topmenu

 

„უხეიმერიონის“ ადგილმდებარეობა-ი.სიხარულიძე

< უკან დაბრუნება ... <<<საქართველოს ციხე - ქალაქები და კოშკები>>>


იური სიხარულიძე (ივ. ჯავახიშვილის საქ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი) -  „უხეიმერიონის“ ადგილმდებარეობა (წინასწარი ცნობა) // ძეგლის მეგობარი, თბილისი, 1970 წ., კრ 21, გვ.39 - 41

უხეიმერიონის (რევოლუციამდელ ქართულ საისტორიო ლიტერატურაში ეს სახელწოდება "უხიმერიონის“ ფორმით იხსენიება (დ. ბაქრაძე, ისტორია საქართველოსი ტფილისი, 1889, გვ.78; ს. გორგაძე, ბაგრატის ტაძარი, თბილისი 1911 წ., გვ. 3), ხოლო შემდეგ „უქიმერიონი“ დამკვიდრდა. ჩვენი დაკვირვებით, უფრო ზუსტია "უხეიმერიონი“  როგორც ეს პროკოპი კესარიელთან გვხვდება. ამიტომაც ამ ფორმით ვხმარობთ.) „მაგარი ციხე", როგორც პროკოპი კესარიელი მიუთითებს, "ქუთათის მახლობლად" "სკვიმნიის" გზაზე იდგა. ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე, რომელმაც 1833 წელს მოიხილა საქართველოს სიძველენი, უხეიმერიონს ქუთაისის "არქიელის" გორაზე გულისხმობდა. ეს მოსაზრება შემდეგ ბევრმა მკვლევარმა გაიზიარა. დიუბუას ჰიპოთეზა სამართლიანად უარყო ს.ყაუხჩიშვილმა და შესაძლებლად მიიჩნია მისი ონოგურისთან გაიგივება. მოგვიანებით მკვლევარმა ამას უხეიმერიონ - სქიმარის (რესპ სკიმარი)  ა. ბრილიანტოვისეული დაკავშირება ამჯობინა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ „სქიმარს“ ლეჩხუმში კი არ გულისხმობდა, არამედ - "გორდის გადასავალთან, უნაგირას მთის კალთაზე“ (გეორგიკა. ნაკვეთი I, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუჩხიშეილმა, თბილისი, 1941 წ., გვ.56 სქოლიო). სიმონ ჩაუხჩიშვილი შემდეგშიც გულმოდგინედ აკვირდებოდა ამ საკითხს და 1965 წელს ასეთ დასკვნამდე მივიდა: "უქიმერიონი მდებარეობდა ქუთაისის მახლობლად, „სკვიმნიისა და სვანიისაკენ" მიმავალ გზაზე. სახელდობრ, თუ სად მდებარეობდა ის, ამის თქმა ჯერჯერობით ძნელია" (გეორგიკა, II, მეორე შევსებული გამოცემა, გვ. 204, სქოლიო). 1968 წლის სექტემბერში ცხენისწყლის ხეობაში ისტორიულ-გეოგრაფიული დაზვერვების დროს ჩვენი ყურადღება მიიქცია დიდღვაბუნის დიდმა ციხემ (წულუკიძის რ-ნი). ეს ადრეფეოდალური ხანის სიმაგრე ოხვირისა და ცხინისწყღის შესაყარში მდებარეობს. მის ჩრდილო-დასავლეთით, საკმაოდ მაღალ ბორცვზე, შემონახულია პატარა ციხის ნაშთი. ეს ციხე, ჩვენი დაკვირვებით, დიდღვაბუნას დიდი ციხის მისადგომებს იცავდა. დიდღვაბუნას დიდი ციხე უხეიმირიონი უნდა იყოს.

გარდა ასაკის ერთგვარობისა (ადრეფეოდალური ხანა), ამას ადასტურიბს მისი ადგილმდებარეობა და მოცულობაც. დიდღვაბუნას დიდი ციხე კონტროლს ამყარებს იმ გზაზე, რომელიც ცხენისწყლის ხეობაში გადიოდა და ლეჩხუმს (სკვიმნია) და სვანეთს ბართან აკავშირებდა. ლეჩხუმ-სვანეთის მოხირისთან დამაკავშირებელი მეორე გზა რიონის ხეობაში გადიოდა, მაგრამ უხეიმერიონი რომ ამ გზაზე არ იდგა, ეს იმ ეპიზოდიდანაც კარგად ჩანს, რომელშიც სპარსთაგან ამ ციხის დაკავებაა აღწერილი (VI ს - ის 50-იანი წლები). აქედან ირკვევა, რომ იმ დროს ქუთაისი სპარსელებს ეჭირათ (გეორგიკა, II, გვ. 203), ხოლო რომაელები და ლაზები გამაგრებული იყვნენ არქეოპოლისში, უხეიმერიონსა და ზოგიერთ სხვა ციხეში (გეორგიკა, II, გვ. 200-202). სპარსელებს კარგად ჰქონდათ შეცნობილი უხეიმერიონის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა, მაგრამ, რადგან მისი იარაღით აღება ჭირდა, მათ ისარგებლეს  ერთი ლაზი დიდკაცის, ვინმე თეოფობის, ანტირომაული განწყობილებით, კავშირი გააბეს მასთან და მის მეოხებით დაიჭირეს ეს ციხე. უხეიმერიონის დაკავებითო, წერს ბიზანტიელი ისტორიკოსი ისინი "...მტკიცედ დაეპატრონენ ლაზიკეს. მაგრამ მარტო ეს ლაზიკე კი არ ჩაიგდეს ხელთ სპარსელებმა, არამედ სკვიმნიაცა და სვანიაც" (გეორგიკა, II, გვ. 200). რიონის ხეობაში გამავალი გზა და, კერძოდ, ქუთაისის ციხე, როგორც ითქვა, სპარსელებს უკვე ეპყრათ, ახლა კი ლეჩხუმ - სვანეთის მეორე მაგისტრალი დაიჭირეს და არა მარტო სკვიმნიისა და სვანეთის პრობლემა გადაწყვიტეს, არამედ მთელ აღმოსავლეთ ლაზიკაში განმტკიცდნენ. დიდღვაბუნას დიდი ციხე მოცულობითაც შეესაბამება უხეიმერიონს. მართალია, ჩვენ ამ ციხის სიდიდეზე პირდაპირი ცნობები არ მოგვეპოვება, მაგრამ მისი იმგვარი სიძლიერე, რომელზეც პროკოპი კესარიელი მიგვინიშნებს,მარტოოდენ სტრატეგიული მომენტით არ შეიძლება ყოფილიყო გაპირობებული, ამისათვის გარნიზონის სიდიდეც არის საგულისხმებელი, რომელიც თავის მხრივ ციხის საკმაო მოცულობას გვავარაუდებინებს. დიდღვაბუნას დიდი ციხისა და უხეიმერიონის გასაიგივებლად საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ცხენისწყლის ხეობის იმ ზოლში, სადაც ეს ციხე არის საგულვებელი, დიდღვაბუნას ციხეზე თვალსაჩინო სიმაგრე არ დასტურდება. ყველაფერი ეს საფუძველს გვაძლევდა ამ საკითსის დასაყენებლად.