topmenu

 

სვერის ციხე - გ. ცქიტიშვილი
There are no translations available.

< უკან დაბრუნება ...  ...<<<საქართველოს ციხე - ქალაქები და კოშკები>>>


გიორგი ცქიტიშვილი (ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი)  - სვერის ციხე //ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ 21., გვ.34 -38

მატიანე ქართლისაი „დიდი თურქობის" პირველი წლის (1068 წ.) ამბების თხრობისას გვამცნობს: გარდავიდა მარბიელი მისი არგუეთს, მიუწიეს და დაარბიეს ვიდრე სუერის ციხემდე" (მატიანე ქართლისაი, ქართლის ცხოვრება, I, თბ.,1955,გვ.309). ეს ციხე მოხსენებული აქვს ვახუშტი ბაგრატიონს თავის გეოგრაფიაში და ასეთ განსაზღვრას იძლევა: „კაცხის-წყალს ზეით ყვირილას მოერთვის აღმოსავლიდამ სვერის-ხევი, გამოსდის კოლბეურის სამქრით წარსულს გორაებს და მოდის აღმოსავლიდამ დასავლეთად. ამ ხევზედ არს ციხე სვერი, არაოდეს ძალით აღებული, ესე დგას კლდესა ზედა და გარემოსა ფრიად დიდ -ხრამოვანსა" (ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბ., 1941 წ., გვ. 155-156).

სოფ. სვერი და ციხე მდებარეობს ქ. ჭიათურის სამხრეთით 7-ოდე კილომეტრის დაშორებით და ადმინისტრაციულად შედის ჭიათურის რაიონში. ციხე დგას სოფლის ჩრდილო განაპირას, სვერის-ხევის მარცხენა, სამხრეთ მხარეს, ციცაბო ფერდობზე ამოზიდულ კლდეზე. კლდე წაგრძელებულია აღმოსავლეთ-დასავლეთით და გარემოსაჯან მკვეთრადაა გამოყოფილი ფრიალოებით. ამ კლდეზე აგებული ციხე, რომელიც გეგმით მთლიანად კლდეს ემორჩილება და მასთანაა შეხამებულ-შერწყმული, პრაქტიკულად სრულიად მიუვალია. ციხის მიდამოებში, მის აღმოსავლეთით და დასავლეთით ოთხიოდე კმ-ზე მდინარე მოედინება ღრმა ხრამში, რომლის ჩრდილოეთ ფლატეში გამოქვაბულებია გამოკვეთილი. ხრამის სიგანე ციხესთან 200 მეტრს არ აღემატება. მდინარის კალაპოტიდან ციხემდე სიმაღლე დაახღოგბით 150 მ-ია. ციხის კლდის ფრიალოების სიმაღლე სხვადასხვაა - 5-დან 20-ოდ მეტრამდე. ფრიალოებამდე მისასვლელები კი ციცაბო აღმართებია ირგვლივ. კლდის და, მაშასადამე, ციხის ფართობი მცირეა, დაახლოებით 50X15 მ. შესასვლელი ციხეს, ჩანს, ჰქონია აღმოსავლეთით, დაბალი ფრიალოს მხარეს. ციხის კედლები ნაირადაა ნაგები. სამშენებლოდ ნახმარია: რიყის ქვა, კლდის ნაგლეჯი ქვა და გათლილი თუ ნახევრად გათლილი კვადრიბი. შეიმჩნევა, რომ  სამშენებლო მასალის ეს ნაირობა სხვადასხვა სამშენებლო ფენას მიეკუთვნება. იმ კედლებში, რომლებმაც სამივე წყობა შემოგვინახა, მათი თანმიმდევრობა ქვემოდან ზემოთ ასეთია: ნახევრად გათლილი მცირე კვადრები, რიგების ჰორიზონტალობის დაცვით; შემდეგ - უფრო მოზრდილი გათლილი კვადრები და ზევით რიყისა და კლდის ნაგლეჯი ქვის ნარევი წყობა. ამ სამშენებლო წესის მონაცვლეობის მიხედვით შესაბამისად სამი დრო უნდა გამოიყოს: ადრეფეოდალური, შუაფეოდალური და გვიანფეოდალური. მთელ ფეოდალურ ხანაში შეუწყვეტელ ცხოვრებას ციხის ფერდობებზე უხვად მოფანტული თიხის ჭურჭელთა ნატეხებიც მეტყველებს. ციხის ფერდობებზე იპოვება თიხის ჭურჭელთა ნატეხები წინა ფეოდალური დროისაც. კერძოდ - ანტიკური, ადრერკინისა და გვიანი ბრინჯაოს ხანისა. მაშასადამე, ციხის კლდეზე თუ მის ფერდობებზე შესაბამის ხანებშიც ყოფილა ცხოვრება. უფრო ძველი ვერაფერი შევნიშნეთ, გარდა კაჟის ერთი საფხეკისა, რომელიც ნეოლითს უნდა განეკუთვნებოდეს. თუ ეს ერთი საფხეკი შემთხვევით არ მოხვდა აქ რაიმე მიზეზით, მაშინ სვერში ნეოლითის სადგომის აღმოჩენაც იქნება მოსალოდნელი. სამწუხაროდ, არაა შესაძლებლობა დაკვირვებისა ციხის შიგნით რა ხანის ჭურჭლეული გვხვდება, შიდა ტერიტორია ნანგრევებითაა ამოვსებული. XI საუკუნის 60-იან წლებში თუ სვერი სელჯუკებს უმაგრდება, ცხადია, იგი უწინარესს უნდა იყოს აგებული. ციხის ფერდობებზე გვიან ანტიკური და ადრეფეოდალური დროის თიხის ჭურჭელთა ნატეხების მოფანტვა და ამ არქეოლოგიურ ფენის შეპირისპირება ციხის იმ სამშენებლო ფენასთან, რომელიც ნახევრად გათლილი მცირე კვადრების ჰორიზონტალური წყობითაა ნაგები, ამ ციხის ადრეფეოდალური ხანის დასაწყისი საუკუნეებით დათარიღებისაკენ ხრის აზრს. გათლილი მოზრდილი კვადრებით ნაგები კედლები ალბად სელჯუკების, „დიდი თურქობის" შემდეგ დროინდელი სამშენებლო პერიოდია.

ნაგლეჯი კლდის ქვა და რიყის ქვა, შესაბამისად, გვიანფეოდალური ხანისა ჩანს. გვიანფეოდალურ ხანაში სვერის ციხის სიცოცხლეს ვახუშტის ცნობაც კარგად აჩენს. გვაქვს აგრეთვე გრაფიკული გამოსახულება სვერის ციხისა, იმერეთის მეფის ალექსანდრე V - ის 1737 წლის რუკაზე, რომლის მიხედვით ციხე ქონგურებიან -სათოფურებიანია. შესასვლელი ამის მიხედვით მაღლა ჰქონია მოწყობილი და იქ ასვლა, ჩანს, მისადგმელი კიბით ყოფილა შესაძლებელი. ამ ხანაში (XVIII ს.) ციხე სამეფო ჩანს. 1790 წლის ერთ დოკუმენტში სვერის მეციხოვნე მეფის ქეშიკად იხსენიება (მასალები საქართველოს ეკონომიური ისტორიისათვის, ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბილისი, 1953 წ. II, გვ.89). ადგილი, სადაც ადამიანმა ჯერ კიდევ ნეოლითში (?) მოიკიდა ფეხი და გვიანბრინჯაოს ხანიდან მაინც ამ ადგილს აღარ მოსცილდა, თავისთავად მნიშვნელოვანი პუნქტი უნდა ყოფილიყო, თანაც ისეთი პუნქტი, სადაც ადრეფეოდალურ ხანაში ციხე იგება, რომელიც მთელი ფეოდალური ეპოქის მანძილზე ცოცხლობს. რა იყო ის პირობა, რამაც სვერი ასეთ პუნქტად აქცია? ეს პირობაა სვერის მდებარეობა, მისი იმერეთ-ამერეთის გზასთან კავშირი. სვერი რომ გზაზე იდო, ეს კარგად ჩანს "მატიანი ქართლისაის" იმ ცნობით, რომელიც დასაწყისში მოვიტანეთ. შუა საუკუნეებში ქართლიდან იმერეთში რამდენიმე გზა გადიოდა: ერთი გზა ფრონეს ხეობის აყოლებით და პერანგას მთის გავლით ყვირილის ხეობაში, ჯრიაში ჩადიოდა და ჩიხა-საჩხირეს მივიდოდა;  მეორე გზა - ერთი მხრით აბისი-წაღვლის გავლით და ლაფნისწყლის აყოლებით და, მეორე მხრით - ალზე გავლით, ჭერათხევის აყოლებით სოფ. ჯვარს გაივლიდა (ჯვარი მდებარეობს ლიხის ქედის იმ მონაკვეთზე, რომელსაც კაპრების სერი ჰქვია) და კორბოულის გავლით სვერს ჩადიოდა. სვერიდან გზა ერთი მხრით წინსოფლის ჩავლით ნავარძეთ - კაცხზე მიდიოდა და შემდეგ სკანდა - ჩხარის გავლით ქუთაისს უწევდა; მეორე მხრით, თვალუეთ - ჩხრიაულ - გეზრეულ - სანახშირის გავლით შორაპანში ჩადიოდა. ამ გზას განშტოება ჰქონდა გეზრეულთან, რომელიც ბოსლევისაკინ მიდიოდა და შემდეგ საზანო-ზოვრეთი-ტელეფას გავლით ჩხართან უერთდებოდა ჩხარ - ქუთაისის გზას; მესამე გზა ჭერათხევიდან ლიხზე გადადიოდა კორტოხის გადასასვლელით და ძირულის ხეობაში ჩადიოდა სოფ. ჭალოვანთან. ჭალოვნიდან ან ძირულას დაუყვებოდა და ვერტყვილა-  ამაშუკეთის გავლით შორაპნისაკინ წავიდოდა ან კორბოულ-უსახელო-ნიგოზეთის გავლით ისევ სვერამდე უწევდა; მეოთხე გზა ჭერათხევიდან ამის სამხრეთით დედაბერას გადასასვლელით და ულუმბის მონასტრის გავლით, ღოდორა-ლიჩზე გადიოდა და ძირულის ხეობის დაყოლებით ამაშუკეთ - შორაპნისაკენ მიდიოდა. ამათ სამხრეთით სხვა გადასასვლელებიც იყო - რიკოთის, ფონას, ქვიშხეთ - ციხისძირისა, მაგრამ მათ სვერთან კავშირი არა ჰქონიათ და სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. ქართლიდან იმერეთში გადასასვლელი ყველა გზა დაწვრილებითა აქვს განხილული აკად. ნ. ბერძენიშვილს თავის ნაშრომებში და დაინტერესებული მკითხველი იქ იპოვნის ცნობებს მათ შესახებ (იხ. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, I , გვ.19 – 24; გზები რუსთაველის ეპოქის საქართველოში, გვ.28 – 37). როგორ ვხედავთ სვერი მეტად მნიშვნელოვან გზასაყარზე იდო. ჯვარ - კორტოხის გადასასვლელებიდან გზები აქ იყრიდნენ თავს და აქვე განშტოვდებოდნენ დასვლეთისაკენ მიმავალნი. ამ გზებით შიდა ქართლიდან მიმავალნი მაშინვე ხვდებოდენ ზემო - იმერეთის ზეგანზე, მდიდარ სასოფლო-სამეურნეო ქვეყანაში და ასცდებოდნენ ძირულა ჩხერიმელას ხეობების ძნელსავალ ვიწროებს. როგორც ჩანს, სელჯუკები სწორედ ჯვრის გადასასვლელით გადავიდნენ არგვეთს. იმ დროინდელი ერთი არაბი ისტორიკოსის ცნობით "აფხაზთა საზღვარზე ერთი ციხე იყო, რომელსაც სალიბის ციხე (კალათულ - სალიბი) ჰქვია. ამ ციხეს ისეთი მამაცი ჯარი იცავდა, რომლებსაც ხმლისა და შუბის არ ეშინოდათ და ომს არ გაურბოდნენ"...(სადრუდლინ აბულჰასან ალი იბნ. ნაშირ იბნ ალი ელ-ჰუსეინი, „სელჩუკთა სახელმწიფოს ისტორია“. თარგმანი და კომენტარები ნ. შენგელიასი, ხელნაწერი. მისი სარგებლობისათვის მთარგმნელს დიდ მადლობას მოვახსენებ). ეს ცნობა „მატიანე ქართლისაი“-ში მოთხრობილ ამბავს ეხება. ამ ცნობაში საინტერესო ისაა, რომ ციხე, რომელმაც გზა ჩაუკეტა დასავლეთში გადასულ სელჯუკებს, სვერის სახელით კი არ იხსენიება, არამედ "კალათულ სალიბ“-ად, რაც თარგმანში "ჯვრის ციხეს" ნიშნავს (ნ.შენგელია). თუ გავითვალისწინებთ, რომ სვერის ციხე ჯვრის გადასასვლელის გზის ყელში დგას და მას ჰკეტავს, მაშინ უცხო ისტორიკოსისათვის იგი სწორედ "ჯვრის ციხე“ (კალათულ სალიბი) უნდა ყოფილიყო. აქედან კი გამოდის, რომ სელჯუკები არგვეთს გადავიდნენ და სვერამდე უწიეს სწორედ ჯვრის გადასასვლელით. არაბი ისტორიკოსის ცნობის ასეთ გაგებასთან ერთად თუ გავითვალისწინებთ დავით მეფის სადგომს წაღულში, აშკარად გამოჩნდება ჯვარ-კორტოხის გზების დიდი მნიშვნელობა იმერეთ-ამერეთის ეკონომიურსა და პოლიტიკურ ურთიერთობაში. ამის შემდეგ გასაგები ხდება სვერის ოდითგანვე დასახლება, იქ უწყვეტ ცხოვრება თითქმის ისტორიის მთელ სიგრძეზე და ადრეფეოდალური ხანიდან ვიდრე იმერეთის სამეფოს ბოლო დღემდე ციხის არსებობა. სვერის მაგალითით ერთხელ კიდევ ცხადად ჩანს ციხისა და გზის ურთიერთ კავშირი, ციხის აუცილებლობა გზისათვის. ყველა ამის გამო საჭიროდ მიგვაჩნია სვერის ციხის საფუძვლიანი მეცნიერული შესწავლა. ვინ იცის კიდევ რამდენ საინტერესოს და ახალ ფაქტს შესძენს მისი არქეოლოგიური გათხრა ჩვენი ერის წარსულს.