დიდისა - დიდი. არის კუბის ფორმის საფლავის ქვები, რომლებსაც ქვაკუბოებს უწოდებენ. როგორც წესი, საფლავის ქვებს წარწერები - ეპიტაფიები გააჩნია (გ.ლომთათიძე. საფლავის ქვათა ღაღადისი, დროშის №4-5, 1969 წ., თბილისი), მაგრამ გვაქვს უწარწეროებიც, რომლებზეც სხვადასხვა შინაარსის მქონე კომპოზიციებია ამოკოდილი. გარდა ამისა, ხშირია ცხვრის ან ცხენის ფორმის საფლავის ქვებიც. უმეტეს შემთხვევაში ცხენი შეკაზმულია და ზედ მხედრის იარაღებია ამოკოდილი. ასევეა ცხვრებზეც. ზედ ამოკოდილია მიცვალებული, ხმალ-ხანჯალი, დამბაჩა და, რაც მთავარია, დუქარდი (ცხვრის საპარსი მაკრატელი). ეს უკანასკნელი კი მიგვითითებს მიცვალებულის საქმიანობაზე - მეცხვარე ყოფილა. თქვენი ყურადღება გვინდა შევაჩეროთ ქვემო ქართლის სოფლების: ახალსოფლისა და გოხნარის (თეთრიწყაროს რაიონი) სასაფლაოებზე შემორჩენილ უწარწერო საფლავის ქვებზე. საფლავის ქვები ეკლესიების (XI ს) ირგვლივაა მოფენილი. ისინი გამოთლილია ბაზალტისა და ანდეზიტისაგან, რომლებსაც ხალხში ალგეთის ქვას უწოდებენ. მათი პირველივე გაცნობა მნახველში დიდ ინტერესს იწვევს. აქ ერთად არიან დაკრძალულნი მეომრები და მიწის მუშაკნი, გვაროვანნი და უგვარონი. აქ არ იგრძნობა საზოგადოებრივი დიფერენციაცია, რაც ეგზომ დამახასიათებელი იყო ევროპულ ფეოდალიზმისათვის. ლოდები დიდრონია. კარგად დაკუთხილი და დიდი ოსტატობით ნაკოდნი, არის მომცრონიც, ნაკლები ოსტატობით შესრულებულნი, რაც დამკვეთის მატერიალურ შესაძლებლობაზე მიგვითითებს. არაჩვეულებრივი ოსტატობით და მაღალი მხატვრული გემოვნებით სწყვეტს ქვითხურო თითეული ლოდის მხატვრულ კომპოზიციას. იგი არასოდეს არ არღვევს ქვის მთლიანობას, მის მონუმენტალობას. გამოსახული მხატვრული სახეობა მხოლოდ შინაარსს აძლევს მას და ქვის სიმტკიცეს თითქოს უფრო აძლიერებს. ოსტატი ლაკონური ხერხებით სავსებით სძლევს დასმული ამოცანის გადაწყვეტას. მაგალითად, მეომრებისა და წარჩინებულთა საფლავის ლოდები, როგორც ჩანს, განსვენებულის საზოგადოებრივი და ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით კეთდებოდა. ლოდი კარგად დაკუთხილ ფილას წარმოადგენს, რომელზედაც დიდი ოსტატობითა და მაღალი მხატვრული ალღოთი გამოსახულია მეომრის მკლავი გამართული მშვილდით. იღლიის ქვეშ, ლოდის კიდის გასწვრივ სწორე დაშნაა მოთავსებული, ხოლო შვილდსა და დაშნას შორის მძიმე ფრთიანი ლახტია. გარდა ამისა, ორი, სამი და მეტიც ნახევარ ბირთვებია განლაგებული, რომლებიც ავსებენ ე.წ. ცარიელ ადგილებს და მთელ კომპოზიციას წერტილს უსვამენ. არ ვიცი ეს ბირთვები რას ნიშნავენ, მაგრამ ყველა ლოდის სამკაულის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენენ. ერთ ასეთსავე კომპოზიციაში მხარის მახლობლად ბირთვია მოთავსებული, რომელსაც ნაღარები გააჩნია და გრეხილი წნული ორნამენტი უვლის. აქვე მკლავზე კარგადა ჩანს სამკლაური, რომელიც მიგვითითებს მიცვალებულის მაღალ წოდებრივ და საზოგადოებრივ მდგომარეობაზე. ცოტა განსხვავებით ასეთი ლოდი მეორეცაა. აქ მხოლოდ სამკლაური ნიშანი ჩანს. მეომართა სხვა ლოდები შედარებით ნაკლები ოსტატობითაა შესრულებული. შეიძლება ითქვას, რომ მეომრებისათვის დაახლოვებით ერთი სქემით - თარგით კეთდებოდა საფლავის ქვა. ეს იმითაც მტკიცდება, რომ ერთ საფლავის ქვაზე მეომრის მშვილდიანი მკლავი შებრუნებითაა, იდაყვით მაღლაა გამოხატული და გამოკოდილი.

სხვა არის მშრომელ მოლაშქრეთა საფლავის ქვები აქ უბრალოდ გათლილ ქვაზე, რომელსაც ნაპირები გათლი და დაკუთხული არა აქვს, ტრადიციულად მშვილდამართული მკლავის გარდა კომბალი ან მწყემსური კავიანი ჯოხიცაა გამოხატული, რაც მიგვითითებს მეომრის ყოველდღიურ საქმიანობაზე და იმ საზოგადოებრივ ფენაზე, რომელსაც იგი ეკუთვნოდა - გლეხობაზე. ამ ლოდებზეცაა ტრადიციული თუ სიმბოლური ნახევარ ბირთვები მოთავსებული. მეომრის საფლავზე ჩაქუჩის მაგვარი იარაღიცაა გამოსახული. სწორი დაშნის გარდა მრუდე ხმალიცა გვაქვს. ფრთიან ლახტს, მძიმე სახელურიანი იარაღი სცვლის. ვფიქრობ, ლახტის მაგვარი ან მისი შემცვლელი უნდა ყოფილიყო. ჩვენს წინაა IX და მისი შემდგომი საუკუნეების ფეოდალურ ზედა ფენების საბრძოლო აღჭურვილობის სრული სურათი. ამ საფლავების ხილვისას იბადება ისეთი გრძნობა, თითქოს სამშობლოს დამცველებს სიკვდილის შემდეგ იარაღი არ დაუყრიათ, საფლავიდან ამოუყვიათ მშვილდ ამართული მარჯვენა და ყველა საბრძოლო იარაღით მზად არიან ხელახლა შეებან მომხდურ მტერს, რომელიც არც თუ ცოტა ჰყავდა საქართველოს, მით უმეტეს, ქვემო ქართლს. განსაკუთრებით საინტერესოა სწორი კეტები, რომლებსაც თავზე ლითონის სიმძიმეები აქვთ გაკეთებული. ასეთები რამდენიმე სახისა გვხვდება და ყოველთვის ლოდზე თავით დაბლაა გამოსახული. შეიძლება გვეფიქრა, რომ ეს საბრძოლო კეტია რკინით მოჭედილი თავით. მით უმეტეს, რომ მშვილდთან ერთად მეომრის შეჭურვილობაში შედის. მაგრამ იგივე კეტი ზოგიერთ საფლავის ქვაზე მარტოა გამოსახული. იგი ფილის ზედაპირზე, მეტწილად შუაშია მოთავსებული და მნახველზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, როგორც ტექნიკური შესრულების სრულყოფით, ისე მხატვრულ -კომპოზიციური მოთავსებით. გვაქვს ასეთი შემთხვევაც, როცა ფილას კამარისებური ჩარჩო აქვს და ჩარჩოს შიგნით, შუაში ოდნავ ირიბად ჯვრის სახედ გამოსახულია დაშნა და ფილის ნაპირას კი თავმოჭედილი კეტი. თუ ქვის დამუშავებას მივაქცევთ ყურადღებას, დავინახავთ, რომ ამის გამომხატველი და გამომკოდველი გამოცდილი და დიდი ოსტატია. ვფიქრობთ, რომ დიდი უფლების მქონე პირისათვისაა ლოდად დადგმული. იბადება კითხვა - ეს საბრძოლო კეტია თუ კვერთხი? რაიმე ძალაუფლების ნიშანი? მე უფრო ამ უკანასკნელისაკენ ვიხრები. აშკარად ასეთივე უფლებამოსილების ნიშანი უნდა იყოს ყავარჯნის გამოსახულება საფლავის ლოდზე.

კამარაში, მოცემულია შუაში ყავარჯენი, აქეთ იქით ნახევარ ბირთვები და რაღაც დისკო - ალბად პური. ეს საფლავის ლოდები დიდი ოსტატობით არის გათლილი და ბრწყინვალე კომპოზიციითაა წარმოდგენილი. ძნელია თქმა, ვინ უნდა იყოს აქ დაკრძალული, მაგრამ ხალხის უხუცეს, თემის თუ სოფლის ბერმამას უნდა ეკუთვნოდეს ასეთი ყავარჯენი. მთელი წყებაა საფლავის ქვებისა, რომლებზედაც კომბლები და კავიანი ჯოხებია გამოხატული. იქნებ აქ საქმე გვაქვს მეჯოგეებთან ან მეცხვარეებთან. კავიანი ჯოხი მხოლოდ წვრილფეხა საქონლის მწყემსებს აქვთ. კომბალი კი გლეხკაცის სამეურნეო და საბრძოლო ხელსაწყო - იარაღია. ეთნოგრაფიული თვალსაზრისით მეტად საინტერესოა ურმის გამოსახულება, რომელიც ოსტატობის თვალსაზრისით ბრწყინვალედაა შესრულებული, ან გუთნის გამოსახულება, რომელიც იქვე მანგლისის ტაძრის ეზოში იმყოფება. ორივე შემთხვევაში გამოსახულებების სიზუსტე მათ დოკუმენტალურ ღირებულებას ანიჭებს. საყურადღებო მონაცემებს შეიცავს ორი საფლავის ქვის გამოსახულება. ერთზე, ძალიან ცუდად გაირჩევა განიერპირიანი ნამგალი და დისკოს მაგვარი რამ, ალბად პური: ხოლო მეორეზე კარგი კომპოზიციური განაწილებით გარკვევითაა მოცემული ხითხუროს საწარმოო იარაღები. ამ დროისათვის ასეთი იარაღების კომპლექტური გამოსახულება, მე მგონი, სხვა არ მოგვეპოვება, ამიტომ ამ გამოსახულებათა ღირებულება და მნიშვნელობა ქართული მატერიალური კულტურის შესწავლის საქმეში მეტად დიდია. აღსანიშნავია აგრეთვე საფლავის ლოდები, რომლებიც გლეხის სახლის ორ ქანობიან, კრამიტით დახურულ სახურავებს მოგვაგონებს. ერთზე "სახურავის"  ქვეშიდან განსვენებულის "ფეხები" მოჩანს. მომხიბლავია მხოლოდ არქიტექტურული მოტივებით შემკული საფლავის  ქვები.

 

ოსტატები განსაკუთრებული მონდომებითა და დეკორატულ - ორნამენტულ სახეთა მრავალნაირობით ჰქმნიან თითოეულ ლოდზე საკუთარ, დამოუკიდებელს, განუმეორებელსა და უბადლო მოტივს. არც ერთ ლოდზე, დეკორატულ - ორნამენტულ მოტივს გაბატონებული მდგომარეობა არა აქვს, არამედ მას ზუსტად გამოყოფილი ადგილი, მაღალი მხატვრული ღირსება და ზომიერება ახასიათებს. ეს არქიტექტურული მოტივი, რომელიც ქართულ არქიტექტურას ახასიათებს, გადატანილია საფლავის ლოდზე და ისე ოსტატურადაა შერწყმული ლოდის ზომასთან, საერთოდ მის არქიტექტონიკასთან, რომ იგი მის ორგანულ - განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამგვარად, ამ დროისათვის ქართული არქიტექტურის დეკორატიულ მშვენებას, ხალხის ყველა ფენების სიყვარული და გაგება დაუმსახურებია და იგი ჩამდგარა მის ყოველდღიურ სამსახურში და უფრო მეტიც, მის საუკუნო განსასვენებლის შემამკობლადაც ქცეულა. ორნამენტული შემკულობა საფლავის ლოდზე არქიტექტურის დეტალს კი არ წარმოადგენს, არამედ თითონ საფლავის ქვა წარმოადგენს არქიტექტურულ სხეულს, სათანადო, მხოლოდ მისთვის მონახული დეკორატიულ - ორნამენტული შემკულობით. ის საფლავის ლოდები, რომელზდაც მქონდა ლაპარაკი, XI საუკუნითა და მის მეტად ახლო დროით შემოიფარგლება. ეს აშკარად იკითხება რელიეფურ გამოსახულებათა იმ მონუმენტურობაში, მოცემული სიბრტყის იმ თავშეკავებულ შემკულობაში, რომელიც მხოლოდ სიდიადეს, ძლევამოსილებას გამოხატავს და რაც XI-XII საუკუნეების ხელოვნებას ახასიათებს. ამავე სასაფლაოზე აღმოჩენილი ზოგიერთი საფლავის ლოდი გვაფიქრებინებს, რომ იგი უფრო ადრეულ პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს. მომდევნო და განსაკუთრებით XVII–XVIII-XIX საუკუნეების საფლავის ქვები უამრავია. ვფიქრობ, რომ ალგეთის ხეობის ძველ მცხოვრებთა საფლავის ლოდების შესწავლა მრავალ ახალ მასალას მოგვცემს, ჩვენი ქვეყნის ამ მხარის, ქვემო ქართლის ეკონომიური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ. ქვემო ქართლს ბევრი ჭირ - ვარამი გადახდენია. მის მიწაზე იღვრებოდა გარეშე მომხდურ და შინაური მტრის სისხლი. ბევრს, ქვემო ქართლის მამულისშვილს შეუწირავს თავი, როგორც თავისი კუთხის კეთილდღეობისათვის, ისე სხვისთვისაც. ესენი თავიანთ ეპიტაფიებში ყველა წამკითხველისაგან (მნახველისაგან) შენდობას თხოულობენ.

იქნებ იმიტომ, რომ თავის ქვეყნისათვის - მისი სიკეთისათვის, ცოცხლებთან ერთად ვეღარ იღწვიან. ჩვენ კი ვეღარ ვუვლით მათ საფლავებს. უამრავი საფლავის ქვა მიწაში ჩაიძირა. ბევრი მათგანი ადგილობრივ მშენებლობაში იქნა გამოყენებული. ზოგი სოფლის საურმე გზა საფლავის ქვებზე გადადის. საქართველოს ყველა კუთხის მცხოვრების, ქალისა თუ კაცის, ხანდაზმულისა თუ ახალგაზრდის დიდი პატრიოტული ვალია დაიცვან წინაპართა საფლავები დაიცვან ის, რაც საუკუნეების მანძილზე მოგვითხრობს ხალხისა, აქედან მთელი ერის ყოველდღიურ ცხოვრების ისტორიას, მის ბედნიერებას და მის ავბედობას. დაიცვან იქაც კი, სადაც ისტორიული ავბედითობის შედეგად ქართული მოსახლეობა აღარ არის და ეს ლოდებიღა ქადაგებენ მიწა-წყლის ქართულობაზე. ეს საფლავის ქვები "დაუწერელი ისტორიის ქვის ფურცლებია“..

საფლავის ქვა სამშვილდედან მხედრის გამოსახულებით