There are no translations available.
< უკან დაბრუნება . <<<ციხე - ქალაქები, კოშკები და სხვა ნაგებობანი>>>
თორნიკე ტატიშვილი (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ -თანამშრომელი) - მიწისქვეშა ნაგებობანი მტკვრის ხეობის ზემო წელზე //ძეგლის მეგობარი, თბილისი, 1970 წ., კრ. 21, გვ18 - 22
1954-1955 წლებში, მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის მიერ, მტკვრის ხეობაში, სოფ. თმოგვსა და ახჩიას შორის მდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სადაზვერვო ექსპედიცია, რომლის მიზანი იყო არქეოლოგიური, ისტორიული, არქიტექტურული და სხვა მასალების გამოვლენა - ფიქსაცია. ველზე მუშაობის დროს ექსპედიციის მიერ მრავალი საყურადღებო ძეგლი იქნა მიკვლეული, რომელთაგან გამოვყოფთ საკვლევ რაიონში მრავლად გამოვლენილ მიწისქვეშა ნაგებობებს, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობა დარნებს უწოდებს. მესხეთში, ისევე როგორც თითქმის მთელ საქართველოში, ცნობილია მიწისქვეშა, კარგად შენიღბული ქვის ნაგებობანი, რომლებშიც შუა საუკუნეებში მოსახლეობა ძნელბედობის დროს მტრისაგან თავს აფარებდა. ასეთ ნაგებობებს უწოდებდნენ დარნებს. დარანი საბას განმარტებით არის „კლდეში ანუ მიწას ქვეშ შესასვლელი, სახლი მიწას ქვეშ ნაგები, გინა მიწა და კლდე შეთხრილი უჩინრად". ტერიტორიის შედარებით იმ მცირე მონაკვეთზე, რომელიც მოიხილა ექსპედიციამ, გამოვლენილი იქნა რამდენიმე ათეული ასეთი ნაგებობა შემდეგ ადგილებში: ქორსატეველაზე, ქეშიშ ბაღჩაში, საჩეხის თავზე, სადათ კარკალში, ჭაჭკრის ნაკალიებზე, დუმეილაში, ზედა თმოგვთან, ბერთაყანაში, ვარძიის თავზე, ბერის ხევში და სხვაგან. დარნები გვხვდებიან, როგორც ცალკე მდგომნი, ასევე ჯგუფურად. სამშენებლო მასალად გამოუყენებიათ მშრალად ნაწყობი ბაზალტის დაუმუშავებელი ლოდები. სოფელ აგარის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 1,5 კმ. მდებარეობს წმ. გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია. მის მახლობლად დასავლეთით ნასოფლარია. ამ ნასოფლარს ადგილობრივი მოსახლეობა „დუმეილას" უწოდებს. ეკლესიიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 300 მ. მანძილზე, გორაკია, მის ჩრდილო კალთებზე, საკმაოდ დიდ ფართობზე ქვის გროვაა, რომელიც ფართო ზოლად მიუყვება დუმეილას ხევს. მარჯვენა ნაპირზე (ეს ხევი მდ. მტკვარს ერთვის ნასოფლარ ახჩიასთან). ამ ქვაყრილში შეინიშნება მშრალი წყობით ნაგები შენობები. ქვაყრილის შესახებ სოფ. თმოგვის მცხოვრებმა იასონ თევდორეს ძე ზაზაძემ შემდეგი ცნობა ჩაგვაწერინა: „სოფელს ლეკები დასცემიან. ხალხს თავი აქ შეუფარებია და მას აქეთ ამ ადგილს „სამალავებს“, „ყაჩაღებს" ვუწოდებთო. დუმეილას კომპლექსში შეიძლება გამოვყოთ ორი უბანი; აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. აღმოსავლეთის უბანი ვრცელია და უკეთ შემონახული, ვიდრე დასავლეთისა. საერთოდ, დუმეილას კომპლექსი მიწის ქვეშ ნაგებ სოფლის შთაბეჭდილებას ტოვებს. იგი 60 - მდე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ნაგებობებისაგან შედგება, რომლებშიც შესვლა მხოლოდ აღმოსავლეთის მხრიდან დატანებული ჩასაძვრომი ხვრელით შეიძლება. კედლები აგებულია დიდი ზომის ლოდებით, პირველი სამი-ოთხი რიგის სიმაღლეზე კედლები ამოყვანილია ვერტიკალურად, ხოლო შემდეგ ცრუ თაღში გადადის და ბოლოს ზემოდან ბრტყელი, დიდი ზომის ფილებითაა გადახურული. ამ ფილებს კი ზევიდან წვრილი მონატეხი ქვის გროვა ადგას. სიგრძით სათავსონი 3,5 და 5,5 მეტრამდეა, ხოლო სიგანე 2,5 - 3 მ. დარნების სიმაღლის დადგენა ჯერჯერობით ძნელია, რადგან მათი იატაკი მიწის სქელი ფენით არის დაფარული. ხშირ შემთხვევაში დარნების თაღები დანგრეულია და გადახურვის ლოდები შიგაა ჩაქცეული. ექსპედიციის მიერ მიკვლეული დარნები, თითქმის ყველა, გეგმაში მეტნაკლებად ოვალური ფორმისაა. მათი სიგრძე მერყეობს 3,5 მ. 5,5 მეტრამდე, სიგანე 2,5 მ-დან 3,5 მეტრამდე. ნაგებია მონატეხი ქვით მშრალ წყობაზე. ხშირ შემთხვევაში ქვედა სამი რიგი ქვებისა, როგორც დუმეილას დარნებში, ამოყვანილია ვერტიკალურად, ხოლო დანარჩენი რიგები შიგნით არიან შემოწეულნი და ზემოდან იკვრებიან მასიური დიდი ლოდით. მთელ ამ ნაგებობებს გარედან აყრია წვრილი მონატეხი ქვა. დასავლეთის კედელი, როგორც წესი, ყველა სათავსოს მომრგვალებული აქვს. ზემოთ აღნიშნულ ნაგებობათა ერთ -ერთი დამახასიათებელი ნიშანია აგრეთვე ის, რომ შესასვლელი ყველა მათგანს აღმოსავლეთის მხრიდან აქვს. დუმეილას მიწისქვეშა ნაგებობიდან ყურადღებას იპყრობს გორაკის ცენტრალურ ნაწილში მეტნაკლებად კარგად დაცული დარანი. იგი გეგმაში ოვალურ ფორმისაა, ნაგებია, მონატეხი ქვით. ისევე, როგორც სხვა დარნებს, ამასაც შესასვლელი აღმოსავლეთიდანა აქვს, გადახურულია დიდი ლოდებით. მათ შორის სიცარიელეს წვრილი ქვები ავსებს. ამ ნაგებობის შიგნით, შესასვლელთან, აღმოჩნდა ბრტყელი ქვა, რომელიც ასეთსავე ფორმის ქვაზე იდო და მას პირობითად საფეხურები ვუწოდეთ.
სათავსოში ზედაპირულად აღმოჩნდა შემდეგი არქეოლოგიური მასალა: ჩრდილო - აღმოსავლეთის კუთხეში მოვარდისფრო სქელკედლიანი თიხის ჭურჭლის ნატეხი, გადანატეხში შავი ფერისა. აქვეა ყავისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. საფეხურად მიჩნეულ ქვების ალაგების შემდეგ აღმოჩნდა ცხოველის ძვლები, ნახშირი და დამწვარი ქვები. აქვე იქნა მოპოვებული ყავისფრად გამომწვარი ცილინდრულ ყელიანი ცალყურა ჭურჭლის ნაწილი. ჭურჭელს ყური მაღალი და ბრტყელი აქვს. ინტერესმოკლებული არ არის სოფელ ზედა თმოგვის მახლობლად მდებარე დარნებიც. სოფლის სამხრეთ დასავლეთით მდებარეობს "გუგუნი ჯვარის" სახელით ცნობილი ბორცვი. ბორცვის თავზე შერჩენილია მონატეხი ქვისაგან შექმნილი წრეები, რომელთა დიამეტრი 6 – 7,5 მ-ია, წრეთა შიგნით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ დამხრობილი სათავსოების ნაშთებია. ზედა თმოგვიდან 500 მ მოშორებით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს „ალიათაღის" სერი, რომელიც დაახლოებით 1 კმ სიგრძისაა და გადაჰყურებს მტკვრის ხეობას. ამ სერზე 23 დარნის ნაშთია შემორჩენილი. აქვეა "საჩეხი თავის" ბორცვი. ამ ბორცვსა და "ალათაღის" უნაგირზე დარნის ნანგრევია. თვით „საჩეხი თავის" ბორცვის თხემზე ოთხი დარნის ნაშთია. „საჩეხი თავის" დასავლეთით ცნობილია ადგილი "ვარძიის თავი“, აქაც ხუთი დარანია მიკვლეული. სოფელ თმოგვის მიდამოებში დარნები ძირითადად თავმოყრილია იმ ფლატის პირზე, რომელიც სამხრეთით გადაჰყურებს მდ. მტკვრის ხეობას. ექსპედიციამ ზედა თმოგვის სამხრეთით დაახლოებით 600 მ მიაკვლია განკიდულ სამოსახლო გორას, რომელსაც "კენჭი ყარას" უწოდებენ. გორას ტერიტორიაზე აკრეფილი იქნა კერამიკული ნაწარმის ნატეხები, რომელთა შორის ყურადღებას იპყრობს ვარდისფერსარჩულიანი შავპრიალა თიხის ჭურჭლის ნატეხები, აქვეა ვარდისფრად გამომწვარი ზედაპირგაპრიალებული ჭურჭლის ნატეხები და სხვა. შეგროვილ მასალებში ინტერესს იწვევს აგრეთვე ოფსიდიანის ანატკეცები და ნატეხები, რომელთა შორის ოთხს ეტყობა დამუშავების ნიშნები. გორას ტერიტორიაზე შეიმჩნევა კედლის წყობებიც. „ბერის ხევისა" და "ნაწყაროების ხევის" ქედის ჩრდილო ნაწილში მდებარეობს ადგილი "ნაკალიები". ამ ადგილას დარნის ტიპის ნაგებობათა ნაშთებია. აქვეა მიკვლეული ყორღანული ქვაყრილები. დარნის ტიპის ნაგებობათა ნაშთები და ყორღანული ქვაყრილები მიკვლეულია აგრეთვე „ბერის ხევში", ტერასულ ვაკობზე. დარნის ნაშთები გვხვდება ,,ბნელ ხევის" მარცხენა ფერდობზეც. ვარძიის ქვაბთა ქალაქის დასავლეთით „სადაყუდებელას" ხევის დასაწყისში, მარცხენა მხარეს ექსპედიციამ მიაკვლია 9 დარანს, რომელთა შორის ერთი გამოირჩევა თავისი გეგმით. იგი წარმოადგენს მონატეხი ქვებით შექმნილ წრეს, რომლის ცენტრალურ ნაწილში, ასევე მონატეხი ქვისაგან შემდგარი გროვაა, რომელიც დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. წრიული წყობის დიამეტრი უდრის 7 მეტრს. ცენტრალური ქვის გროვის სიგრძე უდრის 5 მ., სიგანე 3 მ., წრიული წყობის სამხრეთით მდებარეობს ფართო დერეფნის მსგავსი ნაგებობის ნაშთი, რომელიც აგრეთვე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენაა დამხრობილი. დერეფნის მთელ სიგრძეზე მონატეხი ქვის ზღუდე გაუყვება; რომლის სიგრძე 20 მეტრია, ხოლო სიგანე კი 5 მ. მეტად უხვადაა წარმოდგენილი დარნები "ბერთაყანაში", სადაც ექსპედიციამ დაახლოებით 20 დარანს მიაკვლია. დარნების გვერდით ყორღანები და სამი სამოსახღო გორა იქნა ფიქსირებული. ზედაპირულად აკრეფილი მასალიდან საყურადღებოა გვიანი ბრინჯაო -ადრე - რკინის ეპოქისათვის დამახასიათებელი კერამიკული ნაწარმის ფრაგმენტები. აღნიშნულ მიწისქვეშა ნაგებობათა ფუნქციონალური დანიშნულების შესახებ დღეს გაბატონებულია შეხედულება, თითქოს ისინი ერთ დროს, სამალავებს წარმოადგენდნენ, მაგრამ მათი აგებულება, მათი ორიენტაცია და აქვეა აღსანიშნავი, მათი გავრცელება (მხედველობაში გვაქვს მიკრორაიონი) ამ გაგებისათვის ჩვენში ეჭვსა ბადებს. მართალია ადგილობრივი მოსახლეობა ამ ნაგებობებს დარნებს - სამალავებს უწოდებს, მაგრამ, საკითხავია, ეს დარნები იმ ძეგლთა ნაშთებია, რომელნიც ცნობილნი არიან ამ სახელით შუა საუკუნეებში და რომლებსაც ხალხი, მართლაც, სამალავებად იყენებდა? იქნებ აქ სწორედ მეორად გამოყენებასთან გვაქვს საქმე და სწორედ მის შემდგომ შეარქვა ხალხმა ამ ნაგებობებს დარნის სახელი, როცა ბედის უკუღმა ტრიალმა ისინი იძულებული გახადა სახელდახელოდ თავი შეეფარებინათ უკვე გამზადებულ ნაგებობაში? ექსპედიციის მიერ მიკვლეული ძეგლები რომ სამალავები იყოს, მაშინ ისინი არ იქნებოდნენ ასე თვალსაჩინო ადგილებში აგებულნი. შუა სუკუნეების სამალავი ნაგებობანი - "დარნები"- მდებარეობენ უშუალოდ საცხოვრებელი სახლების მახლობლად, მიწაში ღრმად ჩადგმულნი, და ზოგჯერ რამდენიმე სათავსოსაგან შედგებიან. არის შემთხვევები, როდესაც მთელი ლაბირინთული სისტემაა შექმნილი. ხშირ შემთხვევაში დარნებთან პატარა სამლოცველოებიცაა მოწყობილი. საკვლევ რაიონში კი ამდაგვარი არაფერი ჩანს. შესაძლოა, ისინი ადამიანს საცხოვრებლად ჰქონდა გამოყენებული, რის თქმის საფუძველს გვაძლევს ჯგუფურად განლაგებული დარნები, ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ნიალას ველზე დუმეილას დარნები, რომელნიც პატარა მდინარის პირზე არიან განლაგებულნი (60 ნაგებობა) და სხვა. მაგრამ ამის საწინააღმდეგო საბუთს ჩვენ თვითონ მოვიტანთ: ჯგუფურის გარდა ხომ ცალკე მდგომი დარნებიცა გვხვდება? კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო მათი დამხრობა და შესასვლელების აღმოსავლეთიდან დატანება. ეს საკითხები გვაფიქრებინებს, რომ იქნებ რაიმე საკულტო ნაგებობებთან და რიტუალთან გვაქვს საქმე, მაგრამ მათი ასეთი სიმრავლე თითქოს ამ ვარაუდსაც აბათილებს. მიუხედავად მასალის სიმცირისა, ჩვენ ვუშვებთ, რომ ექსპედიციის მიერ მიკვლეული მიწისქვეშა ნაგებობანი ფეოდალური ხანის სამალავები არ არიან. ჩვენ ისინი წინაქრისტიანული ხანის ნაგებობებად, ნასოფლარებად მიგვაჩნია, ხოლო, კერძოდ, რომელ ეპოქას ეკუთვნიან, ამაზე ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვამბობთ. პროფ. ირაკლი ციციშვილი დუმეილას დარნებს პირველყოფილი თემური წყობილების არქიტექტურას მიაკუთვნებს. ასეთი საკითხების კვლევა, ჩვენის აზრით, უფრო შინაარსიანი და მართებული იქნება, მას შემდეგ, როდესაც გათხრილი და შესწავლილი იქნება ისეთი ადგილები, რომლებმაც შემოგვინახეს მეტნაკლებად ხელუხლებელი დარნები და ყორღანული ქვაყრილები. ამ სამუშაოების ჩაგარების შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, შესაძლებელი გახდება ასე თუ ისე ქრონოლოგიური ჩარჩოების (ყოველ შემთხვევაში ქვედა საზღვრის) დადგენა და მათი ყორღანულ ქვაყრილებთან ურთიერთობის საკითხის გარკვევა. ამგვარად, ამ ძეგლების მეცნიერული შესწავლისათვის აუცილებელი პირობაა მათი არქეოლოგიური გათხრა.
|