topmenu

 

სუჯუნას ისტორიულ - გეოგრაფიული ფრაგმენტები - ლ.ნოდია

<უკან დაბრუნება

ლეილა ნოდია - სუჯუნა //გამ. "უნივერსალი", თბილისი, 2010 წ.  რედ. ლ.თელია, რეცენზენტი: პროფ. ზ.ჭუმბურიძე

ისტორიულ - გეოგრაფიული ფრაგმენტები

დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის შუაგულ დაბლობზე, აბაშის რაიონში მდებარეობს ერთ-ერთი ლამაზი და ისტორიული სოფელი - სუჯუნა. ქალაქ აბაშიდან ის 6 კმ-თაა დაშორებული. ზღვის დონიდან 20 მ. სუჯუნის თემში შედის სოფლები: სუჯუნა, ენერი, წალიკარი. მოსახლეობა შეადგენს 2320 სულს. სუჯუნის ისტორიული ფესვები შეიძლება მოვიძიოთ ძველკოლხური, ანტიკური ხანიდან. სწორედ ამ ადგილებში მოიაზრება ძველ ქართველ ტომთა უდიდესი გაერთიანება კოლხა, რომელიც მოგვიანებით ჩრდილოეთიდან შემოსული ურარტუელი კიმერიელების შემოსევამ დაშალა და გაანადგურა. მანამდე კი, კოლხას ბრწყინვალება და მატერიალური კულტურის მრავალფეროვნება ძველბერძნულ მითოლოგიაში აისახა. მართალია, არგონავტების მოგზაურობამ კოლხეთის სამეფოში თქმულების სახით მოაღწია, მაგრამ მას, როგორც ერთ-ერთ პირველწყაროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს კოლხეთის ისტორიული წარსულის შესასწავლად. ცნობილი ისტორიკოსის, პროფესორ სერგი მაკალათიას კვლევით ”...ძველი კოლხეთი გეოგრაფიულად მდებარეობდა შავი ზღვის ნაპირას, დღევანდელ დასავლეთ საქართველოში. საკუთრივ კოლხეთი, მისი ვიწრო ეთნიური მნიშვნელობით, ეწოდებოდა რიონის ხეობას და უმთავრესად შეიცავდა დღევანდელი სამეგრელოს ტერიტორიას. მაგრამ თავისი ფართე გაგებით, პოლიტიკური ძლიერების პერიოდში, კოლხეთი მოიცავდა მდინარე ჭოროხის ხეობას, ე.ი. ლაზისტანს, აჭარას და გურიას, აგრეთვე ენგურის ხეობას, ე.ი. აფხაზეთის ტერიტორიას. კოლხების ძლიერების ხანაში V-I ს. ძვ.წ.აღ. მთელ მხარეს ბერძნები "კოლხიდას" უწოდებდნენ. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით ლიხის მთა, დასავლეთით შავი ზღვა, ბიჭვინთიდან ტრაპიზონამდის. სტრაბონის ცნობით, ფაზის მდინარის პირად მდებარეობდა ქალაქი იმავე სახელისა (ფაზის ქალაქი). მდინარე ფაზისს (რიონს) ერთვოდა  ბოასი (ყვირილა), ჰოპპოსი (ცხენისწყალი) და გლავკორი (ტეხური). გარდა ფაზისისა, კოლხეთში მოედინებოდა ჭოროხი და ენგური, თავიანთი შენაკადებით. ...მეგრელები კოლხების უშუალო მემკვიდრენი არიან. ისტორიულ-პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, სამეგრელო იცვლიდა თავის გეოგრაფიულ - პოლიტიკურ სახელწოდებას. უძველეს დროში მას ეწოდებოდა ”კოლხიდა” ან კოლხეთი, საშუალო საუკუნეების ადრინდელ პერიოდში „ლაზიკა" ან ეგრისი, შემდეგ ოდიში და ახლა იგი ცნობილია სამეგრელოს სახელწოდებით, ამიტომ სამეგრელოს ისტორიაც იყოფა სამ მთავარ პერიოდად: კოლხეთისა, ლაზიკ - ეგრისისა და ოდიშ - სამეგრელოსი." (ს. მაკალათია. „სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“. თბ., 1914 წ.). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დასავლეთ საქართველოს ბერძნები „კოლხიდას" - კოლხეთს უწოდებდნენ, ადგილობრივ კი მას ეგრისი ერქვა. ეგრისი ლეონტი მროველის (X ს.) გადმოცემით, მეგრელების მითიური წინაპრის - ეგროსისაგან უნდა იყოს წარმოშობილი: "პირველად ვახსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკანთა, ჰერთა და ლეკთა და მეგრელთა ამა ნათესავთა ერთი იყო მამა სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი ძის წული იაფეთისი ნოეს ძისა." თარგამოსს ჰყოლია რვა გმირი შვილი: ჰაოსი, ქართლოსი, ბარდოსი, მოვაკან, ლეკ, ჰეროს, კავკას და ეგროსი. ”...ეგროსსა მისცა ქვეყანა ზღვის ყურისა და უჩინა საზღუარი აღმოსავლით მთა ლიხი, დასავლით ზღუა. ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ეგრისი, აწ მას ადგილსა ჰქვიან ბედია." ("ქართლის ცხოვრება"). რიონისპირეთში, სადაც კოლხთა, ანუ მეგრელთა მრავალი დაბა - ქალაქი იყო მაშინ, მუხერისს, ანუ სამოქალაქოს უწოდებდნენ. როგორც ივ.ჯავახიშვილი "ქართველი ერის ისტორიაში" აღნიშნავს, გუბაზ მეფის ბრძოლა სპარსელების ლაზიკიდან ანუ ეგრისიდან გასაძევებლად 549 წელს, სწორედ მუხერისთან მომხდარა. „მეორე დღეს გაქცეულებს დაედევნენ და იბერიის საზღვრამდე სდიეს. აქ ლაზების ერთი რაზმი მონაპირედ დააყენეს, რომ საზღვარი დაეცვათ და სპარსელები ლაზიკაში არ გადმოეშვათ. თვითონ კი ძლევამოსილნი შინ დაბრუნდნენ... სპარსეთის მეფემ 550 წელს სარდალი ხურიანე დიდძალი ჯარით გამოუშვა ლაზიკაში, რომელიც მუხერისის ხეობაში, ცხენისწყლის ნაპირას დაბანაკდა.“ (ივ.ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, წიგნი I, თბ., 1979 წ.). მუხერისის ხეობა, სავარაუდოდ, მდებარეობდა მდინარე ცხენისწყალსა და რიონს შუა. მას რიონი სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვრავდა. მთელს ლაზიკაში მუხერისი (მუხურისი, მოხერისი, მოხირისი, მოხურისი, მოხორისი) განთქმული იყო თავისი სიმდიდრით. პროკოპი კესარიელის (VI ს. I ნახ.) გადმოცემით: "მოხირისი ერთი დღის სავალზეა არქეოპოლისს დაშორებული და შეიცავს მრავალს მჭიდროდ დასახლებულ სოფელს. კოლხიდის მიწა-წყალზე ის საუკეთესო მხარეს წარმოადგენს: ღვინოც კარგი მოდის და სხვა ნაყოფნიც იქ კარგად ხარობენ, თუმცა ლაზიკის სხვა ადგილებზე არ შეიძლება ეს ითქვას. ამ  მხარეს ჩამოუდის ერთი მდინარე, სახელად რეონი (რიონი). მის ნაპირებთან ძველადვე კოლხებს აუგიათ ციხე, რომელსაც კოტიაიონს უწოდებენ ელინური ენით. ამჟამად მას ლაზები ქუთათისს ეძახიან". (პროკოპი კესარიელი, „გეორგიკა“, ტ II, 1943 წ.). ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის მერი ინაძის გამოკვლევა კოლხთა ძირითადი სატომო ბირთვის ადგილსამყოფელის შესახებ, კოლხეთის სამეფოს ჩამოყალიბების წინა ხანაში: „კოლხთა ძირითადი ბირთვის ხელში, ამ დროს აღმოჩნდა ქვეყნის ყველაზე ნოყიერი და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მიწები, სახელდობრ, მდ.რიონის გაყოლებით და მის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია, ქალაქ ქუთაისის სანახებიდან ზღვამდე. (ეს ტერიტორია მოიცავდა პროკოპი კესარიელთან მოხსენიებულ მოხირისის დიდ ნაწილს)... ამ მდიდარი მფლობელობის საფუძველზე, აღმოცენდა კოლხეთის მეფის ხელისუფლებაც (ძვ.წ.VI ს-ის მეორე ნახევრიდან). აქედანვე უნდა მომხდარიყო ამ ქვეყნის გარშემო მდებარე მიწების, ეთნო -ტერიტორიული და სამეურნეო ერთეულების შემომტკიცება-შემოკრება და შემდეგ მათი კოლხეთის სამეფოს საგამგეო ოლქებად ჩამოყალიბება. მდინარე რიონის ქვემო და ზემო წელით შემოსაზღვრული მხარე რომ კოლხთა სამეფო სახლის ძირითადი და უძველესი საკუთრება უნდა ყოფილიყო, ამის დასტურია ლეონტი მროველთან („ფარნავაზის ცხოვრებაში“) დაცული ის ცნობაც, რომ ფარნავაზის მიერ დასავლეთ საქართველოზე ქართლის პოლიტიკური გავლენის გავრცელების შემდეგ, როცა ქუჯის შემოეცალნენ ქვეყნის საგამგეო-ადმინისტრაციული ოლქები, მას საერისთაოდ დარჩა მხოლოდ მდ.რიონიდან ეგრისწყლამდე და ზღვამდე მდებარე მიწა -წყალი. ქუჯის ეს ეგრისად წოდებული "საერისთავო" ტერიტორიულად ემთხვევა წინაანტიკური ხანის კოლხთა წამყვანი სატომო ბირთვის ადგილსაცხოვრისს - "კკტაის მიწას". აქ მდებარეობდა ამ ქვეყნის მთავარი ქალაქი "კკტაია" და აქვე, ამ მიწა-წყლის შუაგულმი, მდინარე ტეხურის ნაპირზე ქუჯიმ ააგო ციხე-გოჯი არქეოპოლისი, კოლხთა სამეფოს მეორე დედაქალაქი... ეჭვი  არ არის, რომ მიწა, რომელსაც ფარნავაზი უტოვებს ქუჯის და სადაც ქუჯი თვითონ აგებს ციხეს - პოლიტიკური ძალაუფლების ამ სიმბოლოს, მისი საკუთრებაა, მისი მამაპაპისეული მამულია და ამდენად, სამეფო დომენიც აქ არის." (მერი ინაძე, „ძველი კოლხეთის საზოგადოება“. თბ., 1994 წ.). თუ თავს არ შეგაწყენთ, მცირეოდენ ლირიულ გადახვევას გავაკეთებ, ჩვენს შორეულ წინაპართან - ქუჯისთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ მოწაფეობისას, როდესაც პირველად შევავლე ხელი "ქართლის ცხოვრების" ფოლიანტებს და ბუნდოვანი ლაბირინთებით გზა გავიკვლიე ლეონტი მროველის "ჰამბავი მეფეთას" ქვეთავებში, ჩემთვის ერთ-ერთი პირველი საამაყო ისტორიული პიროვნება ეგრისის მმართველი ქუჯი გახდა. როგორც ვიცით, ძვ.წ. აღ. III საუკუნეში, მეფე ფარნავაზმა, ეგრისის ერისთავი ქუჯი შეარჩია ყველაზე სანდო დასაყრდენად, რომ პირველი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო მეექმნა. სიზმარში ნანახი და შემდეგ ნაპოვნი ხვასტაგის (განძის) განკარგვა ფარნავაზმა სწორედ ქუჯის ანდო: "ვიყვნეთ ჩვენ ძმა და ვიხმაროთ ჩვენ ხვასტაგი იგი ორთავე. გამოუჩნდეთ ჩვენ მტრად აზონ ერისთავსა, და სვემან ჩვენმან გვცეს ჩვენ ძლევა კეთილი." თვითონ მიდის ქუჯისთან ეგრისში და თან დედა და დაც მიჰყავს, რომ მშვიდობიანად ჰყავდეს და სთხოვს მოკავშირეობას. ქუჯი კი ეუბნება: "შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, და შენ გმართებს უფლობა ჩემი. აწ ნუ შურობ ხვასტაგსა შენსა, რათა განვამრავლეთ სპანი. და უკეთუ მოგვეცეს ძლევა, შენ ხარ უფალი ჩვენი და მე ვარ მონა შენი..." ალბათ, მსოფლიო თვალსაწიერზე ძნელად თუ მოიძებნება მსგავსი მაგალითი, მსგავსი თავმდაბლობა მიწყივ ტახთმაძიებელ ხელმწიფებათა შინა. მაგრამ ეს ხომ "მაღალთა თავმდაბლობაა ოდით და  ოდით". დავუბრუნდეთ ისევ ძველი კოლხური ისტორიის კვლევებს. კოლხეთის მოსახლეობა ეკუთვნოდა ქართველთა ტომის სამ შტოს - კოლხებს, რომელშიც შედიოდნენ მაკრონები (მეგრელები) და ჭან-ლაზები, აფშილ-აფხაზებს და სვანებს. ძველ კოლხეთში საკმაოდ დაწინაურებული ყოფილა საზოგადოებრივ - კულტურული ცხოვრება. კლასიკოსი მწერლები აქებდნენ კოლხეთის სტუმართმოყვარეობას. კოლხები დიდ დახმარებას უწევდნენ, თურმე, ზღვის ღელვისაგან გადარჩენილებს - ფულით, სურსათის მიწოდებით, თუ სხვა საშუალებებით... საინტერესო ცნობებს იძლევა V-VI საუკუნის ბიზანტიელი მწერალი აგათია სქოლასტიკოსი დამოუკიდებლობის არმქონე ლაზების პოლიტიკურ გამჭრიახობასა და გულადობაზე: "ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებზე მბრძანებლობენ, შესაძლებელია, არც თუ ისე უსაფუძვლოდ. იმ ტომებს შორის, რომელიც სხვა სახელმწიფოს ექვემდებარებიან, მე არ მეგულება არც ერთი სხვა ესოდენ სახელგანთქმული და მორჭმული, როგორც თავისი სიმდიდრის სიუხვით, ისე ქვეშევრდომითა სიმრავლით, როგორც მიწა-წყლის სიჭარბით და მოსავლიანობით, ისე ხასიათის სილამაზითა და სიცქვიტით. იმ დროს, როდესაც წინანდელ მაცხოვრებლებს ამ მხარისას სრულიად არ სცოდნიათ ზღვის დადებითი თვისებები, წარმოიდგინეთ, არც კი გაეგონათ ხომალდის სახელი მანამდე, სანამ მათთან არგოს ნავი მოვიდოდა. ახლანდელი მცხოვრებლები დასცურავენ კიდეც, რამდენადაც შესაძლებელია, და ვაჭრობაშიც ნახულობენ დიდ სარგებლობას. ისინი უკვე არც ბარბაროსები არიან და არც ბარბაროსულ ცხოვრებას ეწევიან, არამედ, რომაელებთან კავშირის წყალობით, თავიანთი ცხოვრებისათვის სახელმწიფოებრივი და კანონის სახე მიუციათ." როგორც ამ ამონაწერიდან ჩანს, სქოლასტიკოსი კარგად იცნობდა ქსენოფონტეს (V-IV ს. ძ.წ.) და არიანეს (II ს. ახ.წ.) ნაშრომებს კოლხეთის შესახებ, სადაც ისინი კოლხებს "ბარბაროსებს" და "ჩამოქვეითებულებს" უწოდებენ, თუმცა სხვა მოგზაურ-მკვლევარები ამ მხარეს "ლითონმრავალ", "განვითარებულ" და "ძლიერ" ქვეყნად მოიხსენიებენ. ასეა თუ ისე, ჟამთააღმწერლები ხშირად ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ძნელი სათქმელია, ასეთი განსხვავებული სურათები რა მიზეზით შეიძლება აიხსნას, მაგრამ ფაქტი ერთია: ყველა თავისი განწყობით, იმდროინდელ, კონკრეტული მოვლენის დროს მომხდარს და ნანახს აღწერს. ჩვენი ისტორია კი სავსეა ავბედითი დღეებით, წლებით და საუკუნეებით. ცეცხლითა და მახვილით ჩვენს მამულს შემოსეული მომთაბარეების, ურჯულოების ხოცვა-ჟლეტას, გადაწვა-განადგურებას სასწაულებრივად გადარჩენილი ქართველი ხალხი კიდევ კარგად ახერხებდა ფეხზე დადგომას და განვითარებას. ამაში კი მთელს დასავლეთ საქართველოს შავი ზღვა (პონტოს ზღვა) და მასთან ერთად მდინარე რიონი (ფაზისი) უდიდეს დახმარებას უწევდა. მათი სტრატეგიული მნიშვნელობა ვაჭრობის განვითარებაში, ნაოსნობასა და მიწათმოქმედებისათვის ნიადაგის განოყიერებაში გამოიხატებოდა. „..ცხენისწყლისა და რიონისკენ არს საჭილაო, სამიქელაო და არს ადგილი ესე ფრიად ნაყოფიერი ყოვლითვე. პირუტყვი მძოვარ არიან ზამთარ-ზაფხულ, ფრინველნი ურიცხვნი, თევზნი არასადა თვინიერ რიონისა, კირჩხიბი მრავალი..."(ვახუშტი ბატონიშვილი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, თბ., 1973 წ.). დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ სწორედ ამ გზით მიემართებოდნენ უცხოური საქონლით დატვირთული გემები და ნავები. ამ ადგილების ისტორიულ - გეოგრაფიული რარიტეტების უკეთ გარკვევისა და მასთან ერთად სუჯუნის ძველი ისტორიის საფუძვლიანი შესწავლისათვის, ვფიქრობ, აუცილებელია მოვუსმინოთ ამ საკითხებში მეტად კომპეტენტურს, სამეგრელოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის დამაშვრალ მკვლევარს, "სამეგრელოს მინდიას", მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებელს და სიცოცხლის ბოლომდე მის უცვლელ დირექტორს, ცნობილ მეცნიერსა და მწიგნობარს გივი ელიავას: ”...რიონისპირეთი ხასიათდება ნაყოფიერი ნიადაგით, სადაც საუკუნეების განმავლობაში კოლხები და ლაზები მარცვლეულ კულტურებს თესავდნენ, ინტენსიურ მიწათმოქმედებას ეწეოდნენ. ითესებოდა ღომი, ფეტვი, ბრინჯი, სელი და კანაფი. დუღდა სამოქალაქო ცხოვრებაც. აქ გადიოდა "ჯვეში შარები" - ძველი სახმელეთო გზები ფოთი-ქუთაისისა და ციხისძირ-ჭყონდიდისაკენ. ეს გზაჯვარედინი ერთმანეთს კვეთდა შუაქალაქში, რომელიც ამ გზათა თავშესაყარს და მის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. ამ გზის გასწვრივ მდებარეობდა ძველი სამდინარო გზა ფაზისზე (რიონზე) - ე.წ. ინდოეთის სავაჭრო გზა, რომელიც მტკვრის ხეობით ჩადიოდა კასპიის ზღვაში და იქიდან ინდოეთისაკენ მიემართებოდა... შუაქალაქის ადგილას დღეს არავითარი ნაგებობა ან უძველესი დიდების კვალი არ არსებობს: არც რიონია მის მახლობლად. ახლა რიონი მისგან სამხრეთით, თითქმის კოლომეტრნახევარზეა გადაწეული. მაგრამ 1958 წელს ამ მიდამოებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მასალები: ანტიკური ხანის ჭურჭელთა ფრაგმენტები, ჩუქურთმიანი ქვები, მეტალურგიული ნაშთები, ანტიკური  საცრემლე, ორნამენტიანი ქვები... ცხადყოფენ, რომ აქ ქალაქი არსებობდა. რიონი შემდეგ მრავალჯერ გადმოსულა კალაპოტიდან და უძველესი ქალაქის ნაშთები ქვეშ მოუყოლია. აქ შეკრებილი გადმოცემები და ლეგენდები ადასტურებენ, რომ ფოთიდან რიონით შუაქალაქში ამოდიოდნენ გემები. აქ ყოფილა მაღალი და ლამაზი სასახლეებით დამშვენებული ძველთაძველი ქალაქი... შუაქალაქი უძველესი "ფაზის-კოტაის" სახმელეთო გზის ცენტრიც ყოფილა. ფოთიდან რიონით მიმავალი გემები აქ ჩერდებოდნენ. ეს იყო რიონზე ერთ-ერთი საიმედო ნავსადგური. მსგავსი ვარაუდი თავის დროზე აკადემიკოსმა სიმონ ჯანაშიამაც გამოთქვა: "ამ საგანზე პლინიუსი გვიამბობს: ყველაზე განთქმული პონტოს მდინარეთა შორის ფასიდი (ფაზისი) უდიდესი ხომალდებისათვის სანაოსნოა 38,500 ნაბიჯის (53,5 ვერსის მანძილზე) და შემდეგ დიდ სივრცეზე - მომცროთათვის (ნავებისათვის). პირდაპირი ხაზით ამ მანძილს დაახლოებით ორპირამდე მივყავართ, ნამდვილად კი საძიებელი პუნქტი, შესაძლოა, სუჯუნის რაიონში დაიდვას." შუაქალაქი სუჯუნის მახლობლად მდებარეობს. მეცნიერს, ეტყობა, ეს ვარაუდი გაკეთებული აქვს არა არქეოლოგიური მონაცემების, არამედ სხვა გეოგრაფიული და მანძილის გამოთვლის საფუძველზე, მაგრამ შუაქალაქის ტერიტორიის ზემოაღნიშნული გათხრების შედეგები ერთხელ კიდევ საფუძვლიან მოსაზრებად აქცევს ამ ვარაუდს. გადმოცემით დასტურდება ისიც, რომ სამდინარო გზით გემებითა და „ფელუკებით" (მცირე ნავებით) სუჯუნაშიც ამოქონდათ საქონელი ფოთიდან და შემდეგ იგი სუჯუნაში ნაწილდებოდა მთიან სამეგრელოში გასაგზავნად. მას შემდეგ, რაც რიონმა ადგილი ინაცვლა და სოფლებს ძლიერ დაშორდა, სუჯუნაში შემოიყვანეს არხი, რომლითაც აქ შემოდიოდნენ ნავები (ფელუკები). ეს ღარი უაღრესად მნიშვნელოვანი სავაჭრო არხი იყო. შემდეგ "ღარი" ანუ არხი შეუერთდა ცუდღარს - ჭყოინდარის ღარს და სეფიეთიდან რიონამდე გაიკაფა სამდინარო გზა, თუმცა, სუჯუნის ზემოთ ამ არხით დიდი ხანია აღარავინ ნაოსნობს. ჭყოინდარს ცუდღარით ნოღის წყალი სანაოსნო მიზნით არ შეუერთებია სუჯუნის ღარისათვის. თუ სუჯუნის ღარით რიონის წყალი აქეთ შემოდიოდა და შემდეგ ქალაქის გავლით ისევ რიონს უერთდებოდა, ახლა რიონის წყალმა შეწყვიტა დაბაში (სუჯუნში) შესვლა, - თვით ცუდღარი იკვალავს გზას რიონისკენ, არხიც შემცირდა. ამიტომ მასზე უკვე ნაოსნობა არ შეიძლება." (გ.ელიავა. „აბაშისა და ტეხურის ხეობების ისტორიული ღირსშესანიშნაობანი“, თბ., 1971 წ.) ცნობილი ქართველი მეცნიერის სიმონ ჯანაშიას მიერ ზემოთ მოყვანილი პლინიუსის მოსაზრების "სუჯუნის რაიონთან" დაკავშირება და იქ ე.წ. "პუნქტის" არსებობა სხვა გადმოცემებითაც დასტურდება. ისტორიულ წიგნებსა და წყაროებში სუჯუნაზე მასალების მოძიებისას, ერთ მომცრო ზომის წიგნს წავაწყდი, რომლის ავტორი, ისტორიკოსი ამბროსი კილასონია (1913 - 1996 წწ.) წარმოშობით აბაშიდან, სოფელ წყემიდან გახლდათ. ბატონი ამბროსი მეტად უცნაური ჰიპოთეზის დამტკიცებას ცდილობს წიგნში "კოლხეთი სამი ათასი წლის წინათ აიეტის მეფობის ჟამს", თითქოს არგონავტების კოლხეთში მოგზაურობა ნავსადგურ "სუჯუნამდე" ვრცელდება. ”...კოლხეთზე, არგონავტთა ლაშქრობის მარშრუტი დადგინდა, რაც შემდეგი თანმიმდევრობით არის შესრულებული. ეგეოსის ზღვის კუნძული ევბეა, ქ.იოლკოსი, დარდანელის სრუტე, მარმარილოს ზღვა, ბოსფორის სრუტე, შავი ზღვა, მდინარე რიონი, ნავსადგური სუჯინა, სოფლები ნორიო, წყემი, გეჯეთი და ქალაქ - სახელმწიფო აიაია. სანამ არგონავტების ლაშქრობა ჩატარდებოდა, მანამ კოლხებს გაუკვალავთ გზა ქალაქ - სახელმწიფოს დიდი გალავნის კარიბჭედან ნავსადგურ "სუჯუნამდე", რომელიც აიეტმა ააშენა და დაარსა მდინარე არაქსუზე, იგივე აბაშაზე. ...ძველი კოლხები ამ დაუსახლებელ ადგილებში თვითონ თხზავდნენ სახელებს. აქედან გამომდინარე, ნავსადგურისათვის სახელად "სუჯინა" შეურჩევიათ. "სუ-ჯინა" ქართულად ითარგმნება შემდეგნაირად "სუ"რწყალი (არაბულად) "ჯინა" ლოდინი (მეგრულად). ამ შემთხვევამი როგორც წყალზე მოსაცდელი, ნავსადგური. სუჯინამ, როგორც ნავსადგურმა, ადგილობრივი მართვის კვანძმა და სავაჭრო ცენტრმა, შეინარჩუნა თავისი უპირატესობა ძვ. წ. აღ. მეცამეტე საუკუნიდან ახ.წ. აღ. მეცხრამეტე საუკუნემდე, ფოთი-თბილისის სარკინიგზო ხაზის გახსნამდე." (ა.კილასონია, „კოლხეთი სამი ათასი წლსი წინათ, აიეტის მეფობის ჟამს“. გამომცემლობა „ეგრისი“, თბ., 2002 წ.). არ ვიცი, რამდენად სარწმუნოა ბატონი ამბროსის ვარაუდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება. კვლავ ძველ კოლხეთს დავუბრუნდეთ, ლეონტი მროველი ფარნავაზ მეფეს არა მარტო "ერთმთავრობის", არამედ ქართველთათვის პირველი დამწერლობის შემქმნელადაც მოიაზრებს. შეიძლება ფარნავაზმა   მართლაც დახვეწა ქართული ანბანი, მაგრამ კოლხებს რომ დამწერლობა ძვ.წ.აღ. III საუკუნემდე ჰქონდათ, ამას ძველი ბერძენი პოეტი აპოლონიოს როდოსელიც აღნიშნავს. ზემოთქმულს რომ დოკუმენტური სიმტკიცე შევძინო, "არგონავტებიდან" მცირე ამონაწერს დავიმოწმებ "მათ (კოლხებს) მენახული აქვთ თავიანთი მამებისაგან დანაწერი კირბები (იდიოგრამული ნიშნიანი ქვები), რომლებზედაც ირგვლივ მოგზაურთათვის ნაჩვენებია ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი." ამას პროფესორი აკაკი ურუშაძე ასე განმარტავს. "ცნობა კირბების შესახებ პირველად აპ.როდოსელთან გვხვდება. არგოსის სიტყვებით, კირბები კოლხეთის კულტურის მაუწყებლად უნდა ჩაითვალოს, რაც ჩვენში ანტიკური დამწერლობის არსებობაზე მიუთითებს." იგივეს ამტკიცებს მწერალი ვლ. ალფენიძე. "კარტოგრაფიისა და გეოგრაფიის ("კოლხური კირბები“) პირველი საწყისები უძველეს დროში სწორედ კოლხებმა შექმნეს." მარტვილის მუზეუმში დაცულია მეცნიერი მკვლევარის გივი ელიავას მიერ სხვადასხვა დროს აღმოჩენილი ხაზობრივი ნიშნიანი ქვები, ანუ კირბები. ქართული ენა კოლხებისათვის ოდითგან არის მშობლიური. ღვთისმსახურების ენა პირველად ბერძნული იყო. VII საუკუნეში კი ეკლესიებში დამკვიდრდა ქართული ენა. როგორც დიდი განმანათლებელი იაკობ გოგებამვილი წერს: „..ისტორია მოგვითხრობს, რომ უხსოვარი დროიდან ქართული ენა მეგრელთათვის სარწმუნოებრივი ღვთისმსახურების, სასკოლო, სალიტერატურო და სასამართლო -ადმინისტრაციულ ენას წარმოადგენდა. მეგრელები, რომლებმაც ქრისტიანობა აღმოსავლელ ქართველებთან შედარებით სამი საუკუნით ადრე მიიღეს, მხსნელ ქრისტეს ადიდებდნენ და ღვთისმსახურებას ასრულებდნენ თავის ძირითად - ქართულ ენაზე, და ისინი ამას სჩადიოდნენ მხოლოდ საკუთარი სურვილითა და საზოგადოებრივი ინსტინქტის კარნახით. საეკლესიო კათედრა სამეგრელოს ფარგლებში არასოდეს არ ხმარობდა სხვა ენას, გარდა ქართულისა. ისეთი პერიოდებიც კი იყო, როდესაც სამეგრელოს ჭყონდიდის სამიტროპოლიტო კათედრას პირველი ადგილი ეჭირა ქართულ მჭევრმეტყველებაში და თავისი წრიდან გამოჰყოფდა ხოლმე მთელ საქართველოში სახელგანთქმულ მქადაგებელთ. მეგრელთა ცნობიერებაში ქრისტიანობა ისე მჭიდროდ შეეზარდა ქართულ ენას, რომ ერთმანეთისაგან მათი დაშორების არავითარი შესაძლებლობა არც ყოფილა და არც არის."(იაკობ გოგებაშვილი, რჩეული თხზულებანი, ტომი II, თბ., 1990 წ.). ახლა ისევ ბატონ გივი ელიავას ნაშრომს დავუბრუნდეთ: „სუჯუნა - აბაშის აღმოსავლეთისპირა მეტად საინტერესო ისტორიული წარსულის სოფელია. იგი ვრცელ ჭალაზეა გაშლილი. ეს სოფელი ოდესღაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი უნდა ყოფილიყო „ფაზის კოტაის" სამდინარო და სახმელეთო გზაზე. გვიან, ალბათ, ჭილაიების ერთ - ერთი მნიშვნელოვანი სოფელიც იყო. შემდეგ, გვიან შუასაუკუნეებში, ჭყონდიდელთა საზამთრო რეზიდენციაც კი გამხდარა. კაპიტალიზმის შემოჭრასთან დაკავმირებით, სუჯუნა ჩრდილო ან შიდა სამეგრელოს სოფლებთან ვაჭრობის მნიშვნელოვანი კერა ხდება. ვაჭრებს აქამდე არხით ამოჰქონდათ საქონელი ფოთიდან. აქ იყო ბაზები და საქონლის გამანაწილებელი კანტორები. აქედანვე იგზავნებოდა შიდა რაიონებმი საქონელი გასაყიდად. სუჯუნის გზა ტოპონიმიკაში "ჯვეში შარად" - ძველ გზადაა მონიშნული - "მარტვილიში შარას" სახელწოდებით. იგი გაივლის აბაშას, სამიქაოს, ონოღიას, ნაჯახაოს, ლეხაინდრაოს, ნაგვაზაოს და მარტვილში ჩადის. ეს გზა ყველგან აღინიშნება ძველი გზის სახელით. იგი უძველესი დროიდან მომდინარე მაგისტრალია, რომელსაც სუჯუნაში, ანდა ადრე შუაქალაქში უკიდურესი პუნქტი ჰქონდა. აღმოსავლეთ საქართველოს რიონისპირეთის ნაწილს კვეთდა სამი სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობის გზა, რომლის ჯვარედინზე იდგა სავაჭრო ქალაქები: კოდორი, შუაქალაქი, სუჯუნა, ისულა. კოლხეთის ამ გულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რელიგიური ცენტრი ჭყონდიდი იყო, რომლისკენაც მიემართება "ჯვეში შარა"(გ.ელიავა „აბაშისა და ტეხურის ხეობების ისტორიული ღირშესანიშნაობანი“, თბ., 1971 წ.). სუჯუნა განსაკუთრებით დაწინაურდა დავით დადიანის მმართველობის (1840-1853) წლებში. ის იყო ევროპულად აღზრდილი და განათლებული მთავარი. დავითმა კარგად იცოდა, რომ სამეგრელოს ფაქტიურად რუსის მოხელეები განაგებდნენ. ისიც კარგად მოეხსენებოდა, რომ სამეგრელოს სამთავრო მალე გაუქმდებოდა და მოხდებოდა რუსეთთან შეერთება. ამის გამო მისი პოლიტიკური მოღვაწეობა და რეფორმები მიმართული იყო პირადი ქონების შეძენაზე, რომ სამთავროს გაუქმების შემდეგ დარჩენილიყო დიდ მემამულედ. ევროპისა და რუსეთის მიბაძვით, დავითმა სამეგრელოში დაიწყო ახალი რეფორმების გატარება. დავით დადიანის თანამედროვე, საქართველოს მეისტორიე მარი ბროსსე, რომელიც ესტუმრა მთავარს 1848 წელს, აი, რაგვარად აგვიწერს სამეგრელოს მთავარს და მის საქმეებს: "ვინც იცნობს დავით დადიანს, ყველამ იცის, რომ სრულებით არა სჭირია მას კაცმა აქოს. ეს თავადი შესანიშნავია თავისი ჭკუით, შესანიშნავი თავისი აღზრდით, რომელიც მან ს. პეტერბურგში მიიღო; უცხოვრია ევროპაში და იქ ცხოვრების დროს გაეცნო ახალს აზრებს და იცის რა აკლია მის ხალხს, მის ქვეყანას და ყოველ ღონესა ხმარობს გააუმჯობესოს მდგომარეობა როგორც ერთისა, ისე მეორისა..."(ი. მეუნარგია, „სამეგრელო დავით დადიანის დროს“, თბ., 1939 წ.). ცოტ - ცოტად დავით დადიანის კარგი მმართველობა ყველაფერს დაეტყო სამეგრელოში. სოფლის მეურნეობას, მრეწველობას, ვაჭრობას, ადმინისტრაციას, სასამართლოს, საეკლესიო საქმეებს. "...დავით დადიანს ორი კანცელარია ჰქონდა: ქართული და რუსული. ქართული კანცელარიის მდივანი იყო იეროდიაკონი ივანე ხოშტარია, ივა ბერად წოდებული. ამას დიდად უჯეროდა მთავარი, მაგრამ სამეგრელოს დიდკაცობა ემდუროდა. თუ ამათ მთავართან თხოვნა არ გაუვიდოდა, ივა-ბერის ბრალი იყო და შემდეგ მთავრის გარდაცვალებისა, როცა საჭყონდიდლოში გლეხების ამბოხება ატყდა, დიდ კაცობამ შური იძია ღირსეულ მდივანზე. ის დააბეზღეს უმაღლეს მთავრობასთან და ივა-ბერი ხელ-ფეხ შეკრული სამეგრელოდან სადღაც გადაკარგეს. ივა-ბერის მწერლებად იყვნენ თევდორე ხოშტარია, შემდეგში სასახლის მოძღვარი და ორი სხვა ყმაწვილი კაცი. მთავრის კაბინეტის პირად სეკრეტად იყო ნადიაკვნარი გიორგი ცხვიტარია." (ი.მეუნარგია, „სამეგრელო დავით დადიანის დროს“, თბ., 1939 წ.). მართვა-გამგეობის მხრივ, დავითმა ოდიშ-ლეჩხუმის სამთავრო რვა მაზრად დაჰყო: ზუგდიდის, ჯვარის, ზუმის, სუჯუნის, საჭილაოს, მატვილის, ლაილაშისა და მურის მაზრები. აქ მხოლოდ ორ მაზრაზე მოგახსენებთ. "სუჯუნის მაზრა სოფლებით: სუჯუნა, ეწერი, ესაკეთი, ზანათი, მთავარ-ანგელოზი, მაცხოვარ-კარი ანუ კაპანა, რობა, ონტოფო, სეფიეთი, კადარი, აბაშა, გულუხეთი, სამიქაო, ონოღია, ნაგიბეროუ, ბანძა, ორქა, ჯოლევი, კვაუთი, ნოქალაქევი, კოტიანეთი, სორტა, სენაკი, გეჯეთი, წყემი, ნოსირი, შხეფი, თეკლათი, სახარბედიო. საჭილაოს მაზრა სოფლებით: ილორი, ნაფაღოური, სანავარდო, ნაჩხიტური, ქვიშანჭალა, ქორეისუბანი, ტოლები, ეკალე, გულეკარი, კეთილარი, ნაფარცხევი, ტყვირი, ცილორი, კოდორი, შუაქალაქი, კვათანა, წალიკარი, სირიაჩქონი, საქოჩაქიძო, წყარიძგა, მუხური, საღვამიჩაო, ჭალადიდი, პატარა-ფოთი." მაზრების უფროსებად დანიშნული იყვნენ მაზრის მდივანბეგები. სუჯუნის მდივანბეგი იყო ალექსანდრე ბატონიშვილი, ტაია (ტარიელ) დადიანი, საჭილაოსი - გიგო ფაღავა. წინაპართა ნაკვალევის ძიებით გართულმა, რაც წავიკითხე, მოვისმინე თუ მივაკვლიე კოლხეთთან, ლაზიკასთან, ეგრისთან, ოდიშთან, სამეგრელოსთან დაკავშირებით, ყველაფერს ჩემი სუჯუნა დავუკავშირე, ყველგან მისი ნიშან-წყალი ვეძებე, ყველა დროში მისი სანახები წარმოვიდგინე. იმდენი მასალა დამიგროვდა, ალბათ, წიგნის ფორმატი არ მომცეს მთლიანად გამოქვეყნების საშუალებას და მხოლოდ ნაწილს თუ დავბეჭდავ. ამ წიგნს მეცნიერული კვლევა-ძიების არავითარი პრეტენზია არ აქვს, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, ვცდილობ ისტორიულ - გეოგრაფიული, ეთნიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ცხოვრების შესახებ, კომპილაციის სახით, თქვენამდე მოვიტანო მცირედი, აუცილებელი, მნიშვნელოვანი, რაც სუჯუნასთან, მის მიმდებარე ტერიტორიასთან, მის ხალხთან იქნება დაკავშირებული. მაგრამ ზოგჯერ კალამი გამექცევა ხოლმე და მინდა, რაც შეიძლება მეტი ცნობა და ამბავი გაგახსენოთ, რომ ამითაც შევუნახოთ წარსული მომავალს. მწერალი გრიგოლ რობაქიძე ამბობს: "გსურს გაიგო "ვინა ხარ",  უნდა შეიგნო "ვინ იყავ"; გინდა იქცე "რამედ", უნდა შეიტყო "რა განვლე": "საითკენ?"-მიზანმხვედრია მაშინ, თუ ესეც იცი, "საიდან?" ისტორია არის არა მარტო ხსოვა წარსულისა - იგი თანვე ქმედითი მონაწილეა მომავლისა." როგორც ვიცით, საქართველოს ყოველთვის გარს ეხვია აურაცხელი მტერი, რომელიც გასაქანს არ აძლევდა ქვეყანას გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. ვინ მოთვლის, საუკუნეთა განმავლობაში რამდენი მოკეთისა თუ დამპყრობელის, მოგზაურისა თუ მტრის ნატერფალი აღბეჭდილა კოლხეთის ბებერ მიწაზე. აქ უთარეშია და უბოგინია მილეთის ხალხს... მემატიანის გადმოცემით, ეგრისელები გულადი და ჩინებული მეომრებიც ვყოფილვართ, სამშობლოსათვის გაალმასებით მებრძოლნი, თავს რომ არ ვზოგავდით სრულიად საქართველოს დასაცავად. მაგრამ შუღლი და მტრობაც ყოფილა მასთან ერთად. მუდამ მრავალრიცხოვან მტერს ჩვენი მამაცობა რას ეყოფოდა და დამცრობილა, დაკნინებულა, დაყოფილა და დაქუცმაცებულა ჩვენი მამული. "დიდი ისტორიული უკუღმართობის ჟამს თავისუფლებისმოყვარე ქართველმა ხალხმა ბედის ჯიბრზე კიდევ უფრო განავითარა და აამაღლა გაძლების ხელოვნება." - დაწერს მოგვიაწებით ჰანს კასპერი. ბედის ჯიბრზე კიდევ ბევრჯერ ვუძლებთ გასაჭირს, რომელიც არა და არ ილევა ღვთისმშობლის კალთა გადაფარებულ ჩვენს ქვეყანაში. დასავლეთ საქართველოში, ისე, როგორც აღმოსავლეთში, არ მთავრდება პონტოელთა, რომაელთა, ირანელთა, თურქ - სელჩუკთა, მონღოლთა, არაბთა... თარეში და ბატონობა. ქართულ ტერიტორიებზე გავლენებს თვითონ ინაწილებენ, ლიხს იქითაც და ლიხს აქეთაც. იმერშიც და ამერშიც, ბევრჯერ მდგარა ძნელბედობის ჟამი. უძლებს ქართველი ერი ომებს, სისხლისღვრას, ჩაგვრას, აწიოკებას, დამცირებას... თუ ოდნავ მაინც ჩაცხრება, მიწყნარდება ურჯულოთა შემოსევები, ძლიერდება საქართველო, ფეხზე დგება, ხალხიც უბრუნდება სულიერებას, კულტურას, აღმშენებლობას... მაგრამ ისევ ბედის ჯიბრი, ისევ განსაცდელი... გაუთავებელი შიდა ომები, შინაური აშლილობა, სამეფოს რღვევა, ფეოდალიზმის მარწუხები ქვეყანას მტრის სათარეშო ასპარეზად აქცევს. ხშირია გლეხთა აჯანყებები, რომელსაც სისხლში ახშობენ, მაგრამ თავის საქმეს მაინც აკეთებს, აჩქარებს ბატონყმობის გადავარდნას. რუსეთის მეფის ერთგულ მსახურს, განათლებულ და შორსმჭვრეტელ ვორონცოვს მეფე ნიკოლოზ პირველი პირადად აცნობს თავის მიზნებს საქართველოსა და ამიერკავკასიაში: საქართველოს გარუსება და მისი შერწყმა რუსეთთან(!) ეტაპობრივად უქმდება ბატონყმობა. სამეგრელოში იგი 1867 წლის თებერვალში გაუქმდა. ხალხმა შვებით ამოისუნთქა. ამ პერიოდში გამოდიან საზოგადოებრივ ასპარეზზე ცნობილი მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, რაფიელ ერისთავი... საქართველოში ბრუნდებიან რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლამიღებული პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები, რომლებიც ეროვნული სულისკვეთებით არიან განმსჭვალულნი. სამაგიეროდ, რუსული პოლიტიკა მძლავრობს. როგორც ინტელიგენცია ამბობდა მაშინ, საქართველომ რუსეთთან შეერთებით თავისი ხელით გამოიჭრა ყელი რუსეთის ტახტის წინაძე. საფრთხე დაემუქრა ყოველივე ეროვნულს, განსაკუთრებით ქართულ ენას. მეფის მთავრობამ სავსებით უარყო ძველი ქართული, ეროვნული სკოლები და 1804 წელს თბილისში გახსნა პირველი რუსული სასწავლებელი, რომელიც 1830 წელს გიმნაზიად გადაკეთდა. "გაიხსნა სამაზრო სასწავლებლებიც - თბილისში, გორში, თელავმი, სიღნაღში, ქუთაისსა და სოფ. სუჯუნაში (სამეგრელო)". პოლიტიკურ უზნეობას, ქართველი ერის სულიერ დაღლილობას აგვირგვინებს საუკუნის სირცხვილი - ილიას მკვლელობა. 1907 წლის 30 აგვისტოს, ხუთშაბათს, ერის მამის, საქართველოს უდიდესი მოჭირნახულის ვერაგულმა მკვლელობამ და ილიას შეძახილმა "რას სჩადიხართ, ილია ვარ" გამოაღვიძა და გამოაფხიზლა ქართველი ერი. დასრულდა ეპოქა, ანუ როგორც დიდმა გალაკტიონმა თქვა. "წიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი..." მეოცე საუკუნე ძალებს იკრებს. ახალი წყობილების იდეოლოგია მათრობელა ბანგივით მოქმედებს ხალხზე და ჭეშმარიტ სულიერებას კვლავ საფრთხე ემუქრება. კომუნისტების გამოუსწორებელმა შეცდომებმა, სიბრმავემ და მცირედმორწმუნეობამ უდიდესი ზიანი და აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენა ხუროთმოძღვრების უნიკალურ ძეგლებს, სასულიერო პირებს, მორწმუნე ადამიანებს, წმინდა საეკლესიო ნივთიერ კულტურას და უდიდეს საგანძურს. ღვთისა და წმინდანთა გმობა, მართლმადიდებლობის მტრობა და ეკლესია-მონასტრების ნგრევა არ ეპატია კომუნისტურ რეჟიმს და იგი რამდენიმე ათეულ წელში ხუხულასავით დაინგრა. საუკუნეების ქარცეცხლს გამოტარებულმა ჭეშმარიტმა სარწმუნოებამ დაამარცხა კომპარტიის იდეოლოგია ისე, როგორც სუჯუნის წმინდა გიორგი ამარცხებს გველეშაპს. ხალხი ისევ სულიერებას დაუბრუნდა და იმედია, საბოლოოდ, რომ აწი ვერავითარი ძალა, რეჟიმი, სექტა, პარტია თუ ცრუმოძღვრება ვერ შესძლებს მსახვრალი, უწმინდური ხელის შეხებას ქრისტიანულ სიწმინდეებზე. დაიწყო ახალი ერა. ოცდამეერთე საუკუნე ქართველების გაბრწყინების, სულიერების ამაღლების საუკუნე ყოფილიყოს.