topmenu

 

აღმოსავლეთ აფხაზეთის ტოპონიმიკის შესწავლისათვის - ნ.შონია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ნოდარ შონია (აფხაზეთის კულტურის სამინისტროს კულტურის ძეგლთა დაცვის ინსპექტორი) აღმოსავლეთ აფხაზეთის ტოპონიმიკის შესწავლისათვის // ძეგლის მეგობარი, 1970, კრ.21 გვ.62-64

 

აღმოსავლეთ აფხაზეთი დევს მდ.კოდორსა და ენგურს შორის, ისტორიულად ცნობილი კოლხეთის სამეფოს ნაწილში; დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით - ოჩამჩირისა და გალის რაიონი. ეს მხარე ნაკლებადაა შესწავლილი ისტორიული გეოგრაფიის (ტოპონიმიკა) თვალსაზრისით, რაც უშუალოდ კავშირშია ამ ტერიტორიაზე მოსახლე ხალხთა ეთნიკური, ეკონომიურ - სოციალური ყოფის გაშუქებასთან. მაგრამ წინამდებარე კრებულის მოცულობის გამო, ჩვენ აქ მხოლოდ გალის რაიონის ტოპინიმიკის შესწავლის საკითხს შევეხებით. გალის რაიონი მიმდინარე საუკუნის 30-იან წლებამდის სამურზაყანოდ იწოდებოდა. ამ სახელწოდებას ატარებდა XVII საუკუნიდან მდ.ღალიძგასა (ი.ი.პანტიუხოვის აღწერით მდ.კოდორიდან) ენგურს შორის კავკასიონის ქედიდან ზღვამდე გაშლილი მიწა-წყალი, რომელიც აღმოსავლეთ აფხაზეთის ცალკე ადმინისტრაციულ-ეკონომიურ ერთეულს წარმოადგენდა. ამჟამად სამურზაყანოს ზოგიერთი სოფელი შედის ოჩამჩირის რაიონში, უმეტესი ნაწილი კი გალის რაიონშია. ამ მხარეში ადამიანს ჯერ კიდევ ქვედა პალეოლეთის ხანიდან უცხოვრია: ქ.გალში, სოფელ ჭუბურხინჯში, აჩიგვარაში, წარჩეში და სხვაგან. რაც შეეხება აქაურ ტოპონიმიკას, იგი შორეულ წარსულში იღებს სათავეს, ჩვენამდის მოაღწია წერილობითი და ზეპირი გადმოცემების სახით. მთელი უმრავლესობა ამ გეოგრაფიული სახელწოდებებისა დღესაც ხმარებაშია. II - XVII საუკუნეების წერილობით წყაროებშია მოხსენებული: ტარსურა - მოხე, ზიგანი - გუდაყვა, ილორი, წამხარი, წარჩე, ოქუმი და სხვ. ეტიმოლოგიურად ესენი შეუსწავლელია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზოგიერთ მათგანზე მოკლე, ზოგადი სახის მოსაზრებებს. დადებითად არც მათი ლოკალიზაციის საკითხია გადაჭრილი. განსაკუთრებით ეს ითქმის ქალაქ ტარსურა - მოხეზე. მკვლევარები, რომლებმაც ყურადღება მიაქციეს ამ ქალაქის მდებარეობის დადგენას, რატომღაც კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ II - V საუკუნეების მოშველიებით, მაშინ როდესაც მომდევნო საუკუნეების ქართულ და უცხოურ წყაროებშიც ტარსურა (ტარშენი) არაერთგზითაა მოხსენებული აღმოსავლეთ აფხაზეთში. საკითხის ნათელსაყოფად არც თანამედროვე ტოპონიმიკურ მასალებს იყენებენ, რის შედეგადაც გაკეთებულია ნაკლებად დამაჯერებელი დასკვნა, ვითომცდა ანტიკური ქალაქი ტარსურა -მოხე ყოფილიყოს მდ.მოქვის მიდამოებში, ზღვის შესართავთან (ოჩამჩირის რაიონში) (ნ.ლომოური, კოლხეთის სანაპიროს ბერძნული კოლონიზაცია, თბილისი, 1962 წ., გვ.43). ამაზე ჩვენ მართებულად მიგვაჩნია ცნობილი მხარეთმცოდნისა და დაკვირვებული მკვლევარის კ.ბერულავას დასკვნა: "ცხადია, აქ სახელის დამახინჯებას აქვს ადგილი. "ტარშენ" იგივე წარჩეა (Torchen), ხოლო "ტარსურა“ (მდ.წარჩე) ერთვის "ოხოჯეს“. ანტიკური და შუასაუკუნეების წერილობითი და მატერიალური კულტურის, მხარის ისტორიის მეცნიერული შესწავლისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ტოპონიმიკურ აღრიცხვას. ჩვენ ამით დავიწყეთ აღმოსავლეთ აფხაზეთის (გალის რაიონის) შესწავლა.  ტოპონიმიკურ ცნობების შეკრებას ვაწარმოებდით თანამედროვე ადმინსტრაციული დაყოფის მიხედვით. ხშირად ჩაწერილ გეოგრაფიულ სახელწოდებებს ვუკითხავდით ადგილობრივთა გარკვეულ ჯგუფს. ამ გზით გამოტოვებული - შეივსო, დამახინჯებული შევასწორეთ. საკმაო ხნით მუშაობის შემდეგ დავამთავრეთ გალის რაიონის ტოპონიმიკური ლექსიკონის შედგენა, სადაც 1300 - მდე გეოგრაფიული სახელწოდება შევიდა. დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ აღმოსავლეთ აფხაზეთის ტოპონიმიკას ბევრი რამ საერთო აქვს კოლხეთის ტოპონიმიკასთან. ყურადღებას იქცევს ეთნიკურობის მაჩვენებელ ადგილთა სახელწოდებანი; აბაზ (რეჩხოცხირი), ნააფხაზური, ნათურქი (ჭუბურხინჯი), შონიშ დიხა (დიხაზურგა), ნაქორთუ (გუდავა), თურქიშ ნაზვენა (ხუმუშქური), ფშაური (ბედია), გურულ (ღუმურიში), აზანიშ (ლეკუხონა) და სხვ. ბევრია საკუთრებასთან დაკავშირებული ადგილის სახელწოდებანიც, სადაც მითითებულია მესაკუთრის სახელი ანუ გვარი, საკუთრების საგანი, როგორიცაა: მიწა, სამჭედლო, ისლი, ფაცხა, წაბლნარი, სოფელი, ხიდე, წისქვილი, ეკლესია, სასაფლაო, გორა, ციხე და სხვ. ხშირად მესაკუთრეებად მთლიანად გვარია მითითებული. მაგ.მარღანიეფიშ დიხა (მარღანიების მიწა) და ა.შ.

სხვადასხვა დროს რელიგიურ რწმენიდან წარმოშობილი ტოპონიმები; ალაშარა (ოქუმი), ნაჯვარუ (დიხაზურგა), ნააბაყარ (წარჩე), ნამეხჭყონი (ხუმუშქური), ქვაჯვარი (დიხაზურგა), მიქა მგარიო (საბერიო, ჩხორთოული), ოქაჯე (რეჩხოცხირი) და სხვ.

ხიდებისა და გადასასვლელებისაგან მიღებული სახელწოდებანი; აკიბო (სვანეთისაკენ გადასასვლელი), გოგორხილი (ბედია, წარჩე), ჩერტიშ ხინჯი, გოჭკადილი (გუდავა), ბულიშ ხინჯი (აჩიგვარა), ჭუბურხინჯი (სოფელი) და სხვ.

სამხედრო - პოლიტიკური ვითარებიდან: ნადოხორი (ჩხორთოლი), აკარდამა (საბერიო), ტოგონი (აჩიგვარა), ნალამუ (დიხაზურგა), ნაბერაყი (რჯლი), ნახუტორი (ოტობაია), ტახტი (საბერიო) და სხვ.

შინაურ ცხოველების სახელებისაგან: ოფუჯე (საბერიო), ოქოთომე, ოჭაკე (წარჩე), ოცხენენ (გუდავა), ოკამბეშე (რეფი), ოჯოღორე (გაგიდა) და სხვ.

გარეული ცხოველების სახელებისაგან; ოყვარანე (საბერიო), ომუნჩქე (გუდავა), ოყურდღელე (წარჩე), ოკვინორე (გაგიდა), ოსქვერე ბუდე (გუდავა), ოტურე (ქვემო ბარღები), ირემიშ ნასხაპა (დიხაზურგა).

უამრავი გეოგრაფიული სახელებია წარმოშობილი ადამიანთა გვარი და სახელებისაგან, ფლორა და ფაუნისაგან, სოფლის მეურნეობის, ადამიანთა სხვადასხვა საქმიანობის, ადგილთა გეოგრაფიული დახასიათებისაგან და სხვა მოვლენებისაგან. არის ისეთი სახელწოდებებიც, რომელთა წარმოშობის მიზეზი და მნიშვნელობა გაურკვეველია. მათზე ზოგადი სახის მსჯელობაც შორს წაგვიყვანდა. მაგრამ მოყვანილი ფაქტებიც ნათლად ადასტურებს თუ რაოდენ ყურადსაღებია აღმოსავლეთ აფხაზეთის ტოპონიმიკა, რომელიც მოითხოვს ყურადღებით შეკრებაადა მეცნიერულ დამუშავებას.