topmenu

 

აკურის მონასტერი - ჟღერს ქვის ჰარმონია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე<<<საქართველოს ეკლესია -მონასტრები>>>

აკურის მონასტერი // ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13, გამ „ციცინათელა“, თბილისი 2006 წ., გვ.30-31

აკურის მონასტერი (სამნავიანი ბაზილიკა). მდებარეობს თელავის რაიონში, სოფელ აკურდან 1,5 კმ-ზე ტყეში. იგი 855 წ. დააარსა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ ილარიონ ქართველმა (822 – 875 წწ). მთავარი ნაგებობაა რიყის ქვითა და აგურით ნაშენი დიდი სამნავიანი ბაზილიკა მამადავითი. გეგმისა და ფასადების დამუშავების ხასიათით ქართული ხუროთმოძღვრების ე.წ. გარდამავალი ხანის (VII ს-ის II ნახევარ-X ს-ის I ნახევარი) ძეგლია. აშენებულია რიყის ქვით და აგურით. აგური შირიმის ქვასთან ერთად ძირითადად დეკორატიული ნაწილებისთვისაა გამოყენებული, კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილი კი რიყის ქვითაა ამოყვანილი. მაღალი და ფართო ნავი გადახურულია ცილინდრული კამარით და დასრულებულია ნალისებრი აფსიდით. ასევე ნალისებრი ფორმა აქვს კონქის თაღსაც. სამხრეთი ნავი ვიწროა და მაღალი, ჩრდილოეთი ნავი დანაწევრებულია ორ კვადრატულ მოცულობად და გადახურულია სამხრეთ ნავთან შედარებით უფრო დაბალი, ჯვარისებური კამარებით. საკურთხევლის ორივე მხარეს გვერდის ნავების აღმოსავლეთ ნაწილებში ორ სართულად სიმეტრიულადაა განლაგებული სათავსები. ჩრდილოეთ ნავის ქვემო სათავსი უშუალოდ საკურთხეველს უკავშირდება. ეკლესია შიგნიდან შელესილი და მოხატული იყო. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია შობისა და მიძინების სცენების მცირე ფრაგმენტები. მთელ ეკლესიაში სხვადასხვა ადგილზე კედლების გაყოლებით მოწყობილია დასაჯდომები. მორთულობა, როგორც შიგნით, ასევე გარედან ძუნწია. ბაზილიკა შემდგომ რამდენჯერმეა შეკეთებული. მონასტერი დავით გარეჯის უდაბნოთა მეტოქი იყო და მას ექვემდებარებოდა.  ამ მონასტერში ცხოვრობდნენ ილარიონ ქართველის დედა და და.  სწორედ ამით აიხსნება ჩრდილოეთ ნავის დანაწევრება ორ დამოუკიდებელ, მხოლოდ მათთვის გამოყოფილ სამლოცველოდ. 1597 წ. კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ მონასტერში მიიყვანა თავისი უფროსი და ქეთევანი და მონასტერს ნინოწმიდის ეპისკოპოსის  (დავითგარეჯის უდაბნოთა არქიმანდრიტი იყო) სახელზე უბოძა სიგელი, რითაც საგრძნობლად გაუმჯობესდა მონასტრის მდგომარეობა. შეაკეთეს ნაგებობები და ზოგი რამ გადააკეთეს. ამავე ხანას (XVI ს-ის II ნახევარი) განეკუთვნება საკურთხევლის კანკელიც. მონასტრის ტერიტორიაზე, რომელსაც გარს უვლიდა ზღუდე, შემორჩენილია მარნისა და სხვა სამეურნეო დანიშნულების შენობათა ნაშთები.

გიორგი ჩუბინაშვილის მიხედვით შარლოტა საღარაძე.