topmenu

 

მონეტები და ისტორიული ფაქტები
There are no translations available.

< უკან დაბრუნება <<<ექსპონატები - ნუმიზმატიკა>>>


მონეტები და ისტორიული ფაქტები // ძეგლის მეგობარი  1970 წ., კრ. 23,  გვ. 8 -10

წერილობითი წყაროების სიმცირისა და ფრაგმენტულობის გამო საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი ბურუსითაა მოცული. ასეთ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მატერიალურ კულტურის ძეგლებს, მათ შორის ნუმიზმატიკურ მასალასაც. მონეტების საშუალებით, არც თუ ისე იშვიათად, ხერხდება საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტების გაშუქება. ასე მაგ.;

1. 1865 წ. ტრაპეზუნტის მიდამოებში (ძველად კოლხეთის საზღვრებში შედიოდა), ხოლო 1946 წ. წულუკიძის რ-ნის სოფ. კინჩხაში აღმოჩნდა ოქროს მონეტა შუბლზე ახალგაზრდა ალექსანდრე მაკედონელისა და ზურგზე ქალღმერთ ათენას გამოსახულებით. მონეტაზე მოთავსებული ბერძნული წარწერა "ბასილეოს აკუ" იუწყებოდა, რომ იგი აკე მეფეს ეკუთვნოდა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ სხვა წყაროებით უცნობი აკე მეფობდა კოლხეთში ძვ. წ. III ს-ში. ამ გზით დადასტურდა ძვ.წ. III ს კოლხეთის მიწა-წყალზე სამეფოს არსებობის ფაქტი; წარწერაში აკე მეფეთაა მოხსენებული (სურ. 1).

Free Image Hosting at www.ImageShack.us

2. ძვ.წ. 65 წ. იბერიის საზღვრებს რომის რესპუბლიკის სარდალი პომპეუსი მოადგა. იბერიის შემდეგ იგი კოლხეთში გადავიდა. პომპეუსმა კოლხეთის მმართველად დანიშნა არისტარქე და ამით ქვეყანას ეფემერული დამოუკიდებლობა მიანიჭა. ზოგიერთი ანტიკური წყარო არისტარქეს მეფეს უწოდებს, მაგრამ ეს ვერსია ამ უკანასკნელის სახელით ძვ.წ. 52-51 წწ. მოჭრილ მონეტების ზედწერილით არ დასტურდება. აქ ვკითხულობთ: ,,არისტარხუ ტუ ეპი კოლხიდოს", - არისტარქესი (რომელიც) კოლხეთზედ (კოლხეთში) მმართველობდა (სურ. 2).

3. ბიზანტიის იმპერიასა და სასანელთა ერანს შორის საქართველოს ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლები წარმოებდა. VI საუკუნისათვის მათ საქართველოს გავლენა სფეროებად დაჰყვეს. დას. საქართველო ბიზანტიის ორბიტის ქვეშ მოექცა, ხოლო იბერია - ერანის. სასანელთა ერანი და ბიზანტია ურთიერთმოქიშპეობამ და გაუთავებელმა ბრძოლებმა დაასუსტა.

ერანი იმდენად გამოიფიტა, რომ ძველებურად ვეღარ ახერხებდა დამორჩილებული ქვეყნებისათვის მეთვალყურეობისა და კონტროლის გაწევას. ამით ისარგებლა იბერიამ და ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლის დროშა ააფრიალა. მთელი ეს რთული ისტორიული ვითარება, ერანის ბატონობის თანდათანობით შესუსტება და ქართველი ხალხის სულ უფრო და უფრო მზარდი ბრძოლა უცხოელი დამპყრობლის წინააღმდეგ სათანადოდ აისახა ამ ხანის იბერიის მონეტებზე. VI ს. დამლევისათვის ჩვენში მონეტები ერანულ ყაიდაზე იჭრება. მონეტის შუბლზე ყოველთვის გამოსახულია ერანის მეფის ბიუსტი, ხოლო ზურგზე - ცეცხლთაყვანისმცემელ სასანელთა ემბლემა საკურთხეველზე აგიზგიზებული ცეცხლი, რომელსაც ორი შეიარაღებული მცველი დარაჯობს. მეამბოხე ქართველებმა ამ სტანდარტულ ტიპს თავდაპირველად მეფის მხარს ზემოთ მიუმატეს ქრისტიანობის სიმბოლო ჯვარი, რომელიც ამავე დროს ეროვნული სიმბოლოც იყო. ეს იყო დიდმნიშვნელოვანი პოლიტიკური აქციის დასაწყისი. შემდეგ ეტაპზე მონეტის კიდეზე, მეფის გამოსახულების ზემოთ, ვხვდებით ქართულ ასოებს ან მონოგრამებს, რომლებიც ქართველ მთავართა სახელებს გვაუწყებს (ერისმთავარი გურგენი, ვახტანგი და სხვ.). უფრო მეტიც: ქართველებმა ქრისტიანობის ემბლემა - ჯვარი, აგიზგიზებღლ ცეცხლის ნაცვლად, საკურთხეველზე მოათავსეს (სურ. 3) და ამით ცეცხლთაყვანისმცემელ ერანელთა ემბლემა დემონსტრაციულად განდევნეს ქართულ მონეტიდან, ხოლო ერისმთავარმა სტეფანოზ დამატებით, ყოველგვარი შემოკლებების გარეშე, მოათავსა თავისი სახელი მონეტის ცენტრში, მეფის გამოსახულების გვერდით (სურ. 4). როგორც ვხედავთ, აქ იშვიათი სიზუსტითაა ასახული ქართველ - ერანთა ბრძოლის პერიპეტიები, ამ ბრძოლის დასაწყისი და მისი დასასრულიც.

4. 1123 წ. საქართველოს სასიქადულო მეფემ დავით აღმაშენებელმა სომხეთის დედაქალაქი ანისი "უსჯულოთაგან" გაანთავისუფლა და საქართველოს შემოუერთა. ბრიტანეთის მუზეუმში დაცული დავით აღმაშენებლის სპილენძის უნიკალური მონეტის ზედწერილი გვამცნობს, რომ ამასთან დაკავშირებით მას "სომეხთა მეფის" ტიტული მიუღია. ზედწერილი ასე იკითხება: „ქრისტე! დავით, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, და სომეხთა“ (სურ. 5).

5. 1247 წ. მონღოლთა უმაღლესმა ყაენმა საქართველოს ტახტზე ერთდროულად ორი პრეტენდენტი დაამტკიცა მეფედ: დავით ნარინი და დავით ულუ. 1247 წ - მდე დავით ნარინი რამდენიმე წლის განმავლობაში ჯერ ოქროს ურდოში, შემდეგ კი ყარაყორუმში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, 1245 წ. ქ. დმანისში დავით ნარინის სახელით იჭრება სპილენძის მონეტა, რომლის მეშვეობითაც ორი მნიშვნელოვანი ფაქტი დგინდება: პირველი ის, რომ XIII ს-ის 40-იან წლებში დმანისში ზარაფხანა მოქმედებს, რის შესახებაც სხვა ცნობები არ გაგვაჩნია და მეორეც, როგორც ვარაუდობენ, დმანისი ამ დროს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრსაც წარმოადგენს, სადაც თავშეფარებულია დავით ნარინის მომხრეთა დასი რუსუდან დედოფლის მეთაურობით (თბილისი მონღოლთა ხელთაა) და მისი სახელით წინასწარ ანხორციელებენ სამონეტო რეგალიას (სურ. 6).

6. მიღებული ქრონოლოგიის თანახმად აღმოსავლეთ საქართველოში 1302 წ. ვახტანგ III  გამეფდა. მაგრამ ეს თარიღი აშკარად მოითხოვს კორექტივს, რადგან ჩვენამღე მოაღწია ვახტანგ III ვერცხლის მონეტებმა, დათარიღებულმა ჰიჯრის 698 წ. (1298 – 9 წწ), რომლის წარწერაშიც ვახტანგი უკვე მეფედ იხსენიება (სურ. 7).

7. XIII -XIV საუკუნეების მიჯნაზე ყაზან -ყაენის სახელით მოჭრილმა დირჰემმა დაადასტურა ახალციხის ზარაფხანის არსებობის ფაქტი.

გამოყენებული წყარო: კოლხური თეთრი