topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

აკურის ეკლესიის მოხატულობა - ტ.ს. შევიაკოვა

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება  მთავარ გვერდზე <<<საქართველოს ეკლესია-მონასტრები>>>

აკურის ეკლესიის მოხატულობა //  ტ.ს. შევიაკოვა. „საქართველოს ადრეული შუასაუკუნეების მონუმენტური მხატვრობა“, თბილისი, გამომც. „ხელოვნება“, 1983 წ.

ამ ადრეული პერიოდის (VIII – IX საუკუნეები) ფერწერის მესამე ძეგლია წმიდა დავით გარეჯელის პატივად აგებული სამნავიანი ბაზილიკის აღმოსავლეთის ფასადის გარე მოხატულობა კახეთის სოფელ აკურაში (წარსულში – დავით გარეჯის ლავრის მეტოქიონი). ეს ტაძარი 855 წელს აუშენებია თავისი დედისა და დისათვის IX საუკუნის გამოჩენილ მოღვაწეს ილარიონ ქართველს (იხ. გ. ნ. ჩუბინაშვილი. კახეთის არქიტექტურა, გვ. 121). აღმოსავლეთის ფასადზე, კედლის კურტნის (ვიმპერგის) ქვეშ, ცენტრში დიდი ქვებისაგან ლილვაკებისებურადაა გამოყვანილი დიდი წრე, რომელიც კედლის დეკორის შემადგენლობაში შედის. წრის ცენტრში არის ორსაფეხურიანი მრგვალი ნიში, რომელშიც ჩახატულია ქრისტეს თავი, უნიმბოდ – ისევე, როგორც სოფელ თელოვანში; გარშემო, დისკოს მინდვრებზე, დიაგონალურად, გამოსახულია ოთხი ანგელოზი, მომთავრულნი (ერთი მოსმით მოხატულნი) და ამიტომ დახატულნი უფრთებოდ. მათ შორის და საშუალო მედალიონის რადიალურად ერთურთისაგან დაცილებადი (განშორიშორებადი) ქვების კიდეებზე სწორხაზოვნადაა დახატული წითელი სხივები. ეს, თავისი სტილით სრულიად უნიკალური, კომპოზიცია, ეჭვსგარეშეა, განეკუთვნება IX საუკუნის შუა წლებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს წრე სოლარული (მზისეული) ნიშანია, დაკავშირებული ასტრალურ კულტთან. (მზე, პირველ ყოვლისა, არის ქრისტეს ეპითეტი, როგორც წინასწარმეტყველი მალაქია ამბობს („და აღმოგვიბრწყინდეს ჩვენ მზე სიმართლისა“-ო – მალაქ. 4, 2: – გ. ამუზაშვილი).

ღირსშესანიშნავია, რომ გამოსახულება მიმართულია აღმოსავლეთისაკენ. ყოველ შემთხვევაში ფავნისის (ქართლი) X საუკუნის ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლების მხარეს, მოცემულია ორი სოლარული (მზისებრი) ნიშნის სხვადასხვა გამოსახულება, ხოლო ზემოთ, კედლის კურტნის ქვეშ – გველისებრი ურჩხული შთანთქმას უპირებს მრგვალ სხეულს. წირჴოლის (ქსნის ხეობა) IX საუკუნის კარიბჭეში, დასავლეთის შესასვლელი კარის თავზე ინტერიერში გამოსახულია ბორბალი ადამიანის სახით ცენტრში, – ალბათ, ასევე სოლარული ნიშანი (ფერწერა განეკუთვნება X საუკუნეს). სტილისტურად აკურას (ეკლესიის მოხატულობის) სახეებს თავისი ინდივიდუალური ხასიათი აქვთ, ისინი ვარდის ფერისანი იყვნენ. ეს ფერი მხოლოდ ქრისტეს პირისახეზეა შენარჩუნებული, რომელიც ნიშშია (წალოშია) შეღრმავებული. პირისახეთა ფრონტალურობა ისე მკაფიოდ არ არის გამოხატული, როგორც არმაზში, და ნახატიც ნაკლებად მტკიცე და მყარია, იგი რამდენადმე დანაწევრებულია და გარკვეულწილად ჩამოჰგავს 940 წლის ქართული ჯრუჭის სახარების მინიატურებში მოცემულ ნახატს. მარჯვენა მხარეს გამოსახული ანგელოზის ყელის ფორმასა და თმების გამოხატვის ხასიათში ელინიზმის ზოგიერთი ნიშნები იგრძნობა. აკურის ტაძრის ინტერიერი ადრეულ ხანებში, ეტყობა, არ იყო მოხატული.

წყარო:

http://fereidani.ge/103_amuza/103_amuza.html